ხატია დეკანოიძე - ყველანაირი ჩანაწერი არის ფსკერი და მიუღებელი - კატასტროფაა, როცა ჩანაწერიდან ჩანაწერამდე იქმნება დღის წესრიგი

ამ ჩანაწერს ისევე, როგორც წინას, ვუწოდებ ამორალურს, ყველანაირი ჩანაწერი არის ფსკერი და მიუღებელი - კატასტროფაა, როცა ჩანაწერიდან ჩანაწერამდე იქმნება დღის წესრიგი, - ამის შესახებ ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ხატია დეკანოიძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა გავრცელებულ ჩანაწერს, სადაც სავარაუდოდ, გიული ალასანია ფიგურირებს.

მისი თქმით, ნებისმიერი უკანონო ჩანაწერის გაკეთება და გავრცელება მიუღებელია და მის შინაარსზე მსჯელობაც არის ამორალური.

„ნებისმიერი ჩანაწერის მოპოვება, გავრცელება და შემდეგ ამ ჩანაწერის შინაარსზე მსჯელობა ჩემთვის არის ამორალური. ჩანაწერები, როგორც პოლიტიკური ბრძოლის იარაღი და ფარული თვალთვალი და მიყურადება უნდა დასრულდეს, ეს უნდა იყოს დასჯადი ხელისუფლების მხრიდან. მე ამ ჩანაწერს ისევე, როგორც წინას, ვუწოდებ ამორალურს, ყველანაირი ჩანაწერი არის ფსკერი და მიუღებელი, შინაარსში და მსჯელობაში შესვლა ჩემთვის არის მიუღებელი, რადგან თავისთავად ფარული თვალთვალი და მიყურადება არის უკანონო და ამორალური. ამ პოლიტიკურ ვითარებაში, როცა ჩანაწერიდან ჩანაწერამდე იქმნება დღის წესრიგი, ეს არის კატასტროფა და ჩვენი საზოგადოების შეურაცხყოფა, ასევე, პოლიტიკა რომ განდევნილია საქართველოში ამის დასტური,"- განაცხადა დეკანოიძემ.

კითხვაზე, ხომ არ იყენებს საკუთარი ინტერესებისთვის მიხეილ სააკაშვილის ფაქტორს ოპოზიციის ნაწილი, დეკანოიძე აღნიშნავს, რომ სააკაშვილის სახელს ბევრი ოპორტუნისტი დაუკავშირდა.

„საერთოდ მიმაჩნია, რომ მიხეილ სააკაშვილის სახელს დაუკავშირდა ბევრი ოპორტუნისტი, რომელმაც ტელევიზიაში და საჯარო სივრცეში გამოჩენა საკუთარი ოპორტუნისტული მიზნებით გამოიყენა", - განაცხადა დეკანოიძემ.

ინფორმაციისთვის, ტელეკომპანია “რუსთავი2“-მა აუდიოჩანაწერი გაავრცელა, რომლის ავთენტურობაც დადასტურებული არ არის. ტელეკომპანიის ინფორმაციით, გავრცელებული ჩანაწერში მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია ფიგურირებს და საუბრობს მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებაზე. ჩანაწერში, სავარაუდოდ, გიული ალასანია სააკაშვილის ჩამოსვლასთან დაკავშირებით ამბობს, რომ "ძალიან ეშინია" და "მთავარი ის არის, რას ფიქრობს რუსეთი ამ მომენტში". ასევე ჩანაწერის თანახმად, გიული ალასანია საუბრობს ოპოზიციაზე და მათ „პარაზიტებს“ უწოდებს. ჩანაწერში საუბარია გიორგი გახარიაზეც, რომელსაც „მომავლისთვის ამზადებენ“. გარდა ამისა, ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ აუდიოჩანაწერში, ნახსენებია ბიძინა ივანიშვილიც, რომელიც „რუსებს არ უნდათ”. ტელეკომპანიის ინფორმაციით, აუდიოჩანაწერი გაკეთებულია მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლამდე და უცნობია, ვის ესაუბრება გიული ალასანია.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო