გიორგი ბოტკოველი - არავინ არის გამოკიდებული და ჩაჭიდებული საპარლამენტო სავარძელს, მაგრამ მხარდაჭერის მოსაპოვებლად გააზრებული გადაწყვეტილებების მიღებაა საჭირო

„ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი წევრის გიორგი ბოტკოველის განცხადებით, არავინ არის გამოკიდებული და ჩაჭიდებული საპარლამენტო სავარძელს, მაგრამ მხარდაჭერის მოსაპოვებლად და პროტესტის გამოსახატად, გააზრებული გადაწყვეტილებების მიღებაა საჭირო.

მან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის ერთ-ერთი კანდიდატის ნონა მამულაშვილის და გიორგი ხვედელიანის ინიციატივა შეაფასა, რომლებიც ფიქრობენ, რომ ხალხს ჰკითხონ, უნდა დატოვოს თუ არა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საქართველოს პარლამენტი.

„არსებობს პოლიტიკური ძალის ბრძოლის ძალიან ბევრი ხაზი და ჩვენც ბრძოლის ძალიან ბევრი ხაზი გვაქვს. დღეს რომ თითოეულმა იმ ადამიანმა პარლამენტი დატოვოს, ეს რამეს ცვლის? არავინ არის გამოკიდებული და ჩაჭიდებული იმ სკამებს, რომელიც არის პარლამენტში, მაგრამ ვფიქრობთ, თუ ჩვენ გვინდა, რომ ყველა ფრონტზე ყველა მხარდაჭერა მივიღოთ, იქნება ეს ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან თუ ნებისმიერი პროტესტი, რომელიც გამოხატული იქნება მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებისთვის, რა თქმა უნდა, ყოველთვის გააზრებული გადაწყვეტილებები უნდა მივიღოთ. ვფიქრობ, ამის დროც დადგება“, - განაცხადა ბოტკოველმა.

მან იმედი გამოთქვა, რომ ძალიან მალე მიხეილ სააკაშვილი თავისუფალი იქნება და „ქვეყანა რუსული რეჟიმისგან გათავისუფლდება“.

„ნონა მამულაშვილმა გამოხატა თავისი პოზიცია, მან დატოვა პარლამენტი. „ნაციონალურ მოძრაობა“ სწორედ იმიტომ არის დიდი და ფართო აზროვნების პარტია, რომ შიგნით არსებობს ძალიან ბევრი პოზიცია. ყოველდღიურად განიხილება ეს პოზიცია, მაგრამ ამას უნდა ჰქონდეს შემდგომი ეტაპი, რომელიც მიმართული იქნება იმისკენ, რომ პირველ რიგში, მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე გადარჩეს“, - განაცხადა ბოტკოველმა.

მან „ნაციონალური მოძრაობის“ შესაძლო დაშლის თაობაზე გავრცელებულ ინფორმაციას მცდარი უწოდა.

„არ გავახარებ ამის მსურველებს. მინდა ვუთხრა, რომ ეს ინფორმაცია მცდარია. „ნაციონალურ მოძრაობაში“ შიდა დემოკრატიულ პროცესს, რომელიც ახლა მიმდინარეობს, აქვს ხარვეზები, ზოგიერთი ჩვენი თანამებრძოლის მხრიდან არასწორი განცხადებები კეთდება და ეს ცდება უკვე საარჩევნო კამპანიის ზღვარს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამით „ნაციონალურ მოძრაობას“ დაშლა ემუქრება ან რამე. „ნაციონალური მოძრაობა“ არის, იყო და იქნება ძლიერი ძალა, რომელიც აუცილებლად დაასრულებს ბიძინა ივანიშვილის მთავრობას ბევრ პატრიოტ ადამიანთან ერთად“, - განაცხადა ბოტკოველმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო