არმაზ ახვლედიანი - ოპოზიციურ ფრონტზე არსებითი გადატვირთვის გარეშე ოპოზიციამ შეიძლება არა მხოლოდ მომავალი დაკარგოს არჩევნებში, არამედ თავიც - ღირსებიც იქნებიან

დღეს ოპოზიციურ ფრონტზე არსებითი გადატვირთვის გარეშე ოპოზიციამ შეიძლება არა მხოლოდ დაკარგოს მომავალი არჩევნებში, არამედ შეიძლება თავიც დაკარგოს საერთოდ , - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, არმაზ ახვლედიანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.

არმაზ ახვლედიანის თქმით, ქვეყანაში დღეს არსებული ვითარების მიუხედავად, ოპოზიცია „ჯერ კიდევ ვერ გამოფხიზლდა“.

„უნდა ვთქვა გულახდილად, რომ დღეს, ოპოზიციურ ფრონტზე არსებითი გადატვირთვის გარეშე ოპოზიციამ შეიძლება არა მხოლოდ დაკარგოს მომავალი არჩევნებშიც, არამედ შეიძლება თავიც დაკარგოს საერთოდ. პირდაპირ ვიტყვი გულახდილად, ღირსიც იქნებიან, რადგან პოლიტიკაში ყოფნა არის უზარმაზარი პასუხისმგებლობა. პროფესიონალი და წესიერი ექიმი არასდროს იკადრებს თქვას, არ მცალია და ავადმყოფს კონსულტაციას ვერ გავუწევო. მე ჩვენს თავს ამ შემთხვევაში ექიმს ვადარებ. ქვეყანა ამ დღეშია, არაერთი ჩვენი კოლეგა თუ პოლიტიკური ძალა ვერ გეტყვით, რატომ ვერ გამოფხიზლდა ამ ხნის განმავლობაში. ამ ვითარებაში, რა გვჭირს რა გვემართება?“, - განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.

არმაზ ახვლედიანის თქმით, ამ სახით ოპოზიცია გამარჯვების მომპოვებელ ძალად ვერ წარმოუდგენია.

„საჭიროა გაერთიანება აქტიური მოქალაქეების, ოპოზიციის, რომლის კონფიგურაციასაც მე ვხედავ ხვალ. ამ სახით ვერ წარმომიდგენია ის გამაერთიანებელ, გამწევ, გამარჯვების მომპოვებელ პოლიტიკურ ძალად“, - განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.

მისივე თქმით, „დღევანდელი პოლიტიკური ინგრედიენტებით კოალიციური მმართველობა ვერ შედგება“.

არმაზ ახვლედიანმა გადაცემაში „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ თუ ივანიშვილის გეგმა განხორციელდა, „ნაციონალური მოძრაობა“ მთავარ ოპოზიციურ ძალად ვეღარ დარჩება.

„თუ ასე წავიდა საქმე და ივანიშვილის მზაკვრული გეგმა ბოლომდე განხორციელდა ამ პოლიტიკურ პარტიაში, მე ვფიქრობ, რომ შეიძლება ერთხანს კიდევ იყოს მსხვილი, მაგრამ არა მთავარი ოპოზიციური ძალა ქართულ ოპოზიციურ სპექტრში. მაინცდამაინც დიდი ტრაგედიასაც ვერ ვხედავ, რადგან სწორი განახლების შედეგად შეიძლება რაღაც ახალი დაიბადოს, ახალი, სწორი და უკეთესი“, - განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.

არმაზ ახვლედიანის თქმით, ბიძინა ივანიშვილმა მმართველობის ისეთი მანქანა შექმნა, რომ მსგავსს მსოფლიოში „ვერსად იპოვი“.

„მმართველობის მანქანა, რომელიც შექმნა ივანიშვილმა, არის ისეთი სპეციფიკური, რომ მსგავს ვერაფერს ვერსად იპოვი. ყველაზე უფრო ავტორიტარული რეჟიმებიც რომ ავიღოთ, რაღაც მომენტში საქმე იქ უფრო მარტივადაა, იდენტიფიცირებულია ავტორიტარი ლიდერი და პასუხისმგებლობას არ გაურბის. ჩვენ შემთხვევაში მთავრობა არაფერზეა პასუხისმგებელი. იმიტომაც არ არის პასუხისმგებელი, რომ მაგალითად, დღეს რომ დაანონსდა პრემიერ-მინისტრი დავოსში მიემგზავრებაო, პრემიერმა არ იცის დავოსიდან რომ დაბრუნდება, იქნება თუ არა პრემიერი, ეს მასზე დამოკიდებული არაა, დამოკიდებულია ივანიშვილის კეთილგანწყობაზე“, - განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.

ამასთან, არმაზ ახვლედიანის თქმით, „ქართულ ოცნებაში“ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური მემკვიდრის საკითხი მუდმივად განიხილება და ეს პროცესი ჯერ კიდევ 2012 წელს დაიწყო.

„პირდაპირ გეტყვით „ქართულ ოცნებაში“ მემკვიდრის თემა 2012 წლიდან, გამარჯვების დღიდან წამოიწია. მე ვიცი ეს საკითხი, არც თუ ისე ცუდად და გეტყვით, რომ მემკვიდრის ტახტისთვის იბრძვის არაერთი და თუკი ივანიშვილის გეგმა განხორციელდა, სულ არ გამოვრიცხავ, რომ არცერთი არ სურდეს, ვინც დღეს მონაწილეობს ამ მარათონში მემკვიდრის ტიტულის მისაღებად. აი ესაა ჩვენი ანომალია. რაზე ვსაუბრობთ წარმოიდგინეთ, დამოუკიდებლობის აღდგენიდან 30 წლის შემდეგ საქართველოში ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ვიღაც გაუნათლებელი ადამიანების ჯგუფმა გადაწყვიტა, რომ ერთმანეთში შეთანხმდნენ როგორ იცხოვროს უზარმაზარი კულტურის მქონე რამდენიმე მილიონიანმა ერმა, ეს არის დანაშაული, ჩვენი ერის სირცხვილი“, - განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.

მისი თქმით, ნორმალური ევროატლანტიკური სივრცე ნიშნავს იმას, რომ პოლიტიკურ მემკვიდრეს ხალხი განსაზღვრავს.

„თურმე „დასავლეთს სააკაშვილის მოკვლა სურს“ გესმით? - ეს „ის დასავლეთია“, აშშ-ი, ევროპის კავშირია და კონკრეტული სახელმწიფოებია, ოღონდ არა უნგრეთის ხელმძღვანელი. ღარიბაშვილი პენსიაზე რომ გავა, შეუძლია ჩავიდეს კოლეგასთან უნგრეთში და იმან უმასპინძლოს....ნორმალური ევროატლანტიკური სივრცე ნიშნავს, რომ მემკვიდრეს შენ კი არ ირჩევ, არამედ ხალხი თავად განსაზღვრავს. თუ გვინდა ამას მივაღწიოთ, ვინც პოლიტიკური მემკვიდრეობის ინსტიტუტს ჯერ კიდევ ჩასჭიდებია, ამის იმედად არის და ამავე დროს, კორუფციის მორევშია ჩაფლული, ყველა ერთად უნდა გავაცილოთ ქართული პოლიტიკიდან. ოღონდ ისე, რომ ასეთების მობრუნება ვერასოდეს ვეღარ მოხდეს“, - განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო