საქართველოსა და აშშ-ს შორის ექსტრადიციის და საერთაშორისო თანამშრომლობის ორმხრივი ხელშეკრულებების გაფორმება კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია ორი ქვეყნის კომპეტენტურ ორგანოებს შორის არსებული თანამშრომლობის უფრო მეტად განვითარების და გაძლიერების, - ამის შესახებ საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ ამერიკის შეერთებული შტატების და საქართველოს შორის ექსტრადიციის შესახებ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ განაცხადა.
შოთაძის თქმით, ხელშეკრულების გაფორმებამდეც ეფექტიანად ხდებოდა დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლა.
"მიუხედავად იმისა, რომ დღემდე საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ექსტრადიციისა და სამართლებრივი დახმარების სფეროში არ არსებობს ხელშეკრულება, ჩვენ ეფექტიანად ვახერხებდით ერთობლივად ბრძოლას ფართომასშტაბიანი ტრანსნაციონალური დანაშაულების, ტრეფიკინგის, ფულის გათეთრების, თაღლითობის და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ“, - აღნიშნა გენერალურმა პროკურორმა.
ირაკლი შოთაძის განცხადებით, ინდივიდუალური ხელშეკრულებების ფარგლებში, არაერთი ძებნილი დამნაშავის ექსტრადირება განხორციელდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, კერძოდ, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში საქართველოდან აშშ-ში 14 ძებნილი პირის ექსტრადირება მოხდა, რაც გენერალური პროკურორის თქმით, ხაზს უსვამს საქართველოსა და აშშ-ის კომპეტენტურ ორგანოებს შორის არსებული თანამშრომლობის ეფექტიანობას და მაღალ ხარისხს.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"