სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნა არ მჭირდება იმისთვის, რომ ეჭვი მეპარებოდეს "ემპათიის" დასკვნებში, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა იუსტიციის მინისტრის განცხადებას, რომ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნით, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით „ემპათიას“ დიაგნოზები სარწმუნო და უტყუარი არ არის.
პაპუაშვილის თქმით, 2020 წელს ცენტრ "ემპათიის" ხელმძღვანელისგან ბაჩალიაშვილისა და შაქარაშვილის საქმეებზე საზოგადოება სიყალბეს ისმენდა.
„გავიხსენოთ, შაქარაშვილის საქმე, ბაჩალიაშვილის საქმე და გავიხსენოთ რას ამბობდა მაშინ „ემპათია“ და მისი ხელმძღვანელი - ეს იყო პირდაპირი სიყალბე, რაც მაშინ გვესმოდა ჩვენ ტელევიზიებიდან, ამ ორგანიზაციის მხრიდან. არ მინდა დეტალებში ჩავიდე, მაგრამ ყველას ახსოვს და არქივშიც ინახება თუ რა სიყალბეს ჰქონდა ადგილი. ეს იყო არა მხოლოდ პროფესიული ეთიკის დარღვევა, არამედ, პირდაპირი სიყალბის გავრცელება. ამიტომ ნდობა ამ ორგანიზაციის მიმართ, ზოგადად, მას შემდეგ აღარ მქონია, რაც შაქარაშვილის და ბაჩალიაშვილის საქმეზე ვისმენდით სიყალბეს. მითუმეტეს, თუ საექსპერტო დონეზე დადასტურებულია, რომ არ არის სანდო მათი დასკვნა, ეს, რა თქმა უნდა, ამყარებს ამ საკითხს, მაგრამ ამ დასკვნის გარეშეც, ჩვენ ხომ ყველა ამ ქვეყანაში ვცხოვრობთ და გავიხსენოთ 2020 წელი, ის ორი საქმე, გავიხსენოთ რას საუბრობდა მაშინ "ემპათიის" ხელმძღვანელი და როგორ დადასტურდა, რომ ეს იყო სიცრუის ტირაჟირება, როგორც ექსპერტიზის დასკვნის გრიფის ქვეშ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.