ჩვენი პრემიერ-მინისტრი იყო, რა თქმა უნდა, მაგრამ შეგვიძლია გავიხსენოთ, რომ ეშმაკიც დაცემული ანგელოზია, - ასე პასუხობს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მიხეილ სარჯველაძე „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ ყოფილ პრემიერ-მინისტრ და ყოფილ თანაგუნდელ გიორგი გახარიას შესახებ დასმულ კითხვას, რომელმაც ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ ანტიდასავლურ კამპანიაში დაადანაშაულა.
მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, გიორგი გახარიას შეფასებები ფაქტების არასწორი ინტერპრეტაციის კლასიკური მაგალითია.
„კი, ჩვენი პრემიერ-მინისტრი იყო, რა თქმა უნდა, მაგრამ შეგვიძლია გავიხსენოთ, რომ ეშმაკიც დაცემული ანგელოზია. ასეთი რამ, შეიძლება ვინმეს დაემართოს. ფაქტია, რომ მან აირჩია არასწორი გზა და თავისი კარიერის არასწორი მიმართულება საბოლოო ჯამში. მას ჰქონდა დადებითი მხარეები და უარყოფითი მხარეები, მაგრამ ამჯობინა სწორედ ნაკლოვანებების მხრივ წასვლა. არ შეიძლება გაილანძღოს გუნდი, რომელშიც შეიძლება უკეთური პოლიტიკოსი მსახურობდა ოდესღაც, მაგრამ ის მოიკვეთა ან თვითონ წავიდა, ვერ იპოვა ამ გუნდში თავისი ადგილი, არ შეიძლება გუნდი ილანძღებოდეს ამ ადამიანის გამო.
მე მგონია, რომ ფაქტების არასწორი ინტერპრეტაციის კლასიკური მაგალითია ის, რაც ბატონმა გიორგი გახარიამ შემოგვთავაზა, მათ შორის CNN-თან დაკავშირებული ინციდენტის ინტერპრეტაცია. შეეცადა, რომ ის, რაც უხეში შეცდომა იყო ჟურნალისტის მიერ დაშვებული, რა ფორმითაც იყო დასმული კითხვა, რაც აშკარა პოზიციონირებას ნიშნავდა, გაეტარებინა, როგორც უბრალოდ კითხვის დასმა. რაც შეეხება ივანიშვილის გვარის ხსენებას, აბსოლუტურად მოწყვეტილია კონტექსტს და არასწორი რეალობაა და ეს არის ის, რაც ჩვენი ოპოზიციისთვის დამახასიათებელი გახდა“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
ინფორმაციისთვის, პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი, გიორგი გახარია ყოფილი თანაგუნდელის, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ივანიშვილის პარტია CNN-ს „ივანიშვილისა და საქართველოს წინააღმდეგ შეთქმულებაში“ ადანაშაულებს.
ამასთან, გიორგი გახარია აცხადებს, რომ დროა, დასავლეთი საქართველოს დემოკრატიის მხარდასაჭერად გაერთიანდეს.
„ივანიშვილის ანტიდასავლური პროპაგანდის ფარგლებში, მისი პარტია ადანაშაულებს CNN-ს და მის ჟურნალისტს შეთქმულებაში ჩართულობაში ივანიშვილის და საქართველოს წინააღმდეგ, იმ კითხვის გამო, რაც ჟურნალისტმა დასვა ბრალდებაზე, თითქოს საქართველო ეხმარება რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში. დროა, დასავლეთი გაერთიანდეს საქართველოს დემოკრატიის მხარდასაჭერად”, - წერს გახარია „ტვიტერზე“.