ილია დარჩიაშვილი - ევროკომისიის მიერ აღიარებულია საქართველოს მნიშვნელოვანი პროგრესი თითქმის ყველა სფეროში - როგორც მოსალოდნელი იყო, ანგარიში საკმაოდ პოზიტიურია

ევროკომისიის ანგარიში, როგორც მოსალოდნელი იყო, არის საკმაოდ პოზიტიური და ევროკომისიის მიერ აღიარებულია საქართველოს მნიშვნელოვანი პროგრესი თითქმის ყველა სფეროში, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა, რითაც ევროკომისიის მიერ საქართველოს შესახებ გამოქვეყნებული ანალიტიკური ანგარიში შეაფასა.

მინისტრის განმარტებით, ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების ხარისხი წარმოადგენს ევროკავშირში გაწევრიანების უმნიშვნელოვანეს ელემენტს, რომლის გარეშეც ევროკავშირში წევრობა პრაქტიკულად შეუძლებელია.

„ევროკომისიამ გამოაქვეყნა მორიგი შეფასების ანგარიში, რომელიც აფასებს ევროკავშირთან საქართველოს საკანონმდებლო და ინსტიტუციური დაახლოების ხარისხს და ასევე ჩვენი ქვეყნის მიერ ევროკავშირთან სექტორული ინტეგრაციის ფარგლებში გატარებული რეფორმების ეფექტიანობას. ცალსახად უნდა განვაცხადოთ, რომ ანგარიში, როგორც მოსალოდნელი იყო, არის საკმაოდ პოზიტიური და ევროკომისიის მიერ აღიარებულია საქართველოს მნიშვნელოვანი პროგრესი თითქმის ყველა სფეროში. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ანგარიში დადებითად აფასებს საქართველოს მიერ გაწეულ ძალისხმევას იმ მიმართულებებში, რაც უზრუნველყოფს ქვეყნის საკანონმდებლო და ინსტიტუციურ თავსებადობას ევროკავშირთან, რითიც კიდევ ერთხელ გამოიკვეთა, რომ საქართველო ერთმნიშვნელოვნად არის ლიდერი სექტორული რეფორმების თვალსაზრისითაც. განსაკუთრებით მინდა გამოვყო პოზიტიური შეფასება ისეთი მიმართულებებით როგორებიცაა საბაჟო კონტროლი, ეკონომიკური და მონეტარული პოლიტიკა, განათლება, მეცნიერება და ინოვაციები, სამეწარმეო და ინდუსტრიული პოლიტიკა, ფინანსური მომსახურება და კაპიტალის თავისუფალი გადაადგილება, სერვისების გადაადგილების თავისუფლება და სხვა“, - განაცხადა დარჩიაშვილმა.

როგორც მან ასევე განმარტა, ანგარიშში აღნიშნულია საქართველოს პროგრესი ისეთ სფეროებში, როგორიცაა ფუნდამენტური უფლებები, რაც მოიცავს სამართალდამცავ სფეროში ევროკავშირთან პოზიტიურ თანამშრომლობას, ძირითად თავისუფლებებს და უსაფრთხოებას.

მინისტრის შეფასებით, ანგარიშის სპეციალური შეფასების გრადაციის მიხედვით, დოკუმენტში არსებული 32 სექტორული მიმართულებიდან 26-ში საქართველომ მიიღო დადებითი შეფასებები.

„ანგარიშში ასევე ასახულია მნიშვნელოვანი პროგრესი ევროკავშირთან ღრმა და თავისუფალი ვაჭრობის სივრცის ფარგლებში არსებული ვალდებულებების განხორციელების თვალსაზრისით, რა მხრივაც საქართველომ მნიშვნელოვანი რეფორმები გაატარა, მათ შორის სურსათის უვნებლობის, ფიტოსანიტარიული და სანიტარული ნორმების დანერგვის მიმართულებით. როგორც ცნობილია, ევროკავშირის სტანდარტული პროცედურით, ჯერ ხდება შეფასების ანგარიშის გამოქვეყნება და შემდგომ პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, თუმცა ჩვენს შემთხვევაში ეს პირიქით მოხდა. კერძოდ, შექმნილი ახალი გეოპოლიტიკური გარემოებების გამო, ევროკომისიას მოუწია ფორს-მაჟორულ მდგომარეობაში პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება, სადაც სამწუხაროდ, საქართველოს პროგრესი სექტორული ინტეგრაციის მხრივ არ იქნა გათვალისწინებული. ასევე მინდა ხაზი გავუსვა, რომ წარმატებით სრულდება ევროპული საბჭოს მიერ საქართველოსთვის განსაზღვრული 12 პრიორიტეტი, რომელთა დიდი ნაწილი სრულადაა შესრულებული, ნაწილი საკანონმდებლო აქტებისა გაგზავნილია ვენეციის კომისიაში დასკვნისათვის და ასევე არის რამდენიმე პრიორიტეტი, სადაც ოპოზიციის ჩართულობის და თანამონაწილეობის გარეშე უბრალოდ შეუძლებელია პროგრესის მიღწევა, თუმცა აქაც გვაქვს იმედი, რომ ყველა პოლიტიკური ძალისთვის ქვეყნის ევროპული ინტეგრაცია წარმოადგენს ეროვნულ პრიორიტეტს და ისინი შეიტანენ საკუთარ წვლილს ამ ისტორიულ საქმეში, რასაც ქვეყნის ევროკავშირში წევრობა ჰქვია. იმედი გვაქვს, რომ მიმდინარე წლის მიწურულს პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებისას, ევროპული მხარე გაითვალისწინებს, როგორც 12 პრიორიტეტის შესრულების მხრივ არსებულ შედეგებს, ასევე აღნიშნულ ანგარიშში არსებულ პროგრესს, რაც კიდევ ერთხელ ვიმეორებ, წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს ელემენტს ევროკავშირში სრულფასოვანი წევრობის გზაზე“, - განაცხადა დარჩიაშვილმა.

ცნობისთვის, ევროკომისიამ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. როგორც ანგარიშშია ნათქვამი, საქართველოს აქვს მომზადების გარკვეული დონე მართლმსაჯულების, თავისუფლებისა და უსაფრთხოების სფეროში კანონმდებლობის განსახორციელებლად. ასევე, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველოს აქვს გარკვეული დონის მომზადება სახელმწიფო შესყიდვების სფეროში. დოკუმენტში საუბარია ციფრულ ტრანსფორმაციასა და მედიაზეც და ხაზგასმულია, რომ ევროკავშირი მხარს უჭერს ელექტრონული ბაზრის გამართულ ფუნქციონირებას, კომუნიკაციებს, ელექტრონულ კომერციასა და აუდიო-ვიზუალურ მომსახურებას. წესები იცავს მომხმარებლებს და მხარს უჭერს თანამედროვე სერვისების უნივერსალურ ხელმისაწვდომობას.

ლევან ლორთქიფანიძე - დასავლეთის მკაცრი, მიზანმიმართული გადაწყვეტილებები, ივანიშვილს აგრძნობინებს, რომ მან ადრე ჩამოწერა აშშ და ევროკავშირი, რომ დასავლეთი არ აპირებს ხელი აიღოს თავის ინტერესებზე სამხრეთ კავკასიაში
ქართული პრესის მიმოხილვა 18.07.2024
კავკასიის ტექნოლოგიების სკოლა და კომპანია „პარვუს ჯგუფი“ აბიტურიენტებს და დაინტერესებულ პირებს ენერგეტიკისა და ელექტროინჟინერიის ახალი საბაკალავრო პროგრამის პრეზენტაციაზე იწვევს
კავკასიის მედიცინის ცენტრი JCI აკრედიტებული პირველი მულტიპროფილური რეფერალური ჰოსპიტალი გახდა ქვეყანაში
მეხუთე თაობის „სანტა ფე“ - მზად ნებისმიერი თავგადასავლისთვის