„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ 2022 წლის „კორუფციის აღქმის ინდექსის“ (CPI) მიხედვით, კორუფციასთან ბრძოლის მხრივ საქართველო ბოლო 10 წელი სტაგნაციას განიცდის

„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ მიერ გამოქვეყნებული 2022 წლის „კორუფციის აღქმის ინდექსის“ (CPI) მიხედვით, ბოლო 10 წლის განმავლობაში ქვეყანას კორუფციის წინააღმდეგ ქმედითი ნაბიჯები არ გადაუდგამს და ის რეიტინგში შემავალ 180 ქვეყანას შორის 41-ე ადგილს იკავებს.

როგორც „საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველოს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, საქართველოს 56 ქულა აქვს, რაც წინა წელთან შედარებით ერთი ქულით მეტია. წარსულში 56 ქულა ქვეყანას 3-ჯერ: 2017, 2019 და 2020 წლებში ჰქონდა.

„კორუფციის აღქმის ინდექსში“ ქვეყნის შედეგის ერთი ქულით ცვლილება სტატისტიკურად უმნიშვნელოდ ითვლება. საქართველოს შემთხვევაში ქულა 2012 წლის შემდეგ მნიშვნელოვნად არ გაუმჯობესებულა, რაც იმას ნიშნავს, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში ქვეყანას კორუფციის წინააღმდეგ ქმედითი ნაბიჯები არ გადაუდგამს. რეიტინგში საქართველოს შედეგი, ძირითადად, განპირობებულია წვრილმანი მექრთამეობის დაბალი დონით, თუმცა ამავდროულად კვლავაც გამოწვევად რჩება ელიტური კორუფცია და მის წინააღმდეგ ბრძოლის პოლიტიკური ნების არარსებობა.

იმის გათვალისწინებით, რომ ინდექსში 100 ქულა კორუფციის აღქმის ყველაზე დაბალ, ხოლო 0 ქულა – ყველაზე მაღალ დონეს აღნიშნავს, 56 ქულა საშუალო მაჩვენებელია. მაგალითისთვის, საუკეთესო შედეგის მქონე 10 ქვეყნის ქულები 80-ს აღემატება. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საქართველო ნამდვილად უსწრებს ევროპის რამდენიმე ქვეყანას, თუმცა, ამავე დროს, მთელი 10 ქულით ჩამორჩება ევროპის რეგიონის საშუალო მაჩვენებელს (66)“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამასთან, ორგანიზაციის ცნობით, უფრო მნიშვნელოვანი და საგანგაშოა ინდექსში საქართველოს მიერ მიღებული ქულის თანმდევი ანალიზი, რომლის მიხედვითაც, ქვეყანაში იზრდება მაღალი დონის კორუფცია და ღრმავდება სახელმწიფო ინსტიტუციების მიტაცება.

„მიუხედავად იმისა, რომ 56 ქულით საქართველო რეგიონში ლიდერია, ეს წარსულში წვრილმანი მექრთამეობის აღმოფხვრით არის განპირობებული; ქვეყანა CPI-ში 2012 წლიდან სტაგნაციას განიცდის. სამწუხაროა, რომ ქვეყანაში, რომელიც ოდესღაც რეგიონში ანტიკორუფციული ჩემპიონი იყო, ამჟამინდელი ხელისუფლება ფაქტობრივად კლავს ყველანაირ იმპულსს ამ პრობლემის წინააღმდეგ საბრძოლველად. მმართველმა პარტიამ - „ქართულმა ოცნებამ“, რომლის მმართველად საყოველთაოდ მიიჩნევა საქართველოს უმდიდრესი ადამიანი და ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი, მიიტაცა ძირითადი სახელმწიფო ინსტიტუციები, სასამართლო და სამართალდამცავი ორგანოები, რის გამოც უმაღლეს დონეზე ძალაუფლების ბოროტად გამოყენება ძირითადად დაუსჯელი რჩება.

მაგალითად, ბოლო წლებში „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მონიტორინგმა გამოავლინა სავარაუდო მაღალი დონის კორუფციის ათობით შემთხვევა, რომლებიც გამოუძიებელი რჩება; ამ შემთხვევების შინაარსი და მასშტაბი, რაოდენობა და ზრდის დინამიკა იძლევა იმის თქმის საფუძველს, რომ ქვეყანაში მაღალი დონის კორუფცია „კლეპტოკრატიის“ სახეს იღებს, როდესაც სახელმწიფოს მმართველები იყენებენ პოლიტიკურ ძალაუფლებას, რათა მიითვისონ ქვეყნის სიმდიდრე და ჩაახშონ ნებისმიერი კრიტიკული ხმა, როგორც პოლიტიკურ ოპოზიციაში, ისე მედიასა და სამოქალაქო საზოგადოებაში. ხელისუფლების წარმომადგენლები აგრესიულ რიტორიკას მიმართავენ კორუფციის მხილებით დაკავებული სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ. აქტივისტების წინააღმდეგ დისკრედიტაციის ბოლოდროინდელმა კამპანიებმა გააჩინა ეჭვი, რომ პარლამენტმა შესაძლოა რუსეთში მოქმედი უცხოური აგენტების მსგავსი კანონი მიიღოს, რომელიც არაკომერციული ორგანიზაციების წინააღმდეგ იქნება გამოყენებული.

2022 წლის ივნისის გადაწყვეტილებაში, საქართველოსთვის არ მიენიჭებინა კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, ევროკავშირმა ერთ-ერთ მთავარ მიზეზად მაღალი დონის კორუფციის წინააღმდეგ უმოქმედობა დაასახელა. გადაწყვეტილებას წინ შეფასების პროცესი უძღოდა, რომლის საბოტაჟი, ბევრის აზრით, მთავრობამ თავად მოახდინა რუსეთის დასამშვიდებლად. საბოლოო ჯამში, ევროკავშირმა ქვეყანას წევრობის პერსპექტივა შესთავაზა, რის წინაპირობადაც 12 პრიორიტეტი დაასახელა - მათ შორის ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნა, რომელმაც ქვეყნის „დეოლიგარქიზაციას“ უნდა შეუწყოს ხელი. მთავრობამ გამოაცხადა სააგენტოს შექმნის შესახებ, თუმცა შემოთავაზებული მოდელი ნაკლოვანია, რადგან ის არ მოიცავს სააგენტოს საკმარის დამოუკიდებლობას და მისთვის საგამოძიებო უფლებამოსილების მინიჭებას,“- აცხადებენ „საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველოში“.

ორგანიზაციის რეკომენდაციით, ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის დაწესებული 12 პრიორიტეტის შესრულება დღეს საუკეთესო გზა და შესაძლებლობაა ვითარების გამოსასწორებლად და ქვეყანაში კორუფციის წინააღმდეგ რეალური ნაბიჯების გადასადგმელად.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა