შს მინისტრის მოადგილე განმარტავს, რა მექანიზმები მოქმედებს არსებული კანონდებლობით, ქალთა მიმართ ძალადობისა და ფემიციდის წინააღმდეგ

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე დარახველიძე განმარტავს, რა მექანიზმები მოქმედებს არსებული კანონდებლობით, ქალთა მიმართ ძალადობისა და ფემიციდის წინააღმდეგ.

როგორც დარახველიძე „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში აცხადებს, ერთ-ერთი მექანიზმის მიხედვით, მოძალადეს მსხვერპლთან მიახლოება 500 მეტრის რადიუსში ეკრძალება. ამასთან, თუკი, მსხვერპლი და მოძალადე ერთად ცხოვრობენ, მოძალადეს სახლიდან წასვლის ვალდებულება აქვს იქამდე, ვიდრე მას შემაკავებელი ორდერის ვადა არ ამოეწურება.

ამასთან, დარახველიძის ინფორმაციით, მსხვერპლის დამატებითი დაცვის მექანიზმია მოძალადის მიმართ გამოწერილი შემაკავებელი ორდერი და ელექტრონული სამაჯური.

„სულ 3 მოწყობილობაა, ერთი სამაჯური და ორი მობილური ტელეფონის მსგავსი აპარატია. მიმღები აპარატები, რეალურად ტელეფონის ფუნქციას ასრულებს, მას 112-თან კავშირი აქვს. სამაჯური მოძალადეს უმაგრდება, მისი უარი არ მიიღება, ეს არის მოცემულობა. სხვა შემთხვევაში, პოლიცია მიმართავს კანონით გათვალისწინებულ იძულებითი ხასიათის ზომებს. მას გადაეცემა ერთი ტელეფონი, მეორე - მსხვერპლს. როცა სამივე მოწყობილობა გააქტიურდება, 112 მათ გადაადგილებას ხედავს, 500-მეტრიანი ბუფერული და 100-მეტრიანი საგანგაშო ზონებია განსაზღვრული, თუკი ამ ზონებში მიახლოება მოხდება, განგაშის სიგნალი ირთვება და 112-ის ოპერატორი იწყებს რეაგირებას. ოპერატორი პირველ რიგში, მოძალადეს უკავშირდება, რომ ტერიტორია დატოვოს, თუკი მოძალადე არ დაემორჩილება, მსხვერპლის გაფრთხილება ხდება. ბუნებრივია, პოლიციაც მყისიერად ერთვება და იღებს უსაფრთხოების შესაბამის ზომებს, შესაძლოა, გამოძიება დაიწყოს. ამ პროგრამაში შესაძლებელია დავიტანოთ მსხვერპლის საცხოვრებელი და სამუშაო ადგილი, რომლებთან მიახლოებაც მოძალადეს ეკრძალება. შესაბამისად, ამის კონტროლიც ხორციელდება",- განაცხადა დარახველიძემ.

ამასთან, როგორც მინისტრის მოადგილემ განმარტა, მსხვერპლს სურვილის შემთხვევაში, შეუძლია თავშესაფარში გადასვლა მოითხოვოს.

„ორი ვარიანტია. შესაძლებელია, მსხვერპლმა თავშესაფარში გადასვლა მოითხოვოს, მისთვის უკეთესი იყოს ოჯახიდან წამოვიდეს და სახელმწიფოსგან მიიღოს მხარდაჭერა, ამისათვის ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი კრიზისული ცენტრები, შესაბამისი თავშესაფრები გააჩნია, სადაც ბენეფიციარებს იღებენ, ფსიქოლოგიურ დახმარებას უწევენ, საცხოვრებლით უზრუნველყოფენ და ა.შ. მეორე ვარიანტია - თუ ეს მსხვერპლს არ სურს მოძალადისთვის დავალდებულება ხდება, სახლი დატოვოს. შემაკავებელი ორდერით დაწესებული აკრძალვა, ვალდებულება, მსხვერპლზე მორგებულია“,- აღნიშნა შს მინისტრის მოადგილემ.

მისივე განმარტებით, თუკი, მსხვერპლი და მოძალადე ერთად მუშაობენ, ორდერით დაკისრებული აკრძალვების მიხედვით მოხდება მისი აღსრულებაც.

„მუშაობას ვერ ავუკრძალავთ, თუმცა როგორც ვერბალურად, ასევე ელექტრონული საშუალებით კომუნიკაცია იზღუდება. როგორც დაწესდება ორდერით აკრძალვები, იმის მიხედვით მოხდება მისი აღსრულებაც, გააჩნია შემთხვევას, საკითხი ინდივიდუალურია და ადგილზე ხდება გადაწყვეტილების მიღება. მთავარია, მსხვერპლის ინტერესები მოძალადისგან დაცული იყოს. განცდა არის, რომ ორდერი არის მექანიზმი, რომელიც აბსოლუტურ პრევენციას ახდენს, ეს არის ერთგვარი გაფრთხილების დოკუმენტი, რომლის დარღვევის შემთხვევაშიც ხდება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა. წარმოიდგინეთ, როცა მოძალადეს ორდერს ჩააბარებ, თუ მან პირობები არ დაიცვა და ამის შესახებ პოლიციისთვის ცნობილი არ გახდა, ხომ შეუძლებელია რეაგირება? მნიშვნელოვანია თავად მსხვერპლმა მოგვაწოდოს ინფორმაცია, რომ ორდერის პირობების დარღვევას ჰქონდა ადგილი (ან ნებისმიერმა იმ პირმა, ვინც ფლობს დარღვევის შესახებ ინფორმაციას), ან თუკი მას შიში აქვს, რომ ძალადობა შესაძლოა, განმეორდეს და დაცვა სჭირდება, ბუნებრივია, სამაჯურის მექანიზმი გვაქვს, რომელიც ყველაზე ეფექტურად უზრუნველყოფს დაცვას. მონიტორინგის პროცესი, რომელსაც ჩვენ ორდერის გამოცემის მერე ვახორციელებთ, დიდწილად არის დამოკიდებული პოლიციასთან თანამშრომლობაზე",- განაცხადა დარახველიძემ.

ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ ბმულზე.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო