დიმიტრი შაშკინი - მელია ამბობდა, რომ ახლა მიხეილ სააკაშვილი პრიორიტეტი არ არის - იმისთვის, რომ პარტიამ დაიცვას მიხეილ სააკაშვილი, საჭიროა გაძლიერება, სამწუხაროდ, ბოლო ერთ წელში მიმდინარე პროცესებმა „ნაციონალური მოძრაობა“ დაასუსტა

"ქართული ოცნება“ არის 10 წლის განმავლობაში საქართველოში ხელისუფლებაში - ყველაფერზე, რაც ხდება საქართველოში, პასუხისმგებელია „ქართული ოცნება“ და თუ ისინი თვლიან, რომ ვიღაცას რაღაც შეუძლია გააკეთოს, ბოდვაა! თქვენ თუ მთხოვთ, რომ ბოდვა გავარჩიო, ფსიქიატრი არ ვარ, - ასე უპასუხა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა დიმიტრი შაშკინმა კითხვას, რომელიც მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით „ხალხის ძალის“ განცხადებას შეეხებოდა.

საუბარია განცხადებაზე, რომელიც უმრავლესობაში შემავალმა "ხალხის ძალამ" დღეს გაავრცელა, და რომელშიც აღნიშნულია, რომ "სააკაშვილის პატრონებს რჩებათ გეგმა B - მისი, როგორც ოქროს მოწმის მოშორება, სააკაშვილის სიკვდილის ხელისუფლებისთვის დაბრალება, ამ საბაბით კი ქვეყანაში მასობრივი არეულობის მოწყობა“.

შაშკინის განმარტებით, „ქართული ოცნება“ თამაშობს რუსეთის თამაშს და რუსეთის დავალებებს ისედაც ასრულებს, ამიტომ არანაირი დამატებითი სქემები მას არ სჭირდება.

„თქვენ იცით, რომ მიხეილ სააკაშვილის ამერიკელ ადვოკატს ჰქონდა შესაძლებლობა, რომ გაკეთებულიყო ექსპერტიზა ამერიკულ ლაბორატორიაში, რომელმაც აჩვენა, რომ სააკაშვილის სისხლში არის შხამი. როგორ მოხვდა, ჩვენთვის ამ ეტაპზე, ბუნებრივია, ცნობილი არ არის, თუმცა ამავდროულად ყველას კარგად გვახსოვს ლიტვინენკოს საქმე, ნავალნის საქმე - არ უნდა იყო დიდი ანალიტიკოსი და არ უნდა იყო სპეცსამსახურების წარმომადგენელი, რომ გაიგო, რომ ორჯერ ორი ოთხია. მე ეჭვი არ მეპარება იმ დასკვნაში, რომელიც იყო წარდგენილი სასამართლოში. ეს დასკვნა არის გაკეთებული აშშ-ში, ამერიკულ ლაბორატორიაში, ამერიკელი ადვოკატების მიერ.

„ქართული ოცნება“ თამაშობს რუსეთის თამაშს და რუსეთი რასაც დაავალებს, „ქართული ოცნება“ ისედაც შეასრულებს და არანაირი სხვა სქემები „ქართულ ოცნებას“ არ სჭირდება“,- განაცხადა შაშკინმა.

მან ამასთან აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილის ინტერესების საუკეთესოდ დასაცავად აუცილებელია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ იყოს ძლიერი. მან ხაზგასმით განაცხადა, რომ უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში ნიკა მელიას პრიორიტეტი მიხეილ სააკაშვილი არ ყოფილა.

„სამწუხაროდ, ერთ წლის განმავლობაში გვეუბნებოდნენ, რომ მიხეილ სააკაშვილი ახლა პრიორიტეტი არ არის. ახლა ეს შეიცვალა და ეს არის პირველი შედეგი ინიციატივის, [რომელიც არჩევნებს გულისხმობს]. ეს იყო განცხადებები, რომელიც არის საჯარო, სადაც ნიკა მელია ამბობდა, რომ ახლა მიხეილ სააკაშვილი პრიორიტეტი არ არის, რომ ბრძოლა არ იქნება მიხეილ სააკაშვილის გარშემო.

იმისთვის, რომ პარტიამ დაიცვას მიხეილ სააკაშვილი, საჭიროა პარტიის გაძლიერება. სამწუხაროდ, ბოლო ერთი წლის განმავლობაში პროცესებმა, რომლებიც მიმდინარეობდა პარტიაში, პარტია დაასუსტა და ახლა ამ თვეში მე ვარ დარწმუნებული, რომ ეს პროცესი შეიცვლება და პარტია გახდება ისეთი, როგორიც ადრე იყო და როგორიც უნდა იყოს მთავარი ოპოზიციური პარტია. მხოლოდ, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ იქნება ძლიერი, ჩვენ შევძლებთ ვაიძულოთ ბიძინა ივანიშვილი, რომ გადაიყვანოს მიხეილ სააკაშვილი სამკურნალოდ.

ნებისმიერ არჩევნებს მოჰყვება პოლიტიკური კონფლიქტი, მოჰყვება ნეგატიური აზრების ურთიერთგაცვლა, თუმცა ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ ეს არჩევნები დასრულდება 30 იანვარს და მე დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენ ყოველთვის დავრჩებით ერთ გუნდის წევრებად და ეს ნეგატიური რიტორიკა შემცირდება. მე მეძახიან დინოზავრს, ზოგს ეძახიან მარიონეტს, რა მნიშვნელობა აქვს. ეს ყველაფერი არის პოლიტიკური რიტორიკა და ეს დასრულდება“,- განაცხადა შაშკინმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო