ნინო კალანდაძე - ივანიშვილის რეჟიმი თუ აქამდე შეფარულად ახორციელებდა იმ პოლიტიკას, რასაც ჰქვია საქართველოს ჩამოშორება ევროპული პერსპექტივისგან, ახლა იძულებული გახდა, ამის ვერბალური დეკლარირება მოახდინოს

ივანიშვილის რეჟიმი თუ აქამდე შეფარულად ახორციელებდა იმ პოლიტიკას, რასაც ჰქვია საქართველოს ჩამოშორება ევროპული პერსპექტივისგან, ახლა იძულებული გახდა, ამის ვერბალური დეკლარირება მოახდინოს, - ასე შეაფასა „ჭავჭავაძის ცენტრის" თანადამფუძნებელმა, ნინო კალანდაძემ პარტია "ხალხის ძალის" წარმომადგენლის, გურამ მაჭარაშვილის განცხადება. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, "ქართული ოცნებისგან" ე.წ. განდგომილების სახელით ბიძინა ივანიშვილის რეალური მიზანი ცხადდება.

„სწორედ ამისთვის შექმნა ეს ჯგუფი, ე.წ. განდგომილების, რომ მათ გააჟღერონ ის, რასაც სინამდვილეში ივანიშვილი აპირებს. დღეს უკვე აშკარაა, რომ განდგომილების პირით პირდაპირ ცხადდება ივანიშვილის პოლიტიკა იმის თაობაზე, რომ საქართველო არ უნდა ინტეგრირდეს ევროკავშირში, არ უნდა გახდეს ნატო-ს წევრი და უნდა შეეცვალოს საგარეო კურსი. ეს არის ამოცანა მისი ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან, უბრალოდ, ახლა ამას უკვე დეკლარირებული სახით აკეთებს", - განაცხადა კალანდაძემ.

მისი თქმით, საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს ივანიშვილის პოლიტიკა აზიანებს.

„ივანიშვილი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ქვეყანამ ვერ გადადგას წინ ნაბიჯები დასავლეთისკენ, მისი ამოცანა არის საქართველომ საგარეო კურსი შეიცვალოს და ერთ მშვენიერ დღეს კონსტიტუციაშიც მანიფესტირდეს. საბედნიეროდ, ბრიუსელსა და ვაშინგტონში საკმარისად საღი წარმოდგენა არსებობს იმის თაობაზე, რომ ივანიშვილი არ არის ის ძალა, რომელსაც საქართველოს ევროპაში ინტეგრაცია სურს. მიუხედავად ყველაფრისა, იმედს ვიტოვებ, მათი პოლიტიკა საქართველოსთან მიმართებით თანმიმდევრული დარჩება და იმის ერთგული, რა არჩევანიც ხალხმა გააკეთა",-განაცხადა კალანდაძემ.

ცნობისთვის, პარტია „ხალხის ძალის“ წარმომადგენლის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, ევროკავშირი და ნატო თვითმიზანი არ არის. როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტიკურ სივრცეში“ განაცხადა, ვინც დააპირებს, საქართველოს საქმეებში უხეშად ჩაერიოს, მიიღებს პასუხს.

ამასთან, მაჭარაშვილის თქმით, ნატო და ევროკავშირი არ არის თვითმიზანი და თუ დაინახავენ, რომ სხვა მიმართულებით შეიძლება ქვეყნის გაერთიანება ან განვითარება, ამაზეც ისაუბრებენ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო