ფოთის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
როგორც “ინტერპრესნიუსს" ფოთის მერმა ბექა ვაჭარაძემ განუცხადა, სპეციალური კომისია, რომელიც ზარალს აღწერს მუშაობას აგრძელებს.
მისივე თქმით, სავარაუდოდ, ორშაბათს დაიწყება დაზარალებული მოსახლეობისთვის სამშენებლო მასალის გადაცემა. ფოთში სტიქიის შედეგად, პირველადი მონაცემებით , დაზიანებულია 33 მრავალსართულიანი საცხოვრებელი ბინის, 124 კერძო სახლის, 4 საჯარო სკოლის, 3 საბავშვო ბაღის სახურავი. ასევე, დაზიანდა სკვერები, მინი მოედნები, ტროტუარები, ელექტრო გადამცემი სადენები და ბოძები, საახალწლო განათებები. მოგლეჯილია ათეულობით მრავალწლოვანი ხე. სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები 24 -საათიან რეჟიმში მეტეოროლოგიური პირობების შესაბამისად, მიმდინარეობს. პარალელურ რეჟიმში იგეგმება სამუშაოები, რომელიც სტიქიის დასრულებისთანავე დაიწყება ზიანის აღსადგენად. სავარაუდოდ, ორშაბათიდან დაიწყება დაზარალებულთათვის სამშენებლო მასალის გადაცემაც”, - განაცხადა ბექა ვაჭარაძემ.