ელენე ხოშტარია მიხეილ სააკაშვილს მხარდაჭერას უცხადებს და მზაობას გამოთქვამს, მიიღოს მონაწილეობა ყველა აქტივობაში, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ გეგმავს

მხარდაჭერა მიხეილ სააკაშვილს და მზაობა ჩვენი მხრიდან, რომ მივიღოთ მონაწილეობა მის გადარჩენაში, - ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ ბრიფინგზე განაცხადა.

ელენე ხოშტარიას თქმით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საკითხი „ნაციონალური მოძრაობის“ ჩარჩოებს ცდება.

„ადამიანს, რომელიც ყველა საერთაშორისო ექსპერტის, ყველა კეთილსინდისიერი ექიმის დასკვნით სასწრაფოდ საჭიროებს მკურნალობას საზღვარგარეთ, პრაქტიკულად გამოიტანეს სასიკვდილო განაჩენი. მიიღეს სასტიკი გადაწყვეტილება, რომელიც ეხება არა მხოლოდ მიხეილ სააკაშვილს, არამედ არის მთელი ქვეყნის პრობლემა. წარმოუდგენელია, რომ ჩვენს თვალწინ ადამიანის ღირსების და ჯანმრთელობის შელახვა ხდება ასეთი თავხედური ფორმით, ამ პროცესს არანაირი საერთო არ ჰქონია არანაირ ეტაპზე სამართალთან, მორალთან, სიმართლის დადგენასთან. ეს არის ღია შურისძიება და ჩვენს თვალწინ ადამიანის გათელვა. ეს ადამიანი არის საქართველოს მესამე პრეზიდენტი. მე არ ვიცი ვინ აღიქვამს დღეს ამას და ვინ არა, მაგრამ ეს არის ძალიან მძიმე საქართველოს ყველა მოქალაქისთვის.

რა თქმა უნდა, ეს საკითხი ცდება მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ ჩარჩოებს. მე პირველ რიგში მინდა ბატონ მიხეილს მივმართო ციხეში და ვუთხრა, რომ მან არ უნდა იგრძნოს თავი მარტო და ის არ იმსახურებს ამ მოქცევას საქართველოს მოქალაქეებისგან, საქართველოს სახელმწიფოსგან და მინდა, რომ მან მიიღოს ჩემი პირადი და ჩემი გუნდის მხარდაჭერა.

რა თქმა უნდა, ჩვენ მზად ვართ, რომ მივიღოთ მონაწილეობა იმ აქტივობებში, რაც არის აუცილებელი, ვთავაზობ თანამშრომლობას, კონსულტაციებს იმისთვის, რომ კოორდინირებულად, მკაფიოდ, გონივრულად ვიმუშაოთ ქვეყნის შიგნით, ეს იქნება პროტესტი, აქციები და ქვეყნის გარეთ იმისთვის, რომ გადავარჩინოთ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

მისივე თქმით, გავიდა დრო, როდესაც სალომე ზურაბიშვილს შეეძლო გაეგრძელებინა დუმილი და დღეს მან გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, ან ხელი მოაწეროს განაჩენს ან გადაარჩინოს მიხეილ სააკაშვილი.

„ძალიან მკაფიოდ შეიძლება ითქვას, რომ გავიდა დრო, როდესაც სალომე ზურაბიშვილს შეუძლია გააგრძელოს დუმილი. მე არ ვიცი ვის რისი იმედი აქვს, მაგრამ ზუსტად ვიცი, ვის რისი პასუხისმგებლობა აქვს და დღეს სალომე ზურაბიშვილის პასუხისმგებლობა არის ძალიან მაღალი. მან უნდა გააკეთოს არჩევანი და საბოლოო ჯამში მიიღოს გადაწყვეტილება, ან აიღოს პასუხისმგებლობა, რომ ისიც აწერს ამ განაჩენს ხელს ან გადაარჩინოს ადამიანის სიცოცხლე და მათ შორის ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

თენგიზ ფხალაძე - ტრამპის პრეზიდენტობა მრავალ გამოწვევასთან და ცვლილებასთან იქნება დაკავშირებული, მათ შორის ჩვენს რეგიონში
ქართული პრესის მიმოხილვა 20.01.2025
„არქის“ დამფუძნებელმა ილია წულაიამ ცინცაძეების უსახლკარო, მრავალშვილიან ოჯახს საჩუქრად სახლი გადასცა
„ვისოლ ჯგუფი“ ორთაჭალაში, საცხოვრებელი კორპუსის აფეთქების შედეგად დაზარალებულ დევნილთა ოჯახებს 100 000 ლარით დაეხმარება
„საქკაბელი“ პორტფელს „Schneider Electric“-ის პრემიუმ ხაზით - „Merten D-Life“-ით აფართოებს