გიგი წერეთელი - ამ ხელისუფლების პირობებში, ჩვენი საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან, ყოველთვის მძიმე შეფასება და დასკვნები იქნება

„ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, გიგი წერეთელი მიიჩნევს, რომ Human Right Watch-ის მიერ გამოქვეყნებული ანგარიში ადასტურებს იმ რეალობას, რომელიც დღეს ქვეყანაში მედიასთან დაკავშირებითაა.

როგორც გიგი წერეთელმა აღნიშნა, ამის მაგალითია „მთავარი არხის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას პატიმრობა, რაც მისივე შეფასებით, ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ფაქტია დღეს, როდესაც მედიის თავისუფლებაზეა საუბარი.

„ის ანგარიში, რომელიც ძალიან ავტორიტეტულმა ორგანიზაციამ Human Right Watch-მა გამოაქვეყნა, ადასტურებს იმ რეალობას, რომელიც დღეს არის ქვეყანაში მედიასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით ეს ეხება ოპოზიციურ მედიას, მთელი წლის განმავლობაში ჩვენ ვხედავდით სხვადასხვა ტიპის თავდასხმებს, შეურაცხყოფას, სასამართლო პროცესებს მედიამფლობელების მიმართ. საბოლოოდ, ამის დაგვირგვინება იყო ნიკა გვარამიას პატიმრობა, რაც ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ფაქტია დღეს, როდესაც მედია-თავისუფლებაზეა საუბარი. ასევე ყველა ის საქმე, რომელიც კავშირშია მედია-თავისუფლებასთან, ეს იქნება „ტვ პირველის“, თუ სხვა ოპოზიციური ტელევიზიების, ზოგჯერ მათი ფინანსურ მარწუხებში მოქცევა და ა.შ.

გარდა ამისა, ასევე მოხსენიებულია მოსმენების პრაქტიკა, რომელიც ქვეყანაში არსებობს, ასევე სხვადასხვა ინსტიტუტების სისუსტე და დაუსჯელობის სინდრომი, განსაკუთრებით მაშინ, როცა ამას სახელმწიფოს წარმომადგენლები ან სამართალდამცავები ახორციელებენ.

შესაბამისად, ძალიან სამწუხაროა, რომ ასეთი ფაქტები არსებობს, ასეთი დასკვნებია, ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ მიგვითითებს, რომ ამ ხელისუფლების პირობებში სხვანაირ დასკვნებს ჩვენ ვერ მივიღებთ“, - განაცხადა გიგი წერეთელმა.

ცნობისთვის, Human Rights Watch-ის ანგარიშის მიხედვით, საქართველოში მედიის თავისუფლების მხრივ მდგომარეობა გაუარესდა, რაც მედიის წარმომადგენლებზე გახშირებული თავდასხმებით და კრიტიკული ტელეარხის დირექტორის დაპატიმრებით გამოიხატა. Human Rights Watch-ის ანგარიშში ასახულია ფაქტები, სადაც, ორგანიზაციის შეფასებით, მედიის თავისუფლება შეიზღუდა. როგორც დასკვნაში ვკითხულობთ, 2022 წელს „გახშირდა ჟურნალისტებზე თავდასხმის და მათ საქმიანობაში ჩარევის შემთხვევები“.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს