ევროკავშირის მხარდაჭერით, „საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსი Meliora 2022“-ისთვის, აპლიკაციების მიღება გრძელდება

ბიზნესის ეთიკურად წარმოება, ადამიანის უფლებებისა თუ შრომითი სტანდარტების დაცვა, გარემოზე ზრუნვა, მომხმარებელთან პასუხისმგებლიანი ურთიერთობა, სოციალური პრობლემების მოგვარებაში მონაწილეობა და ბიზნეს საქმიანობის გამჭვირვალობა - ეს ის 7 თემაა, რომლებსაც კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა (CSR) მოიცავს. ბოლო წლების განმავლობაში, ეს მიმართულება სულ უფრო აქტუალური ხდება იმ ბიზნეს კომპანიებისთვისაც, რომლებიც საქართველოში საქმიანობენ.

ქვეყანაში კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის განვითახებას მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში. სწორედ ევროკავშირის მხარდაჭერით, უკვე მეოთხე წელია, „საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსი Meliora“ იმართება. პროექტს, ევროკავშირთან ერთად, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG) და კონრად ადენაუერის ფონდი (KAS) ახორციელებს.

CSRDG-ში განმარტავენ, რომ, გასული 2 წლის განმავლობაში, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, პანდემიამ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით ბევრი რამ შეცვალა. იმის მიუხედავად, რომ რთულ პერიოდში ბიზნესიც კრიტიკულ მდგომარეობაში აღმოჩნდა, კორპორაციულმა მდგრადობამ და პასუხისმგებლობამ კიდევ უფრო მნიშვნელოვანი დატვირთვა შეიძინა. კონკურსის ორგანიზატორებმა კი კვლავაც გადაწყვიტეს, ის კომპანიები გამოავლინონ, რომლებმაც, 2022 წლის განმავლობაში, ამ მიმართულებით ბევრი იშრომეს, არც რესურსები დაზოგეს და თავიანთი საქმიანობით ამა თუ იმ პრობლემის მოგვარებაზეც იზრუნეს.

„Meliora 2022“-ის საკონკურსო კატეგორიები კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ყველა ძირითად თემას მოიცავს. წელს, ბიზნეს კომპანიებს შესაძლებლობა აქვთ მონაწილეობა შემდეგ კატეგორიებში მიიღონ:

  • მწვანე ინიციატივა
  • პასუხისმგებელი დამსაქმებელი
  • კეთილსინდისიერი საქმიანობა ბაზარზე
  • საზოგადოების მხარდაჭერა
  • სექტორთა პარტნიორობა - გაზიარებული პასუხისმგებლობა
  • წლის CSR-მენეჯერი
  • გამჭვირვალობა და ანგარიშგება კორპორაციული პასუხისმგებლობის და მდგრადობის საკითხებზე (მოცემული კატეგორია ცხადდება საუკეთესო წლიური ანგარიშისა და გამჭვირვალობის ჯილდოსთან (BARTA) თანამშრომლობით)

გარდა ამისა, არის მთავარი ჯილდო - გრანპრი იმ კომპანიას გადაეცემა, რომელიც ზემოთაღნიშნული ყველა მიმართულებით საუკეთესო შედეგს აჩვენებს. მნიშვნელოვანია ისიც, რომ, თითოეულ კატეგორიაში, გამარჯვებულები როგორც მსხვილი, ისე მცირე და საშუალო კომპანიებიდან გამოვლინდებიან.

„ევროკავშირის მხრიდან, მოხარულები ვართ, რომ ზედიზედ მეოთხედ ვუჭერთ მხარს Meliora-ს კონკურსს, რითიც ვადასტურებთ ჩვენს მხარდაჭერას კერძო სექტორში კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის დანერგვის მიმართ. მიგვაჩნია, რომ კერძო სექტორი მნიშვნელოვანია ეკონომიკის ჯანსაღი განვითარებისათვის, ამიტომ ჩვენ მას სხვა საშუალებებითაც, მაგალითად, EU4Business-ის ინიციატივის გზითაც ვუჭერთ მხარს. მოვუწოდებ ყველა კომპანიას და ბიზნესს, 10 თებერვლამდე შეიტანონ განაცხადები ამ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, რომელიც ცხრა კატეგორიაში ჩატარდება. ამგვარად, ყველას აქვს შესაძლებლობა, გახდეს საქართველოში სოციალური კუთხით ყველაზე ეფექტიანი კომპანიების დიდი ოჯახის წევრი“, - ამბობს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი კატალინ გერმანი.

არსებული ტენდენციის მიხედვით, კონკურსში მონაწილეობა, ყოველწლიურად, სულ უფრო მეტ კომპანიას სურს, მათ მიერ წარმოდგენილი განცხადებები უფრო და უფრო დახვეწილია, CSR პროექტები და კომპანიების ბიზნესსაქმიანობა კი მეტად უკავშირდება ერთმანეთს. ამასთან, თუკი აქამდე კონკურში უმეტესად მსხვილი კომპანიები მონაწილეობდნენ, ახლა აპლიკაციების 1/3 მცირე და საშუალო კომპანიებზე მოდის.

„კონკურსის მიზანია, საუკეთესო პროექტების გამოვლენასა და აღიარებასთან ერთად, დაეხმაროს კომპანიებს გააუმჯობესონ საკუთარი CSR პროგრამები და მიდგომები. ამიტომაც კონკურსი შეიცავს განვითარებაზე მიმართულ მნიშვნელოვან კომპონენტებს - ყველა მონაწილე კომპანიას დაჯილდოების ღონისძიების შემდეგ მიეწოდება ჟიურის უკუკავშირი და რეკომენდაციები წარდგენილ პროექტებზე; არაერთი კომპანიისაგან გაგვიგია, რომ Meliora-ში მონაწილეობამ მათ ახლებურად დაანახა საკუთარი CSR საქმიანობა და წინსვლაში დაეხმარა“, - აღნიშნავს CSRDG-ის კორპორაციული პასუხიმსგებლობის პროგრამის კოორდინატორი ლელა ხოფერია.

Meliora საქართველოში კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის განვითარებას და პოპულარიზაციას ისახავს მიზნად. ასევე, კომპანიების წახალისებას, რათა საკუთარ საქმიანობაში CSR პრინციპები და მიდგომები უფრო მეტმა კომპანიამ დანერგოს და სხვებისთვისაც სამაგალითო გახდეს. დაარსებიდან დღემდე, კონკურსში 90-მდე კომპანიამ, 200-ზე მეტი CSR პროექტით მიიღო მონაწილეობა.

„Meliora 2022“-ის გამარჯვებულებს ქართველი და საერთაშორისო ექსპერტებისგან შემდგარი სპეციალური ჟიური გამოავლენს. განაცხადების მიღება 10 თებერვლამდე გაგრძელდება. დაჯილდოების ღონისძიება კი ზაფხულში გაიმართება.

კონკურსის კატეგორიების, განაცხადის ფორმისა და დეტალური ინფორმაციის სანახავად ეწვიეთ ვებგვერდს: www.meliora.ge

(R)

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო