რუსთავის 2023 წლის ბიუჯეტი, 108 მილიონ ლარამდე გაიზარდა. ამის შესახებ, რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ, დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ქალაქის მერის თქმით, რუსთავის ბიუჯეტის 87 მილიონიდან 108 მილიონ ლარამდე გაზრდა, ჭარბი შემოსავლების, გარდამავალი პროექტების ბიუჯეტში ასახვისა და მთავრობის დახმარების გზით მოხდა.
ნინო ლაცაბიძის განცხადებით, როგორც გასული წლის ბოლოს მის მიერ იქნა დაანონსებული, ახალი წლის პირველივე თვეში, მოსახლეობისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტების დასაფინანსებლად, ქალაქის ბიუჯეტის გაზრდა ცენტრალური მთავრობის თანადგომით გახდა შესაძლებელი.
,,გაზრდილი საბიუჯეტო სახსრებით, ჩვენ ეტაპობრივად დავიწყებთ ყველა იმ პროექტს, რომლის განხორციელებასაც მოსახლეობას დავპირდით. 5 მილიონი ლარი მოხმარდება ძველი ლიფტების ახლით ჩანაცვლების პროექტს. ეს პროცესი შარშან დავიწყეთ და ვთქვით, რომ გრძელვადიანი პროექტი იყო, რომელიც ყველა ლიფტის განახლებამდე გაგრძელდებოდა. მეორე და არანაკლებ მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც აღნიშნული საბიუჯეტო ზრდის შედეგად დაფინანსდება, არის ავარიული კორპუსების გამაგრება-რეაბილიტაცია. მისამართების შერჩევა მოხდა მოსახლეობასთან კონსულტაციით და სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნების საფუძველზე“, - განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.
ქალაქის მერის თქმით, ავარიული კორპუსების გამაგრება-რეაბილიტაციის მიზნით, ამ ეტაპზე, სამუშაოების დასაწყებად აუცილებელი პროცედურები, ქაშაკაშვილის N10 და N8, ვაჟა ფშაველას მე-2 გასასვლელის N4 , დონეცკელ მეტალურგთა N18ა კორპუსებში, სხვადასხვა სახის გამაგრებითი სამუშაოები ჩატარდება თოდრიას მე-3 ჩიხის N 7, კოსტავას N15 და მე-8 მიკრორაიონის N10 საცხოვრებელ სახლებში დაიწყება.
ნინო ლაცაბიძის განცხადებით, გაზრდილი ბიუჯეტით საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და ახალი რეკრეაციული სივრცის მოწყობაც მოხდება.
"კიდევ ერთი ახალი პროექტი, რომელსაც ქალაქის სხვადასხვა უბანში ვგეგმავთ, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობაა. განსაკუთრებით ხაზგასასმელია ლებანიძის ქუჩა, სადაც საგზაო ინფრასტრუქტურა, აქამდე ფაქტობრივად არ არსებობდა. მოსახლეობის თხოვნის საფუძველზე დავიწყებთ კიდევ ერთი რეკრეაციული სივრცის მოწყობას 21 -ე მიკრორაიონში. ბუნებრივია ახალი პროექტების პარალელურად, გაგრძელდება ყველა ის გარდამავალი პროექტი, რომელიც გასულ წელს დავიწყეთ“, - განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.
ქალაქის მერის თქმით, წლის განმავლობაში, იმ ახალი პროექტების შესახებ, რომელიც რუსთაველებთან მჭიდრო კომუნიკაციის გზით დაიგეგმა, კიდევ არა ერთხელ მიაწვდის მოსახლეობას ინფორმაციას. საბიუჯეტო ცვლილების მოთხოვნით, რუსთავის მერიამ საკრებულოს უკვე მიმართა.
ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.