ნინო კალანდაძე - სახელმწიფო დონეზე საქართველოს უკრაინასთან არანაირი ურთიერთობა აღარ აქვს და „ქართული ოცნების“ პირობებში მის გაჯანსაღებას ვერ ვხედავ - მაღალი დონის განცხადებებიდან აშკარაა, რომ ოფიციალური ურთიერთობების გადახედვა აღარ განიხილება

ამ დიდ რუსულ-დასავლურ ომში, საქართველო დასავლეთის და უკრაინის მხარეს კი არ აღმოჩნდა, არამედ ახლა რუსეთთან ურთიერთობის გაღრმავებასაც ცდილობს , - ამის შესახებ „ჭავჭავაძის ცენტრის“ დირექტორმა ნინო კალანდაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ განაცხადა.

კალანდაძის შეფასებით, საქართველოს ხელისუფლების პოზიცია რუსეთ-უკრაინის ომში, ომის დაწყების დღიდან ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს.

„თავიდანვე გამოიკვეთა, რომ საქართველოს ხელისუფლებას არაერთგვაროვანი დამოკიდებულება აქვს ამ ომის და უკრაინის პოზიციის მიმართ მაშინ, როდესაც წლების განმავლობაში მოიაზრებოდა, რომ საქართველო და უკრაინა ერთ ნავში სხედან. ის რისთვისაც უკრაინა იბრძვის არის, სწორედ ის, რასაც საქართველო გაცილებით უფრო ადრე შეეწინააღმდეგა და მძიმე გაკვეთილი იწვნია, როდესაც საქართველომ სცადა ხმა აემაღლებინა რუსეთის წინააღმდეგ.

ომის დაწყების დღიდან გაკეთდა ცალსახა განცხადებები. გვახსოვს ირაკლი ღარიბაშვილის პირველი განცხადებები, რომ უკრაინა მალე დამარცხდება, რომ უკრაინამ არასწორი ნაბიჯი გადადგა, როდესაც ამ ომში ჩაება.

ამ დიდ რუსულ-დასავლურ ომში, საქართველო დასავლეთის და უკრაინის მხარეს კი არ აღმოჩნდა, არამედ ახლა რუსეთთან ურთიერთობის გაღრმავებასაც ცდილობს. ომში მყოფ სახელმწიფოსთან ჩვენ უცებ გადავწყვიტეთ ურთიერთობის გაღრმავება, დიალოგის წარმოება და ფრენების აღდგენა“,- განაცხადა კალანდაძემ.

ამასთან, ნინო კალანდაძემ საქართველოსთან მიმართებაში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის, ანდრეი კასიანოვის განცხადებებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მას აქვს გაბრაზების და გაღიზიანების საფუძველი.

„როდესაც ვსაუბრობთ სახელმწიფოს წარმომადგენლებზე, რომლებიც მძიმე ომში იმყოფებიან, დიპლომატიური ენის განხილვაში არ შევიდოდი. მას აქვს გაბრაზების და გაღიზიანების საფუძველი. მას არ აქვს იმის ფუფუნება, რომ ორაზროვნად ისაუბროს“,- აღნიშნა კალანდაძემ.

კითხვაზე, ურთიერთობის რა სტადიაზე გადავედით უკრაინასთან მიმართებით, კალანდაძემ აღნიშნა, რომ საქართველო-უკრაინის ურთიერთობა ძალიან შორს არის მეგობრული და სამოკავშირეო ურთიერთობისგან.

„ამ ვითარებაში, სახელმწიფო დონეზე, ჩვენ უკრაინასთან არანაირი ურთიერთობა აღარ გვაქვს. „ქართული ოცნების“ პირობებში, ურთიერთობების გაჯანსაღებას ვერ ვხედავ. აშკარად იკვეთება, რომ ზელენსკის ადმინისტრაციაში და უკრაინელი ხალხის აღქმაში, საქართველოს მოქმედი ხელისუფლება არ მოქმედებს პროდასავლური და პროუკრაინული ინტერესების სასარგებლოდ. ეს დიაგნოზი მათ დასმული აქვთ. მაღალი დონის განცხადებებიდან აშკარაა, რომ ოფიციალური ურთიერთობების გადახედვა აღარ განიხილება იმიტომ, რომ ოფიციალურ კიევს აქვს იმის რწმენა, რომ ივანიშვილის ხელისუფლება ამ ომში, რუსეთის მხარეს არის, არა მხოლოდ გულშემატკივრობს რუსეთს, არამედ პრაქტიკული ნაბიჯებით მას ეხმარება იმისთვის, რომ უკრაინამ ამ ომში წარმატება ვერ იქონიოს“,- განაცხადა კალანდაძემ.

გარდა ამისა, ნინო კალანდაძემ უკრაინა-საქართველოს ურთიერთობებში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის როლზეც ისაუბრა.

კალანდაძის განმარტებით, ზურაბიშვილი ფორმალურად არის ქვეყნის პრეზიდენტი. მას არ აქვს მოლოდინი, რომ ზურაბიშვილი ქართული სახელმწიფოსთვის სახელმწიფოებრივ სასარგებლო ნაბიჯებს გადადგამს.

„თქვენ ვერ ნახავთ სალომე ზურაბიშვილის ვერც ერთ განცხადებას და რაც მთავარია ვერც ქმედებას, რომლითაც ის გაემიჯნებოდა ივანიშვილის პრორუსულ პოლიტიკას ან რომლითაც ის რამე ფორმით დაგვანახებდა, რომ მისი ქმედებები არის პროდასავლური.

ივანიშვილის პოზიციებს ის არასდროს არ ეწინააღმდეგება. ის ეკინკლავება „ქართული ოცნების“ დაბალი დონის წარმომადგენლებს. სახელმწიფოებრივი პოზიცია იქნებოდა, რომ მას აემუშავებინა ის ინსტიტუციური ბერკეტები, რომელიც მის ხელთ არის მაგალითად, შეწყალების მექანიზმები. ეს ბერკეტი სალომე ზურაბიშვილის ხელშია, რომელსაც არ იყენებს. ეს ჩემთვის ცალსახა მანიშნებელია იმისა, რომ მისი ყველა განცხადება ფასადურია და არ გულისხმობს ოლიგარქიული რეჟიმისგან გამიჯვნას. ის ფორმალურად არის ქვეყნის პრეზიდენტი. მას აქვს ინსტიტუციური ბერკეტები, რომლის ეფექტურად ამუშავება შეუძლია და არ აკეთებს“,- განაცხადა ნინო კალანდაძემ.

ამასთან, მან „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე შიდა პარტიულ არჩევებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ პრაქტიკულად ეს არის ვადამდელი არჩევნები, სადაც მოქმედი თავმჯდომარის გადაყენებისთვის მიმდინარეობს არჩევნები.

„ეს არ არის რიგითი არჩევნები „ნაციონალურ მოძრაობაში, პრაქტიკულად ეს არის ვადამდელი არჩევნები, სადაც მოქმედი თავმჯდომარის გადაყენებისთვის მიმდინარეობს არჩევნები. არ მიმდინარეობს ბრძოლა თავმჯდომარეობისთვის , ბრძოლა მიმდინარეობს ნიკა მელიას გადაყენებისთვის“,- განაცხადა კალანდაძემ.

კითხვაზე, შეეძლო თუ არა ნიკა მელიას სააკაშვილის პატიმრობიდან დასახსნელად მეტის გაკეთება, კალანდაძე პასუხობს, რომ შეეძელო.

„შესაძლოა, არ შეეძლო, მაგრამ თუ არ შეგიძლია, უნდა წახვიდე. ან მე შემიძლია გავაკეთო ის, რისი პასუხისმგებლობაც ავიღე, თუ ამას ვერ ვასრულებ, მაშინ უნდა ვთქვა, რო მე არ გამომდის და სხვამ უნდა ჩაიბაროს“, - განაცხადა ნინო კალანდაძემ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო