ქართული პრესის მიმოხილვა 09.02.2023

“ნაცმოძრაობის” მეჩხერული აქციები გრძელდება - რატომ არ მიდის ხალხი ხაბეიშვილის დაანონსებულ საპროტესტო კვირეულზე

კადიროვი იმუქრება, რომ უკრაინის მერე პოლონეთს დაარტყამენ - ვარშავაში ეს მუქარა სერიოზულად მიიღეს

“ეროვნულ ბანკში ვითარება დაიძაბა - ცენტრალურ უწყებაში ახალი კანონპროექტი არ მოსწონთ და შეიძლება ვერც ახალი პრეზიდენტი შეირჩეს

* * *

“ნაცმოძრაობის” მეჩხერული აქციები გრძელდება - რატომ არ მიდის ხალხი ხაბეიშვილის დაანონსებულ საპროტესტო კვირეულზე

“ნაციონალური მოძრაობის” მიერ დაანონსებული მორიგი აქცია ჩავარდა ხალხის შესამჩნევი სიმეჩხრის გამო, ისევე როგორც ანალოგიური შეკრება სამშაბათს მთავრობის სასახლესთან. ხელისუფლება ამბობს, რომ სწორედ ეს არის იმის ნათელი მტკიცება, რომ ხალხს “ნაციონალური მოძრაობა” და მის მიერ დაანონსებული რევოლუციები არ აინტერესებს. პარტიაში დაპირისპირების კიდევ ერთი მიზეზი პარლამენტისთვის ბოიკოტი და მანდატების შესაძლო დატოვება გახდა. ნიკა მელია და მისი ფლანგი ამ გადაწყვეტილებას არ იზიარებს და ფიქრობენ, რომ ეს ზუსტად ხელისუფლების წისქვილზე წყლის დასხმაა. “ნაციონალურმა მოძრაობამ” პროტესტის უწყვეტი ტალღა მას შემდეგ დააანონსა, რაც თბილისის საქალაქო სასამართლომ მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებაზე შუამდგომლობა ორთვიანი განხილვის მერე საბოლოოდ მაინც არ დააკმაყოფილა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით “ნაცმოძრაობის” მეჩხერული აქციები გრძელდება - რატომ არ მიდის ხალხი ხაბეიშვილის დაანონსებულ საპროტესტო კვირეულზე.

“ნაციონალური მოძრაობის“ ახლადარჩეულმა თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე პარტიის სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით ისაუბრა. მან მომდევნო დღეებში საპროტესტო აქციები დააანონსა: 9 თებერვალი, 13:00 - აქცია ხელვაჩაურში, სიღნაღში, მარნეულში, ზესტაფონსა და ბორჯომში; 10 თებერვალი, 13:00 - აქცია ქობულეთში, მარტვილში, სამტრედიაში, საგარეჯოსა და ხაშურში; 11 თებერვალი, 15:00 - აქცია შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის სახლთან. ხაბეიშვილი მოსახლეობას აქციებში მონაწილეობისკენ მოუწოდებს და ამბობს, რომ ენმ აქციებით უახლოეს მომავალში მთელ საქართველოს მოიცავს, რისთვისაც, მისი თქმით, “საჭიროა მომზადება, ბრძოლა და მოქმედება”. კულტურის მინისტრ თეა წულუკიანის თქმით, ბოიკოტი და პროტესტი სასიკეთო შედეგს ვერ მოიტანს, რადგან ენმ-ს ხალხის მხარდაჭერა არ გააჩნია”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ბევრი ბოიკოტი, ბევრი პროტესტი გვინახავს, მათ შორის დესტრუქციული ოპოზიციისგან და რა თქმა უნდა, ჩვენ ვვარაუდობთ, რომ არც ეს ბოიკოტი მოიტანს მათთვის სასიკეთო შედეგს. ქვეყნისთვის კი დასანანია. არ დადგა ის დრო ჩვენს ცხოვრებაში, რომ პარლამენტში სახელისუფლებო უმრავლესობას და მთავრობაში ხელისუფლებას გაგვიჩნდეს კომპეტენტური ოპოზიციური შემადგენლობა იმისთვის, რომ ქვეყანა კიდევ უფრო სწრაფად წავიდეს წინ. რაიმე პროტესტმა რომ შედეგი მოიტანოს, საჭიროა ხალხის მხარდაჭერა, რაც ამ ოპოზიციას, ჩვენდა საბედნიეროდ და ქვეყნისთვის სასიკეთოდ, არ გააჩნია”, - ამბობს თეა წულუკიანი. “ნაციონალურ მოძრაობაში” არსებულ შიდა დაპირისპირებას, რომელიც პროტესტის ფორმის საკითხს უკავშირდება, მმართველი გუნდი ეხმაურება. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ „ნაცმოძრაობას“ მანდატები დასატოვებლად ენანება, ვინაიდან ეს მათთვის და კეზერაშვილისთვის დამატებით ფინანსურ შეღავათს წარმოადგენს”, - განაგრძობს გამოცემა.

“რეალურად მანდატები ენანებათ, ეს დაინახა ყველამ. მეორე, მათი ფინანსები ბუნებრივია არის შეღავათი კეზერაშვილისთვის, ისინი თუ მანდატებს დატოვებენ, ეს იქნება დამატებითი ფინანსური ტვირთი იმ ოლიგარქისთვის, რომელიც აფინანსებს დღეს “ნაცმოძრაობის” შესაბამის ფრთას. ჩვენთვის არც ასე, არც ისე არსებითი მნიშვნელობა არ აქვს თუ რა რეჟიმში იქნება “ნაცმოძრაობა”, მთავარია, რომ ისინი არიან დასუსტების რეჟიმში, ეს არის მთავარი რეჟიმი, რომელიც ახასიათებს დღეს ამ პარტიას. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მათი თავმჯდომარეა ხაბეიშვილი და ეს ძალიან კარგია”, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე ამბობს, რომ “ნაციონალურმა მოძრაობამ” სამწუხაროდ ვერაფერი ვერ ისწავლა და ერთსა და იმავე წრეზე ტრიალს აგრძელებს. იმის ანალიზსაც ვერ აკეთებენ, ქუჩაში ხალხი კი არა, მათი ამომრჩეველი მაინც რატომ არ გამოდის. ძაბირაძე მიიჩნევს, რომ მსგავსი რევოლუციების დაანონსება და მერე კომიკურ ვითარებაში თავის ჩაგდება, ყველაზე მეტად პარტიას აზიანებს, რაც ხელისუფლების პოზიცის კიდევ უფრო ამყარებს”, - დასძენს გამოცემა.

“ის, რასაც უკვე მეორე დღეა ვუყურებთ, მოსალოდნელიც იყო და ამაზე არაერთი პოლიტიკოსი თუ ანალიტიკოსი საუბრობდა. როცა თამასას ამხელაზე მაღლა წევ, ის მაინც უნდა იცოდე, რა სახის ზიანი შეიძლება მოგიტანოს. შეცდომა იყო თავიდანვე იმაზე საუბარი, რომ თუ მოსამართლე სააკაშვილს სასჯელს არ გადაუვადებდა, მაშინ ხელისუფლება ქუჩაში ომს და რევოლუციას მიიღებდა. სააკაშვილს ფიზიკურად დავიხსნიო, ხაბეიშვილი ამბობდა. რას ვუყურებთ დღეს? ვუყურებთ იმას, რომ ხალხს რადიკალიზმი, რევოლუცია და დაპირისპირება არ სურს. მითუმეტეს პარლამენტისთვის ბოიკოტის გამოცხადება და მანდატების დატოვება. თუმცა ამ ხნის განმავლობაში ნაციონალები პარლამენტში არც არაფერს აკეთებდნენ, არ ვიცი, დარბაზში რაღაცა სითხის დასხმა მათ თუ საპარლამენტო საქმიანობა ჰგონიათ, ძალიან ცდებიან. სხვაგვარად, რაც პარლამენტში შევიდნენ, არაფერიც არ გაუკეთებიათ. მსგავსი საპროტესტო აქციები უფრო მასშტაბური 2 წლის განმავლობაში ტარდებოდა. რა მიიღეს? წავიდა სადმე “ოცნება”? ხელისუფლება გადაიბარეს? ხალხს ეს პროცესი უკვე კომიკურად ეჩვენება და სანამ ენმ-ი როგორც პარტია სრულად არ დაშლილა, გონს მოეგონ და პარლამენტში პოლიტიკუირ ცხოვრება გააგრძელონ. სხვაგვარად მათი რეიტინგი 6%-იდან კიდევ უფრო დაბლა დაიწევს”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.

კადიროვი იმუქრება, რომ უკრაინის მერე პოლონეთს დაარტყამენ - ვარშავაში ეს მუქარა სერიოზულად მიიღეს

“რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მთავარი მოკავშირე რამზან კადიროვი ახლა უკვე პოლონეთს ემუქრება. ჩეჩნეთის მეთაურმა ორშაბათს თქვა, რომ უკრაინის შემდეგ, სწორედ პოლონეთს მოუწევს “დემილიტარიზაცია” და “დენაციფიკაცია”. “რა იქნება უკრაინაში რუსეთის წარმატებული სამხედრო ოპერაციის შემდეგ? დაიწყებს რუსეთი შემდეგი ქვეყნის დემილიტარიზაციასა და დენაზიფიკაციას? რაც არ უნდა იყოს, პოლონეთი რუკაზე უკრაინის მერე მოდის. არ დავმალავ და ეს აქამდეც ბევრჯერ მითქვამს, რომ სატანიზმის წინააღმდეგ ბრძოლა ევროპაში უნდა გაგრძელდეს, პირველ რიგში ეს პოლონეთის ტერიტორიაზე უნდა მოხდეს!” - განაცხადა კადიროვმა თავის ტელეგრამ არხზე. სამშაბათს, რამზან კადიროვმა ისიც თქვა, რომ “სპეციალური სამხედრო ოპერაცია” უკრაინაში 2023 წლის ბოლოს დასრულდება და დასავლეთისთვის რუსეთის წინაშე მუხლის მოდრეკის დრო მოვიდა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით კადიროვი იმუქრება, რომ უკრაინის მერე პოლონეთს დაარტყამენ - ვარშავაში ეს მუქარა სერიოზულად მიიღეს.

“სპეციალური სამხედრო ოპერაცია ამ წლის ბოლომდე დასრულდება, ევროპელი ქვეყნები კი აღიარებენ, რომ ცდებოდნენ და რუსეთს ფეხებში ჩაუვარდებიან, რის შემდეგაც ისინი რუსეთთან თანამშრომლობას ყველა სფეროში დაიწყებენ”, - ამბობს კადიროვი პოსტში. უკრაინაში ახალი შეტევის დასაწყებად რუსეთი 300 000-იდან 500 000-მდე ჯარისკაცის მობილიზაციას აპირებს - ამ ინფორმაციას უკრაინის გენშტაბი ავრცელებს. ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც რუსეთი პოლონეთზე თავდასხმით იმუქრება. გასულ წელს თავად რამზან კადიროვმა მრავალჯერ გააჟღერა და რუსეთის მოკავშირე ბელარუსიამაც არაერთხელ ისაუბრა იმაზე, რომ პოლონეთი შემდეგი ქვეყანა იქნება. სიტუაცია ვარშავასა და მოსკოვს შორის 2022 წლის ნოემბერში საგრძნობლად დაიძაბა, როდესაც რუსული რაკეტა პოლონეთის ტერიტორიაზე ჩამოვარდა, რამაც ორი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. საბოლოოდ გამოძიებამ დაადგინა, რომ რაკეტა უკრაინის მიმართულებით იყო ნასროლი, თუმცა უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა იგი მოიგერიეს რის შემდეგაც იგი პოლონეთის ტერიტორიაზე ჩამოვარდა. რუსეთ-პოლონეთის შესაძლო დაპირისპირებაზე ამერიკაში პოლონეთის ელჩმა, მარეკ მაგეროვსკიმ ისაუბრა, რომელმაც აღნიშნა, რომ რუსეთისგან გამორიცხული არაფერია და პოლონეთი ყველაფრისთვის მზად უნდა იყოს”, - აღნიშნავს გამოცემა.

“რუსეთი ყოველთვის ჩვენი მეზობელი იყო, ჩვენ ვიცით მათი პოლიტიკა და აქედან გამომდინარე, ყველა შესაძლო მოვლენისთვის მზად უნდა ვიყოთ”, - განაცხადა მარეკ მაგიროვსკიმ. ვარშავა უკვე სერიოზულად ემზადება მოსალოდნელი საფრთხისთვის. სამშაბათს პოლონეთის დავდაცვის მინისტრმა, მარიუჯ ბლაშჩაკმა განაცხადა, რომ პოლონეთის სამხედროები საზენიტო წრთვნებს ატარებენ, რათა აგრესორს აჩვენონ, რომ პოლონეთი ანგარიშგასაწევ ძალას წარმოადგენს. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა პოლონეთისთვის 10 მილიარდი დოლარის ღირებულების მაღალი მობილობის საარტილერიო სარაკეტო სისტემის, გამშვები დანადგარების შესაძლო მიყიდვაზე ისაუბრა. მათივე თქმით, ეს ვარშავის სამხედრო მოდერნიზებას ემსახურება. შეიძლება აღნიშნულ სამხედრო აღჭურვილობასთან ერთად პოლონეთს 45 ერთეული არმიის ტაქტიკური სისტემა მიყიდონ, რომელსაც ბევრად დიდი სამოქმედო დიაპაზონი აქვს. საგულისხმოა, რომ ასეთი მასშტაბური იარაღი ამერიკას ჯერ უკრაინისთვის არ გაუგზავნია”, - დასძენს გამოცემა

“ეროვნულ ბანკში ვითარება დაიძაბა - ცენტრალურ უწყებაში ახალი კანონპროექტი არ მოსწონთ და შეიძლება ვერც ახალი პრეზიდენტი შეირჩეს

“ეროვნულ ბანკში პრობლემებია, ისინი “ქართული ოცნების” დეპუტატების ინიციატივით კანონში დაგეგმილ ცვლილებებს არ ეთანხმებიან, რომლის მიხედვით, სებ-ის საბჭოს შემადგენლობას პირველი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა ემატება. ამას ემატება სებ-ის პრეზიდენტის 7-წლიანი ვადის ამოწურვა, რაც იმას ნიშნავს, რომ ახალი პრეზიდენტი უნდა იქნეს არჩეული, თუმცა, შესაძლოა, ეს პროცესი გაჯანჯლდეს. “რეზონანსი” შეეცადა გაერკვია, რა ხდება ეროვნულ ბანკში, რატომ არის დაპირისპირება და რის გამო შეიძლება გაიწელოს ახალი პრეზიდენტის არჩევის პროცესი. პარლამენტი დაჩქარებული წესით იხილავს კანონპროექტს, რომლის თანახმად, საქართველოს ეროვნული ბანკის შემადგენლობას პირველი ვიცე-პრეზიდენტი ემატება და განისაზღვრება, რომ ეროვნული ბანკის საბჭოს შემადგენლობაში, გარდა საბჭოს თავმჯდომარისა, ეროვნული ბანკის პირველი ვიცე-პრეზიდენტი, სამი ვიცე-პრეზიდენტი და სხვა წევრები შევლენ”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით “ეროვნულ ბანკში ვითარება დაიძაბა - ცენტრალურ უწყებაში ახალი კანონპროექტი არ მოსწონთ და შეიძლება ვერც ახალი პრეზიდენტი შეირჩეს / “სებ-ი არის “გემრიელი სტრუქტურა” იმ თვალსაზრისით, რომ არის ძალიან მაღალი ხელფასები, რაც ძალიან ტკბილი ლუკმაა ბევრი ადამიანისთვის”

“ეროვნულ ბანკში “ქართული ოცნების“ მიერ მომზადებულ ინიციატივას არ ეთანხმებიან, კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა მიზანშეუწონლად მიაჩნია და ცვლილებების პროექტის დეტალური ანალიზისა და კონსულტაციების გამართვის საჭიროებას ხედავს. როგორც, ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა არჩილ მესტვირიშვილმა აღნიშნა, ბანკის საბჭო ეროვნული ბანკის უმაღლესი საზედამხედველო ორგანოა და მნიშვნელოვანია, მასში არააღმასრულებელი წევრების რაოდენობა აღმასრულებელ წევრებზე მეტი იყოს. ეს აღიარებული პრინციპია, რაც კანონში დაგეგმილი ცვლილებებით ირღვევა და ეროვნული ბანკის საბჭო ზედამხედველის ფუნქციას ვეღარ შეასრულებს. მისი თქმით, აღნიშნული სავალუტო ფონდის მისიის რეკომენდაციების საფუძველზე და მათთან შეთანხმებული პროგრამის ფარგლებში “ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანულ კანონში აუცილებელია ისეთი ცვლილებების განხორციელება, რომლის მიხედვით, ბანკის საბჭოში მოქმედი არააღმასრულებელი წევრები მუდმივად და დროის ნებისმიერ მომენტში უმრავლესობაში იქნებიან. კანონპროექტით წარმოდგენილი ცვლილებები კი ამ შეთანხმების საპირისპიროა”, - აღნიშნავს გამოცემა,

“არსებული ვითარება ცხადყოფს იმას, რომ ეროვნულ ბანკში დაპირისპირებაა, თუმცა ეს რისგანაა გამოწვეული რთული სათქმელია. აღსანიშნავია, ისიც, რომ ახალი პრეზიდენტის არჩევას წინ არაფერი უდგას, თუმცა ამ საკითხის გაჭიანურება მოსალოდნელია, რასაც არც დეპუტატები მალავენ. როგორც, საბანკო სფეროს სპეციალისტი ლია ელიავა მიიჩნევს, ეროვნული ბანკი არის სტრუქტურა მაღალი ხელფასებით. ამ სფეროში თანამდებობის დაკარგვა კი არავის უნდა, შესაბამისად, ეს ყველაფერი იმიტომ ხდება, რომ კიდევ უფრო ხანგრძლივად შეინარჩუნონ თავიანთი თანამდებობები. “სებ-ი არის ძალიან უცნაური სტრუქტურა, რომელიც, ფაქტობრივად, არავის წინაშე არ არის ანგარიშვალდებული. მიუხედავად იმისა, რომ ისინი ყოველწლიურად პარლამენტს აბარეებენ წლიურ ანგარიშს. შეიძლება ითქვას, მათი საქმიანობა არანაირად არ არის დამოკიდებული არც პარლამენტზე და არც სხვა სახელმწიფო სტრუქტურაზე. ეს ორგანიზაცია იხარშება საკუთარ წვენში”, - ამბობს ელიავა, რომლის აზრით, “საუბარი იმაზე, რომ იქ შეკრებილიყვნენ მაღალი დონის პროფესიონალები, რომლებსაც აწუხებთ საქართველოს ეკონომიკის ბედი, უბრალოდ ზედმეტია?”- განაგრძობს გამოცემა.

“მინდა ავღნიშნო, რომ სებ-ი არის “გემრიელი სტრუქტურა” იმ თვალსაზრისით, რომ არის ძალიან მაღალი ხელფასები, რაც ძალიან ტკბილი ლუკმაა ბევრი ადამიანისთვის. შესაბამისად, ბრძოლა ამ თანამდებობებისათვის ყოველთვის მიდიოდა როგორც პარტიულ დონეზე, ასევე პარლამენტში. ხაზი მინდა გავუსვა იმასაც, რომ ეროვნული ბანკის საბჭო, რომელიც პარლამენტის მხრიდან ინიშნება, ფაქტობრივად, არის საპენსიო ადგილი, სადაც ისინი მარტივად იღებენ დიდ შემოსავალს. როდესაც შიდა საპარლამენტო და შიდა პარტიული ბრძოლები მიდის ამ ძალიან ტკბილი თანამდებობისთვის ყოველთვის წარმოიქმნება ისეთი პრობლემები, რომლებიც სწორედ ახლა სებ-ის დღის წესრიგშია. ბუნებრივია, სანამ ბოლომდე არ იქნება შეთანხმებული ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კანდიდატურა, არ არის გამორიცხული, რომ გაიწელოს ეს პროცესი და კიდევ რამდენიმე თვე იხეიროს სებ-ის პრეზიდენტმა”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ლია ელიავა.

“ორი ვიცე, რომ ჰყავთ ის არის გასარკვევი რას აკეთებენ ისეთ მნიშვნელოვანს და რისთვის არ ჰყოფნით დრო, რომ კიდევ სჭირდებათ პირველი ვიცე-პრეზიდენტი. საინტერესოა, რა სფერო უნდა დაამატონ იმ დამატებით კადრისთვის? ეროვნული ბანკის მუშაობა ქვეყნის ეკონომიკას არ ეტყობა. ერთადერთი, რაც შეიძლება რეალურად ხელმოსაჭიდი იყოს, არის კომერციული ბანკებისთვის დამატებითი შეზღუდვების და დამატებითი ნორმატივების დაწესება. ყველაზე უპრიანი იქნებოდა, ეროვნული საბჭოს ხელმძღვანელობასა და საბჭოში შესულიყვნენ მაღალკვალიფიციური ეკონომისტები, რომლებსაც შეეძლებათ საქართველოს ეკონომიკის პრობლემების გადაწყვეტა”, - დაასკვნის ელიავა. ჯერჯერობით რთული სათქმელია, რა გადაწყდება ცენტრალურ სტრუქტურაში, თუმცა ფაქტია, რომ ცვლილებები მიმდინარეობს. საბანკო სფეროს ექსპერტის, მიხეილ თოქმაზიშვილის აზრით, ახალი პრეზიდენტი ხელისუფლებას ინსტიტუციონალურად უნდა მოერგოს”, - წერს სტატიიის ავტორი.

“სებ-ის შიდა სამზარეულო არ ვიცი და არც ის ვიცი ვის განიხილავენ პრეზიდენტად, თუმცა შესაძლოა, კანდიდატთა რაოდენობა არ ჰყავთ იმდენი, რომ იქედან შეარჩიონ. ვფიქრობ, ეს მხოლოდ და მხოლოდ სუბიექტური დამოკიდებულებაა და არავითარ კავშირში არ არის იმასთან თუ როგორ იმართებოდა ბანკი და ვის როგორ უნდა, რომ მართოს. საუბარი იმაზეა, ინსტიტუციონალურად თუ მოერგება მმართველ ხელისუფლებას და ვისთან უფრო შეიძლება ჰქონდეთ ურთიერთობა. თუკი ახლა სებში რაიმე პრობლემებია, ამ პროცესებიდან გამომდინარეა და სხვა არაფერი”, - ამბობს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მიხეილ თოქმაზიშვილი. ეროვნული ბანკის პრეზიდენტს კობა გვენეტაძეს უფლებამოსილების 7-წლიანი ვადა 2 მარტს ეწურება. რაც შეეხება ეროვნული ბანკის ახალი პრეზიდენტის არჩევის საკითხსა და წესს, იგი პრეზიდენტი ეროვნული ბანკის საბჭოს წევრთაგან საბჭოს წარდგინებით საქართველოს პრეზიდენტმა უნდა დანიშნოს”, - დასძენს სტატიის ავტორი.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
ევროკავშირის წევრი 13 ქვეყნის ევროპის საკითხთა მინისტრები - საქართველოს ევროპული მომავალი თქვენს ხელშია
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა