ნიკა სიმონიშვილი - ჟურნალისტებისთვის პარლამენტში ქცევის ახალი ნორმების ამოქმედება მედიის საქმიანობისა და თავისუფლების გამოხატვის გაუმართლებელ შეზღუდვას ემსახურება

“ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” ყოფილი თავმჯდომარის, ნიკა სიმონიშვილის განცხადებით, პარლამენტში აკრედიტებული ჟურნალისტებისთვის ქცევის ახალი ნორმების ამოქმედება მედიის საქმიანობისა და თავისუფლების გამოხატვის გაუმართლებელ შეზღუდვას ემსახურება.

როგორც „ინტერპრენიუსთან“ საუბარში სიმონიშვილი განმარტავს, ამოქმედებულ ნორმებზე საუბრისას გასათვალისწინებელია, თუ რა კონტექსტის საფუძველზე მიიღეს ახალი წესები.

შალვა პაპუაშვილმა ისაუბრა, რომ ევროპაში აპრობირებული პრაქტიკაა, როცა ჟურნალისტები შესაბამის საკანონმდებლო ორგანოში გარკვეულ წესებს ემორჩილებიან. რა თქმა უნდა, ეს ასეა, თუმცა, ეს ნორმები, კონსტიტუციის დანაწესებთან შესაბამისი უნდა იყოს. ასევე, როცა ჩვენ ვსაუბრობთ, რომ ეს ევროპულ საუკეთესო პრაქტიკას ეფუძნება, რა თქმა უნდა, უნდა ვისაუბროთ იმაზეც, როგორი პოლიტიკური კულტურაა ევროპაში და ჩვენთან - როგორი. ჩვენთან ვხედავთ, რომ პოლიტიკოსების დიდი ნაწილი მედიის გარკვეულ ნაწილთან კონტაქტობს, კრიტიკული მედიის წარმომადგენლებთან კი კომუნიკაცია არ აქვთ, არ დადიან კრიტიკული მედიის გადაცემებში, ერთგვარად, პოლარიზებული სიტუაცია გვაქვს ხოლმე, ამ შემთხვევაში, მედიის ამ წარმომადგენლებს ერთადერთი საშუალება იმისა, რომ კითხვა დასვან და ხელისუფლების წარმომადგენლებისგან პასუხები მოისმინონ, მხოლოდ და მხოლოდ საჯარო და ღია სივრცეებია. როცა ვსაუბრობთ, რომ ევროპულ საუკეთესო პრაქტიკას ეფუძნება ეს, ევროპაში იმის პრობლემა, რომ გარკვეული პოლიტიკური ძალის წარმომადგენელი რომელიმე მედიასთან არ დადიოდეს, დებატებში მონაწილეობას არ იღებდეს, არ არის. როცა ჩვენი და ევროპული კონტექსტის შედარება ხდება, ესეც უნდა შევადაროთ. იგივე არის ოპოზიციის გარკვეულ ნაწილთან მიმართებით, როცა ისინი ხელისუფლებასთან დაახლოებული მედიის გადაცემებში არ იღებენ მონაწილეობას, ან ამ მედიის წარმომადგენლები ამ პოლიტიკოსებს არ იწვევენ. ამიტომ, მედიისა პოლიტიკოსების გარკვეული ნაწილი ერთმანეთთან გაუცხოებულები არიან და პოლარიზაციის ელემენტებია შემოსული.

ვიდრე უშუალოდ მიღებულ წესებზე ვისაუბრებთ, მნიშვნელოვანია ვთქვათ, ეს გადაწყვეტილება როგორ მიიღეს. სამწუხაროდ, პირველი შემთხვევა არაა, როცა ხელისუფლება ყოველგვარი წინასწარი კონსულტაციების გარეშე იღებს გადაწყვეტილებას. პრობლემურია, როცა ხელისუფლება მედიის შემზღუდავ ნორმებს ყოველგვარი კონსულტაციების გარეშე იღებს“, - განაცხადა სიმონიშვილმა.

ამასთან, სიმონიშვილმა განმარტა, კონკრეტულად რა სამართლებრივი პრობლემები აქვს ახალ ნორმებს.

„ზოგადად, აკრედიტაციის ფორმები საკანონმდებლო ორგანოებში მიღებულია, თუმცა, ამ ყველაფერმა არ უნდა შეზღუდოს გამოხატვის თავისუფლება არაკონსტიტუციურ ფარგლებში. როცა საუბარია იმაზე, რომ „პარლამენტის წევრის, აპარატის თანამშრომლის, ან პარლამენტში სტუმრად მყოფი პირის მიერ ინტერვიუს ჩაწერაზე უარის თქმის შემთხვევაში, ჟურნალისტმა უნდა შეწყვიტოს ინტერვიუ“, რა თქმა უნდა, ეს ნაწილი ერთ-ერთი ყველაზე პრობლემურია. ეს პირდაპირ არის უხეში და გაუმართლებელი ჩარევა ჟურნალისტურ საქმიანობაში. რესპონდენტი არ უნდა წყვეტდეს, როგორი იქნება ინტერვიუს შინაარსი, არამედ, ეს ყველაფერი მედიასაშუალების მხრიდან უნდა წყდებოდეს. ეს პირდაპირ არის გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევის გაუმართლებელი შემთხვევა და მითითება იმაზე, რომ ინტერვიუ შეწყდეს, არასწორია. ჩვენ პრაქტიკული შემთხვევებიც შეგვიძლია გავიხსენოთ, როცა პარლამენტის წევრები იმ მომენტში, როცა არ სურთ გადაღება, ისინი მაგალითად, არაეთიკურად იქცევიან, ან ამბობენ ისეთ ფრაზებს, რომელიც რა თქმა უნდა, არაეთიკურია. გვინახავს, როცა ერთგვარად ფსიქოლოგიური ძალადობის შემთხვევებსაც ჰქონია ადგილი, როცა უხეში ფორმებით მიუმართავთ ქალი ჟურნალისტებისთვის. დეპუტატის მითითება, შეწყვიტოს ინტერვიუ, შეზღუდავს მედიის მუშაობას იმ თვალსაზრისით, რომ საზოგადოებისთვის ინტერესის მქონე საკითხებთან მიმართებით ჟურნალისტმა ვერ შეძლოს ინფორმაციის მოპოვება და საზოგადოებისთვის გადაცემა. შესაძლოა, დეპუტატის მოთხოვნის შემდეგ ინტერვიუ შეწყდეს და ამის შემდეგ, მან თქვას რაღაც ისეთი, რაც რეალურად საზოგადოების ინტერესის ქვეშ იყოს, თუნდაც მისი არაეთიკური ქცევა. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, როგორ იქცევიან ჩვენი დეპუტატები, რამდენად ეთიკურები არიან, რადგან 4 წელიწადში ერთხელ, სწორედ ამის გათვალისწინებითაც ვიღებთ გადაწყვეტილებას. ეს წესი პირდაპირ გაუმართლებლად ზღუდავს ჟურნალისტის უფლებას, მოიპოვოს და გაავრცელოს კონკრეტული ინფორმაცია.

რაც შეეხება წესს, რომ ჟურნალისტმა „დეპუტატის დოკუმენტი, ან მობილური ტელეფონის ეკრანი არ გადაიღოს“, ეს ერთიან სურათში არ უნდა დავინახოთ. დიფერენცირება უნდა გავაკეთოთ, რა შინაარსის გადაცემა სურს ჟურნალისტს კონკრეტული კადრის გადაღებით. თუ მაგალითად, ჟურნალისტი იღებს პირადი ხასიათის მიმოწერას, რაც საჯარო ინტერესის ქვეშ არ ექცევა, ამაზე შეზღუდვის დაწესებას თავისი ლეგიტიმური ახსნა აქვს, თუმცა გვინახავს კადრები, სამუშაო პროცესში დეპუტატები როგორ არიან არასაქმიანად დაკავებული, როგორ ერთობიან მობილური ტელეფონით... მაგალითად, მე მაინტერესებს, კონკრეტული დეპუტატები საქმიანად იქცევიან თუ არა სხდომათა დარბაზში. ასეთი კადრების აკრძალვა არასწორია.

ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს წესები მოემსახურება მედიის გაუმართლებელ შეზღუდვას და ამ ნორმებში ჩადებული შინაარსის მნიშვნელოვანი ნაწილი სამართლებრივი თვალსაზრისით პრობლემურია და გაუმართლებლად ზღუდავს მედიის საქმიანობას, გამოხატვის თავისუფლებას, რომ მედიამ მოიპოვოს და გაავრცელოს, ის ინფორმაცია, რომელიც საზოგადოებრივი ინტერესის ქვეშ ექცევა“, - განაცხადა სიმონიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტში აკრედიტებული ჟურნალისტებისათვის ქცევის წესები წესდება. ქცევის წესებს საპარლამენტო ჟურნალისტებისათვის პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საკუთარი ბრძანებით აწესებს.

ამავე ბრძანების საფუძველზე, ჟურნალისტებისათვის საპარლამენტო აკრედიტაციები კვლავ გაიცემა, რაც 2020 წლის მოწვევის პარლამენტში შეჩერებულია.

პარლამენტში აკრედიტებული ჟურნალისტური საქმიანობის ქცევის წესების მიხედვით, ჟურნალისტმა ხელი არ უნდა შეუშალოს პარლამენტში მიმდინარე ღონისძიებების მსვლელობას; წინასწარი ნებართვის გარეშე არ გადაიღოს პარლამენტის წევრის ან აპარატის თანამშრომლის სამუშაო ოთახი; პარლამენტის წევრის, აპარატის თანამშრომლის ან პარლამენტში სტუმრად მყოფი პირის მიერ ინტერვიუს ჩაწერაზე უარის თქმის შემთხვევაში, ინტერვიუ შეწყვიტოს; პარლამენტის წევრის, აპარატის თანამშრომლის ან პარლამენტში სტუმრად მყოფი პირის თანხმობის გარეშე არ გადაიღოს მისი დოკუმენტები, ტელეფონის ან სხვა ელექტრონული მოწყობილობის ეკრანი ისე, რომ მასზე გამოსახული ინფორმაციის აღქმა შესაძლებელი იყოს; არ დაუშვას მისი მხრიდან პარლამენტში მყოფი პირისადმი უხამსი, სექსისტური, დისკრიმინაციული მიმართვა ან მოქმედება; დაემორჩილოს სახელმწიფო დაცვის სამსახურის და მანდატურის მითითებებს; სააკრედიტაციო მასალა ატაროს გამოსაჩენ ადგილას და არ გადასცეს სხვა პირს.

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ინფორმაციით, აღნიშნულ რეჟიმზე გადასვა 1-ელი მარტიდან მოხდება.

რობინ ვაგენერი - „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან ერთად ევროკავშირში გაწევრიანება აღარ იქნება - ამის შანსი არ არის
ქართული პრესის მიმოხილვა 11.07.2024
ვახტანგ ძაბირაძე - თუ  ყველაფერი ასე გაგრძელდა, თან ამას დაემატა დასავლეთის მიერ არჩევნების შედეგების არ აღიარება, დასავლეთის საქართველოსთან პარტნიორობა დასრულდება და დასრულდება ყველა მიმართულებით
ფლორენს ბაუერი - დემოგრაფიულ ცვლილებასთან გამკლავების საუკეთესო გზა არის ისეთი პირობების შექმნა, რომელიც ადამიანებს საკუთარი მომავლისა და ოჯახის მიმართ მტკიცე რწმენას გაუჩენს
უპრეცედენტო პირობები Renault Captur-ის ახალი ავტომობილის შეძენისას
თიბისი სტარტაპერებისთვის ახალ კამპანიას იწყებს
ბაზისბანკი სვანეთის IV საერთაშორისო კინოფესტივალის ოფიციალური სპონსორია