საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი გაერთიანებულ სამეფოში ვიზიტის ფარგლებში, დიდი ბრიტანეთის საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების საკითხებში სახელმწიფო მდივანს, ჯეიმს კლევერლის შეხვდა.
საქართველოს საგარეო სამინისტროს ცნობით, მხარეები უორდროპის სტრატეგიული დიალოგის მერვე შეხვედრის ფარგლებში საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელის გაერთიანებულ სამეფოში ვიზიტს მიესალმნენ და ორი ქვეყნის სტრატეგიული თანამშრომლობის კიდევ უფრო განვითარებაში უორდროპის ფორმატის მნიშვნელობა აღნიშნეს.
მათივე ინფორმაციით, ორმხრივ შეხვედრაზე, მინისტრებმა სტრატეგიული პარტნიორობისა და ინტენსიური ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის მიმართ ყველა სფეროში თავიანთი მხარდაჭერა დაადასტურეს და საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას მიესალმნენ, რომელიც პარტნიორობის კიდევ უფრო განსამტკიცებლად კარგ შესაძლებლობას იძლევა.
„მინისტრების შეხვედრაზე მიმოხილული იქნა ორმხრივი ურთიერთობის მიმდინარე საკითხები, ყურადღება გამახვილდა გაერთიანებული სამეფოს მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერაზე, რაც როგორც აღმასრულებელ, ასევე საკანონმდებლო დონეზე შესაბამის განცხადებებსა და დოკუმენტებში გამოიხატება. მინისტრმა კოლეგას ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე ინფორმაცია მიაწოდა. მინისტრებმა გამოხატეს მზადყოფნა აქტიურად იმუშაონ მაღალი დონის ვიზიტების ურთიერთგაცვლაზე, რაც სხვადასხვა სფეროში ორ ქვეყანას შორის მჭიდრო და პრაქტიკული თანამშრომლობის გაღრმავებას ხელს შეუწყობს.
განსაკუთრებული ყურადღება იქნა გამახვილებული სავაჭრო-ეკონომიკურ პარტნიორობაზე, საქართველოს მზარდი სატრანზიტო და ეკონომიკური როლის გათვალისწინებით. აღინიშნა საქართველოში გაერთიანებული სამეფოს ბიზნეს წრეების ინვესტიციებით დაინტერესების შესაძლებლობა.
მინისტრმა კოლეგას ყველა იმ მნიშვნელოვან რეგიონალურ თუ საერთაშორისო პროექტზე მიაწოდა ინფორმაცია, რაც სატრანზიტო და ენერგო უსაფრთხოების თვალსაზრისით საქართველოს როლს ზრდის.
შეხვედრაზე საუბარი ასევე რეგიონში არსებულ ვითარებას და უსაფრთხოების გარემოს შეეხო. უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიაზე საუბრისას, კიდევ ერთხელ გამოიხატა საქართველოს სრული მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. აღინიშნა საქართველოს მხრიდან გაწეული პოლიტიკური და ჰუმანიტარული ხასიათის მხარდაჭერა.
ასევე აღინიშნა დიდი ბრიტანეთის მნიშვნელოვანი კონტრიბუცია საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტების აღმშენებლობის და რეფორმების იმპლემენტაციის პროცესში. მინისტრები ასევე უორდროპის სტრატეგიული დიალოგის ფარგლებში ქვეყნებს შორის რეადმისიისა და საჰაერო მიმოსვლის სფეროში შეთანხმებების გაფორმებას მიესალმნენ,“ - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.