28 იანვარი პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო დღეა

28 იანვარს პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო დღეა, რომლის აღსანიშნავად პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა ღია ღონისძიება გამართა,- ამის შესახებ ინფორმაციას პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, აქტივობები სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაზე იყო მორგებული.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსმა ლელა ჯანაშვილმა დამსწრე აუდიტორიას პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამეცნიერო ჟურნალის პირველი ნომერი წარუდგინა.

„აღსანიშნავია, რომ ჟურნალი ორენოვანი, საერთაშორისო რეფერირებისა და რეცენზიების სამეცნიერო პირველი პერიოდული გამოცემაა. რედკოლეგია საქართველოს, გერმანიის, ესპანეთის, ესტონეთის, ბელგიის, უნგრეთისა და ხორვატიის აღნიშნული დარგის ექსპერტებითა და მეცნიერებით არის დაკომპლექტებული.

ამავე ღონისძიებაზე სამსახურის უფროსმა ლელა ჯანაშვილმა აუდიტორიას კიდევ ერთი სიახლე გააცნო. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურში იურიდიული კლინიკა ფუძნდება, რომელიც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მაგისტრატურის სტუდენტებს საშუალებას მისცემს, გაიარონ იურიდიული პრაქტიკა აღნიშნულ უწყებაში.

სტუმრებს სიტყვით მიმართეს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ვალერიან გობრონიძემ, თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის დეკანმა თამარ ზარანდიამ, ბერლინის შტაინბაისის უნივერსიტეტის რექტორმა გია ხუბუამ პროფესორმა პაატა ტურავამ და სახალხო დამცველის მოვალეობის შემსრულებელმა თამარ გვარამაძემ.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე 5 ვიდეორგოლის პრეზენტაცია გაიმართა. ვიდეოებში, რომლის მთავარი მიზანი საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა, მასწავლებელი - გია მურღულია, ექიმი- ქეთევან ასათიანი, ფოტოგრაფი - გოგა ჩანადირი, ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე- ნინო ზამბახიძე და კიბერ-უსაფრთხოების სპეციალისტი გიორგი გურგენიძე მონაწილეობენ. დარგის გამორჩეული სპეციალისტები ინდივიდუალურად, საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე, კონკრეტული მაგალითებითა და რჩევებით, პერსონალურ მონაცემთა დაცვის მნიშვნელობაზე საუბრობენ და აქცენტს კონფიდენციალურობის დაცვის აუცილებლობაზე აკეთებენ.

აღნიშნულ ღონისძიებას 50 -მდე სტუმარი ესწრებოდა, მათ შორის პარლამენტის წევრები, მოსამართლეები, საჯარო, აკადემიური და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

რაც შეეხება პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ სხვა ღონისძიებებს, აქტივობები სასტუმრო ,,ფაბრიკაში“ თითქმის მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.

„ფსიქოლოგმა ზურაბ მხეიძემ დაინტერესებული პირებისთვის ჩვევად ქცევის ფსიქოლოგიაზე საჯარო ლექცია გამართა, სადაც ყურადღება გაამახვილა პირადი ინფორმაციის დაცვის მნიშვნელობაზე. აღსანიშნავია, რომ ,,აქციე ჩვევად“ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის კამპანიაა, რომელიც უწყებამ გასულ წელს დაიწყო და წელსაც აქტიურად გაგრძელდება.

სპეციალური აქტივობები ჩატარდა სკოლის მოსწავლეებისთვის. პერსონალურ მონაცემთა დაცვის მნიშვნელობაზე ბავშვებს ,,ღია გაკვეთილი“ სამსახურის წარმომადგენლებმა გვანცა გაბაიძემ და ნინო ცაგარეიშვილმა ჩაუტარეს. ინტერაქციული და სახალისო ,,გაკვეთილის“ ფარგლებში, რომელიც პერსონალურ მონაცემთა ანბანის სტენდთან ჩატარდა, სკოლის მოსწავლეებმა მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიიღეს.

დაბალკლასელებს კი პერსონალური მონაცემების შესახებ სპეციალურად მათთვის შერჩეული ფორმით მიეწოდათ ინფორმაცია. ,,თამაშობანამ“ ღონისძიებაზე სტუმრად მისულ ბავშვებს შემეცნებითი მასტერკლასი შესთავაზა.

მთელი დღის განმავლობაში ღონისძიებაზე მისული სტუმრებისთვის ფუნქციონირებდა საკონსულტაციო სივრცე.

აღნიშნული ვიდეო- რგოლები და ფსიქოლოგ ზურაბ მხეიძის საჯარო ლექცია პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ოფიციალურ ვებ გვერდსა და სოციალურ ქსელში ეტაპობრივად გამოქვეყნდება“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა