ქართული პრესის მიმოხილვა 08.02.2023

"ქუჩის ომის“ არც ისე შთამბეჭდავი დასაწყისი - რატომ არ გამოდის ხალხი ქუჩაში

უკრაინის პირველი „ლეოპარდები“ - როდის გამოჩნდება დასავლური მძიმე შეიარაღება ბრძოლის ველზე

***

"ქუჩის ომის“ არც ისე შთამბეჭდავი დასაწყისი - რატომ არ გამოდის ხალხი ქუჩაში

"სამშაბათს მთავრობის კანცელარიასთან ენმ-ის ორგანიზებულ აქციაზე რამდენიმე ასეულმა ადამიანმა მოიყარა თავი. ანალიტიკოსების შეფასებით, ეს კიდევ უფრო აძლიერებს ეჭვს პერმანენტული საპროტესტო აქციების უპერსპექტივობის შესახებ. თუმცა, მეორეს მხრივ, პარტიის ახალი თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი საკუთარი დაპირების ტყვეა, რადგანაც მისი მთავარი წინასაარჩევნო ლოზუნგი ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პატიმრობიდან დასახსნელად აქტიურ მოქმედებებზე გადასვლა იყო”, - წერს გაზეთი „რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, "ქუჩის ომის“ არც ისე შთამბეჭდავი დასაწყისი - რატომ არ გამოდის ხალხი ქუჩაში

„როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ 7 თებერვლის აქციაზე განაცხადა, ოთხშაბათიდან პროტესტი იქნება ყველგან, მათ შორის დედაქალაქში, ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის სახლთან, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის სახლთან, იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძესთან და ეს გაგრძლედება მანამდე, სანამ ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანის შესაძლებლობა არ მიეცემა. პარტიის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ჩალაძე კი აცხადებს, რომ საპროტესტო ატივობების გრაფიკი ხალხის მოთხოვნის შესაბამისად უნდა შედგეს და თუ ხალხში არ იქნება მოთხოვნა, აქციები არ ჩატარდება. კითხვაზე, იგეგმება თუ არა სამომავლოდ მასშტაბური აქციები, ჩალაძე პასუხობს: „იმედი მაქვს ამის საჭიროება არ გახდება და გვეყოფა ისეთი შეკრებები, რომელიც იმართება. ჩვენი მიზანია მოკლე დროში შედეგის მიღწევა“, - აღნიშნა ჩალაძემ, - აღნიშნავს გამოცემა.

„რაც შეეხება ოპოზიციის სხვა წარმომადგენლებს, მთავრობის ადმინისტრაციასთან აქციაზე მხოლოდ თაკო ჩარკვიანი და „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრები იმყოფებდონენ. ლევან ხაბეიშვილი აქციაზე სიტყვით არ გამსულა, ტრიბუნა მხოლოდ ენმ-ის სხვა წვერებმა დაიკავეს. ისინი ხალხს ქუჩაში გამოსვლისკენ და საპორტესტო აქციებში მონაწილეობისკენ მოუწოდებდნენ. აქცია სულ საათ ნახევარი გაგრძელდა და მშვიდობიანად დასრულდა. დღის მეორე ნახევარში კი ენმ-ის ოფისში გამართულ ბრიფინგზე ხაბეიშვილმა საპროტესტო აქტივობების უფრო დეტალური გეგმა გამოაცხადა. „გთავაზობთ გეგმას: ხვალ, 17:00 საათზე, იუსტიციის სამინისტროსთან იქნება პროტესტი. დედაქალაქში მცხოვრებ ჩვენს მოქალაქეებს მოგიწოდებთ, დააფიქსიროთ პროტესტი. „ასევე, 9 თებერვლიდან, ხელვაჩაურში, სიღნაღში, მარნეულში, ზესტაფონში და ბორჯომში - 13:00 საათზე, პარალელურ რეჟიმში, ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან, ვგულისხმობ მერიას და გამგეობას, გაიმართება სოლიდარობის აქციები. ადგილზე ვიქნებით პოლიტიკური ლიდერებიც, მოემზადონ ადგილობრივი კორუმპირებულები და იცოდნენ კარგად, რომ მათ მოსვენება არ ექნებათ. „ასევე, 10 თებერვალს, ქობულეთში, მარტვილში, სამტრედიაში, საგარეჯოში და ხაშურში - 13:00 საათზე გაიმართება საპროტესტო აქციები.

„შაბათს, 11 თებერვალს, 15:00 საათზე, გელოდებით ბიძინა ივანიშვილის სახლთან შეკვეთილში. ბატონო ბიძინა, თქვენც, ირაკლი ღარიბაშვილიც, რატი ბრეგაძეც, სხვადასხვა მაღალი თანამდებობის პირები, ვინც ამაგრებენ რუს ოლიგარქიულ რეჟიმს, მოემზადეთ, ბრძოლა იქნება უკომპრომისო“, - განაცხადა ხაბეიშვილმა”, - განაგრძობს გამოცემა.

„ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ არჩეული ბრძოლის მეთოდი უკვე არაერთხელ არის გამოყენებული და არ გაამართლა. მისივე თქმით, სახლებთან მივარდნა, სირცხვილის კორიდორები და ა.შ. ორი წლის წინ ენმ-მ არაერთხელ სცადა, მაგრამ ამ ყველაფრიდან შედეგი ვერ მიიღო. ამიტომ მისთვის გაუგებარია, ამხელა პარტიაში რატომ არ იძებნება ადამიანი, ვინც იტყვის, რომ მცდარ გზას ადგანან და რადიკალიზმი მათივე ამომრჩეველსაც კი აფრთხობს. „თავიდანვე შეცდომა ის იყო, რომ ენმ-ის წევრები და სააკაშვილის გარემოცვა იმუქრებოდნენ, თუკი სასამართლოზე სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადება არ მოხდებოდა, მაშინ ხელისუფლება ქუჩაში ომს მიიღებდა. მიუხედავად ამისა, სასამართლოს ეზოში ხალხის რა რაოდენობაც მივიდა, მათაც უკვე არ უნდა ჰქონოდათ მოლოდნი, რომ ამ აქციაზე ბევრი ხალხი მივიდოდა. სამწუხაროდ, ასეც მოხდა და მთავრობის სასახლესთან მხოლოდ რამდენიმე ასეული კაცი იდგა. „ახლა რაც შეეხება დაგეგმილ აქციებს. მე ერთი რამ მაკვირვებს - შესაძლოა 30 წლის წინ რაც ხდებოდა, ის ახალგაზრდა პოლიტიკოსმა არ იცოდე, მაგრამ 2 წლის წინ რაც მოხდა და მოვლენები როგორც განვითარდა, ხომ კარგად იციან. პროტესტის ყველა ფორმა აქვთ ნაცადი, მათ შორის პარლამენტის ბოიკოტი, საპროტესტო აქციები, გზების გადაკეტვა, მთავრობის მეთაურების სახლებთან მივარდნა. ივანიშვილის სახლთანაც მივიდნენ. თანაც ამაზე უფრო მეტი ხალხი გამოდიოდა. და შედეგი რა მიიღეს? ნუთუ ვერავინ აკეთებს ანალიზს, რომ ხალხის დაკვეთა ეს არ არის? ნუთუ არავინ სვამს კითხვას - ხალხი რატომ არ გამოდის ქუჩაში? „ეს არის მცდარი გზა, რომლითაც ხელისუფლებას კიდევ უფრო აძლიერებენ. ხალხი არ არის ქუჩის, გადატრიალების, რევოლუციისა და რადიკალიზმის მომხრე. „ნაციონალების“ ამომრჩეველსაც კი აღარ სურს ეს. ბევრი პრობლემაა, რომელიც ხალხს ანაღვლებს, მაგრამ ხედავენ, რომ ოპოზიციას ეს არ ადარდებს. ამიტომაც ხალხი შორიდან უყურებს ოპოზიციის უგზო-უკვლო სირბილს, რომელიც თავად ხალხს არ ეკითხება რა უნდათ“, - ამბობს ძაბირაძე „რეზონანსთან“. მისივე თქმით, ხალხი ქუჩაში იმიტომ არ გამოდის, რომ ოპოზიციის მიმართ ნდობა არ აქვს. ხელისუფლებითაც არ არის კმაყოფილი, მაგრამ მიიჩნევს, რომ ოპოზიცია მასზე უარესია. ხალხს არ ეუბნებიან მათი არჩევის შემთხვევაში რა შეიცვლება და რით არიან „ოცნებაზე“ უკეთესები. უკრაინის ომის ფონზე კი რადიკალური განცხადებები ხალხს უფრო აფრთხობს. ფიქრობენ, რომ არეულობამ შესაძლოა ქვეყანაში ომის დაწყებას ხელი შეუწყოს. გარდა ამისა, ძაბირაძის შეფასებით, ისედაც ყველაფრით დაღლილი ხალხისთვის ოპოზიციის მხოლოდ ერთ კაცზე დარდი გამაღიზიანებელია. მითუმეტეს, რომ სააკაშვილი ქართველი ხალხის მნიშნელოვანი ნაწილისთვის უდანაშაულო არ არის და უმეტესობას არ სჯერა, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე ემურება. ამიტომ ოპოზიცია ერთი და იმავე წრეზე დადის და თვითდაზიანების რეჟიმზეა გადასული”, - დასძენს გამოცემა.

„ანალიტიკოსი რამაზ საყავრელიძე კი მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაზე ლევან ხაბეიშვილის სახით დიდი ფსონი დაიდო. ის ფიქრობს, რომ აქციების დაანონსება და ქუჩაში სირბილი მიხეილ სააკაშვილის და მისი ოჯახის მოსატყუებლად ხდება. რეალურად კი თავადაც კარგად იციან, რომ მოსახლეობა ქუჩაში გამოსვლას არ აპირებს და რადიკალიზმი აშინებთ. „საოცარია, რომ ამხელა მხარდაჭერის მქონე პარტია საკუთარი ლიდერის გამოსახსნელად მხოლოდ რამდენიმე ასეული კაცის გამოყვანას ახერხებს. ეს უკვე ნათელი იყო, რადგან არჩევნებშიც კი, სადაც მხოლოდ ინტერნეტით ხმის მიცემა იყო საჭირო, მათი მხარდამჭერების მხოლოდ 2%-მა მიიღო მონაწილეობა. ამით ბევრი რამე უკვე ნათქვამი იყო. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხალხის ის მხარდაჭერა დაკარგა, რაც თუნდაც 2 წლის წინ ჰქონდა. მითუმეტეს პარტიაში დაწყებული რყევების შემდეგ, არავის სჯერა, რომ ენმ ერთიანია და ერთად რამის გადაწყვეტას შეძლებენ. ეს კინო ხალხს უკვე ნანახი აქვს და მასზე ოპოზიციას უარი უთხრეს. „მიუხედავად ამისა, ისევ ჯიუტად იგივეს აკეთებენ. ხაბეიშვილი და მისი ფლანგი საკუთარი დაპირების ტყვეებად იქცნენ. ამიტომ იძულებული არიან დაპირისპირების ეპიცენტრი ქუჩაში გადმოიტანონ. თუმცა სიტუაციის რადიკალიზებისთვის ხალხია საჭირო. მათ კი საკუთარი ამომრჩეველიც კი აღარ მოჰყვებათ. ეს ენმ-ს კიდევ უფრო მძიმე სიტუაციაში ჩააგდებს და პარტიის დისკრედიტაცია მოხდება“, - ამბობს საყვარელიძე „რეზონანსთან“, - წერს სტატიის ავტორი.

უკრაინის პირველი „ლეოპარდები“ - როდის გამოჩნდება დასავლური მძიმე შეიარაღება ბრძოლის ველზე

„კანადის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, „ლეოპარდ 2"-ის პირველი ტანკი, რომელიც კანადამ უკრაინას ორი კვირის წინ შეჰპირდა, სამშაბათს პოლონეთში ჩავიდა. სამხედრო ანალიტიკოს ვახტანგ მაისაიას პროგნოზით, ფრონტზე „ლეოპარდების" პირველი სატანკო ბატალიონი სავარაუდოდ ერთ თვეში, მარტის შუა რიცხვებიდან გამოჩნდება”, - წერს გაზეთი „რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, უკრაინის პირველი „ლეოპარდები“ - როდის გამოჩნდება დასავლური მძიმე შეიარაღება ბრძოლის ველზე

„პირველი კანადური „ლეოპარდ 2" საბრძოლო ტანკი, რომელიც ჩვენ უკრაინას გადავეცით, ახლა პოლონეთში ჩავიდა. ჩვენს მოკავშირეებთან ერთად მალე მოვამზადებთ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ამ ტექნიკის გამოყენების მიზნით", - წერს კანადის თავდაცვის მინისტრი ანიტა ანანდი. დაახლოებით ორი კვირის წინ, 26 იანვარს ანიტა ნანიდმა განაცხადა, რომ უკრაინისათვის 4 ერთეული ტანკი „ლეოპარდის" გადაცემით შეუერთდება აშშ-ს, გერმანიასა და სხვა ქვეყნებს, რომლებმაც გადაწყვიტეს მძიმე ტექნიკა გადასცენ კიევს რუსეთის საოკუპაციო ძალებთან საბრძოლველად. როგორც ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" აცხადებს, კანადიდან მიწოდებული „ლეოპარდების" პოლონეთში გამოჩენა მიგვითითებს იმაზე, რომ უშუალოდ ფრონტზე „ლეოპარდების" პირველი სატანკო ბატალიონი შესაძლოა მარტის შუა რიცხვებიდან გამოჩნდეს”, - აღნიშნავს გამოცემა.

„ლეოპარდები" საბრძოლო მოქმედებებში, ჩემი გათვლით, სავარაუდოდ, ერთ თვეში ჩაერთვებიან, მარტის შუა რიცხვებიდან უნდა ველოდოთ. მანამდე ალბათ საბრძოლო ეკიპაჟებს მოაწყობენ, საბრძოლო თანწყობის პირობებს შექმნიან. ეს კი გარკვეულ დროს მოითხოვს. „უკრაინელებს ეს ტანკები შეტევითი ოპერაციებისთის სჭირდებათ, ამ ეტაპზე კი ჯერჯერობით თავდაცვის ბრძოლებს აწარმოებენ. მარტში, როცა მობილიზირებული ძალებიც უკვე მზად იქნებიან და ახალი ქვედანაყოფები შეიქმნება, რომლებიც შესაბამის ოპერატიულ-ტაქტიკურ და ოპერატიულ-სტრატეგიულ შენაერთებში გაერთიანდებიან, ამით საშუალება მიეცემათ, რომ შეტევაზე გადავიდნენ. „რუსები დაახლოებით ორი კვირის წინ წერდნენ, ნიკოლაევთან ორი „ლეოპარდი" გამოჩნდაო. შესაძლოა მართლაც იყო, მაგრამ ჯერ საბრძოლო მოქმედებებში ჩართულები არ არიან. ეს ტერიტორია უკრაინის ოპერატიული ზურგია და როგორც ჩანს, კარგადაა დაცული და ელოდებიან, რომ როგორც კი საბრძოლო პარკი შეივსება, შეტევით ოპერაციებს დაიწყებენ. „პირველ ეტაპისთის 14 ტანკიც რომ იყოს, უკვე სატანკო ბატალიონია და ამ ეტაპოზე სავსებით ოპტიმალური ვარიანტია. სავარაუდოდ, მარტის შუა პერიოდისთვის ამ რაოდენობის ტანკები იქნება მზად ფრონტზე გასასვლელად. არც ისაა გამორიცხული, რომ ეს ტანკები პოლონეთში შეგროვდეს და მერე გადაისროლონ, რამაც შესაძლოა საბრძოლო ველზე კარდინალური ცვლილებები გამოიწვიოს. „თუმცა თუ ჰაერიდან ტანკებს დაცვა არ ექნებათ, შესაძლება მათი მოქმედება ისეთი ეფექტური არ იყოს და იმედია აშშ ავიაგამანადგურებელ „ეფ-16"-ებზე პოზიციას შეიცვლის", - განაცხადა მაისაიამ”, - წერს სტატიის ავტორი.

მირიან მირიანაშვილი - ახლა ჩვენს თვალწინ იხსნება კვანძი - საუბარი ევროპასთან ინტეგრაციაზეც არ არის, ეს პროცესის თანმდევი ნაწილია, საუბარია იმაზე, საქართველო იურიდიულად გაფორმდება თუ არა რუსეთის სატელიტად
ქართული პრესის მიმოხილვა 02.12.2024
საქართველოს ტექნოლოგიური და სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლების განცხადება - ჩვენ ვემიჯნებით და ვგმობთ „ქართული ოცნების” ანტიევროპულ ნაბიჯებს და ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეებისადმი
„ავერსში“ გრანდიოზული, 60%-იანი ფასდაკლება და ჩეკის განულება იწყება
დაიცავით თქვენი შვილი ზამთრის ინფექციებისგან: ჯანმრთელობის შენარჩუნების საიდუმლო, „ფაგიოს“ დახმარებით