ანდრო გოცირიძე - არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სწორედ რუსული მეხუთე კოლონის სისუსტემ განაპირობა რუსული „სპეცოპერაციის“ ჩავარდნა უკრაინაში

საგარეო და საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე ინტერპრესნიუსი“ უსაფრთხოების სპეციალისტს, ანდრო გოცირიძეს ესაუბრა.

- ბატონო ანდრო, რამშტაინში უკრაინის დასახმარებლად კოლექტიური დასავლეთის ბოლო საკონსულტაციო შეხვედრის შედეგები უკვე ცნობილია.

მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, - „უკრაინა ყველა საჭირო დახმარებას მიიღებს“, გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა თქვა - „ომი რომ დასრულდეს, რუსეთმა ომი უნდა წააგოს“, დარჩა შთაბეჭდილება, რომ გადამწყვეტი ბრძოლების წინ უკრაინას ის და იმდენი იარაღი არ მიუღია, როგორც მოსალოდნელი იყო.

მეტიც, ბევრი თვლის, რომ ბოლო რამშტაინმა გაამძაფრა იმის განცდა, რომ დასავლეთი დაეხმარება უკრაინას რომ არ დამარცხდეს, მაგრამ არ მისცემს უკრაინას გამარჯვების საშუალებას.

ფაქტია, რომ დროში იწელება უკრაინისთვის ისეთივე იარაღის მიწოდება, რომ მან ისეთივე დარტყმები მიაყენოს რუსეთს, როგორც რუსეთი ბომბავს უკრაინას. უკრაინისთვის ასეთი იარაღის მიცემაზე ღიად საუბრობს „ნიუ-იორკ ტაიმსი“.

თქვენ როგორ შეაფასებდით რამშტაინის ბოლო შეხვედრის შედეგებს? უკრაინისთვის გამოყოფილი სამხედრო ტექნიკა რისი გაკეთების საშუალებას მისცემს უკრაინას?

- ვფიქრობ, ნიშანდობლივია დიმიტრი მედვედევის შეფასება. მართალია, რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე სამხედრო სახედრო საქმის სპეციალისტი არ არის, მაგრამ მისი შიში, რომ რამშტაინის ფორმატში უკრაინისათვის გადაცემული იარაღის გამო რუსეთისათვის მომდევნო თვეები მეტად რთული იქნება, უსაფუძვლო ნამდვილად არ უნდა იყოს.

როგორც ჩანს, ზამთრის გასვლასთან ერთად, ახლოვდება ომის ყველაზე რთული და დაძაბული ფაზა, რომელიც მთელი ამ კამპანიის ბედსაც გადაწყვეტს. დღეს რუსეთს აღარ აქვს არც შესაძლებლობა და არც ამბიცია, დაიპყროს და გააკონტროლოს უკრაინის სრული ტერიტორია, თუმცა იგი ყველაფერს გააკეთებს მის მიერ აღიარებული წარმონაქმნების შემოსამტკიცებლად და მოლაპარაკების მაგიდაზე მომგებიანი პოზიციებით წარსადგომად. კრემლის რეჟიმისთვის ეს სასიცოცხლოდ აუცილებელია საკუთარი მმართველობის შესანარჩუნებლად.

ზამთრის გასვლასთან ერთად, ახლოვდება ომის ყველაზე რთული და დაძაბული ფაზა, რომელიც მთელი ამ კამპანიის ბედსაც გადაწყვეტს

საპირისპიროდ, უკრაინის შეიარაღებული ძალები მაქსიმალურად ეცდებიან გაზაფხული-ზაფხულის განმავლობაში გარდამტეხი უპირატესობა მოიპოვონ და რუსეთის სამხედრო დანაყოფები საკუთარი ტერიტორიიდან გააძევონ. ამ ამოცანის შესასრულებლად, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შორსმსროლელი არტილერია და მძიმე ჯავშანტექნიკა, რომელიც გადაეცემა კიევს.

უკრაინამ ამ ეტაპზე მიიღო კონტრშეტევისთვის აუცილებელი, მაგრამ არასაკმარისი შეიარაღება. მართალია, რუსეთის არაადამიანური ქმედებების მიერ შექმნილი ემოციური ფონის შედეგად, ყველას გვსურს, ეს გადაწყვეტილება ადრეც ყოფილიყო მიღებული და უკრაინამ მალევე მიაღწიოს გარდამტეხ უპირატესობას შეიარაღების თვალსაზრისით, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ომის თითოეულ ეტაპს სპეციფიკური შეიარაღება, მომზადებული სამხედროები და ლოგისტიკური ოპერაციების ფართო სპექტრი სჭირდება. უნდა ვივარაუდოთ, რომ გადაცემული ტექნიკის ჩამონათვალი ომის მიმდინარე და მოსალოდნელი ფაზების საფუძვლიან ანალიზს ემყარება.

გარდა ამისა, გადაცემული შეიარაღების ბოლო პარტია ცხადყოფს, რომ დასავლეთში სულ უფრო ნაკლებად ფიქრობენ, გამოიწვევს თუ არა კრემლის მხრიდან ესკალაციას უკრაინისთვის შემტევი შეიარაღების გადაცემა. ცხადია, გადაცემული ტანკების და მძიმე ჯავშანტექნიკის რაოდენობა საკმარისი არ არის, მაგრამ, როგორც ჩანს, ამგვარი გადაწყვეტილება დასავლეთში უკვე მიღებულია.

დასავლეთში სულ უფრო ნაკლებად ფიქრობენ, გამოიწვევს თუ არა კრემლის მხრიდან ესკალაციას უკრაინისთვის შემტევი შეიარაღების გადაცემა. ცხადია, გადაცემული ტანკების და მძიმე ჯავშანტექნიკის რაოდენობა საკმარისი არ არის, მაგრამ, როგორც ჩანს, ამგვარი გადაწყვეტილება დასავლეთში უკვე მიღებულია

სწორედ ეს არის მიზეზი იმისა, რომ კრემლის მესვეურნი, იგივე მედვედევი, თავს მშვიდად ვერ გრძნობენ. მითუმეტეს, რომ სამამულო სამხედრო მრეწველობის ჩავარდნის კვალდაკვალ, რუსეთი იძულებულია მხოლოდ ირანულ და სავარაუდოდ, ჩრდილოკორეულ სამხედრო დახმარების იმედად იყოს.

- ბოლო რამშტაინზე გამოიკვეთა ის, რომ აშშ პატრონაჟით ყალიბდება ინგლისის გავლენის სფერო - აღმოსავლეთ ევროპა, პოლონეთი, აღმოსავლეთ ევროპის სლავური ქვეყნები, სკანდინავიის ქვეყნები, ჰოლანდია, დანია, ნორვეგია.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრი რამშტაინის კონსულტაციებს ესწრება, გაუგებარია საქართველო როგორ ეხმარება უკრაინას. აქ არ იგულისხმება ის ჰუმანიტარული დახმარება, რომელსაც ქვეყანა უკრაინაში ხშირად აგზავნის.

ახლა როცა მსოფლიო პოლიტიკა უკრაინის ფრონტებზე წყდება, თქვენ როგორ შეაფასებდით იმ პოზიციებს, რომელსაც უკრაინის თემაზე საქართველოს მმართველი გუნდის წარმომადგენლები საჯარო სივრცეში ახმოვანებენ?

- დიდი ბრიტანეთი ბოლო დროს სულ უფრო აქტიური საგარეო პოლიტიკით გამოირჩევა რეგიონთან მიმართებაში. ბრიტანული დახმარება, მათ შორის საქართველოს მიმართაც გაზრდილია და იგი რუსული ჰიბრიდული ომის სხვასხვა კომპონენტთან გამკლავებაზეა ფოკუსირებული.

რაც შეეხება საქართველოს მხრიდან უკრაინის დახმარებას, ამ თემაზე არსებული დისკუსია, სპეციფიკური საკითხების შიდაპოლიტიკურ ჭრილში გადატანა ორი ქვეყნის ურთიერთობას აზარალებს. უმჯობესი იქნებოდა, ამგვარი საკითხები შესაბამის რეჟიმში დახურულ კარს უკან განხილულიყო.

რაც შეეხება საქართველოს მხრიდან უკრაინის დახმარებას, ამ თემაზე არსებული დისკუსია, სპეციფიკური საკითხების შიდაპოლიტიკურ ჭრილში გადატანა ორი ქვეყნის ურთიერთობას აზარალებს. უმჯობესი იქნებოდა, ამგვარი საკითხები შესაბამის რეჟიმში დახურულ კარს უკან განხილულიყო

ამ ომში სიმართლე და ცივილიზებული კაცობრიობაც სრულად უკრაინის მხარესაა. ძნელად წარმოსადგენია, რომ საქართველოს მთავრობა ვერ ხედავდეს რუსეთის გარდაუვალ მარცხს. ერთი შეხედვით, უკრაინისთვის გაწეული ჰუმანიტარული დახმარებაც მასშტაბურია.

სტრატეგიული პარტნიორებისთვის ისიც სავსებით გასაგებია, რომ საქართველოს ჭარბი სამხედრო ტექნიკა არ აქვს, მისი ტერიტორიის მოზრდილი ნაწილი ოკუპირებულია და ყველა მთავრობა საკუთარი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს.

აქ უბრალოდ გასარკვევია, რა არის ჩვენი ქვეყნის ინტერესები: კონფრონტაციული რიტორიკა უკრაინასთან და პარტნიორების დადანაშაულება „მეორე ფრონტის გახსნის“ აბსურდულ მისწრაფებაში? ამ კონფრონტაციული რიტორიკის ხარჯზე ცდილობს საქართველო თავიდან აირიდოს რუსული ინვაზია?

აქსიომაა, რომ რუსეთი იმიტომ არ ახდენს საქართველოში ან სხვა ქვეყნებში შეჭრას, რომ მას ახლა ამის შესაძლებლობა არ აქვს. შესაბამისად, რაც უფრო მძიმედ დამარცხდება რუსეთი რაც მეტად გამოიფიტება მისი სამხედრო მანქანა, მით მეტი შანსი აქვს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და რუსული ოკუპაციისგან გათავისუფლების. ცხადია, არავინ მოელის, რომ საქართველომ „მეორე ფრონტი“ უნდა გახსნას ან შეიარაღებული ძალები და ტექნიკა გაგზავნოს უკრაინაში.

რაც უფრო მძიმედ დამარცხდება რუსეთი რაც მეტად გამოიფიტება მისი სამხედრო მანქანა, მით მეტი შანსი აქვს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და რუსული ოკუპაციისგან გათავისუფლების

დიპლომატიურ სარბიელზე ბევრი ფორმა არსებობს საჯარო მხარდაჭერის გამოხატვის, მკვეთრი პოზიციის დაფიქსირების და ახსნის, თუ რატომ ვერ ახერხებს ქვეყანა სამხედრო დახმარების აღმოჩენას, თუკი მისგან ასეთ რამეს ითხოვენ.

მეორე მხრივ, უკრაინაში რუსეთის შეჭრამ საქართველოსთვის შემდგომი შესაძლებლობები გააჩინა საკუთარი თავდაცვისუნარიანობის გაზრდისათვის. დასანანია, თუ ეს შესაძლებლობა დასავლეთთან კონფრონტაციულ რიტორიკის გამო გამოუყენებელი დარჩება.

რუსეთის შეჭრამ საქართველოსთვის შემდგომი შესაძლებლობები გააჩინა საკუთარი თავდაცვისუნარიანობის გაზრდისათვის. დასანანია, თუ ეს შესაძლებლობა დასავლეთთან კონფრონტაციულ რიტორიკის გამო გამოუყენებელი დარჩება

ისეთი განცდა რჩება, თითქოს რუსული აგრესია უკრაინის წინააღმდეგ, მოვლენა, რომელიც მსოფლიო არქიტექტურას ცვლის, საქართველოში ექსპრეზიდენტის გამო წყენის პრიზმაში განიხილება და შესაბამისი მოქმედებები ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე კი არა, არამედ საკუთარი მოსახლეობის გაუცნობიერებელ შიშებზე, ირაციონალურ გრძნობებზე ზემოქმედებით შიდაპოლიტიკური საკითხების გადასაჭრელად, ხელისუფლებაში ყოფნის გასახანგრძლივებლადაა გამოყენებული.

- ფაქტია, რომ რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის სერგეი ლავროვის საქართველოს მისამართით ნათქვამმა საქებარმა განცხადებები ქართულ პოლიტიკური წრეებში განხილვის თემა გახლდა.

ლავროვის განცხადებები არ გვქონდა „მონელებული“, როცა ავადსახსენებელმა რუსმა დეპუტატმა გავრილოვმა დაგვაწია მოსკოვის კიდევ ერთი გზავნილი - თბილისთან არა მარტო ფრენები, არამედ დიპლომატიური ურთიერთობები უნდა აღვადგინოთო.

ის, რომ მმართველი გუნდის წარმომადგენლები მიესალმნენ რუსეთთან ფრენების აღდგენას, ბევრს არ გაჰკვირვებია, არც მე.

ამ თემაზე საკმაოდ მკაფიო პოზიცია ჰქონდა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს. მაგრამ, რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს, ყველაზე ადეკვატური ამ თემაზე იყო აშშ-ს პრეზიდენტის დეგნანის განცხადება, რომელმაც თქვა - „მოსახლეობის უმეტესობა ამჯობინებდა გაეგო, რომ რუსეთს გაჰყავს ძალები აფხაზეთიდან და ცხინვალიდან, ვიდრე ვიდრე განცხადება ფრენების აღდგენის შესახებ“.

ვითარებაში, როცა რუსეთის ლამის სრულ იზოლაციაშია, საუბრები მოსკოვთან ფრენების აღდგენაზე, მით უმეტეს დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე აშკარად გაუგებარია.

მე კითხვას მაინც ასე დავსვამდი - თქვენი დაკვირვებით, თქვენ როგორ შეაფასებდით ლავროვისა და გავრილოვის განცხადებებზე ხელისუფლების წარმომადგენლების რეაქციას?

- რუსეთს, მიუხედავად სურვილისა, დღეს არ აქვს საშუალება სამხედრო ძალით მიაღწიოს გამარჯვებას საქართველოში. თუმცა იმ პირობებში, როდესაც რუსული პროპაგანდა და საინფორმაციო კონფრონტაცია მთელი მსოფლიოს მასშტაბით მარცხდება, სამწუხაროდ, ეს მექანიზმი აქტიურად და წარმატებით გამოიყენება საქართველოს წინააღმდეგ.

პოლარიზაცია, დემოკრატიის უკუსვლა, კონფრონტაციული რიტორიკა უკრაინასთან, სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობის ძირის გამოთხრა - ეს არის რუსული რეალური საფრთხე და მისგან გამომდინარე სავალალო შედეგები.

ქართულმა პოლიტიკურმა სპექტრმა და უპირველესად ხელისუფლებამ უნდა გააცნობიეროს მარტივი ჭეშმარიტება: რუსეთი იმიტომ არ ესხმის თავს საქართველოს, რომ მას ამის შესაძლებლობა არ აქვს და კრემლისადმი ლოიალური დამოკიდებულება, რუსულ ეკონომიკასა თუ ტურისტულ ნაკადებზე დამოკიდებულების ზრდა ზუსტად ისევე დამღუპველია ქვეყნისთვის, როგორც სამხედრო აგრესია.

ხელისუფლებამ უნდა გააცნობიეროს მარტივი ჭეშმარიტება: რუსეთი იმიტომ არ ესხმის თავს საქართველოს, რომ მას ამის შესაძლებლობა არ აქვს და კრემლისადმი ლოიალური დამოკიდებულება, რუსულ ეკონომიკასა თუ ტურისტულ ნაკადებზე დამოკიდებულების ზრდა ზუსტად ისევე დამღუპველია ქვეყნისთვის, როგორც სამხედრო აგრესია

- გაქვთ განცდა, რომ ხელისუფლება რუსეთთან ფრენების აღდგენასა და დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე საუბრისა და დისკუსიის ინიციატორი არ გახდება?

- დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა რთულად წარმოსადგენია, თუმცა, ფრენების აღდგენას რუსეთი აუცილებლად გამოიყენებს საქართველოს მოსახლეობის გარკვეულ ნაწილში პრორუსული განწყობების გასაღვივებლად. ცხადია, ამგვარი განვითარება მოქმედ ხელისუფლებასაც შესძენს გარკვეულ საარჩევნო ბაზას, თუმცა, მიმაჩნია, რომ ეს ქვეყნისთვის საზიანო იქნება.

კრემლისთვის გადაცემულ პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის ბერკეტებზე რომ არ ვისაუბროთ, ამ ეტაპზე ოკუპანტთან ყოფითი კავშირებიც კი დამაზიანებელია საქართველოსთვის, რადგან ეს კავშირები აგრესორის მიმართ მიმღებლობას, კონფორმიზმის, კოლაბორაციონიზმის ხარისხს ზრდის, ხელს უწყობს პრორუსული ელიტების ფორმირება-გაძლიერებას.

კრემლისთვის გადაცემულ პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის ბერკეტებზე რომ არ ვისაუბროთ, ამ ეტაპზე ოკუპანტთან ყოფითი კავშირებიც კი დამაზიანებელია საქართველოსთვის, რადგან ეს კავშირები აგრესორის მიმართ მიმღებლობას, კონფორმიზმის, კოლაბორაციონიზმის ხარისხს ზრდის, ხელს უწყობს პრორუსული ელიტების ფორმირება-გაძლიერებას

არ უნდა დაგვავიწყდეს, სწორედ რუსული მეხუთე კოლონის სისუსტემ განაპირობა რუსული „სპეცოპერაციის“ ჩავარდნა უკრაინაში. კრემლის გეგმა სწორედ ამ ელიტების გააქტიურების ფონზე ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების სამხედრო გზით შეცვლას ითვალისწინებდა.

- დავოსის შედეგებზე, იმაზე რომ საქართველოს გავლით ევროპის რიგი ქვეყნები ენერგორესურსებს მიიღებენ, ბევრს კი საუბრობენ, მაგრამ, ამ პროცესის ინიციატორი რომ ჩვენ არ ვართ, ფაქტია.

დავოსის შეხვედრაზე ასევე აქტუალური გახდა თბილისში აზერბაიჯანის პრეზიდენტ ალიევისა და სომხეთის პრემიერ ფაშინიანის შეხვედრის თემა. ფაქტია, რომ ამ შეხვედრის გამართვის ინიციატივა არა საქართველოს, არამდე აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს ეკუთვნის.

თქვენ როგორ შეაფასებდით ევროკავშირის ენერგოპროექტებში საქართველოს მონაწილეობას? და კიდევ, თქვენი დაკვირვებით, რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ ალიევ-ფაშინიანის შეხვედრა თბილისში გაიმართოს?

- თანამედროვე ცივილიზებულ სამყაროში საქართველოს ადგილი და როლი იმთავითვე ცენტრალური აზიისა და კასპიის ზღვის ენერგორესურსების დასავლეთისკენ ტრანსპორტირების საჭიროებამ განსაზღვრა.

ახლა, როდესაც მსოფლიო ცდილობს რუსეთის ენერგოდამოკიდებულებისგან გათავისუფლდეს, ამ კორიდორის მნიშვნელობა კიდევ უფრო იზრდება. სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე პროცესების ფონზე, ასევე გაზრდილია საქართველოს, როგორც მომლაპარაკებლის რომი სომხურ-აზერბაიჯანულ კონფლიქტში.

დასანანი იქნება, თუკი ხელისუფლება ამ ფაქტორებს ისევ შიდაპოლიტიკური ბენეფიტების მისაღებად გამოიყენებს და ძალაუფლების კონსოლიდაციას ეცდება. ეს მხოლოდ დააზარალებს საქართველოს მოსახლეობას.

დღეს საქართველოდან წასული იმპულსები დასავლეთისთვის შემდეგნაირად ჟღერს: „ჩვენ თქვენთვის საჭირო ვართ, ამიტომ, მიგვიღეთ ისეთები, როგორიც ვართ, დემოკრატიის თქვენეული ფორმა ჩვენთვის უცხო და არაეფექტურია“. ეს რიტორიკა ძალიან ჰგავს რუსული „სუვერენული დემოკრატიის“ თეორიას. არადა, უნდა გვესმოდეს, რომ ერთადერთი რამ, რაც დასავლეთს საქართველოში სჭირდება, ეს არის ქმედითი დემოკრატია.

დღეს საქართველოდან წასული იმპულსები დასავლეთისთვის შემდეგნაირად ჟღერს: „ჩვენ თქვენთვის საჭირო ვართ, ამიტომ, მიგვიღეთ ისეთები, როგორიც ვართ, დემოკრატიის თქვენეული ფორმა ჩვენთვის უცხო და არაეფექტურია“. ეს რიტორიკა ძალიან ჰგავს რუსული „სუვერენული დემოკრატიის“ თეორიას

ამგვარი ფორმაცია ყველაზე კარგად გამოხატავს საქართველოს მოსახლეობის ნებასაც. დამოუკიდებლობის გარიჟრაჟზე საქართველოს მომავალი პარტნიორების მხრიდან დასავლური ტიპის დემოკრატიად იყო აღქმული და ამიტომ რეაგირებენ ისინი დემოკრატიის ნებისმიერ უკუსვლაზე.

- თვალს ვადევნებთ მესამე პრეზიდენტ სააკაშვილის სასამართლო პროცესს. ვხედავთ იმასაც, რომ ამ პროცესის მიმართ ინტერესი ჩვენი დასავლელი პარტნიორების წრეებში საკმაოდ მაღალია.

ფაქტია, რომ დაკითხვები საკმაოდ გაჭიანურდა, მაგრამ რჩება შთაბეჭდილება, რომ ეს პროცესი მანამდე არ დასრულდება, ვიდრე „ნაცმოძრაობაში“ თავმჯდომარის არჩევნები არ დასრულდება.

ამ სასამართლოს მიმართ ამგვარი აღქმის საშუალებას იძლევა მმართველი „ქართული ოცნების“ პარტიის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის მტკიცება -„რადიკალური ოპოზიციის დასუსტება კარგი იქნება როგორც ქვეყნის დემოკრატიული სისტემის განვითარებისთვის, ასევე ოპოზიციის გაძლიერებისთვის.

ხელისუფლება არ მალავს, რომ ამგვარ ნაბიჯად იგი სწორედ სააკაშვილის ციხეში ჯდომას მიიჩნევს. როგორ შეაფასებდით სასამართლო პროცესს? რამდენად შეიძლება იყოს მისი დასრულება დამოკიდებული „ნაცმოძრაობაში“ მიმდინარე პროცესზე?

- „ნაცმოძრაობასა“ და ოპოზიციის დიდ ნაწილში მიმდინარე პროცესები საერთოდ აცდენილია ამომრჩევლის ინტერესებს. წარსულში ნებისმიერი ძალადობრივი ცვლილებისას თუ მშვიდობიანი ტრანზიციისას ოპოზიციას მკაფიო მესიჯი მიჰქონდა მოსახლეობამდე, თუ რატომ უნდა შეცვლილიყო ხელისუფლება.

2003 წელს ეს იყო შეურიგებლობა კორუფციის მიმართ, 2012 წელს - სისტემური დანაშაულის წინააღმდეგ და ადამიანის უფლებების დაცვისთვის ბრძოლა. დღეს ამგვარი გასაგები მესიჯი არ ჩანს და ხელისუფლება ახერხებს ოპოზიციის თამაშგარე მდგომარეობაში დატოვებას.

მმართველმა პარტიამ მოახერხა ეკონომიკურ პროგრესსა და მშვიდობის თემატიკაზე აპელირებით მისთვის სასურველი პოლიტიკური გარემოს შექმნა. სანქციების დაწესების იმედით ყოფნა უტოპიაა, რადგან ასეთი რამ რომც მოხდეს, ეს ხელისუფლების გარშემო პრორუსულად განწყობილი ძალების კონსოლიდაციას გამოიწვევს. სწორედ ამიტომ „ეფერება“ და ახალისებს მმართველი პარტია ცნობილ მარგინალურ დაჯგუფებებს.

მმართველმა პარტიამ მოახერხა ეკონომიკურ პროგრესსა და მშვიდობის თემატიკაზე აპელირებით მისთვის სასურველი პოლიტიკური გარემოს შექმნა. სანქციების დაწესების იმედით ყოფნა უტოპიაა, რადგან ასეთი რამ რომც მოხდეს, ეს ხელისუფლების გარშემო პრორუსულად განწყობილი ძალების კონსოლიდაციას გამოიწვევს. სწორედ ამიტომ „ეფერება“ და ახალისებს მმართველი პარტია ცნობილ მარგინალურ დაჯგუფებებს

მნიშვნელოვანია, პროდასავლურად განწყობილ ამომრჩეველს, რომელთა შორისაც მმართველი პარტიის ამომრჩევლებიც არიან, მკაფიოდ განემარტოს, რა წინსვლას გამოიწვევს ხელისუფლების ცვლილება.

რაც შეეხება ექსპრეზიდენტის სასამართლოს და მის გარშემო განვითარებულ მოვლენებს, ეს ძალიან აზარალებს საქართველოს იმიჯს და აღრმავებს პოლარიზაციას. ექსპრეზიდენტის, ოპოზიციის, ნებისმიერი აქტორის არაადეკვატური და დამაზიანებელი ქცევის პირობებშიც კი, პასუხისმგებლობა პატიმრის ჯანმრთელობაზე, მის მიმართ სამართლიანი სასამართლოს განხორციელებასა და ქვეყნის უსაფრთხოებაზე სრულად ხელისუფლებას ეკისრება, ამიტომ, საუკეთესო გამოსავალი პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება იქნებოდა.

ცხადია, იგულისხმება კონსტიტუციაზე დაყრდნობით მიღებული ბალანსირებული გადაწყვეტილება ხელისუფლების უფლებამოსილი რგოლის მიერ. ასეთი გადაწყვეტილებისთვის ნაყოფიერი ნიადაგი შეიქმნა გასული წლის თებერვალში, როდესაც უკრაინაში რუსეთის გაუმართლებელი შეჭრის კვალდაკვალ მეტად მომგებიანი იქნებოდა პოლიტიკური ძალების შეთანხმება მოქმედების საერთო სქემაზე და ამ ფონზე ექსპრეზიდენტის გათავისუფლება პატიმრობიდან, შესაბამისი საერთაშორისო თუ საშინაო გარანტიების არსებობისას.

დარწმუნებული ვარ, სურვილის და პოლიტიკური ნების არსებობის პირობებში, ამგვარი გადაწყვეტილების იურიდიული ფორმაც გამოიძებნებოდა - კანონმდებლობა ამის საშუალებას იძლევა.

სამწუხაროდ, რუსეთ-უკრაინის ომის მაკონსოლიდირებელი ეფექტი (ზოგადად, თუ ომის რაიმე პოზიტიურ ეფექტზე შეიძლება ვისაუბროთ ეს საერთო მიზნის გარშემო კონსოლიდაციაა) სრულად იქნა გაფლანგული ისევ და ისევ პოლიტიკური ნების არარსებობის და მოვლენების შიდაპოლიტიკური ბენეფიტების მისაღებად.

ნაცვლად გარკვეულ ფუნდამენტურ პრინციპებზე შეთანხმებისა, რუსეთის შეჭრაც და ექსპრეზიდენტის გარშემო განვითარებული მოვლენებიც ხელისუფლებამ საკმაოდ ეფექტურად გამოიყენა ხელისუფლებაში ყოფნის გასახანგრძლივებლად, თუმცა რამდენად წაადგება ეს ქვეყნის დასავლური ინტეგრაციას და უსაფრთხოების ქოლგის უზრუნველყოფას, ეს მეორე საკითხია.

- რადგან 2023 წელი ახალი დაწყებულია, უნდა გკითხოთ - იმ პროცესების გათვალისწინებით რაც საქართველოს საშინაო პოლიტიკაში ხდება და ჩვენს ირგვლივ ხდება, თქვენი დაკვირვებით, სავარაუდოდ, 2023 წელს რა იქნება საშინაო და საგარეო პოლიტიკის მთავარი პრობლემა?

- საგარეო პოლიტიკა საშინაოს გაგრძელებაა. მითუმეტეს მნიშვნელოვანია ამ ორ სფეროში სინქრონული ნაბიჯები ქვეყნისთვის, რომლსაც ძირეული შიდაპოლიტიკური რეფორმები აქვს გასატარებელი უსაფრთხოების ქოლგის მისაღებად.

2023 წელს და ალბათ ახლო მომავალშიც მსოფლიო პოლიტიკის განმსაზღვრელი რუსეთ-უკრაინის ომი იქნება, რომელიც კატასტროფული ნეგატიური ეფექტის, დამღუპველი რისკების გარდა, ასპირანტი ქვეყნებისთვის შესაძლებლობებსაც აჩენს.

პოლიტიკური პოლარიზაციის დაძლევა უმნიშვნელოვანესი საკითხია. სწორედ პოლიტიკური პოლარიზაციაა ის გარემოება, რომლის გამოც ქვეყანა ვერ ახერხებს სასიცოცხლო ინტერესების განხორციელებაზე კონცენტრაციას

მნიშვნელოვანი იქნებოდა საქართველოს პოლიტიკური სპექტრი, ხელისუფლებაც და ოპოზიციაც, გამოსულიყო მოვლენების კომენტატორის რეჟიმიდან და მეტი დრო დაეთმო იმ მიმართულებებისთვის, რომლებიც, შესაძლოა გაჩნდეს მიმდინარე პროცესების შედეგად. ესენია:

- რუსეთის გამოფიტვა და მარცხი უკრაინაში აჩენს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შესაძლებლობას. მნიშვნელოვანია, საერთო ეროვნული, მრავალპარტიული მუშაობა ინტეგრაციის მოდელების შექმნაზე და დასავლეთთან ამაზე მსჯელობა. უკრაინაში შეჭრის შემდგომ დასავლეთი სრულად აცნობიერებს რუსეთის დესტრუქციულ როლს რეგიონში და გარკვეულ პასუხისმგებლობას გრძნობს საქართველოს მიმართ. საჭიროა ამ მუხტის გამოყენება.

- საჭიროა მუდმივი კონსულტაციები დასავლეთთან ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლების თვალსაზრისით. საქართველო მუდმივად უნდა ცდილობდეს, რთული სამიზნე გახდეს რუსეთისთვის, თუნდაც სამხედრო პოტენციალებს შორის კოლოსალური განსხვავების პირობებშიც კი.

- ქვეყნის დასავლური ინტეგრაციისთვის საჭირო პირობების შექმნა. ამ მიმართულებით უკრაინასთან და მოლდოვასთან აქტიური თანამშრომლობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

ომის დამთავრების შემდგომ, მსოფლიო აუცილებლად გადახედავს ამ პროცესს და მნიშვნელოვანი იქნება თითოეული ქვეყნის მიერ გამოხატული პოზიცია. არ ვიცი, რამდენად არის შესაძლებელი ამ ეტაპზე ინტეგრაციის დაჩქარება, მაგრამ დასავლეთთან კონფრონტაციული პოლიტიკა, მსჯელობები სუვერენულ დემოკრატიაზე და უკრაინასთან არსებული დისკუსია ამ პროცესებს რომ აფერხებს, ეს შეუიარაღებელი თვალითაც ნათლად ჩანს.

- პოლიტიკური პოლარიზაციის დაძლევა უმნიშვნელოვანესი საკითხია. სწორედ პოლიტიკური პოლარიზაციაა ის გარემოება, რომლის გამოც ქვეყანა ვერ ახერხებს სასიცოცხლო ინტერესების განხორციელებაზე კონცენტრაციას. მთლად რეალისტურად არ მიმაჩნია, მაგრამ ვისურვებდი, ქართულ პოლიტიკურ სპექტრს 2023 წელს მოეხერხებინა რამდენიმე ფუნდამენტურ პრინციპზე შეთანხმება როგორც საშინაო, ისე საგარეო პოლიტიკის მიმართულებაზე.

„ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა