შალვა პაპუაშვილი - ცხადი აქსიომაა, რომ სუსტი „ნაციონალური მოძრაობა“ ნიშნავს ძლიერ ქართულ დემოკრატიას და რაც უფრო დასუსტდება „ნაციონალური მოძრაობა“, ეს ქართულ დემოკრატიას წაადგება

ცხადი აქსიომაა, რომ სუსტი „ნაციონალური მოძრაობა“ ნიშნავს ძლიერ ქართულ დემოკრატიას და რაც უფრო დასუსტდება „ნაციონალური მოძრაობა“, ეს ქართულ დემოკრატიას წაადგება, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, როგორც კი „ნაციონალურ მოძრაობას“ სახელისუფლებო ბერკეტი მიეცემა, ზუსტად იმავე ტიპის რეჟიმს მივიღებთ, რაც 2012 წლამდე იყო.

„პრობლემა არის არა „ნაციონალური მოძრაობის“ ხელმძღვანელობაში, არამედ პრობლემა არის „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურ ფილოსოფიაში და ამას, როგორც ჩანს არაფერი ეშველება. ერთადერთი, რაც ამ საქმიდან შეიძლება გამოვიდეს, ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ დასუსტება და ვფიქრობ, უკვე ცხადი აქსიომაა, რომ სუსტი „ნაციონალური მოძრაობა“ ნიშნავს ძლიერ ქართულ დემოკრატიას და რაც უფრო დასუსტდება „ნაციონალური მოძრაობა“, ეს წაადგება ქართულ დემოკრატიას.

ის პოლიტიკური ფილოსოფია რაზეც დგას ეს პოლიტიკური ძალა - ეს არის ძალადობა, მუქარა, ადამიანის ღირსების შელახვა, ინდივიდების ჩაგვრა. ჩვენ რასაც ვაკვირდებით, ოპოზიციაში ბოლო 10 წელია არაფერი არ შეცვლილა საერთოდ, ერთადერთი რაც შეიცვალა - მათ არ აქვთ სახელისუფლებო ბერკეტი, რომ მუქარა მოიყვანონ მოქმედებაში. როგორც კი მათ მიეცემათ სახელისუფლებო ბერკეტი, ზუსტად იმავე ტიპის რეჟიმს მივიღებთ, რაც გვქონდა 2012 წლამდე და სწორედ ასეთი განცხადებები, შიდა პარტიული ბრძოლები სწორედ ამას აჩვენებს, რომ არაფერი არ შეცვლილა, ვინაიდან, ის პოლიტიკური ფილოსოფია, რაზეც დგას ეს პარტია, არის ძალადობის ფილოსოფია“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარე ასევე გამოეხმაურა ოპოზიციური პარტიების გაერთიანების საკითხს და აღნიშნა, რომ ძალაუფლების დაბრუნებას 10 წელია სხვადასხვა გადაჯგუფებით ცდილობენ.

„როდესაც საუბარია ეროვნულ მოძრაობაზე და შენების გადადებაზე, გადადებული ეროვნული მოძრაობა თავისთავად აჩვენებს უკვე, რომ ჩვენ საქმე გვაქვს არა რაიმე იდეებთან, არამედ პოლიტიკურ პროექტებთან, რომელიც სხვადასხვა დროს სხვადასხვა სახით ხორციელდებოდა. ასეთი ტიპის გაერთიანება, რასაც ცხადად ვხედავთ ხოლმე, არ არის პირველი. სინამდვილე ის არის, რომ ცალკე სამი პარტიის გაერთიანება და ცალკე „ნაციონალური მოძრაობა“ არ არსებობს, ეს არის ერთი ჯგუფი, მათ შორის, ადამიანებიც „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი ლიდერები არიან. შესაბამისად, ეს არის ერთი ჯგუფი - „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი პოლიტიკური ფილოსოფია დაფუძნებულია ძალადობაზე. ისინი ხან ერთ ჯგუფად იკვრებიან და ისე უტევენ ქართულ საზოგადოებას და ხან ნაწილდებიან და ფლანგებიდან უტევენ ქართულ საზოგადოებას. ერთი რამე არის ფაქტი - 10 წელია სხვადასხვა გადაჯგუფებით ცდილობენ, რომ დაიბრუნონ ძალაუფლება და ყოველ ჯერზე ქართული საზოგადოება ეუბნებათ, რომ მათი ადგილი ხელისუფლებაში არ არის“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

გიორგი გობრონიძე - ხელისუფლება საზოგადოებასთან ბოლომდე გულწრფელი არ არის
ქართული პრესის მიმოხილვა 22.07.2024
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო