აკაკი ბობოხიძის განცხადებით, ხაბეიშვილი იტყუება როცა ამბობს, რომ პარტიაში 6 თვე იმის გამო არ იყო, რადგან „თამარ ჩერგოლეიშვილი და გიგა ბოკერია ართმევდნენ მიხეილ სააკაშვილს პარტიას“

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი წევრის, აკაკი ბობოხიძის განცხადებით, სიცრუეა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის ერთ-ერთი კანდიდატის, ლევან ხაბეიშვილის განცხადება, რომელიც ამბობს, რომ პარტიაში არ იყო ექვსი თვე იმის გამო, რადგან "თამარ ჩერგოლეიშვილი და გიგა ბოკერია ართმევდნენ მიხეილ სააკაშვილს პარტიას".

როგორც აკაკი ბობოხიძემ ბრიფინგზე აღნიშნა, ლევან ხაბეიშვილის განცხადება „სამარცხვინოა“.

„სამარცხვინოდ მიგვაჩნია ის ხაზი, რა ხაზის ირგვლივაც დღეს „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარეობს ურთიერთდაპირისპირება. ეს არის დაპირისპირება არა იდეების, არა ღირებულებების, არა ქვეყნის ინტერესების, არამედ სწორედ ამ ხაზის, რაც ხაბეიშვილმა სცადა, რომ გადმოეტანა რატომღაც „ევროპულ საქართველოსთან“ ურთიერთობაში, რომ რომელიღაც ჯგუფი მიშას კვლავ უპირებს თურმე პარტიის „ახევას“ და პოლიტიკაში ბრძოლა მიდის არა ღირებულებებისთვის, არამედ რომელიღაც ლიდერის, რომელიღაც ბელადის ინტერესების დასაცავად. ეს მიგვაჩნდა სამარცხვინოდ. დღესაც ვფიქრობთ, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე ეს პროცესი, ამ ხაზით არის სამარცხვინო. სამწუხაროდ, ლევან ხაბეიშვილი აქაც იტყუება და ძალიან დაემსგავსა „ქართულ ოცნებას“, რომელიც ყოველგვარი პასუხისმგებლობის გარეშე ისვრის ტყუილებს და შემდეგ პასუხს არაფერზე აგებს. ტყუილია, რომ ეს იყო მისი „ნაციონალური მოძრაობიდან“ გასვლის მიზეზი. გასვლის მიზეზებზე საუბრობს გიორგი ვაშაძე, რომელსაც გაჰყვა ლევან ხაბეიშვილი. საუბრობს ბატონი ხაბეიშვილიც და ამის არქივი არსებობს. არსად, არცერთი სიტყვით დაპირისპირება ბოკერიასა და მიხეილ სააკაშვილს შორის ნახსენები არ არის. უფრო მეტიც, დღეს ის ამით აპელირებს, ამით აპირებს „ნაციონალურ მოძრაობაში“ თავმჯდომარის პოსტზე გამარჯვებას. მაშინ, პარტია კი არ უნდა დაეტოვებინა, მიშას მხარდასაჭერად ბრძოლა უნდა გაეგრძელებინა“,-განაცხადა ბობოხიძემ.

მან საზოგადოებას მიმართა კითხვით, უნდა გახდეს თუ არა ასეთი ადამიანი ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარე.

„და ბოლოს, ნახევრად მწარე ირონიით, კაცი, რომელიც გაექცა ჩერგოლეიშვილთან ბრძოლას „ნაციონალური მოძრაობიდან“, რამდენად გამოდგება ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლის ლიდერად, ეს საზოგადოებისთვის და იმ ადამიანებისთვის მიმინდვია, რომლებმაც უნდა გადაწყვიტონ ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ ოპოზიციურ პარტიაში ვინ უნდა იყოს თავმჯდომარე. კაცი, რომელიც აცხადებს, რომ ბოკერია-ჩერგოლეიშვილის ბრძოლას გაექცა და პოლიტიკური ბრძოლა სადღაც სხვაგან გააგრძელა“, - განაცხადა ბობოხიძემ.

ცნობისთვის, ლევან ხაბეიშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა, რომ პარტიაში არ იყო ექვსი თვე იმის გამო, რომ თამარ ჩერგოლეიშვილი და გიგა ბოკერია ართმევდა მიხეილ სააკაშვილს პარტიას.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო