რომან გოცირიძე - “მაგნიტსკის სიაში”, გლობალურ აქტში მოხვედრა გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე ის, რომ ცალკე „სააკაშვილის სიის“ შედგენა დავიწყოთ - უნდა გაიჭრას გზა და შემდეგ ივანიშვილიც იქ ამოყოფს თავს

“მაგნიტსკის სიაში”, ამ გლობალურ აქტში მოხვედრა გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ის, რომ დავიწყოთ ცალკე მიხეილ სააკაშვილის სიის შედგენა , - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, რომან გოცირიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.

რომან გოცირიძის თქმით, ცალკე სააკაშვილის სიის შედგება თუ დაიწყება, მაშინ პროცესი დროში გაიწელება და გაცილებით რთული განსახორციელებელი იქნება პროცედურულად.

„დღეს ნებისმიერი ევროპის ქვეყანა აღიარებს აშშ-ის მაგნიტსკის სიაში მოხვედრილი ადამიანების დასანქცირებას, მაგრამ უფრო შორსაც წავიდნენ. მაგალითად, კანადა, დიდი ბრიტანეთი, ლატვია, ლიეტუვა, ესტონეთი, მათ საკუთარი კანონი მიიღეს. შეიძლება ჩავთვალოთ, რომ მაგნიტსკის სიაში, ამ გლობალურ აქტში მოხვედრა გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ის, რომ დავიწყოთ ცალკე მიხეილ სააკაშვილის სიის შედგენა, რომელსაც ცალკე პროცედურები უნდა, მაშინ კონგრესში ცალკე კანონი უნდა მიიღონ და ა.შ. ეს, ბუნებრივია, დროშიც გაიწელება და არავის ამის მიზანი არ აქვს, რომ მხოლოდ სახელი ერქვას „სააკაშვილის სია“, ვინაიდან, "მაგნიტსკის სია" გაცილებით ცნობადია და გაცილებით ადვილადაა პროცედურულად განსახორციელებელი“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

გოცირიძის თქმით, უმჯობესია "მაგნიტსკის სიაში" პირველ რიგში მოსამართლეები და პროკურორები მოხვდნენ.

„მე მგონია, რომ საჭიროა პრეცედენტი. მნიშვნელობა არ აქვს, იქ მაინც და მაინც ახლა მოხვდება იუსტიციის მინისტრი თუ არა. იუსტიციის მინისტრი მთავრობის წევრია და პოლიტიკური ფიგურაა და რა თქმა უნდა, მის სიაში მოხვედრას აქვს აბსოლუტურად სულ სხვა სახის ზემოქმედება და სხვა გავლენა, მათ შორის საქართველოს ხელისუფლებასთან ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების დამოკიდებულების სხვა პლატფორმა ჩნდება, მათ შორის საფინანსო დახმარებები, სამხედრო სფეროში დახმარებები და ა.შ. ამიტომ ჯობია, რომ დავიწყოთ უშუალოდ შემსრულებლებით და არა შემკვეთებით. ერთი იქნება, ორი თუ ხუთი მნიშვნელობა არ აქვს, პრეცედენტი უნდა მოხდეს. საქართველოდან პოლიტიკური დევნის რომელიმე ფიგურანტი უნდა აღმოჩნდეს "მაგნიტსკის სიაში", უნდა გაიჭრას გზა ამ სიაში მოსახვედრად და მერე ძალიან ბევრი მოხვდება და ბუნებრივია, ივანიშვილიც იქ ამოყოფს თავს. ამიტომ პრაგმატულად რაც ჯობია, ის მეთოდი უნდა აირჩიონ ადვოკატებმა. მათ შორის ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე სასურველია, რომ მინისტრებიდან ნუკი დავიწყებთ, არამედ პირველ რიგში მოსამართლეები და პროკურორები“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

რომან გოცირიძემ გადაცემაში „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესებსა და პარტიის თავმჯდომარის მოახლოებულ არჩევნებზეც ისაუბრა.

მისი თქმით, პარტიაში გამარჯვებულმა მხარემ აღმასრულებელი ნაწილი უნდა წაიღოს, ხოლო დამარცხებულმა მხარემ პარტია არ უნდა დატოვოს და პოლიტიკურ საბჭოში დაიკავოს ადგილი, სადაც „პოლიტიკური იდეები მოიხარშება“.

„გამარჯვებული შექმნის თავის გუნდს, აღმასრულებელ ხელისუფლებას პარტიაში. ეს არ ნიშნავს, რომ დამარცხებულებმა უნდა დატოვონ პარტია. მეორე დიდი ორგანო, რომელიც არის პოლიტიკური საბჭო, აქ იქნება უკვე მეორე დამარცხებული მხარე, ფრაქცია ფაქტობრივად. პოლიტიკური იდეები მოიხარშება იქ, ხოლო აღმასრულებელ ნაწილს წაიღებს გამარჯვებული, რომელსაც ჰქვია სამდივნო. თუ სამდივნომ არ აჩვენა კარგი შედეგები ბოლოს ისევ არჩევნები იქნება და ა.შ. ანუ დაემსგავსება რაღაც ევროპული ტიპის პოლიტიკურ ცხოვრებას, ოღონდ მე არ მინდა ასე გამიგონ, ვიცით ხოლმე ხშირად დემაგოგიურად, რომ პროცესიდან პარტია უნდა გამოვიდეს გამარჯვებული და ა.შ. პარტიაში მიდის ძალიან ცუდი პროცესები და პარტია არ უნდა გამოვიდეს ძალიან დაზიანებული აქედან. თუნდაც ფარული ჩანაწერების გავრცელება, თუნდაც ის, რაც სოციალურ ქსელში იწერება, თუნდაც ერთ-ერთი კანდიდატის მიერ თავზარდამცემი განცხადება, გამოდიან და ამბობენ, რომ ნიკა მელიას ერთ-ერთმა მომხრემ 15 ადგილიანი პატარა სასტუმრო ააშენა და „კი მაგრამ რა ოპოზიცია ხარ თუ ხელისუფლება გაძლევს შენ იმის უფლებას, რომ ბიზნესი აკეთო“. ოპოზიციაში რომაა ოქრიაშვილი ყველა აფთიაქი ჩამოართვან? ან ჩოჩელი რომ ოპოზიციაშია დაუხურონ "ნატახტარი"? ხელისუფლებას არ ჭირდება მაღაზიების და აფთიაქების დევნა. ამოტივტივდა იდეოლოგიური ნაგავი, თუ შეიძლება ასე ითქვას, პიროვნული ურთიერთობები დაზიანდა, ძალიან ბევრმა ადამიანმა საკუთარი თავი ძალიან ცუდად წარმოაჩინა. გაიყო მომხრეები და შიდა ომია უკვე. ჩვენ გამარჯვებული ვერ გამოვალთ ამ პროცესიდან, თუმცა ნაკლებად დამარცხებული გამოსვლა ნიშნავს, რომ გამარჯვებულმა ხელი უნდა ჩამოართვას დამარცხებულს, აღიაროს მისი როლი და დამარცხებულსაც უნდა ჰქონდეს შანსი მომავალში გახდეს გამარჯვებული“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს