ალეკო ელისაშვილი - სააკაშვილი უნდა იყოს საპატიმროში, პატიმარი  უსასრულოდ საავადმყოფოში არ გამიგია, უნდა შეეგუოს, რომ გარისკა და არ გამოუვიდა - ცოტა მეტი ღირსებით და კაცობით უნდა იყოს

სააკაშვილი უნდა იყოს საპატიმროში, პატიმარი უსასრულოდ საავადმყოფოში არ გამიგია - უნდა შეეგუოს, რომ გარისკა და არგამოუვიდა, - ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“ განაცხადა.

როგორც ელისაშვილმა აღნიშნა, დიდი დოზით სააკაშვილის თემაზე საუბარი მისთვის მოსაბეზრებელია.

ამასთან, „მოქალაქეების“ ლიდერი აცხადებს, რომ ყოფილ პრეზიდენტს „უფრო მეტი ღირსება და კაცურობა მართებს“.

„სააკაშვილზე ამდენი ლაპარაკი უკვე ძალიან მომაბეზრებელია, თითქოს, ქვეყანაში სხვა პრობლემა არ გვქონდეს - გეგონება, ყველაფერი აწყობილია, ყველაფერი მოგვარებულია და ერთი სააკაშვილის ამბავია გასარკვევი. თან ეს გამუდმებით - წამლავენ, წამლავენ, პოლონიუმი... ეს პოლონიუმი მოცვის, ან პიტნის ჩაი ხომ არ არის, დილით დაგალევინონ, გაწყინოს და მერე საღამოს აღარ გაწყინოს? ცოტა მეტი პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოს ყველა საკითხს - ადვოკატებიც, რომლებიც საოცრებებს ლაპარაკობენ, ეს „ემპათიაა“ თუ რაცაა და ექიმებიც. სიმართლე გითხრათ, უკვე ძალიან მომაბეზრებელია ამაზე ლაპარაკი. სახელმწიფო პასუხისმგებელია, რომ სააკაშვილს არაფერი დაემართოს, არც ერთ პატიმარს არაფერი უნდა დაემართოს, მათ შორის, არც სააკაშვილს. სააკაშვილი ცოტა უფრო მეტი ღირსებით უნდა მოიქცეს, რომ ჩამოდიოდა, ხომ იცოდა, რომ რევოლუციას მოახდენდა თუ გამოუვიდოდა, ან დაიჭერდნენ. თუ დაიჭერდნენ, ციხეში მოუწევდა ყოფნა, ცოტა მეტი ღირსებით და ცოტა მეტი კაცობით ხომ უნდა იყო, ორჯერ პრეზიდენტი და ორჯერ მთავარსარდალი იყავი. ყოველდღე რომ კვდები და კვდები, რა უბედურებაა, თან თვითონ ვერ ხვდება, რომ ყველას ყელში ამოუვიდა ამაზე ლაპარაკი? - ჭამოს ის საჭმელი და შეეგუოს, რომ პატიმარია, ხომ ჩამოვიდა იმ არაჟნით.

სააკაშვილი უნდა იყოს საპატიმროში, მე არ გამიგია პატიმარი უსასრულოდ საავადმყოფოში, უნდა შეეგუოს, რომ გარისკა და არ გამოუვიდა. მოუწევს საპატიმროში დაბრუნება და მოუწევს იმასთან შეგუება, რომ რაც აქვს მისჯილი, იმ ხნის განმავლობაში მოუწევს ციხეში ყოფნა. რას მოდიოდა ეს დალოცვილი, დატეულიყო იქ, სადაც იყო. გარისკა? ხოდა, იყოს. ზის გვარამია კაცურად, ხმას არ იღებს. აბსოლუტურად ტყუილუბრალოდ ზის ნიკა გვარამია, განსხვავებით სააკაშვილისგან, რომელმაც დააშავა, როცა ხელისუფლებაში იყო“, - განაცხადა ელისაშვილმა.

კითხვაზე, თუ რამდენად ხედავს სააკაშვილის პატიმრობიდან ფიზიკურად გამოხსნის შესაძლებლობას, როგორც ამაზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატმა, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, ელისაშვილი პასუხობს, რომ ხაბეიშვილმა "აბსოლუტური სისულელე" თქვა, რასაც "გაგებით უნდა მოვეკიდოთ" და "წავუყრუოთ", რადგან რომ არა არჩევნები, ის მსგავს განცხადებას არ გააკეთებდა.

„ცდილობენ სააკაშვილზე მეტად სააკაშვილი იყვნენ ის კანდიდატები, რომლებიც მონაწილეობენ არჩევნებში, ეს შიდაპარტიულ არჩევნებს უკავშირდება და მეტს არაფერს. ასეთ სისულელეს სხვა შემთხვევაში ხაბეიშვილი არ იტყოდა, ამდენი გონებაც და ჭკუაც აქვს. აბსოლუტური სისულელე და ძალიან უპასუხისმგებლო რაღაც თქვა. რას ჰქვია, შევვარდები და გამოვიყვან, 90-იანი წლები ხომ არ არის, პოლიციის განყოფილებებს რომ არბევდნენ და ხალხი გამოჰყავდათ, ციხეებში ვარდებოდნენ, ღმერთმა დაგვიფაროს, ეს წარსულს უნდა ჩავაბაროთ. ძალიან უპასუხისმგებლო და არასერიოზული განცხადება იყო, თუმცა, შეგვიძლია ამას წავუყრუოთ, როგორც ბიძინა ივანიშვილი გვარიგებდა, გაგებით მოვეკიდოთ, რომ არა არჩევნები და მეტისმეტი მონდომება, რომ რომელიმე აირჩიონ და ამ შემთხვევაში ხაბეიშვილი, ასეთ რამეს მჯერა, რომ ის არ იტყოდა“, - განაცხადა ელისაშვილმა.

საქართველოს მესამე პრეზიდენტთან დაკავშირებული საკითხების გარდა, მან ასევე ისაუბრა ოპოზიციის ნაწილის, მათ შორის, გიორგი ვაშაძის მიერ 24 თებერვალს დაგეგმილ აქციაზე.

„გაზაფხულზე ხომ გამოვიდა ვაშაძე და თქვა, ძალიან ცხელი შემოდგომა იქნებაო, მე ხომ არ ვიგონებ არაფერს, ხომ გამოვიდა. ღმერთმა ხელი მოუმართოს, თუმცა, არასერიოზულია ეს ამბავი-მეთქი, ვთქვი. ახლა ხომ გამოვიდა და თქვა, ეროვნულ განმათავისუფლებელ მოძრაობას ვიწყებო, ღმერთმა ხელი მოუმართოს. მიზანი რა იქნება? რას იზამს? - უკრაინას ენაცვალოს ჩემი თავი. უკრაინის მიმართ სოლიდარულიც ვარ და ვიქნები, ვაშაძესთან რა შუაშია ეს, ამბავი, ამას ვამბობ. ხალხი გამოვიდა ქუჩაში, მერე? მაშინ გულწრფელად გამოვიდეს ვაშაძე, თქვას, რევოლუციას მოვახდენ, გიტირებთ დედასო, ხელისუფლებას უთხრას.... ვინ თქვა, რომ არ გავდივარ? მაგრამ ვაშაძის მხარდასაჭერად არ გავდივარ, გავალ თუ არ გავალ, ძალიან სოლიდარული ვიყავი, ვარ და ვიქნები უკრაინისადმი ამ უთანასწორო ბრძოლაში. დღესაც საშინლად დაიბომბა რაკეტებით მთელი უკრაინის ტერიტორია, ბავშვები დაიღუპნენ, მთელი უბედურება და გულისხეთქვაა. ეს ბაქიბუქი არ მესმის, მართლა გულწრფელად ვუსურვებ წარმატებას, მაგრამ ვიცი, რომ არაფერი გამოუვა, იმედგაცრუების და „ქართული ოცნების“ გაძლიერების გარდა, ასეთ რაღაცებს არ მოჰყვება არაფერი. არ მიმაჩნია, რომ სერიოზულია, არანაირი ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობა არ იქნება და არაფერი არ იქნება გაზაფხულზე.

ჩვენ „ქართული ოცნება“ არჩევნების გზით უნდა შევცვალოთ, ეს შესაძლებელია და დღესვე უნდა დავიწყოთ ფიქრი ამაზე, „ქართულ ოცნებას“ არჩევნები უნდა მოვუგოთ. „ქართულ ოცნებას“ აძლიერებს გაუთავებელი ლაპარაკი სააკაშვილზე და ვაშაძის ბაქიბუქი“, - განაცხადა ელისაშვილი.

ელისაშვილი „ნაციონალურ მოძრაობას“ ნაწილებად დაშლას უსურვებს.

„არავის ოპოზიცია არ ვარ, ჩემთვის ვარ. დიდ ნაწილთან არაფერი მესაქმება, განსაკუთრებით, რაც ოპოზიციის დიდი ნაწილის სპონსორი გახდა ქურდი, ჯარის ქურდი და ერთ-ერთი აღმაშფოთებელი ადამიანი პირადად ჩემთვის. ჩემთვის საქართველოს შეიარაღებული ძალები და თავდაცვის ძალები არის ის, რაზეც ლამის ბავშვობიდან ვლოცულობ. კეზერაშვილთან რა მესაქმება? „ნაციონალურ მოძრაობას“ ვუსურვებ, რაც შეიძლება ბევრ ნაწილად დაიშალოს, რომ აღარ იყოს დღის წესრიგის შემქმნელი.

როცა ერთიანობაზე იყო საუბარი, ვცადე, ჩემი შემესმინა და ჩვენი შეგვესმინა პარტიას, არ მოგვისმინეს, ახლა ყველა იდაყვზე იკბენს, რადგან აბსოლუტურად მართლები ვიყავით. კაცურად, ერთად შევსულიყავით პარლამენტში, იქ მდუღარე პროცესი შეგვექმნა და შემდეგ, თვითმმართველობის არჩევნებზე ფეხი კი არ დაგვედო ერთმანეთისთვის, არამედ კანდიდატები არ დაგვეყენებინა, დაორგანიზებულად დიდ ქალაქებში გავსულიყავით და დიდ ქალაქებს მოვიგებდით.

არიან ვაშაძე და სხვები... ხედავენ, რომ რადგან სააკაშვილი დისტანცირებულია, ერთი დარდი აქვს სააკაშვილს, როგორმე გააღწიოს საქართველოდან და ციხიდან, „ნაციონალურ მოძრაობაშიც“ დარეულები არიან, ამ მღვრიე წყალში ვაშაძეს და მის გარშემო ხალხს უნდათ თევზი დაიჭიროს. მე ამ ხალხთან არაფერი მესაქმება.

ჯარისთვის მოპარული, კორუმპირებული ადამიანის ფულით უნდათ ბიძინა ივანიშვილის დამარცხება. მერამდენე წელია ბიძინა ივანიშვილი არანაირად არ მეხატება გულზე, მაგრამ რატომ არის ბიძინა ივანიშვილზე უკეთესი დავით კეზერაშვილი? ხომ გვეუბნებიან, კეზერაშვილის ფულით ჩავანაცვლოთ ბიძინა ივანიშვილიო. რატომ არის კაცი უკეთესი ბიძინა ივანიშვილზე? ახლა ყველა ეკურკურება, ენის მოჩლექით ელაპარაკებიან. ჩემთვის ეს ადამიანი ქურდი, კორუმპირებულია. როცა ბინძური და მყრალი ფული შემოდის საქმეში, ის ხდება, რაც ახლა ხდება. ერთადერთი კაცი იყო ბედნიერი საქართველო რომ დამარცხდა 2008 წლის ომში, ეს იყო კეზერაშვილი, რადგან ისე გაიძარცვა ჩვენი საწყობები... ხელებს იფშვნეტდა დარწმუნებული ვარ, კეზერაშვილი და მანამდე, თუ ერთ დოზა ჰეროინს იკეთებდა, ალბათ, ერთი 5 დოზა გაიკეთა, რადგან ხახვივით შერჩა მანამდე მოპარული და გაძარცვული ყველაფერი. ახლა ამ კაცის გარშემო „ზილინა-ზილინას“ ცეკვავს ოპოზიცია. დაახურდავებს კეზერაშვილი ბიძინა ივანიშვილთან, ივაჭრებს და დატოვებს გაღიმებულს იმათ“, - განაცხადა ელისაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო