ქართული პრესის მიმოხილვა 06.02.2023

ვახტანგ ძაბირაძე - “რუსეთთან კარგად მოიქცევი თუ ცუდად, მნიშვნელობა არა აქვს”

საბოლოო განაჩენის მოლოდინში - გადამწყვეტი მომენტი სააკაშვილისათვის

დიმიტრი შველიძე - “რუსეთის იმპერიის დაშლა ზღაპარი მგონია, მაგრამ რუსეთის დასუსტება რეალურია და ამას მივესალმები”

რატომ გადაიდო ოპოზიციის გაერთიანება მომავალი წლისთვის

“ბოინგის” “უცნაურ” ბომბრაკეტას უკრაინელებს რუს ოკუპანტებზე გამოაცდევინებენ...

* * *

ვახტანგ ძაბირაძე - “რუსეთთან კარგად მოიქცევი თუ ცუდად, მნიშვნელობა არა აქვს”

“ნამდვილად გასახარია, რომ ევროკომისიის დასკვნა ასეთი პოზიტიურია, მაგრამ ეს მაინც ტექნიკური შეფასებაა. საიდუმლო არავისთვისაა, რომ საქართველო ამ გზაზე აქამდეც უსწრებდა ბევრი მიმართულებით უკრაინასა და მოლდოვას. ეს, სხვათა შორის, მაშინაც კი ითქვა, როდესაც უკრაინას და მოლდოვას მიანიჭეს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, საქართველოს კი არა. მე ამ გადაწყვეტილებას მაშინაც შეცდომად ვაფასებდი, მაგრამ მოხდა ის, რაც მოხდა. ამას ჰქონდა პოლიტიკური მიზეზები, რომელთა აღმოფხვრაც საქართველოს ხელისუფლებას შეეძლო. ნამდვილად მნიშვნელოვანია, რომ ევროკომისიამ ასეთი შეფასება მოგვცა, მაგრამ ვითარება ისეთია, დღეს უფრო მნიშვნელოვანი იქნება საქართველოსთვის ის, თუ როგორ შესრულდება ევროკომისიისვე მოცემული 12-პუნქტიანი რეკომენდაცია. ჩვენთან უმთავრესი პრობლემაა სახელმწიფოს ფუნქციონირება რამდენად დემოკრატიულია, რამდენად ძლიერია ინსტიტუტები. რა თქმა უნდა, ეს ტექნიკური შეფასება ნაწილობრივ აჩვენებს, რომ კანონმდებლობის თვალსაზრისით ამა თუ იმ სფეროში გვაქვს წინსვლა, მაგრამ ეს იქნება თუ არა საკმარისი კანდიდატის სტატუსის მოცემაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას მაინც კითხვის ნიშნის ქვეშ რჩება”, - აცხადებს ექსპერტი ვახტანგ ძაბირაძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “რუსეთთან კარგად მოიქცევი თუ ცუდად, მნიშვნელობა არა აქვს“.

“ისე ჩანს, უმნიშვნელოვანესი იქნება ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საკითხი. აქაც სამართლებრივზე მეტად პოლიტიკური გადაწყვეტილება უნდა იქნეს მიღებული. დღეს ქართულ პოლიტიკაზე სააკაშვილის გავლენა ისეთი ნამდვილად არ არის, რომ მისმა გათავისუფლებამ ხელისუფლებას საფრთხე შეუქმნას. ამიტომ, წესით, გადაწყვეტილების მიღება ხელისუფლებას უნდა გაუადვილდეს. თუ საკითხი ასე დგას, რომ კანდიდატის სტატუსის მიღებას ხელი შეიძლება სააკაშვილის ციხეში ყოფნამ შეუშალოს, მაშინ ყველაფერი უნდა შეფასდეს სახელმწიფო ინტერესების გადმოსახედიდან და შემდგომ მოიძებნოს სამართლებრივი გზა მისი ქვეყნიდან გასვლისთვის. შორს ვარ იმ აზრისგან, რომ სააკაშვილი უდანაშაულო და უცოდველია, არც იმის მჯერა, რომ მისი მდგომარეობა სასიკვდილოა. არადა, ჯვარი სწერია და, ბოლო 3-4 თვეა მისი ახლობლები თუ მხარდამჭერები ამტკიცებენ, კვდებაო. ვნახეთ მისი ჩართვა სასამართლო პროცესზე. მართლაც არ არის კარგად, სჭირდება მკურნალობა, მაგრამ არც ისე ცუდად ჩანს, რომ ფატალური დასასრული ემუქრებოდეს. ამის მიუხედავად, საქართველოს ხელისუფლება ვალდებულია, სწორედ სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე, გაითვალისწინოს ჩვენი პარტნიორების პოზიცია და მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც პოლარიზაციის შემცირებას შეუწყობს ხელს, მაგრამ აქვე ვიტყვი, ეს არ იქნება საკმარისი მნიშვნელოვანი შედეგების მისაღებად”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.

“ქვეყანაში მთელი გარემოა არაჯანსაღი. ასე მგონია, სასამართლო სისტემის გამართვაც კი ვერ მოიტანს მნიშვნელოვან შედეგებს პოლარიზაციის შემცირებისთვის. მთელი მედიასაშუალებები, განსაკუთრებით სოციალური ქსელები, გაჟღენთილია სიძულვილის ენით. არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხიც, რასაც ჰქვია რიგითი მოქალაქის ურთიერთობა ხელისუფლებასთან. გეტყვით, რასაც ვგულისხმობ - ვაკის პარკში დატრიალებული ტრაგედიის შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ იმ კომპანიამ, რომელმაც შადრევნის რეაბილიტაცია ჩაატარა და რომლის მესვეურიც დააკავეს, დედაქალაქის მერიის გამოცხადებული კიდევ ერთი ტენდერი მოიგო. ამას რომ კითხულობ, ბუნებრივია, გიჩნდება პროტესტი და ჩნდება ბზარი მოქალაქესა და ხელისუფლებას შორის. უსამართლობის განცდა მაშინ ჩნდება, როდესაც ვიღაცას კანონის დარღვევით შეუძლია წარმატების მიღწევა, რიგით მოქალაქეს კი ლამის სუნთქვის უფლებასაც ართმევენ. ამის დაძლევა ძალიან გრძელი და შრომატევადი პროცესია, მაგრამ საწყის ეტაპზე ის მაინც უნდა გავაკეთოთ, რომ ხელისუფლება და ოპოზიცია ერთმანეთს ქვეყნის მტერსა და აგენტს არ ეძახდნენ. ამის მიღწევა უფრო ადვილია, მაგრამ ამასაც ვერ ვაკეთებთ”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“ჩემი აზრით, პარტია გაიყოფა - ეს არ იქნება “ნაციონალური მოძრაობისთვის” პირველი, პოლიტიკური ინტელექტის უდიდესი ნაწილი ამ პარტიას 2016 წელს გამოეყო, როდესაც “ევროპული საქართველო” შეიქმნა. ასეთივე მასშტაბური გასვლა შეიძლება ახლა არ იყოს, მაგრამ, ჩემი აზრით, ეს “ნაციონალურ მოძრაობას” ელექტორალურად გაყოფს. თუ მელიას ჯგუფი მართლაც წავიდა, პარტიას ისევ პოლიტიკური ინტელექტის მნიშვნელოვანი ნაწილი დატოვებს. ხაბეიშვილს კი ორი უმძიმესი ტვირთი აქვს აკიდებული: ერთი კეზერაშვილ-მერაბიშვილის გავლენა, რომლის სიმძიმესაც პოლიტიკურად უნდა გაუძლოს, და მეორე პარტიის ინტელექტუალური დონე, რომელიც ცისკარიშვილ-კირკიტაძის ამარა რჩება. გაიხსენეთ, ერთიც და მეორეც იმით გამოირჩეოდნენ, რომ პარლამენტში ჩხუბობდნენ. რაც შეეხება მერაბიშვილსა და კეზერაშვილს, მათგან ერთი რეპრესიებთან ასოცირდება, მეორე - კორუფციასთან. მათთან პოლიტიკურ თანამშრომლობას ბევრი ოპოზიციური პარტია არ ინდომებს. ამ საკითხზე “ლელომ” უკვე გააკეთა განცხადება... ასეთ ვითარებაში პარტიის გაძლიერებაზე ლაპარაკი ზედმეტია. თუ მელია დარჩება, რაც ძალიან წარმოუდგენელი მგონია, მაშინ გარკვეული დროის მერე, ალბათ, ისევ ვადამდელი არჩევნები გახდება პარტიაში საჭირო”, - მიიჩნევს ექსპერტი.

“როდესაც სააკაშვილი დააპატიმრეს, მის გამოსახსნელად შტაბებს მაშინაც ქმნიდნენ, მაგრამ ამისგან არაფერი გამოვიდა, ასე იქნება ახლაც. ამ საქმეს შტაბების შექმნა ვერ უშველის. ეს უფრო პიარსვლა მგონია, რათა ხაბეიშვილმა ამომრჩეველს დაანახოს, რომ რაღაცას აკეთებს. რაც შეეხება ხელისუფლებასთან გარიგებას, ვერაფერს გამოვრიცხავ, მაგრამ დარწმუნებითაც გამიჭირდება თქმა, რომ კეზერაშვილს და მერაბიშვილს ურთიერთობა აქვთ “ქართულ ოცნებასთან”. თუმცა ერთი რამ ცხადია - ხელისუფლებას ასეთი “ნაციონალური მოძრაობა” ხელს აძლევს და, რა თქმა უნდა, შეეცდება არჩევნებამდე შეინარჩუნოს. რატომაც არა, მას სჭირდება რადიკალური, მყვირალა და კეზერაშვილ-მერაბიშვილის აჩრდილებით დამძიმებული ოპონენტი. ის, რომ ისინი ჯერ ტელეეკრანებზე არ ჩანან და საჯარო განცხადებებს არ აკეთებენ, არაფერს ნიშნავს, მათი რეანიმაცია უკვე მოხდა. თუ რამე არ აძლევს ხელს “ქართულ ოცნებას”, ეს არის ახალი პოლიტიკური ცენტრის ჩამოყალიბება, რომელსაც 5%-იანი ბარიერის გადალახვის შანსი ექნება”, - დაასკვნის ვახტანგ ძაბირაძე და შეკითხვაზე - “ბოლო დროს რუსეთი საქართველოს მიმართულებით ერთობ გააქტიურებულია... შეიძლება კულუარულ მოლაპარაკებებს მართლაც აწარმოებდეს საქართველოს ხელისუფლება რუსეთთან?” - პასუხობს:

“თუ ხელისუფლების ბოლოდროინდელ პოზიციას გავიხსენებთ, თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ კულუარულად ლაპარაკობენ. მე როგორც დამრჩა შთაბეჭდილება, ლაპარაკია მამისონის უღელტეხილსა და რაჭაზე გამავალ გზაზე. ამასთან, გავიხსენოთ, ამ ცოტა ხნის წინ გახმაურებული სკანდალური ინფორმაცია, რომ ქართული წარმოშობის რუს ბიზნესმენს, ვინმე ხიდაშელს, ლამის მთელი რაჭის ტყეების ყიდვა სურდა. არ ვიცი, ეს ამბავი როგორ დასრულდა, მაგრამ მეეჭვება, ეს დამთხვევა იყოს. ამიტომ ხელისუფლებამ ყველაფერი დეტალურად უნდა განმარტოს, ვის რას ელაპარაკებიან ან რა გადაწყვეტილებებს იღებენ. ვის სჭირდება ამგვარი მაგისტრალი? ვიღაცას იქნებ მომგებიანად მოეჩვენოს, მაგრამ დღევანდელ ვითარებაში ეს საქართველოს მხოლოდ კატასტროფულ შედეგებს მოუტანს. ეს ყველაფერი ხელს აძლევს რუსეთს, რომელიც დღეს, ფაქტობრივად, იზოლაციაშია, იმდენად მძიმე დღეში, რომ ლავროვის აფრიკის ქვეყნებში ვიზიტებს პომპეზურად აშუქებენ. შესაძლოა საქართველოსთან კეთილგანწყობილი ურთიერთობის აფიშირებით სურთ საკუთარ მოსახლეობას აჩვენონ, რომ მათ ვიღაც უსმენს და ანგარიშს უწევს”...

“რაც შეეხება ფრენების აღდგენას, ეს საქართველოს არაფერს მოუტანს და აჩენს კითხვას, აღდგენის შემთხვევაში ამ გზით რუსეთი მართლაც ხომ არ შეეცდება სანქცირებული ტვირთების გადატანას. საქართველომ ამას უნდა აარიდოს თავი, მით უფრო, რუსული თვითმფრინავების ფრენა ევროპაში, ფაქტობრივად, აკრძალულია. სწორედ ამის თაობაზე გაავრცელა განცხადება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა და ყველას შეახსენა სანქციების საკითხი. თუ საქართველო ამ ნაბიჯს გადადგამს, ბუნებრივია, ეს ჩვენმა მეგობრებმა შესაძლოა ძალიან მკაცრად შეაფასონ... რუსები, როგორც ჩანს, შეაშფოთა საქართველოსთან ურთიერთობის რაიმე ტიპის რეგულირების პერსპექტივამ და სასწრაფოდ გაავლეს წითელი ხაზები, რომ თურმე აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის თემა არ გადაიხედება. ზატულინმა რაც თქვა, ამით გააძლიერა საქართველოს ხელისუფლების ნარატივი, რომ თუ ჭკვიანად არ ვიქნებით, რუსები ომს დაგვიწყებენ. მოკლედ, რუსეთი აგრესიულ პოლიტიკას არ ღალატობს. სხვას არც არაფერს მოველი მათგან. მთავარია, ჩვენმა ხელისუფლებამ შეიგნოს, რომ რუსეთთან კარგად მოიქცევი თუ ცუდად, მნიშვნელობა არა აქვს”, - ამტკიცებს რესპონდენტი.

“რუსეთი იქცევა ისე, როგორც თვითონ აწყობს. ბოლო დროს ხშირად მესმის, რომ საქართველოს ხელისუფლების მოქმედებები რუსეთთან დაკავშირებით დამღუპველია. მეც ვიზიარებ, რომ ეს პოლიტიკა არასწორია, მაგრამ ქვეყნისთვის კატასტროფულად არ მივიჩნევ. საქმე ისაა, რომ ჩვენ მაინც დამოკიდებული ვართ იმაზე, თუ როგორ განვითარდება პროცესები უკრაინაში. თუ უკრაინამ ეს ომი გამარჯვებით დაასრულა, მაშინ ჩვენს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას წინ ვერაფერი დაუდგება და საერთოდ არ ექნება მნიშვნელობა “ქართული ოცნება” იქნება ხელისუფლებაში თუ ვინმე სხვა. საქართველოს მოსახლეობის განწყობა ცნობილია, `ენდიაის~ ბოლო კვლევის თანახმად, ევროკავშირის მხარდაჭერა 81 პროცენტამდე გაიზარდა, რაც იმის დასტურია, რომ საქართველოს მოქალაქეები ევროინტეგრაციის ერთგულნი რჩებიან. ამ რეალობას ვერავინ შეეწინააღმდეგება, მაგრამ საკითხავი ისაა, ეს როდის მოხდება და ამ გზაზე რას დავკარგავთ ან რას მივიღებთ”, - დასძენს ძაბირაძე.

საბოლოო განაჩენის მოლოდინში - გადამწყვეტი მომენტი სააკაშვილისათვის

“ორშაბათს, 6 თებერვალს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე მხარეები დასკვნით სიტყვებს წარმოთქვამენ, რის შემდეგად მოსამართლე გიორგი არევაძემ საბოლოო გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. გადაუვადებენ სასჯელს ექსპრეზიდენტს, თუ პატიმრობაში დატოვებენ? ანალიტიკოსთა უმრავლესობა თანხმდება, რომ ეს გადაწყვეტილება, სავარაუდოდ, გავლენას მოახდენს როგორც ქვეყნის შიგნით არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე, ისე დასავლელ პარტნიორებთან საქართველოს ხელისუფლების მომავალ ურთიერთობაზე. პირველად სასამართლო პროცესი მიხეილ სააკაშვილის საქმეზე საქალაქო სასამართლოში 9 დეკემბერს გაიმართა. პრეზიდენტისთვის სასჯელის გადავადების შუამდგომლობა სასამართლოს განსახილველად წარედგინა მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა ცენტრ “ემპათიის” დასკვნა სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. 1 დეკემბერს გამოქვეყნებულ ამ დოკუმენტში ნათქვამია, რომ დაპატიმრებისას “პრაქტიკულად ჯანმრთელი” მიხეილ სააკაშვილი ახლა სიკვდილის საფრთხის წინაშეა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით საბოლოო განაჩენის მოლოდინში - გადამწყვეტი მომენტი სააკაშვილისათვის.

“ხელისუფლების წარმომადგენლები და კლინიკა “ვივამედის” ხელმძღვანელობა კი აცხადებს, რომ სააკაშვილი სათანადოდ არ იკვებება და ის თვითდაზიანებას მიმართავს. მათი მტკიცებით, სააკაშვილს მიზანმიმართულად არ აჭმევენ იმ საკვებს, რაც მის მდგომარეობას გააუმჯობესებდა. როდის გამოცხადდება სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილება, ჯერჯერობით უცნობია. სააკაშვილის უფლებების ამცველი, ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე იმედოვნებს, რომ ეს ორშაბათსვე მოხდება და ეს იქნება “ისტორიული გადაწყვეტილება”. ანალიტიკოსები კი “რეზონანსთან” აცხადებენ, რომ, სავარაუდოდ, განაჩენის გამოტანა მაქსიმალურად გაჭიანურდება, ხელისუფლება კი ამ დროის განმავლობაში ვითარებას დააკვირდება. სააკაშვილის სასამართლო პროცესზე ადვოკატები ყურადღებას იმ დიაგნოზებზე ამახვილებდნენ, რაზეც უცხოელი ექსპერტები საუბრობენ. დემენცია, კახექსია და მძიმე ნევროლოგიური დაავადებები - ეს ის საკითხებია, რის გამოც უფლებადამცველები სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებას ითხოვენ. ყველაზე ხმაურიანი კი ბოლო, 3 თებერვლის სხდომა იყო, როდესაც სასამართლოს ჩვენება მისცა კლინიკა “ვივამედის” დირექტორმა ნინო ნადირაძემ. მან პატიმრის ახლობლები სუიციდის ხელშეწყობაში დაადანაშაულა და პირდაპირ თქვა, რომ სააკაშვილის წამება მათი მთავარი ამოცანაა. ნადირაძე ამტკიცებდა, რომ ოჯახის წევრების მიერ სააკაშვილისთვის საგანგებოდ შერჩეული, დაბალი კალორაჟის მქონე მენიუ მომაკვდინებელია”, - აღნიშნავს გამოცემა.

“4-საათიან ჩვენების განმავლობაში “ვივამედის” დირექტორმა სამედიცინო პერსონალზე განხორციელებულ ზეწოლასა და შანტაჟზეც ისაუბრა და თქვა, რომ სააკაშვილს რეანიმაციაში გადასაყვანად შესაბამისი პარამეტრები ამ დრომდე არ აქვს. ნინო ნადირაძის ბრალდებებზე სამართლებრივ რეაგირებას გეგმავს “ნაციონალური მოძრაობა”. ნადირაძის ხმაურიან ჩვენებას უპასუხეს სააკაშვილის ადვოკატებმაც. დაცვის მხარემ “ვივამედის” დირექტორი არაკომპეტენტურობაში, არაკვალიფიციურობასა და შოუს დადგმაში დაადანაშაულა. ნადირაძის გამოკითხვის შემდეგ, სასამართლოს წინაშე სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტი წარსდგა. ეკა ჩავლეიშვილმა, რომლის აცილებასაც ადვოკატები მიკერძოებულობის მოტივით ითხოვდნენ, ჩვენებაში ცალსახად თქვა, რომ სამხარაულის დასკვნა სააკაშვილის გათავისუფლების საფუძველი არ არის. ხმაურიანი პროცესს გამოეხმაურნენ უმრავლესობის წარმომადგენლებიც. “ქართულ ოცნებაში” პირდაპირ ამბობენ, რომ სააკაშვილი თვითდაზიანებას არ ეშვება, რაც მათი თქმით უნიჭოდ დადგმული სპექტაკლის ნაწილია”, - განაგრძობს გამოცემა.

“თუ არ უნდათ, ქუჩაში ომი მიიღონ, მიხეილ სააკაშვილის საკითხი უნდა გადაწყდეს დადებითად, ეს არის მუქარა“, - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, გიორგი ჩალაძემ განაცხადა. მისი თქმით, სააკაშვილისთვის რეალური საფრთხე დადგება თუ არა, “ქართული ოცნება” ქუჩაში მიიღებს იმ პროტესტს, რომელსაც ვეღარაფერი გააჩერებს. “პრეზიდენტ სააკაშვილის გარდაცვალების შემთხვევაში, მიიღებენ ქუჩაში ომს. სააკაშვილს აქვს მხარდამჭერების ძალიან ძლიერი, დიდი არმია. “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერები არიან მონოლითური ჯგუფი, ძალიან მკაცრად გამოხატული ქმედებების სურვილით, იდეოლოგიით და მხარდაჭერის ერთგულებით. რეალური საფრთხე დადგება თუ არა, “ქართული ოცნება” ქუჩაში მიიღებს იმ პროტესტს, რომელსაც ვეღარაფერი გააჩერებს. ეს იცის ჩვენმა ყველა უცხოელმა პარტნიორმა და ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ. არ უნდა მივიდეთ ჩვენ საზოგადოების დაპირისპირებამდე”, - განაცხადა გიორგი ჩალაძემ “ფორმულას” ეთერში. ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან“ საუბრისას ვარაუდობს, რომ, დიდი ალბათობით, მოსამართლე გადაწყვეტილების გამოტანამდე დროს გაწელავს. მისი აზრით, ახალი რეალობებია გაჩენილი, რამაც შესაძლოა ხელისუფლებაზე გავლენა მოახდინოს”, - დასძენს გამოცემა.

“ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ახლა ამ პროცესში უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმერ ზელენსკი ჩაერთო. არ არის საუბარი მარტო იმაზე, რომ ის პრეზიდენტია. მის სიტყვას მსოფლიოში არსებულ ვითარებაზე დიდი გავლენის მოხდენა შეუძლია. არ არის გამორიცხული, რომ ზელენსკი კიდევ უფრო აქტირად ჩაერთოს და ხელისფლებამ ეს საფრთხე რეალურად აღიქვას. თუ ამ საქმეში მან სხვა ქვეყნის ლიდერებიც აიყოლია, მაშინ ეს უკვე ხელისუფლებისთვის საფრთხის შექმნელი იქნება. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება იყო და თუ სააკაშვილის მდგომარეობა კიდევ გართულდა, სააფრთხე უფრო მოიმატებს. ხელისუფლებას ასეთი არჩევანი აქვს, რომ სააკაშვილი საბოლოოდ თავიდან მოიშოროს”, - ამბობს ძაბირაძე. მისივე თქმით, არც ისაა გამორიცხული ექსპრეზიდენტი შინა პატიმრობაში გადაიყვანონ, რათა მმართველმა პარტია კიდევ ერთხელ შეძლოს სააკაშვილის ფაქტორის გამოყენება 2024 წლის არჩევნებისთვის. ყოფილი სახელმწიფო მინისტრი და პოლიტიკური ანალიტიკოსი პაატა ზაქარეიშვილი კი ფიქრობს, რომ ხელისუფლება სააკაშვილის ციხიდან გაშვებას არჩევნებამდე არ აპირებს. მმართველი პარტიისათვის მთავარი მხოლოდ იმ პოზიციების შენარჩუნებაა, რომელიც მას 2024 წლის არჩევნებში გამარჯვებას მოუტანს. ამისთვის კი, სააკაშვილი მშვენიერი კოზირია და მას ხელიდან არაფრის ფასად არ გაუშვებენ”, - წერს სტატიის ავტორი.

“მოსამართლე გააკეთებს იმას, რასაც პოლიტიკურად უკარნახებენ და პოლიტიკური დღის წესრიგი მოითხოვს. მე არ ვფიქრობ, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის და ევროპარლამენტარების განცხადებები ხელისუფლებაზე რამე გავლენას მოახდენს. ვხედავთ, რომ მასხარად იგდებენ და სასაცილოდ არ ჰყოფნით. რატომ? იმიტომ, რომ თუ ქვეყნის შიგნით ხალხის განწყობა არ იქნება, გარედან წამოსული ვერანაირი ზეწოლა ხელისუფლებას ვერ აიძულებს რამე გადაწყვეტილება მიიღოს. ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუს თუ არ მოგვანიჭებენ, ამასაც დასავლეთს დააბრალებენ. ხალხს ეტყვიან, რომ დასავლეთი, რომელიც პირსისხლიანი სააკაშვილის და მისი ამფსონების გვერდითაა, საერთოდ არ გვჭირდებაო. სააკაშვილი საქართველოში ბევრს არ უყვარს. ვხედავთ, რომ მეტი რეიტინგი 6%-მდე დავარდა. ახლა ენმ-ის თავმჯდომარედ ხაბეიშვილის არჩევის შემდეგ უფრო დაბლა წამოვა. ამიტომ, სანამ ქართველი ხალხისგან ხელისუფლებას სააკაშვილის თემასთან დაკავშირებით მწვანე აქვს ანთებული, ის მის წამებას, თუნდაც ფსიქოლოგიურს, იმდენ ხანს გაგარძელებს, სანამ ამის საშუალება ექნება. რაც შეეხება ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებას, ესეც ძალიან რთული პერსპექტივაა. ეს გადაწყვეტილება მოსახლებაში და კერძოდ “ოცნების” მხარდამჭერებში, პირიქით, უკურეაქციას გამოიწვევს და ეს დასავლეთმა კარგად იცის. ამას ხელისუფლება ხალხში მათ წინააღმდეგ გაყიდის და ანტიდასავლური განწყობა მოიმატებს. ამიტომ სააკაშვილის საკითხი ისე გადაწყდება, როგორც ეს ხელისუფლებას მოუნდება”, - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პაატა ზაქარეიშვილი.

დიმიტრი შველიძე - “რუსეთის იმპერიის დაშლა ზღაპარი მგონია, მაგრამ რუსეთის დასუსტება რეალურია და ამას მივესალმები”

“ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ პროგნოზის გაკეთებისას. რუსეთის ისტორიაში უკვე იყო ასეთი პერიოდი - რუსეთის იმპერია უამრავ მამრავლად დაიშალა, ვგულისხმობ 1917-1918 წლების მოვლენებს, როცა რუსეთში სამოქალაქო ომი მიმდინარეობდა და უამრავი პატარა სახელმწიფოებრივი წარმონაქმნი გაჩნდა მის რუკაზე, რომლებიც რამდენიმე თვის ან ერთი წლის განმავლობაში არსებობდნენ. თუმცა მერე საბჭოთა რუსეთმა “მიწები შეკრიბა” და ისევ აღდგა უზარმაზარი იმპერია. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ კრემლისთვის დღევანდელი რუსეთის დაშლა სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია, ამიტომ ამას ყოველთვის დიდი სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ და არა მარტო ჩვენ - ჩვენ ვინ გვკითხავს ამხელა ისტორიულ საკითხებს, მაგრამ ეს გარემოება დიდ სახელმწიფოებსაც აუცილებლად გათვალისწინებული აქვთ, შტატები იქნება თუ ევროპა”, - აცხადებს ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი დიმიტრი შველიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “რუსეთის იმპერიის დაშლა ზღაპარი მგონია, მაგრამ რუსეთის დასუსტება რეალურია და ამას მივესალმები”.

“აგერ, გერმანიამ რამდენიმე ათეული “ლეოპარდის” გადაცემის ნება მისცა თავს და მეორე დღეს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრ ანალენა ბერბოკს რუსეთთან თავის მართლებამ მოუწია უცნაური განცხადებით, ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას, მაგრამ არა ვართ მხარეო, დააწყნარა რუსეთი­ და თავზე ხელი გადაუსვა, ნუ გეშინია, შენ არ გებრძვიო... ევროპას რუსეთის ძალიან ეშინია. ჩვენ კი მიჩვეული ვართ ღატაკ ცხოვრებას, არც ახლა ვართ დაწყნარებული, მაგრამ გუშინ გავიარეთ ღატაკი და ქაოსური პერიოდები. რუსები, მით უმეტეს, მიჩვეული არიან სიღატაკეს - ჰქონდეთ ერთი კარტოფილი, “ტელეგრეიკა” და ყველანაირ გაჭირვებას გაუძლებენ, მაგრამ ევროპელები რამდენს გაუძლებენ, არ ვიცით, ვინაიდან არ უყვართ კომფორტის დაკარგვა, რუსეთის პრობლემებმა კი შეიძლება მათ დისკომფორტი გაუღრმაოს. აშკარაა, რუსეთი არ აპირებს ომიდან გამოსვლას, მან უკრაინის ორ დაპყრობილ ოლქს კიდევ ორი დაუმატა, ჯერ მის ხელშია ინიციატივა. წარმოვიდგინოთ და, ღმერთმა ქნას, უკრაინამ გაიმარჯვოს, რუსეთი თუ დაიშალა, რამდენად ლეგიტიმური იქნება ეს?” - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას დიმიტრი შველიძე.

“მაგალითად, რუსეთს თუ ჩრდილოეთი კავკასია გამოეყოფა, ეს სავსებით ლეგიტიმურია, ვინაიდან იქაურ ხალხებს - დაღესტნელებს, ჩეჩნებს, ინგუშებს, ყაბარდოელებსა და სხვას - ჩვენზე მეტად თუ არა, ჩვენსავით სურთ თავისუფლება. ყველაზე ხანგრძლივი განმათავისუფლებელი ომი რუსეთთან ჩრდილოკავკასიელებს ჰქონდათ, შამილის დროს. 30 წლის განმავლობაში იბრძოდა ამხელა იმპერია ერთი ბეწო ჩრდილოკავკასიელების წინააღმდეგ და როგორც გამსახურდია იტყოდა, რუსეთმა “რკინის ჯაგრისით გადაპარსა კავკასიელები”. მათ ახლაც რომ თავისუფლება უნდათ, ამაში დარწმუნებული უნდა ვიყოთ. თუ ჩრდილო კავკასია გათავისუფლდება და რუსეთი ამაზე წავიდა, ეს კიდევ შეიძლება დავუშვათ, მაგრამ რუსეთი არ წავა ციმბირის დაკარგვაზე, რუსეთი ციმბირით ცოცხლობს. რუსეთის იმპერიის დაშლა, სიმართლე გითხრათ, ზღაპარი მგონია, მაგრამ რუსეთის დასუსტება უფრო რეალურია და ამას მივესალმები - ჩვენთვის საკმარისია რუსეთი მეორეხარისხოვან ქვეყნად იქცეს და ჩვენსა და მას შორის გაჩნდეს ბუფერი ჩრდილო კავკასიის რესპუბლიკების ან ფედერაციის სახით. კარგი იქნება, თუკი ეს ბუფერული ზონა გაჩნდება და რუსეთთან უშუალო საზღვარი არ გვექნება”, - მიიჩნევს რესპონდენტი.

“არა მგონია, შორეული აღმოსავლეთის დონეზე დაიშალოს რუსეთი, მაშინ რუსეთი კარგავს იმას, რაც მას აცოცხლებს - ნავთობი, გაზი, ხე-ტყე... ყველაფერი, რითიც რუსეთი რაღაცას წარმოადგენს, ურალის აღმოსავლეთითაა. ჯერ ერთი, ყველა ამ რესპუბლიკაში რუსული მოსახლეობაა უმრავლესობაში. ზუსტი სტატისტიკური მონაცემები არა მაქვს, მაგრამ იქ ორი საუკუნის განმავლობაში მიდიოდა რუსეთიდან გადასახლების პროცესი. მეორეც - ისინი ისე არიან რუს საზოგადოებაში ინტეგრირებული, სხვა არაფერი უნახავთ. რაღაც დონეზე შეიძლება არის სეპარატისტული განწყობები, მაგრამ არც ეროვნული მოძრაობა, არც გამოყოფის მსგავსი გამოსვლები... რუსეთი ჩრდილო კავკასიას უფრო შეელევა, ვიდრე ციმბირს. ან კავკასიას რანაირად დათმობს, ძნელი წარმოსადგენია. დასუსტების შემთხვევაში, რუსეთიდან გასვლას, სავარაუდოდ, პირველად ჩეჩნები მოინდომებენ. მათ ახლა ე.წ. შესვენება აქვთ გამოცხადებული, დაუწერელი კანონივითაა ჩეჩნეთის ცხოვრებაში - ისინი უნდა მომაგრდნენ, გამრავლდნენ და მერე ისევ დაიწყებენ ბრძოლას. ადრე თუ გვიან, ჩრდილო კავკასია თავს რომ წამოყოფს, ეჭვი არ მეპარება, მაგრამ რამდენ ხანში, ვერ გეტყვით. როგორც კი ხელსაყრელი ვითარება შეიქმნება, იქ ყველაფერი შეიცვლება”, - განაგრძობს პროფესორი.

“პუტინის ფავორიტი კადიროვი­ 2 საუკუნეს ვერ იცოცხლებს, იქ სხვებიც არიან, მაგრამ ჯერ ჩუმად. ამასთან, ჩეჩნებს ჰყავთ დიდი დიასპორა, მფარველები თურქეთისა და ისლამური სამყაროს სახით. ასე რომ, ჩრდილო კავკასიას რუსეთი ბოლომდე ვერ მოაშთობს, ეს დროებითი მოვლენაა. მოკლედ, უნდა მივესალმოთ რუსეთის იმ დონეზე დასუსტებას, რომ ჩრდილო კავკასია დათმოს. ზოგი ექსპერტის აზრს - ჩვენს საზღვრებს მოაწყდება მთელი ჩრდილო კავკასიაო, ვერ დავეთანხმები. პატარა არეულობები შეიძლება იყოს, მაგრამ ჩრდილოკავკასიელები არ არიან ჩვენი მტრები, წარმოუდგენელია, მათ საქართველოსთან ტერიტორიული პრეტენზიები ჰქონდეთ. როცა ჩეჩნები ჩვენს წინააღმდეგ იბრძოდნენ, ეს ჩვენი შიდა პრობლემები უფრო იყო. იმ შემთხვევაში ებრძოდნენ შევარდნაძის ხელისუფლებას ან მათი ნაწილი მხარს უჭერდა აფხაზებს. რაღაც გაუგებრობები იქნება, მაგრამ თუ წარმოვიდგენთ, რომ ჩრდილო კავკასია ოდესმე გათავისუფლდება, ეს იმხელა რეგიონული ცვლილება იქნება, ჩვენ გარშემო ისეთი ვითარება შეიქმნება, პირიქით, ამას მხარს დავუჭერთ”, - ამტკიცებს დიმიტრი შველიძე.

“როგორც კი რუსეთი დასუსტდება, ჩრდილოკავკასიელები თავს წამოყოფენ, ოღონდ ჯერ არა, ჯერ უკრაინის ამბებია დასამთავრებელი. არა მგონია, მაგრამ თუ დავუშვებთ, რომ რუსეთმა გაიმარჯვა, ესეც დროებითი იქნება. უკრაინას რუსეთი ვერ ჩაყლაპავს, ეს წარმოუდგენელია. ომი თუ ყაიმით დამთავრდა, ესეც დროებითი იქნება, იმიტომ, რომ ევროპელები სანქციებს, ალბათ, გააგრძელებენ. რუსეთის დასუსტება, განსაკუთრებით ეკონომიკურად, ცოტა გრძელვადიანი პროცესია, ეს დღეს-ხვალ არ მოხდება. გარდა ამისა, არსებობს დანარჩენი მსოფლიოც, რომელთანაც რუსეთი ვაჭრობას გააგრძელებს, მაგალითად, ჩინეთთან, ინდოეთთან, სამხრეთ ამერიკასთან. ჩვენთვის მთავარია, რუსეთი მეორეხარისხოვან ქვეყნად იქცეს. რაც შეეხება რუსეთის მთლიანად დაშლას, ეს წარმოუდგენელი ქაოსი იქნება და საიდან რა გამოვა, ეს უფალს მივანდოთ. არ მეგულება დედამიწაზე ერთი ექსპერტი მაინც, რომელიც აქედან მყარ დასკვნას გამოიტანს. ამას წინათ, ფეისბუქზე იყო რუსეთის დაშლის ერთ-ერთი ვერსია და იცით, რა დონეზე იყო დაშლილი? - იაკუტია ცალკე, ჩუკოტკა, ბურიატია - ცალკე... რუსეთში უამრავი ხალხია, ათეულობით ავტონომია და რესპუბლიკაა და თუ ასე დაიშალა, ეს ნახევარი მსოფლიოს შეცვლას ნიშნავს. ამას დასავლეთიც შიშით უყურებს, მსოფლიო წესრიგი აირევა”, - დაასკვნის რესპონდენტი.

“დასავლეთს, რომელიც დღეს შეკრული ერთობაა ნატოსა და ევროკავშირის სახით, არანაკლები პრობლემები აქვს დანარჩენ მსოფლიოსთან. რამდენადაც ვიცი, დღეს ამერიკაში ჩინეთზე არანაკლებ ლაპარაკობენ, ვიდრე უკრაინასა და რუსეთზე. ის მზარდ კონკურენტულ ძალად მიაჩნიათ, რომელიც ყოველდღიურად ძლიერდება. ასე რომ, დასავლურ ცივილიზაციას საკუთარი პრობლემები აქვს და ზედ დამატებული რუსეთის დაშლის პრობლემა, ძალზე ძნელი წარმოსადგენია და, რა თქმა უნდა, უფრთხიან ამ ამბავს. რაც მთავარია, ჩვენი პროგნოზები რეალისტური უნდა იყოს და ისინი წარმოუდგენელი პროგნოზების ზღვარს არ გადასცდეს. ჯერ ხვალინდელ დღეზე ვიფიქროთ და ნაკლებად იმაზე, რა მოხდება 10 წლის მერე. ტყუილად არ ვახსენე, რომ რუსეთისთვის ეგზისტენციალური იქნება დაშლა. რუსეთის ყოფნა-არყოფნის საკითხი თუ დადგა, დამერწმუნეთ, ეს არანორმალური, ნახევრად ბარბაროსული და ყველაფრის გამკეთებელი ბირთვული სახელმწიფოა, თან არაპროგნოზირებადი კაცის ხელში. ის არ იქნება და, სხვა პუტინები გამოჩნდებიან”, - თვლის პროფესორი.

“ხშირად მახსენდება ის პერიოდი, როცა საბჭოთა იმპერია იღუპებოდა, გორბაჩოვს შეხვედრები ჰქონდა ხალხთან და დემოკრატობდა. ცუდად იყო საბჭოთა იმპერიის საქმე და კითხვები რომ დაისვა, მიტინგის ერთ-ერთმა “ტელეგრეიკიანმა” მონაწილემ გორბაჩოვს ჰკითხა, კურილების საკითხი როგორ იქნებაო. ანუ რიგითი რუსი, რომელსაც არც ტანსაცმელი აქვს, არც საკმარისი საჭმელი, კურილებზე ფიქრობს. ეს რაღაცნაირი დამპყრობელი, მონღოლოიდური ერია. ჩვენთან, საქართველოში, ყაზახეთსა და სხვა მომიჯნავე ქვეყნებში კი გამოიქცნენ ეს კაი დედმამიშვილები, ომს აარიდეს თავი, მაგრამ არ გამოქცეულა და ვერც გამოიქცეოდა ის საწყალი რუსი. საწყალი რუსი უზარმაზარი ციფრია რუსეთის მოსახლეობაში და ის ისევე უყურებს თავისი ქვეყნის მომავალს, როგორც პუტინი. ის უჯერებს ხელისუფლებას, ბარბაროსობის დონეზე კონსოლიდირებული საზოგადოებაა და ყველაფერს გააკეთებენ, რომ ეს რუსეთი შეინარჩუნონ... მივესალმოთ ჩრდილოკავკასიელების გულებში ჩაბუდებულ სეპარატიზმს და სამშობლოს თავისუფლების იდეას. თუ ისინი გათავისუფლდებიან, რაც ყველაზე ლეგიტიმურია, ძალიან კარგი იქნება. ვისურვოთ დასავლეთის გაძლიერება, რუსეთის დასუსტება და მერე შეიძლება საქართველოსთვის გამოჩნდეს აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დაბრუნების პერსპექტივაც”, - დასძენს დიმიტრი შველიძე.

რატომ გადაიდო ოპოზიციის გაერთიანება მომავალი წლისთვის

“პირველად საქართველოს ისტორიაში, ოპოზიცია ევრ ახერხებს გაერთიანებას და ამას რამდენიმე მიზეზი აქვს; ზურაბ ჯაფარიძის განცხადება კი იმას ნიშნავს, რომ მან მოსინჯა, გათვალა და გულწრფელად აღიარა, რომ ამის შანსი არ არსებობს - ამის შესახებ “რეზონანსს” ანალიტიკოსმა პაატა ზაქარეიშვილმა განუცხადა “გირჩი - მეტი თავისუფლების” ლიდერის სიტყვების კომენტირებისას. ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, რომ ოპოზიციური გაერთიანების შექმნა წელს შეუძლებელია და ამ თემას მომავალ წელს დაუბრუნდებიან. “შარშან, ივნისიდან მოყოლებული ბევრ დროს ვუთმობდი იმას, რომ ოპოზიციურ ფლანგზე რაღაც დიდი ერთობა შექმნილიყო. საბოლოო ჯამში, გამარჯვების ფორმულა მაინც მანდ მგონია, რომ აქეთ მხარეს მოხდეს დიდი კონსოლიდაცია, რადგან ასეთი ტიპის სისტემების დამარცხება სხვა შემთხვევაში ძალიან რთულია, ამას, მათ შორის, სხვა ქვეყნების ემპირიული გამოცდილებაც აჩვენებს”, - თქვა ჯაფარიძემ. ამასთან, მისივე თქმით, დღევანდელი მოცემულობით, დიდი გაერთიანების შექმნის წინაპირობები არ ჩანს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით რატომ გადაიდო ოპოზიციის გაერთიანება მომავალი წლისთვის - “მან მოსინჯა, გათვალა და გულწრფელად აღიარა, რომ ამის შანსი არ არსებობს”.

“გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ ამ საკითხს დავუბრუნდეთ მომავალ წელს და მანამდე კი მეტი ძალისხმევა გავწიოთ, რომ “გირჩი - მეტი თავისუფლება” გაძლიერდეს”, - ამბობს ჯაფარიძე. აღსანიშნავია, რომ “გირჩმა” “დროასთან” და “სტრატეგია აღმაშენებელთან” ერთად 24 თებერვალს თბილისში ერთობლივი საპროტესტო აქცია დანიშნა. მანამდე კი, 23 იანვარს ამავე პარტიებმა საზოგადოების სხვადასხვა ფენის წარმომადგენლებთან ერთად “ახალი ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის” დაწყების შესახებ გამოაცხადეს. პაატა ზაქარეიშვილის აზრით, გაერთიანების შემთხვევაში ოპოზიცია საზოგადოებას მისთვის სასურველ ცვლილებებს უნდა სთავაზობდეს და არგუმენტირებულად უხსნიდეს, თუ რითი სჯობია ის მოქმედ ხელისუფლებას. გარდა ამისა, ასეთ გაერთიანებას თავში უნდა ჩაუდგეს ახალი ლიდერი შეუბღალავი რეპუტაციით, ასეთი კი დღეს არავინ ჩანს. ზაქარეიშვილი დიდი გაერთიანების გადადების ან შესაძლო ჩაშლის მიზეზად მოახლოებულ პროპორციულ არჩევნებს ასახელებს და მიიჩნევს, რომ პატარა პარტიებს დიდი გაერთიანების გარეშე პარლამენტში მოხვედრის უფრო მეტი შანსი აქვთ”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ახლა ახალი არავინ არაა. არავინ არის ახალი, ჩრდილიდან მოსული, თეთრ ცხენზე ამხედრებული უცხო, რომელსაც არ აქვს უარყოფითი რეიტინგი. ქართული საზოგადოების ძველი, კარგად ნაცნობი სახეებიდან ვერ შედგება ერთობა, რომელიც ახალს შესთავაზებს საზოგადოებას. არც სიახლე არ არის და არც ის, თუ რატომ უნდა გავაგდოთ “ქართული ოცნება”. რით ხარ შენ უკეთესი, რის გამო უნდა მოგცე ხმა შენ, რათა შენ გააგდო “ქართული ოცნება”, როცა შენ არაფერს მთავაზობ - არ მთავაზობ სიღარიბის წინააღმდეგ ბრძოლას, არ მთავაზობ სამუშაო ადგილებს, არ მთავაზობ სოციალურ პაკეტებს... რატომ უნდა მოგცე ხმა?! ამიტომ არის რომ არ არსებობს არავითარი ნიადაგი. ჭაობია ოპოზიციურ სპექტრში. არ არსებობს ფეხი გადგა და არ ჩაიძირო. სიახლე არ არის არც სახეებში და არც იდეებში. პირველად საქართველოს ისტორიაში ალბათ ამიტომაც ვერ ერთიანდებიან - იქნება პროპორციული არჩევნები, ყველა პარტიას აქვს შანსი თუ გადალახავს 5 პროცენტს მოხვდეს პარლამენტში, ამიტომ საკმარისია სამი ოთხი პარტია გაერთიანდეს, რომ ის 5 პროცენტი გადალახოს. ამიტომ აქეთკენ უფრო ვხედავ შანსებს”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პაატა ზაქარეიშვილი.

“გაერთიანება უფრო დაანგრევს ოპოზიციას, ხოლო პატარ-პატარა ჯგუფების შექმნა კი შანსებს შეუქმნის, რომ რაც შეიძლება მეტი პოლიტიკური ძალა შევიდეს პარლამენტში. ამიტომ პატარა პარტიები ვერ ხედავენ შანსებს მსხვილ მონოლითურ გაერთიანებაში და ამიტომაც გაერთიანების საფუძველი არ არსებობს. ზურა ჯაფარიძემაც ასეთი დასკვნა, სავარაუდოდ, კონკრეტული მცდელობისა და გარკვეული ანალიზის შემდეგ გააკეთა... გარდა ამ სამი პარტიისა, ჯაფარიძემ ვერ დაინახა სხვებში მოტივაცია, რომ გამოვიდნენ ამ აქციაზე თუ გაერთიანდნენ. ჰქონდა კონტაქტები. ზურა ჯაფარიძეს ყველგან პატივს სცემენ, ყველა პოლიტიკურ ძალებში, “ქართულ ოცნებაშიც” კი მის მიმართ მეტი სიმპათია აქვთ, ვიდრე სხვა ოპოზიციურ პარტიების მიმართ. ის გარკვეულწილად იწვევს ნდობას. ის არ არის ღვარძლიანი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია პოლიტიკოსისთვის. თუ ვინმე შეიძლება ვინმესთან გაერთიანდეს, ზურა ჯაფარიძე შეიძლება ყოფილიყო ამის ინიციატორი. მაგრამ როცა ზურა ჯაფარიძე ამბობს, რომ ამის შანსი არ არსებობს, ეს ძალიან სერიოზული განცხადებაა. მან მოსინჯა, გათვალა და გულწრფელად აღიარა, რომ ამის შანსი არ არსებობს და ახალი ეროვნულ გამათავისუფლებელი მოძრაობის იდეაც ჩაიშალა”, - დაასკვნის პაატა ზაქარეიშვილი.

“ბოინგის” “უცნაურ” ბომბრაკეტას უკრაინელებს რუს ოკუპანტებზე გამოაცდევინებენ...

“აშშ უკრაინისთვის 2 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს გამოყოფს. პაკეტში გათვალისწინებულია GLSDB-ის მიწოდებაც. ეს ქვეყანას საშუალებას მისცემს უფრო დიდი საბრძოლო სიშორე მოიპოვოს, ქვეყნის დასაცავი ოპერაციები ჩაატაროს და დაიბრუნოს სუვერენული ტერიტორიები, რომლებიც რუსეთს აქვს ოკუპირებული”, - განაცხადა ბრიფინგზე აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის წარმომადგენელმა გენერალმა პატრიკ რაიდერმა. 2023 წლის 3 თებერვალს ოფიციალურად გავრცელებულ ამ ინფორმაციას უკრაინაში გასული წლის ნოემბრიდან მოუთმენლად ელოდნენ. უკრაინის დამცველებს ჰაერივით სჭირდებათ ორ-სამ ასეულ კმ-მდე მფრენი მართვადი რაკეტები, რათა ოკუპირებული ტერიტორიების სიღრმეებს მისწვდნენ და ზუსტად დააზიანონ რუსი ოკუპანტების საშტაბო და ლოჯისტიკური ინფრასტრუქტურა, რაც მძიმე პრობლემებს გაუჩენს რუსეთის არმიას ფრონტის ხაზის სხვადასხვა უბანზეც”, - წერს გზეთი “კვირის პალიტრა” სტატიაში, სათაურით “ბოინგის” “უცნაურ” ბომბრაკეტას უკრაინელებს რუს ოკუპანტებზე გამოაცდევინებენ...

“მდინარე დნეპრის მარჯვენა სანაპიროს მიმდგარი უკრაინის არმია 300 კმ-მდე მფრენი ATACMS-ის რაკეტებით (რომლებიც სტარტს იღებენ “ჰაიმარსის” დანადგარებიდან) ბერისლავიდან (ნოვაია კახოვკასთან) ყირიმის ხიდამდეც მისწვდება და მთლიანად დაფარავს ანექსირებული ყირიმის ნახევარკუნძულის ნებისმიერ წერტილს, ხოლო კრამატორსკის მიდამოებიდან გაშვებისას კი ლუგანსკისა და დონეცკის ოლქების ოკუპირებულ ტერიტორიებსაც “გამოთოფავს”... მიუხედავად არაერთი თხოვნისა (არა მარტო უკრაინის ხელისუფლების, არამედ თავად ამერიკელი კონგრესმენებისაც), პრეზიდენტი ბაიდენი, როგორც ჩანს, შეიკავებს თავს 300 კმ-მდე მფრენი ბალისტიკური რაკეტების გადაცემისგან იმ საფრთხის გათვალისწინებით, რომ უკრაინის ქალაქებზე მორიგი რუსული დაუნდობელი სარაკეტო დარტყმებით შურისძიების მიზნით უკრაინელმა სამხედროებმა საზღვრიდან 300 კმ-ში მდებარე რუსული ქალაქები: სმოლენსკი, ბრიანსკი, კალუგა, ორიოლი, კურსკი, ლიპეცკი, ვორონეჟი, ბელგოროდი ან დონის როსტოვი არ დაბომბონ ATACMS-ის ტონანახევრიანი ზეზუსტი ბალისტიკური რაკეტებით და პასუხის პასუხად კრემლიდან ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენება არ იქცეს”, - აღნიშნავს გამოცემა.

“აი, ასეთ სიტუაციაში საქვეყნოდ ცნობილი ამერიკული ავიაკოსმოსური კონცერნი “ბოინგი” თეთრ სახლს ძალზე საინტერესო გამოსავალს სთავაზობს, რითაც არც მწვადი დაიწვება და არც შამფური - ანუ მართალია, უკრაინელებს ექნებათ შორსმოქმედი ზუსტი იარაღი, მაგრამ ზემოჩამოთვლილ ბევრ რუსულ ქალაქს მაინც ვერ მისწვდებიან. ეს არის ამერიკული “ბოინგისა” და შვედური “სააბის” ერთობლივი არაორდინარული შეიარაღების სახეობა, რომლის ანალოგები მსოფლიოში, მგონი, არც არსებობს. თავად განსაჯეთ - წარმოიდგინეთ საავიაციო ბომბი, რომელსაც ბომბდამშენი თვითმფრინავი კი არ აგდებს, არამედ... "ჰაიმარსის" რაკეტა მიწიდან უშვებს და 130 კგ-იანი ბომბი 150 კმ-მდე მიფრინავს (პლანირებს) და უძრავ მიზანს ერთი-ორი მეტრის სიზუსტით ხვდება”, - განაგრძობს გამოცემა.

“საქმე ის არის, რომ “ჰაიმარსიდან” 45, 84, 150 და 300 კმ-ზე მფრენი სხვადასხვა კალიბრის მართვადი რაკეტების გაშვება შეიძლება, მაგრამ თითოეული ასეთი რაკეტა ძალიან ძვირად ფასობს, ამერიკელმა და შვედმა ინჟინრებმა კი საინტერესო გამოსავალს მიაგნეს - აიღეს "ჰაიმარსის" 227 მმ კალიბრის რაკეტის სამარშო-სარაკეტო ძრავა, მასზე დაამაგრეს პლანირებადი საავიაციო ბომბი GBU-39 და ასეთ სიმბიოზს უწოდეს GLSDB - ხმელეთიდან გასაშვები მცირე დიამეტრის ბომბი. რაკეტის ძრავისა და საავიაციო ბომბის “ნაჯვარი” სტარტს იღებს “ჰაიმარსის” დანადგარიდან, განსაზღვრული სიმაღლის მიღწევის შემდეგ 130 კგ-იანი ბომბი შორდება სარაკეტო ძრავას, ხსნის ორიგინალური კონსტრუქციის ფრთებს და იწყებს პლანირებას უძრავი მიზნისკენ, საითაც გზას GPS-ის დახმარებით მიიკვლევს. არსებობს ამ ბომბის გაუმჯობესებული ვარიანტებიც, რომლებიც აღჭურვილნი არიან ინფრაწითელი და აქტიური რადიოლოკაციური დამიზნების სისტემებითაც, რაც მოძრავი სამიზნის დიდი სიზუსტით დაზიანების საშუალებასაც იძლევა”, - დასძენს გამოცემა.

“ამ პლანირებადი საავიაციო ბომბის ჩვეულებრივი ვარიანტი კი, რომელიც დიდი რაოდენობით დამზადდა, მხოლოდ 40 ათას დოლარამდე ღირს, რაც ბევრად იაფია 150 კმ-ზე მფრენ “ჰაიმარსის” ER GMLRS-ის ტიპის თანამედროვე რაკეტაზე, რომლის ფასი 168 ათას დოლარს აღწევს, ხოლო 300 კმ ფრენის რადიუსის მქონე ოპერატიულ-ტაქტიკური მართვადი აერობალისტიკური რაკეტის ATACMS-ის ფასი კი ერთ მილიონ დოლარს აჭარბებს. GLSDB-ის კიდევ ერთი ძალზე მნიშვნელოვანი უპირატესობაა ის, რასაც “ჰაიმარსის” ყველაზე “ჭკვიანი” რაკეტაც ვერ შეძლებს - თუკი მოწინააღმდეგის პოზიცია მთის უკანა კალთაზეა, მისი დაზიანება რაკეტით ურთულესია, რადგან რაკეტის ფრენის ტრაექტორია ასე მკვეთრად ვერ შეიცვლება მთის წვერის გადაფრენის შემდეგ, GLSDB-ისთვის კი ეს პრობლემა არ არის, რადგან სარაკეტო ძრავას მოცილებული საავიაციო ბომბი პლანირებას იწყებს, შეუძლია მკვეთრი მანევრის შემდეგ გამობრუნდეს და მთის კალთაზე შეფარებულ მოწინააღმდეგეს ზურგის მხრიდან (საიდანაც არავინ ელოდება) დაეცეს”, - - წერს სტატიის ავტორი.

“PS. რუსეთთან უთანასწორო ომში მებრძოლი უკრაინელებისთვის ამ სასიამოვნო ინფორმაციაში მაინც არის ერთი დიდი მინუსი - “ბოინგი” მხოლოდ პენტაგონისგან შეკვეთის მიღების შემდეგ დაიწყებს უკრაინისთვის გადასაცემი GLSDB-ის დამზადებას, რასაც შეიძლება ცხრა თვეც დასჭირდეს და მხოლოდ ამ წლის ბოლოს მოესწროს, რაც შეიძლება ძალიან დაგვიანებულიც კი იყოს. მეორე მხრივ, ამერიკელები და ევროპელებიც ბოლო დროს სპეციალურად არასწორ ვადებსა და რაოდენობას ასახელებენ იმ სამხედრო დახმარების პარტიების შესახებ, რომელთა გადაცემას უკრაინის არმიისთვის აპირებენ, რითაც ცდილობენ დააბნიონ რუსეთის საგარეო და სამხედრო დაზვერვის აგენტები და ანალიტიკოსები”, - დასძენს სტატიის ავტორი, სამხედრო ექსპერტი ირაკლი ალადაშვილი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა