საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით სტიქიის შედეგების გასაცნობად იმერეთში იმყოფებიან მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ილია ბეგიაშვილი. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.
ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულ ზვიად შალამბერიძესთან და მაჟორიტარ დეპუტატ ზაზა ლომინაძესთან ერთად, ქუთაისში ძლიერი ქარის შედეგად დაზიანებულ ინფრასტრუქტურას ადგილზე გაეცნენ და არსებული მდგომარეობა შეისწავლეს.
,,როგორც იცით, რამდენიმე დღის წინ დასავლეთ საქართველოში კერძოდ იმერეთის, გურიის და სამეგრელოს რეგიონებში სტიქია იყო, რომელმაც დააზარალა მოსახლეობა, სამწუხაროდ გვყავს ერთი გარდაცვლილი და რამდენიმე დაშავებული.
დღეს, მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრთან საუბრის შემდეგ ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილესთან ერთად ჩამოვედი იმერეთის რეგიონში, სადაც განვითარებულმა სტიქიურმა მოვლენებმა რიგი პრობლემები შექმნა. შევხდით მერებს და ყველა იმ უწყების წარმომადგენელს, რომლებიც ჩართულები იყვნენ სტიქიასთან ბრძოლაში.
მინდა აღვნიშნო, რომ სტიქიის დაწყების პირველივე დღიდან ადგილობრივ ხელისუფლებას და მხარის რწმუნებულის ადმინისტრაციას ყოველდღიურად მჭიდრო კომუნიკაცია ჰქონდა მოსახლეობასთან. აღსანიშნავია, რომ იმ მასშტაბებიდან გამომდინარე, რაც მოიტანა სტიქიამ რის გამოსწორებაც შეიძლებოდა , პარალელურად ხდებოდა რიგი პრობლემების დროულად მოგვარება.
პრემიერის გადაწყვეტილებით დაუყოვნებლივ იქნა გამოყოფილი თანხები, რომელიც უზრუნველყოფს ზარალის ანაზღაურებას. სამ რეგიონში სამი ათასამდე კერძო მოსახლის სახლია დაზიანებული, სამასამდე მრავალბინიანი კორპუსის სახურავი და დაახლოებით 80-მდე მუნიციპალური თუ სახელმწიფო შენობა საჭიროებს რეაბილიტაციას, მათ შორის არის 70-მდე სკოლა. პრემიერის დავალებით განათლების სამინისტროს უკვე დაწყებული აქვს მუშაობა სკოლების აღდგენასთან დაკავშირებით. ასევე, ფინანსთა სამინისტროში თანხის გამოყოფასთან დაკავშირებით დაწყებულია შესაბამისი პროცედურები. ადგილობრივ მთავრობასთან შეთანხმებით დაზუსტდება თანხის ოდენობა და დაუყოვნებლივ დაიწყება აღდგენითი სამუშაოები.
ხვალ ვესტუმრები სამეგრელოს და გურიის რეგიონს, იქ შევხვდები მოსახლეობას და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს, დავგეგმავთ შემდგომ ღონისძიებებს იმისთვის, რომ დროულად იქნას გადაჭრილი ის პრობლემები, რაც სტიქიამ მიაყენა ჩვენს თანამოქალაქეებს“,- განაცხადა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა ლერი ბარნაბიშვილმა.
სახელმწიფო რწმუნებულის ზვიად შალამბერიძის თქმით, სტიქიის შედეგად 1145 შენობა დაზიანდა.
,,იმერეთში არსებული ოთხდღიანი სტიქიის შედეგად 1145 შენობა დაგვიზიანდა. პირველადი მონაცემებით ზარალი დათვლილი გვაქვს და შეადგენს 8 100 000 ლარს, თუმცა ზარალის რაოდენობა უმნიშვნელოდ შეიძლება ისევ გაიზარდოს.
სახელმწიფო რა თქმა უნდა მყისიერად რეაგირებს ამ მიმართულებით და ჩვენ, უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ დავიწყეთ გარკვეული მიმართულებით ზარალის ანაზღაურება ჩვენი თანამოქალაქეებისთვის. ეს პროცესი გაგრძელდება იქამდე, სანამ ყველა ის შენობა, რომელიც ძლიერი ქარის შედეგად დაზიანდა არ იქნება დახურული”, - ამბობს ზვიად შალამბერიძე.
ხელისუფლების წარმომადგენლებმა ადგილზე დასახეს პრობლემის მოგვარების ღონისძიებები და სტიქიის სალიკვიდაციო ფონდიდან დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღსადგენად იმერეთისთვის გამოსაყოფი თანხის შესახებ იმსჯელეს.
დღესვე, ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა რეგიონის მერებთან შეხვედრა გამართეს, სადაც იმსჯელეს 12-ვე მუნიციპალიტეტში ქარისგან მიყენებული ზარალის შედეგებსა და აღმოფხვრაზე.
შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს სტიქიით დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენის სამუშაოების მიმდინარეობისა და დროულად დასრულების ვადები.
იმერეთში ძლიერმა ქარმა 4 დღის განმავლობაში რიგი პრობლემები შექმნა, მათ შორის ამ დრომდე 1145 შენობას აქვს სახურავი დაზიანებული.
ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები მსგავსი სახის შეხვედრებს ხვალ სამეგრელოსა და გურიაშიც გამართავენ.