ქართული პრესის მიმოხილვა 30.01.2023

გია ხუხაშვილი - “საქართველოში ჩამოტყუებით სააკაშვილს, რასაც ჰქვია, “შეუსრულეს”

უკრაინა სასწრაფოდ ითხოვს “ეფ-16”-ებს - როდის გამოჩნდება ფრონტზე დასავლური ტექნიკა და რას შეცვლის ეს

ვის წისქვილზე ასხამს წყალს თბილისსა და კიევს შორის კინკლაობა?!

რა პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს უკრაინისთვის ტანკების გადაცემას

* * *

გია ხუხაშვილი - “საქართველოში ჩამოტყუებით სააკაშვილს, რასაც ჰქვია, “შეუსრულეს”

“ამ პროცესებმა ყველასთვის ცხადად წარმოაჩინა “ნაციონალურ მოძრაობაში” შიდაპარტიული კრიზისი, რასაც თავისი ობიექტური და სუბიექტური მიზეზები აქვს, მათ შორის დიდი იმედგაცრუება, რაც მოსდევს ხოლმე უსაფუძვლოდ შექმნილ მოლოდინსა და იმედს; რესურსების სიმწირე და დაპირისპირება პოლიტიკურ რაციოსა და ემოციას შორის, რაც, ჩემი აზრით, ამ კრიზისის ფუნდამენტური მიზეზია. ერთადერთი შანსი ამ კრიზისის გადალახვისა იყო არჩევნები და სწორი ქნეს, რომ ამ გზით წავიდნენ, მაგრამ რაც ამ საარჩევნო პროცესში გააკეთეს, ამით უფრო გააღრმავეს კრიზისი და პარტია დააზიანეს. შეიძლება ითქვას, ამ ყველაფერმა მსოფლმხედველობრივი დაპირისპირების სახე შეიძინა”, - აცხადებს ექსპერტი გია ხუხაშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “საქართველოში ჩამოტყუებით სააკაშვილს, რასაც ჰქვია, “შეუსრულეს”.

“ერთი მხრივ, არის ემოცია, რომელიც ორიენტირებულია სწრაფ შედეგზე, ფაქტობრივად, სასწაულზე, ეს ნაწილი არ აღიარებს არანაირ ლოგიკას, ითხოვს ისეთ რაღაცას, რისი გადაწყვეტის ფორმულა თვითონაც არა აქვს. იმავდროულად, ბრალდებებს უყენებს მეორე მხარეს და არანაირ არგუმენტებს არ აღიარებს. ბუნებრივია, ამ განწყობებით სარგებლობენ გარკვეული ინტერესჯგუფები, რომელთა დაპირისპირება ისეთ მძიმე ფაზაში შევიდა, რომ პარტიისთვის პოზიტიური გამოსავალი, ფაქტობრივად, არ ჩანს. ყველა წითელი ხაზი გადაკვეთეს, პარტია, ფაქტობრივად, უკვე გაყოფილია. ჩემი აზრით, უკვე აღარც აქვს აზრი არჩევნების შედეგს. პოსტსაარჩევნო სტაბილიზაცია კიდევ შესაძლებელი იყო, თუ მხარეები წინასწარ შეთანხმდებოდნენ, რომ არჩევნების შედეგებს უპირობოდ აღიარებდნენ და დაიცავდნენ პარტიულ დისციპლინას. ასეთი შეთანხმება ფორმალურადაც კი არ შედგა, შესაბამისად, მოლოდინი უნდა გვქონდეს იმისა, რომ დამარცხებული მხარე არ აღიარებს არჩევნების შედეგებს. დანაკარგები და ზიანი უკვე სახეზეა, ერთადერთი კითხვა რჩება, რამდენად მასშტაბური იქნება ზიანი”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გია ხუხაშვილი.

“ამ საკითხს სახელმწიფოებრივი პოლიტიკის პრიზმაში თუ განვიხილავთ, მოსალოდნელ გაყოფაში პოზიტივს უფრო ვხედავ, ვიდრე ნეგატივს, იმიტომ, რომ ამ პარტიის დასუსტება, მისი დაქუცმაცება, ფაქტობრივად, ხელისუფლებას ართმევს მთავარ იარაღს, რასაც ჰქვია პოლიტიკური ორპოლუსიანობა. ვიცით, რომ “ქართული ოცნება” მუდმივად ამ გზით ინარჩუნებდა ძალაუფლებას, როდესაც შუის გაკრეფას ახერხებდა და ყველა თავისი ოპონენტი პროპაგანდისტულად “ნაციონალური მოძრაობის” ორბიტაზე გაჰყავდა, რის მერეც აცხადებდა კეთილსა და ბოროტს შორის ბრძოლას და ამ ტალღაზე ყველა ციკლში გამარჯვებული რჩებოდა. თუ “ნაციონალური მოძრაობა” დაკარგავს ამ ორბიტალურ მიზიდულობას, ფაქტობრივად, ქვეყანაში მივიღებთ მულტიპარტიულ ვითარებას, რაც პოლიტიკურ პროცესს მხოლოდ წაადგება, რადგან ეს ხელისუფლებას პროპაგანდისტულ ბრძოლაში წაართმევს მთავარ, ე.წ. მგელი მოდის ინსტრუმენტს”, - განაგრძობს რესპონდენტი.

ბიძინა ივანიშვილს, რომელიც მუდმივად ორიენტირებულია ვითარების გამარტივებაზე, ანუ შუის გაკრეფაზე, ამის საშუალება აღარ ექნება, ფრონტის ხაზი გაიშლება, ხელისუფლებას მოუწევს შეიძლება შედარებით უფრო სუსტ და პატარა ოპონენტებთან დაპირისპირება, მაგრამ მისთვის გაცილებით არაკომფორტული იქნება მწყობრი პროპაგანდისტული ხაზის დალაგება. შესაბამისად, გაიზრდება შანსი იმისა, რომ მულტიპარტიული, უფრო დემოკრატიული ვითარება მივიღოთ, ანუ პოსტსაარჩევნოდ მივიღოთ კოალიციური მმართველობა. როდესაც რაღაც არაჯანსაღია და მუდმივად მარცხს განიცდის, მისი რეკონსტრუქცია, ფაქტობრივად, შეუძლებელია. ამიტომ ჯობს სრულად დაინგრეს, რის შემდეგაც ყველაფერი სუფთა ფურცლიდან აშენდება”, - მიიჩნევს ექსპერტი.

“აქამდეც არაერთხელ მითქვამს, რომ საქართველოში ჩამოტყუებით სააკაშვილს, რასაც ჰქვია, “შეუსრულეს”-მეთქი... მას შეუქმნეს ყალბი განცდა იმისა, რომ აქ ყველაფერი მზად იყო, საკმარისი იყო მისი გამოჩენა და ხელისუფლება შეიცვლებოდა. ვინ შეუქმნა ეს განცდა, საკითხავია. ჩემი აზრით, ეს იყო ერთგვარი სპეცოპერაცია, თუმცა დაზუსტებით იმის თქმა, რომ რუსეთის სპეცსამსახურებმა დაგეგმეს, რთულია. ამას, რა თქმა უნდა, ვერ გამოვრიცხავთ, მაგრამ არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ სააკაშვილს რუსეთის გარდა, ძალიან მძიმეწონიანი მტრები ჰყავს უკრაინაშიც და საქართველოშიც. არ გამოვრიცხავ, რომ ეს ყოფილიყო უკრაინელი და ქართველი ოლიგარქების ერთობლივი გეგმაც. ეს მათი საერთო ინტერესია - უკრაინელ ოლიგარქებს სააკაშვილის მოშორება სჭირდებოდათ, რადგან მათ სისხლს უშრობდა, ივანიშვილის ინტერესში კი იყო სააკაშვილის დაპატიმრება, რადგან “მგელი მოდის” გზავნილი პროპაგანდისტულად აღარ იყო საკმარისი. 2021 წლის არჩევნებზე ძალიან უჭირდათ და მგელი უკვე გალიაში სჭირდებოდათ”, - დაასკვნის გია ხუხაშვილი.

“შესაბამისად, შეიძლება ასეთი სიტუაციური გარიგებაც ყოფილიყო. სააკაშვილი ადვილად ეგება ემოციაზე, სისტემატური მუშაობით შეიძლებოდა მისი შეცდომაში შეყვანა ხელს ვერავის დავადებ, მაგრამ შემიძლია მარტივი რამის თქმა - ყველა დამნაშავეა, ვინც სააკაშვილს არწმუნებდა, საქართველოში ჩამოდიო, მიუხედავად იმისა, ამას შეგნებულად, ღალატით აკეთებდა თუ სიბრიყვით. შედეგის თვალსაზრისით, ამას მნიშვნელობა აღარ აქვს. ნებისმიერი, ეს კეზერაშვილი იყო, მერაბიშვილი თუ ვინმე სხვა, სააკაშვილს გულწრფელადაც თუ არწმუნებდა, რომ საქართველოში ჩამოსულიყო, მაინც დამნაშავეა”, ამბობს რესპონდენტი და შეკითხვაზე - |კეზერაშვილი და მერაბიშვილი ახსენეთ და, რატომ იბრძვიან ისინი “ნაციონალურ მოძრაობაზე” გავლენის მოსაპოვებლად ასე მძაფრად, რა გეგმები შეიძლება ჰქონდეთ?” - პასუხობს:

“ჩემი აზრით, ეს გრძელვადიანი თამაშია. როდესაც ამ ბრძოლას იწყებდნენ, სავარაუდოდ, ფიქრობდნენ, რომ მათთვის ამ ამბიდან მინიმალური ბონუსი ის იქნებოდა, თუ ხელისუფლებაში ვერ მოვიდოდნენ, მთავარ ოპოზიციურ პარტიაზე კონტროლის დაწესებით პირად ამბიციებსაც დაიკმაყოფილებენ და პოლიტიკურ თუ ფინანსურ ინტერესებსაც. გარდა ამისა, თუ მართლაც პარტიის მთავარი ინვესტორები არიან და ამ ყველაფერში ფულს იხდიან, ბუნებრივია, სურთ მუსიკაც თვითონ დაუკვეთონ. აქედან გამომდინარე, მათთვის მელია სრულიად არაკომფორტულია, ის მათ, როგორც ავტორიტეტებს, არათუ არ აღიარებს, საერთოდ არაფრად აგდებს. გამომდინარე იქიდან, როგორ გადაამლაშეს, არცთუ დიდად ჭკვიანები ყოფილან. მათ ვერ გაითვალისწინეს ბევრი ფაქტორი, შედეგად ის პროდუქტი, რაშიც ინვესტიციას დებენ, თვითონვე დააზიანეს. საქმე ისე წაიყვანეს, რომ მოგების შემთხვევაში, პარტიაზე კონტროლის ნაცვლად, შეიძლება პარტიის ნარჩენები შერჩეთ ხელში”...

“რაც შეეხება სააკაშვილის ინტერვიუს, ჩემი აზრით, მას ძალიან მწვავე დეპრესია აქვს. შესაბამისად, მის განცხადებებში რაიმე გათვლებს და პარტიასთან დაკავშირებულ რაღაც გეგმებს ვერ ვხედავ. შეუძლებელია ადამიანი ასე თამაშობდეს. ის მართლაც მძიმედ არის ავად, ოღონდ არა იმდენად ფიზიკურად, რამდენადაც მენტალურად. ამიტომაც არა მგონია, რაიმე საარჩევნოდ წინასწარი განზრახვით ეთქვას... სააკაშვილისთვის გამოტანილ ვერდიქტთან დაკავშირებით არანაირი მოლოდინი არა მაქვს. ვფიქრობ, ხელისუფლება ერთგვარ აფექტშია. იმდენად ღრმად შეტოპეს, ისე დამძიმდა ვითარება, რომ აქედან კარგ გამოსავალს ვეღარ ხედავენ, ხედავენ მხოლოდ ცუდსა და უარესს, თან ისე, რომელი რომელია, ამაშიც ვერ გარკვეულან. ისევ სისხლიან 9 წელზე ლაპარაკობენ და სააკაშვილის საკითხს საერთოდ არ განიხილავენ ჰუმანიტარულ პრიზმაში. მათთვის სააკაშვილი წმინდა პოლიტიკური სარგებლის თემაა, თუმცა ისიც კი ვერ მოახერხეს, რომ ივაჭრონ და რაიმე სარგებელი მართლა ნახონ. გასაგებია, რომ ეს პრობლემაა “ქართული ოცნების” ხელისუფლებისთვის, მაგრამ გარკვეულწილად ეს სჭირდებათ კიდეც, რადგან რეალურ სახელმწიფოებრივ პრობლემებზე ლაპარაკს, ურჩევნიათ გაუთავებლად სააკაშვილზე ილაპარაკონ. დანის პირზე დადიან და ამას ამართლებენ სულ რაღაც 200 კაცით, რომელთაც სააკაშვილის სისხლი ჯერ კიდევ სწყურიათ. ისინი, ვინც მართლაც დავზარალდით სააკაშვილის რეჟიმის დროს, შურისძიებაზე არ ვფიქრობთ და არც მის გათავისუფლებაზე გვექნება მძიმე რეაქცია. სასაცილოა, რომ დღეს სააკაშვილის წინააღმდეგ ყველაზე მეტად ისინი ყვირიან, ვინც თავის დროზე მისი ხელისუფლების აპოლოგეტები იყვნენ”, - ამტკიცებს ექსპერტი.

“ჩვენი ხელისუფლების აფექტური მდგომარეობა უკრაინის ხელისუფლებების წარმომადგენლებთან კინკლაობაშიც ჩანს. უკრაინის პოზიციაზე პირდაპირი, ხისტი რეაგირება უსინდისობაა. ქვეყანა ომშია, ასეულობით ადამიანი იღუპება ყოველდღიურად, სისტემური ტრაგედიაა ქვეყანაში და ამ დროს მის ხელისუფლებასთან მუდმივად კონფრონტაციის რეჟიმში ლაპარაკი ყოვლად გაუმართლებელია. ბოლოს და ბოლოს, გაცნობიერებული უნდა გვქონდეს, რომ ეს ჩვენი ომიც არის. ასეთ ვითარებაში უკრაინის თუნდაც არასწორ განცხადებებზე იმ ტიპის რეაგირება, როგორსაც თბილისში ვისმენთ, ყოვლად წარმოუდგენელია. შეიძლება რაღაც ვერ გავაკეთოთ, იარაღი ვერ მივაწოდოთ, მაგრამ ეს ყველაფერი სხვაგვარად უნდა ავუხსნათ, დავუყვავოთ. უნდა ვიცოდეთ, რომ ჭირისუფალი გველაპარაკება. პანაშვიდზე რომ მიხვიდე და მგლოვიარე ადამიანს საქმის გარჩევა დაუწყო, ეს ხომ უღირსი საქციელი იქნება? დაახლოებით ასე იქცევა საქართველოს ხელისუფლება. გერმანიაში უკრაინის ელჩის განცხადებები ნახეთ, როგორ მოიხსენიებდა გერმანიის კანცლერს, ფაქტობრივად, შეურაცხყოფას აყენებდა, მაგრამ გერმანიის პოლიტიკური ელიტა ითვალისწინებს უკრაინაში არსებულ ვითარებას და საპასუხოდ არც ილანძღება და არც სადმე დაუბარებიათ უკრაინის ელჩი. ეს არის სწორი, ჯანსაღი და ღირსეული საქციელი”, - განმარტავს გია ხუხაშვილი.

“მაგრამ ესეც არ არის მთავარი პრობლემა. ფართოდ შევხედოთ შექმნილ ვითარებას, უკრაინის ლანძღვა დღეს დასავლეთის ლანძღვას ნიშნავს. დღეს მსოფლიო ორ ბანაკად არის გაყოფილი - არის დასავლეთი, რომლის ფლაგმანიც უკრაინაა, და მეორე მხარეს დგას რუსეთი. სად ვართ ჩვენ? - აი, მთავარი კითხვა. მარტო უკრაინას კი არა, მთელ დასავლეთს ლანძღავენ, აბრალებენ, საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა სურთო. ლამის მასონურ ლოჟებზე დაიწყეს ლაპარაკი, საბოლოოდ კი რუსეთის ქებას იმსახურებენ. ამ ყველაფრის მერე რა უნდა ვიფიქროთ, რა დასკვნა უნდა გამოვიტანოთ? თითქოს ევროპა და დასავლეთი სურთ, საქმით კი საპირისპიროდ მიდიან... უნდა გვესმოდეს, რომ დასავლური ქვეყნების მდგომარეობაც არ არის მარტივი. ისინიც რთულ ვითარებაში არიან. ცალსახა განწყობები არსად არის, თანაც დემოკრატიულ სამყაროში ერთპიროვნულად არ წყდება საკითხები. იმისთვის, რომ უკრაინამ აწარმოოს შეტევითი ომი ტერიტორიების დასაბრუნებლად, გაცილებით მეტი რესურსია საჭირო. ამისთვის სჭირდება ახალი იარაღი, რასაც ითხოვს და იღებს კიდეც. აქეთ რუსეთი ლამის ატომური ომის დაწყებით იმუქრება, მაგრამ დასავლეთი მაინც ერთიანია, მაინც უკრაინის გვერდით დგას. ეს არ არის მხოლოდ ტერიტორიული ომი, ეს უპირველესად მსოფლმხედველობრივი ომია, რომელიც გაცილებით მძიმე და სასტიკია. დასავლეთს მანევრირება უწევს, პარალელურად რისკებს მარტო თავისთვის კი არა, მთელი სამყაროსთვის ითვლის”, - დასძენს ხუხაშვილი.

უკრაინა სასწრაფოდ ითხოვს “ეფ-16”-ებს - როდის გამოჩნდება ფრონტზე დასავლური ტექნიკა და რას შეცვლის ეს

“უკრაინა დასავლეთისგან “ეფ-16” ტიპის თვითმფრინავების მიწოდებაზე მოლაპარაკების დაწყებას დაჩქარებული ტემპით ითხოვს და აცხადებს, რომ ეს შეიარაღება ანექსირებულ ყირიმში რუსეთის შეიარაღებული ძალების სიღრმისეული ინფრასტრუქტურისა და საარტილერიო საწყობების გასანადგურებლად სჭირდება. როგორც ანალიტიკოსები ამბობენ, სატანკო ოპერაციების განხორციელებისთის ავიაცია ერთ-ერთი მნიშვნელოვანია და თუ საჰაერო დაცვა არ იქნა, შესაძლოა სატანკო შეტევას აზრი არ ჰქონდეს. ამასთან, ცნობილი გახდა, რომ მძიმე შეიარაღების მიწოდების პირველი ტალღის ფარგლებში დასავლეთის ქვეყნებისგან უკრაინას 321 ტანკს მიიღებს. სამხედრო ანალიტიკოსების გათვლით, ეს შეიარაღება უშუალოდ ფრონტზე დაახლოებით მარტში გამოჩნდება, რაც სიტუაციას მნიშვნელოვნად შცვლის და უკრაინას დაეხმარება, რომ გაზაფხულზე წარმატებული შეტევითი ოპერაციები განახორციელოს. მათივე შეფასებით, უკრაინელებს შუძლიათ, რომ ტანკები სტრატეგიულ თავდაცვაში გამოიყენონ და მანევრირებადი ომის მეშვეობით რუსეთის შიარაღებული ძალები “საკმაოდ სერიოზულად დაფერთხონ”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით უკრაინა სასწრაფოდ ითხოვს “ეფ-16”-ებს - როდის გამოჩნდება ფრონტზე დასავლური ტექნიკა და რას შეცვლის ეს.

“უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა განახადა, რომ კიევი დასავლეთის ქვეყნებთან ავიაციისა და შორი მანძილის რაკეტების გადაცემაზე მოლაპარაკებებს დაჩქარებულ რეჟიმში აწარმოებს. მისივე თქმით, კიევს აღნიშნული შეიარაღება სხვადასხვა მიმართულებაზე, მათ შორის ანექსირებულ ყირიმში რუსეთის შეიარაღებული ძალების სიღრმისეული ინფრასტრუქტურისა და საარტილერიო საწყობების გასანადგურებლად სჭირდება. “ვფიქრობ, მოკლე დროში გავალთ შემდგომ ინსტრუმენტებზე, ანუ ავიაციასა და შორი მანძილის რაკეტებზე”, - თქვა პოდოლიაკმა. მისივე თქმით, “პარტნიორებს ეს ყველაფერი ესმით”, მაგრამ უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე მსოფლიო არქიტექტურის ცვლილების გამო “თავის გარკვეულ კონსერვატიზმზე უარს” ვერ ამბობენ. ამასთან, დასავლური მედიის ცნობით, აშშ-ის სამხედრო ოფიციალური პირები პენტაგონს მოუწოდებენ, უკრაინას “ეფ-16” თვითმფრინავები მიაწოდონ, რათა ქვეყანამ უკეთ შეძლოს დაიცვას თავი რუსული რაკეტებისა და უპილოტო თვითმფრინავებისგან”. - აღნიშნავს გამოცემა.

“გამოცემა “პოლიტიკო” აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ანონიმ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს, რომ ჯერჯერობით გადაწყვეტილება მიღებული არაა, თუმცა არ ფიქრობს, რომ გადაცემაზე უარს იტყვიან”... როგორც საფრანგეთში უკრაინის ელჩმა ვადიმ ომელჩენკომ განაცხადა, დასავლეთის ქვეყნებმა დაადასტურეს, რომ უკრაინაში 321 ტანკის გაგზავნა იგეგმება. დიპლომატის თქმით, მიწოდების დრო თითოეულ შემთხვევაში განსხვავებულია. გენერალი ვახტანგ კაპანაძე “რეზონანსთან” აღნიშნავს, რომ “ეფ-16” ტიპის თვითმფრინავი ავიაგამანადგურებელია, იგი უკრაინელთა საჰაერო თავდაცვას გააძლიერებს და ამავე დროს ბრძოლის ველზე ჰაერიდან იმ მძიმე ტექნიკასაც დაიცავს, რაც უკრაინას დასავლთისგან გადაეცემა. სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაიაც ასევე აღნიშნავს, რომ უკრაინისათვის “ეფ-16”-ებისა და თანამედროვე ტანკების გადაცემა კომპლექსურად უნდა მოხდეს, რადგან შესაძლოა სატანკო ნაწილებმა ბრძოლის ველზე ეფექტი დაკარგოს და მათი გამოყენება მხოლოდ თავდაცვითი სტრატეგისას იყოს შესაძლებელი”, - განაგრძობს გამოცემა.

“ეფ-16” ტიპის თვითმფრინავი ავიაგამანადგურებელია, იგი უკრაინელთა საჰაერო თავდაცვას გააძლიერებს და ამავე დროს ბრძოლის ველზე ჰაერიდან მძიმე ტექნიკასაც დაიცავს... როცა თანამედროვე ტანკებზეა საუბარი, ეს დასავლური ტანკებია. მათი რაოდენობა, თუ არ ვცდები, 150-მდეა, დანარჩენში ისევ ის გაუმჯობესებუილი |”ტე-72”-ები იგულისხმება - ის 60 ერთეული, რომელსაც პოლონეთი აძლევს და კიდევ დამატებით საბჭოთა წარმოების ტექნიკა. ვერ გეტყვით ტანკები სად არის, მაგრამ დაახლოებით 2-3 თვე მაინც სჭირდებათ, რომ ჯერ საბრძოლო ეკიპაჟები დააკომპლექტონ და მერე ფრონტზე შიყვანონ. დარწმუნებული ვარ, რომ ამაზე უკრაინელები წვრთნებს უკვე გადიან. როცა ამ ტექნიკის შესახებ ინფორმაცია ჟღერდება, ეს ნიშნავს, რომ წვრთნები უკვე დაწყებულია, მომზადებას კი დაახლოებით 1-2 თვე მაინც სჭირდება. ომის პირობებში შეიძლება დაჩქარდეს და დრო შემცირდეს, მაგრამ ორ-სამ დღეში ეს არ გამოდის”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენთან საუბრისას ვახტანგ კაპანაძე.

“საბრძოლო ტანკებისა და მძიმე შეიარაღების კომპონენტების გადაცემა მხოლოდ ერთი ნაწილია და საერთო საჯარისო ოპერაციების განხორციელებისთის ავიაცია ერთ-ერთი მნიშვნელოვანია. თუ ის არ იქნა, შესაძლოა ამ სატანკო ნაწილებმა თავიანთი არსი დაკარგონ. რისკია, რომ რუსეთი მათ წინააღმდეგ საერთო საჯარისო ბრძოლის სტრატეგიას გამოიყენებს, მით უმეტეს, როცა საბრძოლო მოქმედებების მართვა გენშტაბმა უკვე თავზე აიღო. ახლა ისეთი ოპერაცია, როგორიც უკრაინელებს ხარკოვსა და ხერსონში გამოუვიდათ, ავიაციის გარეშე უკვე აღარ განმეორდება. თუ საჰაერო დაცვა არ ექნათ, მაშინ უკრაინელები ტანკებს მხოლოდ თავდაცვის სტრატეგიისთვის გამოიყენებენ და სტრატეგიულ შეტევაზე საუბარი ზედმეტი იქნება. ავიაციის კომპონენტი ფრონტზე აუცილებელია, თუნდაც მინიმალურ დონეზე მაინც. “ეფ-16” კი მრავალფუნქციური თვითმფრინავია და რაც უფრო მეტს გაგზავნიან, მით კარგი. მაგრამ ზუსტად რამდენი დასჭირდება და რა ეფექტი ექნება, ამას ვერავინ ვერ იტყვის. ეს რომ განსაზღვრო, უშუალოდ შტაბში უნდა იჯდე”, - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ მაისაია.

ვის წისქვილზე ასხამს წყალს თბილისსა და კიევს შორის კინკლაობა?!

“ნებისმიერი საღად მოაზროვნე საქართველოს მოქალაქე, რომელსაც თავისი ქვეყანა უყვარს, რა თქმა უნდა, უკრაინას უსურვებს რუსეთთან ომში გამარჯვებას. უკრაინასთან ერთად საქართველოც გაიმარჯვებს და ეს ჩვენი თანამოქალაქეების დიდ ნაწილს გათავისებული აქვს. რასაც რუსეთი უკრაინაში სჩადის, კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულია და იმედია, ვიხილავთ ნიურნბერგის სასამართლოს მსგავს პროცესს, რომელზეც პუტინით დაწყებული და კადიროვით დამთავრებული, ყველას თავისი მიეზღვება. სამწუხაროა, რომ თბილისსა და კიევს შორის არსებულ გაუგებრობას დასასრული არ უჩანს და საქართველოში აშშ-ის ელჩს კელი დეგნანს “შენიშვნის” მიცემაც მოუხდა მხარეებისთვის, როდესაც თქვა, რომ საკითხების გარკვეული კატეგორია მხარეებმა კონფიდენციალურად უნდა განიხილონ და არა ტელეეთერებში. კონკრეტულად ელჩმა ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც თბილისსა და კიევს შორის იარაღის გადაცემის შესახებ იწილო-ბიწილო გაღრმავდა”, - წერს გაზეთი “კვირის პალიტრა” სტატიაში, სათაურით ვის წისქვილზე ასხამს წყალს თბილისსა და კიევს შორის კინკლაობა?!

“საქართველო რომ იყოს დიდი სახელმწიფო, უზარმაზარი სამხედრო თუ ეკონომიკური რესურსებით, სავარაუდოდ, იარაღს უკრაინა ყოველგვარი თხოვნების გარეშე მიიღებდა, თუმცა რეალობა სხვაა. საქართველოს ტერიტორიების 20% ოკუპირებულია და თბილისიდან რუსული სამხედრო ქვედანაყოფი 40 კილომეტრში დგას. გარდა დიდი სახელმწიფოებისა (აშშ, გერმანია, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი), უკრაინას აქტიურად უჭერენ მხარს და იარაღითაც ამარაგებენ შედარებით პატარა ქვეყნები (ბალტიისპირეთის სახელმწიფოები, პოლონეთი, სლოვენია, სლოვაკეთი, ჩეხეთი და ა.შ). თუმცა ყველა ეს ქვეყანა ნატოს წევრი სახელმწიფოა. მაგალითად, ესტონეთმა განაცხადა, რომ თავის ყველა ჰაუბიცას უკრაინას გადასცემს. ეს ძალიან მაგარი ნაბიჯია ესტონელების მხრიდან, რომელთაც ძალიან კარგად იციან, რა არის რუსული ოკუპაცია. თუმცა ოფიციალურმა ტალინმა ისიც ძალიან კარგად იცის, რომ რუსეთი ვერ გაბედავს ესტონეთის დასჯას, რადგან ეს ნიშნავს ნატოსთან ომს. რუსებს ესტონელების ჰაუბიცები კი არ მოიგერიებს, არამედ ამერიკული თუ ბრიტანული დივიზიები თავისი ფლოტიან და საჰაერო არმადებიანად. ეს კი მოსკოვისთვის დასასრულის დასაწყისი იქნება. ასე რომ, ესტონეთი დაცულია, მისი არმია სულ რომ პისტოლეტების ამარა დარჩეს”, - აღნიშნავს გამოცემა.

“აქვე პატარა გადახვევას გავაკეთებთ: საქართველოში ხშირად კამათობენ ექსპერტები თუ პოლიტიკოსები, რომ მოლდოვა უფრო აქტიურად უჭერს მხარს უკრაინას, ვიდრე ოფიციალური თბილისი. ჩვენ ამ კამათში არ შევალთ, მხოლოდ იმას ვიტყვით, რომ მიუხედავად იმისა, მოლდოვას ქართულ ჯარზე ბევრად სუსტი არმია ჰყავს, გეოპოლიტიკური კუთხით უფრო უსაფრთხო პოზიცია უკავია, ვიდრე საქართველოს. კერძოდ, მოლდოვას სახმელეთო საზღვარი რუსეთთან არა აქვს და ესაზღვრება უკრაინა და რუმინეთი. გარდა ამისა, სეპარატისტულ დნესტრისპირეთში მცირერიცხოვანი რუსული კონტინგენტი იმყოფება, რომლის გასრესაც უკრაინულ ბრიგადებს იოლად შეუძლიათ (უკრაინულმა ოფიციალურმა პირებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ თუ კიშინიოვიდან იქნება თხოვნა, უკრაინა დნესტრისპირეთს გაათავისუფლებს. თუმცა კიშინიოვი კიევისთვის ოფიციალური თხოვნით მიმართვას არ ჩქარობს). მესამეც - მოლდოვის უკან დგას ნატოს წევრი რუმინეთი და მოლდოველების დიდ ნაწილს ორმაგი მოქალაქეობა აქვს”, - განაგრძობს გამოცემა.

“დავუბრუნდეთ იარაღის გადაცემა-არგადაცემის საკითხს - თეორიულად წარმოვიდგინოთ, რომ თბილისმა კიევს მართლაც გადასცა იარაღი. რუსეთი მაშინვე დაადანაშაულებს თბილისს საბრძოლო მოქმედებებში მხარედ დაფიქსირებაში და, რა თქმა უნდა, ხელ-ფეხი გაეხსნება, რომ საქართველოს წინააღმდეგ მორიგი აგრესიული ქმედებები განახორციელოს. მაგალითად, ქართულ სოფლებს შემოუსევს სეპარატისტულ ფორმირებებს, რასაც რუსული ბატალიონებიც შემოჰყვებიან. რა, რუსეთი გამოსწორდა და გადაიფიქრა ქართული სახელმწიფოს განადგურება? კრემლში რა, არ იციან, რომ საქართველოში სიტუაციის არევით შუა დერეფნის პროექტი, რომელიც ენერგორესურსების საქართველოს გავლით ევროპისკენ ტრანსპორტირებას ითვალისწინებს, საბოლოოდ ჩაიშლება? თუ ზოგიერთი გულუბრყვილო ექსპერტივით იმის იმედზე ვიყოთ, რომ რუსეთი საქართველოსთვის ვერ მოიცლის? შეგახსენებთ, რომ 90-იან წლებში რუსეთში არანაკლები კრიზისი იყო. პრეზიდენტი იყო ვითომ საქართველოს მეგობარი ელცინი და რუსულ სახელმწიფოს სულ რამდენიმე ნაბიჯი აკლდა დაშლამდე. თუმცა ჩვენთვის ძალიან კარგად მოიცალა, რაც საქართველოს სამოქალაქო ომად და აფხაზეთიდან სამასი ათას დევნილად დაუჯდა. ისტორიის გაკვეთილები კარგად უნდა გვახსოვდეს, რომ ერთი ქვა თავში ორჯერ არ მოგვხვდეს”, - დასძენს გამოცემა.

“კიდევ ერთი ფაქტორი, რაც ძაბავს ურთიერთობას თბილისსა და კიევს შორის, არის ზოგიერთი უკრაინელი ოფიციალური პირის განცხადება, რომ საქართველოს ხელისუფლება რუსეთს სანქციებისთვის გვერდის ავლაში ეხმარება. ეს არის უმძიმესი ბრალდება, რომელიც ფაქტებით უნდა იყოს გამყარებული. ჩვენ კონკრეტული ფაქტები ჯერ არ გვინახავს. თუ იქნება ფაქტები, რა თქმა უნდა, ჩვენი საზოგადოება არ აპატიებს საქართველოს ხელისუფლებას რუსეთთან ფარულ თამაშებს. თუმცა ვიმეორებთ - ფაქტები არ გვინახავს. მეორეც - ასეთი ბრალდებები საქართველოსთან მიმართებაში არ ისმის იგივე აშშ-სგან, რომელსაც თავისი სადაზვერვო სამსახურების დახმარებით ბევრად მეტი ინფორმაცია შეიძლება ჰქონდეს იმაზე, იღებს თუ არა რუსეთი ქართული მხარის დახმარებით სანქცირებულ ტვირთებს. ბოლო სკანდალი თბილისსა და კიევს შორის უკავშირდება უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებლის ანდრეი კასიანოვის განცხადებას, რომლის მიხედვით, თუ თბილისსა და მოსკოვს შორის ავიამიმოსვლის აღდგენა ან რუსეთის მოქალაქეების საქართველოში მასობრივი შემოდინება უკრაინის მოქალაქეებს საფრთხეს შეუქმნის, კიევი მათ ევაკუაციაზე იფიქრებს”, - წერს სტატიის ავტორი.

“კარგი იქნებოდა, კასიანოვს დაეკონკრეტებინა, რა იგულისხმება “საფრთხის შექმნაში”. წარმოვიდგინოთ, რომ საქართველოში შემოსულმა რუსებმა დაიწყეს აქ მყოფი უკრაინელი ლტოლვილების დევნა ან შევიწროება. ეს ვინმეს როგორ წარმოუდგენია?! კი მაგრამ, საქართველოს მოქალაქეები ანგარიშში ჩასაგდები არ არიან?! მნიშვნელობა არა აქვს, რომელი პარტიის მხარდამჭერია - საქართველოს რომელი მოქალაქე დაუშვებს აქ უკრაინელების შევიწროებას?! ნებისმიერი რუსი, რომელიც გაბედავს საქართველოში მყოფი უკრაინელისთვის თითის დაკარებასაც კი, ისეთ გარემოში აღმოჩნდება, რომ თავისი ფეხით გაიქცევა “მატუშკა რასიაში” და საქართველოში ფეხს ვეღარასოდეს შემოადგამს. თუ კასიანოვი იმას გულისხმობს, რომ რუსული სპეცსამსახურები შეეცდებიან საქართველოს ტერიტორიაზე რუსებსა და უკრაინელებს შორის კონფლიქტის პროვოცირებას, მაშინ ეს პირდაპირ უნდა თქვას, რადგან ეს უკრაინელების კი არა, პირდაპირ საქართველოს წინააღმდეგ მომართული პროვოკაცია იქნება. თუმცა ვიმეორებთ - საქართველოში არსებული საზოგადოებრივი განწყობებიდან გამომდინარე, ასეთი პროვოკაცია ვერ განხორციელდება”, - დაასკვნის სტატიის ავტორი გიორგი კვიტაშვილი.

“რაც შეეხება საქართველოს ხელისუფლების პოზიციას. ომში ჩართული ქვეყნის მიმართ უფრო მეტი დიპლომატიის გამოჩენა სასურველი იქნებოდა. გარდა ამისა, კარგი იქნებოდა, უფრო მკვეთრად დაფიქსირება იმისა, რომ მიუხედავად ხელისუფლებებს შორის გაუგებრობებისა, ოფიციალური თბილისი უკრაინას ომში გამარჯვებას უსურვებს. გარდა ამისა, არასასურველია პერმანენტულად იმის ძახილი, რომ უკრაინას საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა სურს და ა.შ. ასევე, კარგი იქნება, თუ საქართველოს მოქალაქეები უფრო მეტ ინფორმაციას მიიღებენ იმის შესახებ, ჰუმანიტარული კუთხით რა სახის და რა რაოდენობის დახმარებას იღებს უკრაინა საქართველოსგან. რაც მთავარია - კიევსა და თბილისშიც კარგად უნდა იცოდნენ, რომ ამ კინკლაობით ხეირობს ერთადერთი ქვეყანა - რუსეთი. გადახედეთ პუტინის პროპაგანდისტებს: მათში ქართულ-უკრაინული სიტყვიერი დუელი უზარმაზარ სიხარულს იწვევს და ცდილობენ სიტუაცია ისე წარმოაჩინონ, რომ რა შუაშია “საწყალი” რუსეთი, როდესაც გუშინდელი სტრატეგიული პარტნიორები ერთმანეთში ვერ მორიგებულან. მტრის გული არ უნდა გავახაროთ და კიევსა და თბილისშიც კარგად უნდა იცოდნენ, რომ ოდნავი გაუგებრობის ნაპერწკალი სადაც ჩნდება, იქვეა ჩასაფრებული ვლადიმირ პუტინი დიდი ნავთის ბიდონით ხელში”, - დასძენს სტატიის ავტორი.

რა პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს უკრაინისთვის ტანკების გადაცემას

“მას შემდეგ, რაც უკრაინისთვის ტანკების გადაცემას გერმანია დათანხმდა და პარტნიორებს მისცა ნებართვა, რომ გერმანული “ლეოპარდები” გადასცენ უკრაინას, სამხედრო სპეციალისტებმა სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით 100-140 ტანკი დაითვალეს, რომელთაც უკრაინა მიიღებს. თუმცა გადასაცემი ტანკების რიცხვი ყოველდღიურად იზრდება. აშშ-ისა და გერმანიის გარდა, უკრაინისთვის ტანკების გადაცემისთვის მზადყოფნა გამოთქვეს ბრიტანეთმა, პოლონეთმა, ნიდერლანდებმა, ესპანეთმა, სკანდინავიის ქვეყნებმა და სხვა. მაგალითად, რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ პოლონეთი უკრაინას 14 გერმანული “ლეოპარდის” გარდა, საკუთარ მოდერნიზებულ ტანკებსაც მიაწვდის - 60 მანქანას, რომელთაგან 30 პოლონეთის ძირითადი საბრძოლო ტანკი თ-91-ა. ცნობისთვის: როგორც უკრაინის შეიარაღებული ძალების მეთაურმა დეკემბერში თქვა, მის ქვეყანას 300 ტანკი, 600-700 საბრძოლო ჯავშანმანქანა და 500 ჰაუბიცა სჭირდება შედეგიანი კონტრშეტევისთვის. ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა მოკავშირეებს დახმარებისთვის. ამავე დროს მან კრიტიკულად მნიშვნელოვანი უწოდა შეიარაღების მიწოდების ვადისა და რაოდენობის საკითხს”, - წერს გაზეთი “კვირის პალიტრა” სტატიაში, სათაურით რა პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს უკრაინისთვის ტანკების გადაცემას.

“ტანკების მიწოდების გადაწყვეტილების პასუხად კრემლში განაცხადეს, რომ რუსეთი ამ ყველაფერს “აღიქვამს `კონფლიქტში დასავლეთის პირდაპირ ჩართვად”. რა პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს ტანკების მიწოდების გადაწყვეტილებას, რატომ გადაწყდა მაინცდამაინც ახლა და რა გავლენა შეიძლება მოახდინოს პროცესებზე, ამ საკითხებზე “კვირის პალიტრა” საერთაშორისო ურთიერთობების დოქტორს, ჯიპა-ს პროფესორ თორნიკე შარაშენიძეს ესაუბრა. “ეს სტრატეგიული, თანამიმდევრული პოლიტიკაა, დასავლეთი ფრთხილობს არ გამოიწვიოს ესკალაცია და რუსეთის პროვოცირება, რათა არ გამოიყენოს ატომური იარაღი. მნიშვნელოვანია, რომ უკრაინას შეტევით იარაღს აწვდიან, ბრძოლა ხომ ძირითადად ხმელეთზე მიდის, თუმცა ომის ბედს, წესით, მაინც არტილერია წყვეტს. მიმდინარეობს რუსეთის გამოფიტვის ომი და პოლიტიკურ მხარეს არსებითი მნიშვნელობა აქვს, ცხადია, ეს იარაღი საბრძოლო თვალსაზრისითაც არსებით როლს ითამაშებს”, - ამბობს შარაშენი9ძე, რომლის თქმით “მთავარი ის არის, რომ ნელი ტემპით, მაგრამ მაინც იზრდება დახმარება”, - აღნიშნავს გამოცემა.

“გერმანიის პოზიცია გასაგებია - ორი მძიმე მსოფლიო ომის შემდეგ მას ფრთხილი პოლიტიკა აქვს, რომელიც ეყრდნობა ეკონომიკურ გაძლიერებას და არამც და არამც სამხედრო კონფლიქტში ჩარევას, მაგრამ ასეთ სიტუაციაში, როდესაც ევროპის საზოგადოების უდიდესი ნაწილი უკრაინის მხარეს არის, გერმანიის მთავრობას რა მოსაზრებებიც არ უნდა ჰქონდეს, უნდა დაჰყვეს საზოგადოებრივ აზრს. მასზე ზეწოლას ახდენენ სხვა სახელმწიფოებიც, უპირველესად შტატები, ინგლისი, პოლონეთი... თავად უკრაინაზე რომ არაფერი ვთქვათ და როგორც გითხარით, გადამწყვეტია საზოგადოებრივი აზრიც. გერმანიას აწყობს უკრაინის დასავლეთ ორბიტაში გადასვლა, ევროკავშირში შესვლა, რადგან ეს ავტომატურად ნიშნავს, რომ ამით გერმანიის ეკონომიკა უფრო გაძლიერდება: უკრაინის სახით ახალი ბაზარი ჩნდება ევროკავშირში - მთელ ევროკავშირში სამხედრო გაძლიერებაზე ნაკლებად არის საუბარი, უფრო ეკონომიკაზე არიან ორიენტირებული”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას თორნიკე შარაშენიძე.

“ცხადია, რუსეთს გერმანიის გადაწყვეტილება ტანკების გადაცემის შესახებ გააღიზიანებდა. მისთვის, მგონი, ტანკების მიწოდებაზე შემაშფოთებელი გერმანიის გააქტიურებაა, რადგან ტანკი ტანკია, მაგრამ მთავარი მაინც არტილერია და მისი რაოდენობაა. ამიტომ მთავარი, ჩემი აზრით, მაინც გერმანიის გამოცოცხლებაა რუსეთისთვის. როცა ომში ხარ, ყოველთვის ცდილობ გათიშო მოწინააღმდეგე ბანაკი, მაგრამ რუსეთს დასავლეთის გათიშვა არ გამოსდის. მისთვის დასაყრდენი ყოველთვის იყო გერმანია, რომელიც ითვალისწინებდა მის ინტერესებს. ახლა ეს აღარ ხდება და ვერც მოხდება, რადგან როცა რუსეთი გადაკვეთს წითელ ხაზებს, ყველა დემოკრატიული ქვეყანა იქცევა ისე, როგორც ახლა იქცევა გერმანია. სხვა თუ არაფერი, მთავრობას რომც უნდოდეს საქმიანი ურთიერთობის შენარჩუნება მოსკოვთან, მისივე მოსახლეობა ამას ასე მარტივად არ დაუშვებს”, - განმარტავს საერთაშორისო ურთიერთობების დოქტორი.

`ახლა რატომ ხდებაიარაღის გადაცემა და არა, ვთქვათ, ორი-სამი თვის წინ - შესაძლოა რაღაც ხდება კულისებში, რასაც არ ახმაურებენ. შესაძლოა იყო მოლაპარაკების მსგავსი რამ, სამშვიდობო ინიციატივები, მაგრამ ამას საბოლოოდ ხაზი გადაესვა და სხვა გზა არ დარჩათ... რაც შეეხება რუსეთიდან მომავალ ბირთვულ საფრთხეებს, ერთადერთი ბერკეტი არის რუსეთის თანდათანობითი გამოფიტვა ამ ომში, გადაიღალოს და თავად ქვეყანაში რაღაც შეიცვალოს. დასავლეთი ნელა და თანდათანობით, დოზირებულად ეხმარება უკრაინას, რათა უცბად არ მოხდეს რაღაც, ამბობს შარაშენიძე და შეკითხვაზე - “ყველაზე ცუდი სცენარი რომ წარმოვიდგინოთ. რა ჩაითვლება რუსეთის გამარჯვებად და რა მოხდება, თუკი გაიმარჯვებს?” - პასუხობს:

“რუსეთის გამარჯვებად ჩაითვლება იმ ტერიტორიების წაღება, რომელთა ანექსიაც გამოაცხადა. რაც შეეხება იმას, თუ რა მოხდება, ვიცხოვრებთ უარეს სამყაროში. თუ ასე მოხდა, დანარჩენ უკრაინას ყველა ვარიანტში მიიღებენ ნატოში. კისინჯერმაც კი თქვა, რაღა აზრი აქვს უკვე პრანჭვასო. დიდი იმედი მაქვს, რომ ასე მოხდება”...

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
ევროკავშირის წევრი 13 ქვეყნის ევროპის საკითხთა მინისტრები - საქართველოს ევროპული მომავალი თქვენს ხელშია
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა