კიდევ ერთი დასტურია, რომ მიმდინარეობდა და ახლაც მიმდინარეობს ბიძინა ივანიშვილის დაშანტაჟება , - ამის შესახებ "ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა CS Victims სტატიას, რომლის თანახმად, ივანიშვილი ადასტურებს პოლიტიკურ ზეწოლას Credit Suisse-თან სამართლებრივ დავაში.
კალაძის თქმით, გარკვეული ძალები ცდილობენ, დაშანტაჟებით მოხდეს ქვეყანაში გარკვეული ცვლილებები.
„მის თანხებთან დაკავშირებით ხდება არაკანონიერი გადაწყვეტილებების მიღება. ყველაფერი მიუთითებს იმისკენ, პოზიციაში, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას აქვს - ქვეყანაში შეინარჩუნოს მშვიდობა და სიმშვიდე, გარკვეული ძალები ცდილობენ, დაშანტაჟებით მოხდეს გარკვეული ცვლილებები“, - განაცხადა კალაძემ.
კითხვაზე, ვისი მხრიდან ხდება შანტაჟი, კალაძე ასე პასუხობს:
„არ ვიცი, იფიქრეთ და მიხვდებით. როდესაც ვსაუბრობ მარტივად არის შესაძლებელი ანალიზის გაკეთება, გამოიტანოთ დასკვნები იმასთან დაკავშირებით, ვინ ითხოვდა მეორე ფრონტის გახსნას, ვინ მოუწოდებდა საქართველოს ხელისუფლებას ჩართულიყო ომში და მეორე ფრონტი გაეხსნა“, - განაცხადა მან.
ცნობისთვის, CS Victims-მა გაავრცელა სტატია, სადაც საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ადასტურებს პოლიტიკურ ზეწოლას Credit Suisse-თან სამართლებრივ დავაში.