ქართული პრესის მიმოხილვა 10.02.2023

რატომ გაიჭედა ნაცმოძრაობა და რატომ შეაქცია ხალხმა ზურგი?

ეკონომისტები ფასებისა და სავაჭრო გარიგებების კანონით დარეგულირებას ითხოვენ

***

რატომ გაიჭედა ნაცმოძრაობა და რატომ შეაქცია ხალხმა ზურგი?

“ორად გაყოფილ „ნაციონალურ მოძრაობაში“ დაპირისპირების ახალი მიზეზი ამჯერად აქციებია - პარტიის წევრების ნაწილი თვლის, რომ ახალი თავმჯდომარე ხალხის მობილიზაციას ვერ ახდენს, რასაც შედეგი არ ექნება. ხაბეიშვილის მომხრეები კი მიიჩნევენ, რომ მათი თანაგუნდელები პირადი პოზიციებით ხელმძღვანელობენ და ლევან ხაბეიშვილის გამარჯვებას ვერ ეგუებიან”, - წერს გაზეთი „რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, რატომ გაიჭედა ნაცმოძრაობა და რატომ შეაქცია ხალხმა ზურგი?

„ამ შიდა დაპირისპირების კიდევ ერთი მიზეზი საპარლამენტო საქმიანობის შეწყვეტაა. ნიკა მელიას ფრთა მიიჩნევს, რომ ეს პარტიის პოლიტიკურ ცხოვრებაზე გავლენას მოახდენს და ამით სააკაშვილს ვერ დაეხმარებიან. ლევან ხაბეიშვილი კი უკვე მესამე დღეა ხალხის ქუჩაში გამოყვანას ვერ ახერხებს. მისი საპროტესტო ტალღა არც ისეთი მასშტაბური აღმოჩნდა, როგორიც თავად ეგონა. თუმცა ამბობს, რომ ნელ-ნელა ხალხი შეემატება და თბილისში მასშტაბური აქცია გაიმართება. მანამდე კი რეგიონებში გადაინაცვლა, სადაც მეჩხერი აქციები თვალში საცემია. მმართველ გუნდში კი ამბობენ, რომ ლევან ხაბეიშვილისთვის მადლობა აქვთ გადასახდელი, რადგანაც „ნაციონალური მოძრაობის ამ დონემდე გაბანძება“, მის გარდა არავის მოუხერხებია. „ეს აქციები ემსახურება იმას, რომ ადგილებზე მოხდეს იმ საპროტესტო მუხტის ორგანიზება, რომელიც აუცილებლად მიგვიყვანს დიდ საპროტესტო მუხტამდე. ყველამ უნდა შეიგნოს, რომ აქ არ არის ერთეული ადამიანების ბრძოლა. თუ ვინმე ვერ შეეგუა იმ შედეგს, რაც დადგა „ნაციონალურ მოძრაობაში“ და პარტიას ჰყავს ახალი თავმჯდომარე და ეყოლება ახალი მენეჯმენტი, ეს მისი პირადი საქმეა,“ - აცხადებს ენმ-ის პოლსაბჭოს წევრი გიორგი ბოტკოველი”, - აღნიშნავს გამოცემა.

„პოლიტიკური საბჭოს კიდევ ერთი წევრი გიორგი ბარამიძე მიიჩნევს, რომ ყველა აზრის მქონე მნიშვნელოვანი ფიგურა, რომელიც პარტიაშია, პოლიტსაბჭოშიც უნდა იყოს. „შესაძლებელია ჩვენი ერთიანობა მიუხედავად ბრძოლის ტაქტიკასთან დაკავშირებით განსხვავებული აზრისა. ამ აზრზე არის პარტიის ახლადარჩეული თავმჯდომარეც. ყველა აზრის მქონე მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფიგურა და ლიდერი, რომელიც არის „ნაციონალურ მოძრაობაში“, უნდა იყოს, მათ შორის, პოლიტიკურ საბჭოში, მით უმეტეს ნიკა მელია. ეს მნიშვნელოვანია ჩვენი საერთო ბრძოლისთვის. ეს მიზნები გაცილებით უფრო დიდია, ვიდრე პირადი უთანხმოება და წყენა, რომელიც ამ კამპანიის დროს წარმოიშვა,“ - განაცხადა გიორგი ბარამიძემ. პარალელურად უთანხმოების კიდევ ერთ საბაბად ისევ რჩება არაინფორმირებულობა. მელიას მხარდამჭერები ამბობენ, რომ დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაციას მათ არ აცნობენ და ისინი ამას მედიისგან იგებენ. „დასამალი არ არის, ყრილობაზე პოლიტსაბჭოს ფორმაცია ნამდვილად არ იყო მოსაწონი, იმ ადამიანების მოტოვება, რომლებსაც ბევრი წლის დამსახურება აქვთ პარტიასთან მიმართებაში. ის სასტარტო პოზიციები ძალიან ცუდია, მე დიდი იმედი მაქვს, რომ ყველაფერს გადავხედავთ და რაციონალურ გადაწყვეტილებებს მივიღებთ. უნდა შევძლოთ, რომ ეს აქციები არა მარტო პარტიული აქტივით შემოიფარგლებოდეს, არამედ ჩართულობა იყოს დიდი. უნდა ვაცადოთ ახალ მენეჯმენტს, აქვთ კონკრეტული გეგმა, რომელიც დიდი სურვილი მაქვს, რომ მოყვანილი იქნება სისრულეში,“ - განაცხადა მელიას მომხრე ბაჩო დოლიძემ”, - განაგრძობს გამოცემა.

„მმართველ გუნდში კი მიიჩნევენ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ვერც პარლამენტში აკეთებს რამეს და ვერც ქუჩაში, და გაჭედილია პარლამენტსა და ქუჩას შორის. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ენმ-ში განვითარებულ პროცესებს ხაბეიშვილი-ჩალაძის ტანდემი ხელმძღვანელობს. „ვერც პარლამენტში ვერაფერს ვერ აკეთებენ, ვერც ქუჩაში ვერაფერს ვერ აკეთებენ, გაჭედილი არიან ახლა პარლამენტსა და ქუჩას შორის, სადღაც არიან, თვითონ არ იციან, სად არიან. ხაბეიშვილი-ჩალაძის ტანდემი ხელმძღვანელობს ამ პროცესებს, სადამდე შეიძლება მიიყვანოს ტანდემმა ეს პარტია, თავად შეგიძლიათ განსაჯოთ,“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ. მმართველი გუნდი ბოიკოტში მყოფ პარტიებს პარლამენტში დაბრუნებისკენ და ოპონირებისკენ მოუწოდებს. მათი განცხადებით, ურთიერთგანსხვავებული შეხედულებების მიუხედავად, არსებული სიტუაციიდან გამოსავალი პარლამენტის ბოიკოტირება და მანდატების დათმობა ვერ იქნება. „თან აქ მოსვლა ეზარებათ, თან ხელფასი შეინარჩუნონ, თან დარბიან... წარმოდგენა არ მქონდა არც მანამდე, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ რამე კონსტრუქციულს შემოიტანდა ქართულ პოლიტიკაში, მაგრამ განახლებას რომ დაარქმევ და ამ განახლების უკან მერაბიშვილს დააყენებ, ის შენი ამომრჩეველიც არ მიგიღებს, არ გაგიტარებს,“ - განაცხადა დეპუტატმა „ოცნებიდან“ ირაკლი ზარქუამ”, - დასძენს გამოცემა.

„ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე „რეზონანსთან“ ამბობს, რომ ლევან ხაბეიშვილის აქციებზე ხალხის არგამოსვლის სამი მიზეზი შეიძლება იყოს. პირველი ისაა, რომ რეალურად არჩევნები გაყალბდა და ხაბეიშვილისთვის ამდენ ხალხს ხმა არ მიუცია. მეორე მიზეზად კი ის შესაძლოა დასახელდეს, რომ ავტორიტეტს საკუთარ პარტიაშიც არ წარმოადგენს და მისი არავის სჯერა. მესამე მიზეზი კი მერაბიშვილის და ხაბეიშვილის ამ აქციებთან დამოკიდებულებაა, რომელთაც სააკაშვილის ციხიდან დახსნა სულაც არ ანაღვლებთ. ამიტომ ამისთვის არც ფინანსები გამოყვეს და არც ხელს ატოკებენ, რომ მხარდამჭერები ქუჩაში გამოვიდნენ. „ფაქტია რომ ლევან ხაბეიშვილს იმდენი მხარდამჭერებიც კი არ ჰყავს, რამდენმა არჩევნებში მხარი დაუჭირა. დიდი ალბათობი ჩნდება ეჭვი, რომ არჩევნები გაყალბებულია. ან გარკვეული ფინანსების სანაცვლოდ არჩევნებში ხაბეიშვილის გაყვანა შეძლეს. ფაქტი ერთია, რომ ხაბეიშვილს არც გეგმა და არც არაფერი არ ჰქონდა იმისთვის, რომ მსგავსი აქციები მოეწყო. მას საკუთარ პარტიაშიც კი არავინ ემორჩილება. ასევე ვხედავთ, რომ კეზარაშვილი და მერაბიშვილი გაუჩინარდნენ. თავიანთ საწადელს უკვე მიაღწიეს - პოლიტიკაში შემოვიდნენ და პარტია ხელში ჩაიგდეს. დანარჩენები ფიქრობენ, რომ ხაბეიშვილი პრობლემაა. ისინი სააკაშვილს არაფერს დაჰპირებიან, ხაბეიშვილი დაპირდა. ამიტომ ეს საწყალი ახალგაზრდა კაცი დარბის და ხალხს ეხვეწება, გამოდითო. როდემდე ირბენს? ამასაც მოსწყინდება და ეგაა. სააკაშვილს ხომ არჩვენებს, რომ დარბის - ესაა მთელი ამ ამბის ისტორია. კეზერაშვილს და მერაბიშვილს პარტია სრულიად სხვა რაღაცისთვის სჭირდებათ. ხაბეიშვილი, როგორც დამჯერი ადამიანი, ამისთვის შეირჩა. თუმცა თუკი პარტია დასუსტდება და დაშლის პირას იქნება, ეს რა ხელს მისცემთ, ამას ვერ ვიგებ. თუმცა ვფიქრობ, დილემის წინაშე არიან. ახლა ფიქრობენ, როგორ შეძლონ, რომ პარტიის სხვა წევრები მათ მიერ მხარდაჭერილ თავმჯდომარეს დაემორჩილონ. მგონია, რომ სიტუაცია მალე აფეთქდება და მერაბიშვილ-კეზერაშვილს პრობლემები პარტიაშივე აქვთ. ამიტომ გეგმა სჭირდებათ, როგორ შეძლონ, რომ ხაბეიშვილის ფიგურა ენმ-ის პოლიტიკური ლიდერებისთვისაც მისაღები გახდეს. ჯერ ფიქრობენ, რომ ახალია და თანდათან რაღაცეების დალაგებას შეძლებენ. თუმცა ასე პარტიის დისკრედიტაცია ხდება, რაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ენმ-ის რეიტინგის საერთოდ დავარდნას გამოიწვევს“, - აცხადებს საყვარელიძე”, - წერს სტატიის ავტორი.

ეკონომისტები ფასებისა და სავაჭრო გარიგებების კანონით დარეგულირებას ითხოვენ

„მაღალი ფასების გამო, სამომხმარებლო ბაზარზე მომხმარებელთა უფლებები ირღვევა, მაგრამ ამაზე არავინ რეაგირებს. მაღაზიებს ისეთი საფასო პოლიტიკა აქვთ, რომ კარტელური გარიგებების არსებობაზე ეჭვი არავის ეპარება. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული საკითხით პრემიერ-მინისტრი დაინტერესდა და ხელისუფლებაც პრობლემას აღიარებს, მეწარმე ბიზნესმენებს და იმპორტიორებს ერთმანეთის გადაბრალებაში გაჰყავთ დრო. ამასობაში მომხმარებელი ზარალდება”, - წერს გაზეთი „რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, ეკონომისტები ფასებისა და სავაჭრო გარიგებების კანონით დარეგულირებას ითხოვენ / "სანამ კანონმდებლობის დონეზე არ დარეგულირდება, ზეპირ განცხადებებს ძალა არასდროს ექნება

„სპეციალისტთა აზრით, მოსახლეობას ვერავინ დაიცავს და ვერც პრემიერის განცხადებას ექნება ძალა, თუკი მთავრობა ამ საკითხის მოგვარებას კანონმდებლობის დონეზე არ შეეცდება. ფაქტი, რომ ფასები ზღვრულს ბევრად აღემატება ირაკლი ღარიბაშვილმაც დაადასტურა. ქსელურ მარკეტებთან დაკავშირებით პრემიერს დეტალურად არ უსაუბრია და არც მაღალი ფასების მიზეზი განუმარტავს, თუმცა სახელისუფლო წრეში არ მალავენ, რომ სახეზეა კარტელური გარიგების ნიშნები. ასე ფიქრობს მმართველი პარტიის წევრი, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე პაატა კვიჟინაძე. "შესაძლოა რაღაც პროდუქტზე ერთი, ორი ან სამი მომწოდებელი იყოს და აქ შეძლება იყოს ასეთი რაღაცები, შესაძლოა, შეთანხმებები მოხდეს და პრემიერი სწორედ ამას ამბობს, რომ ამგვარი რამ თუ არის სადმე, ეს დავარეგულიროთ. რატომ არის 80%-იანი ფასნამატი ? ეს გულისხმობს, რომ ალბათ რაღაც შეთანხმებაა, თორემ იქ რომ კონკურენცია წავიდეს, თავისთავად ვიღაც 70%-ს დაადებს, ვიღაც კიდევ უფრო ნაკლებს. კონკურენციის მთელი სიკეთე ისაა, რომ არ აძლევს საშუალებას ფასები გაიზარდოს,“ - განაცხადა პაატა კვიჟინაძემ ,,კომერსანტთან". საკითხი იმდენად დიდია, რომ ამას მხოლოდ კონკურენციის სააგენტო ვერ აუვა თავის რესურსით და სწორედ ამიტომ დაავალა პრემიერმა მინისტრებს ამ საქმეში უფრო მასშტაბურად ჩართვა”, - აღნიშნავს გამოცემა.

„საცალო სექტორის წარმომადგენლები კი ამტკიცებენ, რომ ქსელურ მარკეტებზე ფასნამატის მხოლოდ 20-25% მოდის, რასაც მომხმარებელთა უფლების დამცველები არ ეთანხმებიან. მეტიც, კომპანია ,,ეტიკის" ხელმძღვანელი ამირან შენგელია პირდაპირ აღნიშნავს, რომ სუპერმარკეტების ფასნამატი 25%-დან იწყება და 80%-საც აღწევს, რაც ხელისფლების მხრიდან მკაცრი ზომების გატარებას მოითხოვს. ,,მომხმარებელი ბიზნესმენს ვერ გადაუწყვეტს, რა ფასად გაყიდოს პროდუქცია, ეს მისი იურიდიული უფლებაა. თუმცა გლობალურ ბაზრებზე ფასებს თუ შევადარებთ, საქართველოში პროდუქტების უმეტესობა 25-80%-იანი ფასნამატით იყიდება, რაც წარმოუდგენელია. თევზი რომ ავიღოთ, თუკი ჩვეულებრივ პერიოდში, ვთქვათ, 12 ლარი ღირს, აქციით 9 ლარად იყიდება - 25%-ით ნაკლებად. ამდენით რომ გააიაფა, მოგება ხომ მაინც ნახა! მთელი უბედურება ისაა, რომ მეწარმე არ ფიქრობს მომხმარებელზე. პრემიერმა თქვა, რომ გაძვირებულია და შემომტანები სცოდავენ, თუმცა მხოლოდ მათი ბრალი არ არის. ჩინეთში ზღვრული ფასებია, ჩვენთანაც იგივე ზომები უნდა გატარდეს. სანამ კანონმდებლობის დონეზე არ დარეგულირდება ეს საკითხი, რაც არ უნდა თქვას პრემიერმა, მის ზეპირ განაცხადს არასდროს ძალა არ ექნება. ყველა ფაქტი მიუთითებს, რომ კარტელური გარიგებებია. კონკურენციის სააგენტომ უნდა შისწავლოს ეს საკითხი და მან დაადასტუროს, რა ხდება რეალურად", - უთხრა ,,რეზონანსს" ამირან შენგელიამ”, - განაგრძობს გამოცემა.

„მისივე თქმით, ფასების უსაფუძვლო მატებით მომხმარებელთა უფლებები ირღვევა, მაგრამ სანამ კანონი არ შემუშავდება, ამ ფასის გასასაჩივრებლად მოსახლეობას იურიდიული საფუძველი არ აქვს. "ვერავინ იჩივლებს მაღალი ფასის გამო, ვერაფერს გახდება, რადგან არ არსებობს კანონი, რომელიც ამ შემთხვევაში მის უფლებას დაიცავს. პურიც კი, რომელიც სოციალურ პროდუქტად მიიჩნევა, სხვადასხვა ფასია მაღაზიებში, ერთი და იგივე მოცულობის, ერთი კომპანიის მიერ წარმოებული პროდუქტი ერთგან თუ 1,20 ლარი ღირს, სხვა ქსელში შეიძლება 1,40 ლარად ნახო, მაგრამ ამაზე არავინ არ არის პასუხისმგებელი. არავინ ფიქრობს მომხმარებლის ინტერესებზე, გადაყრიან პროდუქტს და იაფად მაინც არ გაყიდიან. მაღალი ფასების გამო. ისეთი მოცემულობაა, რომ არავინ მტყუანი არ არის, მაგრამ ყველა სცოდავს და საქმე ფუჭდება. ასეთ სიტუაციაში სოციალური უკმაყოფილება უნდა იყოს, მაგრამ სათქმელს ხმამაღლა არავინ ამბობს. პენსიას გაუზრდიან 10 ლარით და უხარიათ, შეღავათს კი ვერც ერთი პენსიონერი ვერ გრძნობს. ჩვენი შემოსავალი ვერ ფარავს ფასებს, წამოსროლილი სიტყვით არ გვარდება პრობლემა, პარლამენტმა უნდა იმსჯელოს და კანონი მიიღონ, თუ პრობლემის მოგვარებს ნამდვილად უნდათ", - დასძინა შენგელიამ ,,რეზონანსთან". მაღალ მარჟას არავინ უარყოფს, თუმცა იმპორტიორები მიზეზად სავაჭრო ქსელების მოთხოვნებს ასახელებენ. რითეილერთა ასოციაცია კი ამბობს, რომ მარჟის 70-80% დისტრიბუტორებსა და იმპორტიორებზე მოდის. ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის სოფიო ქაშაკაშვილის თქმით, ქსელურ მარკეტებზე ფასნამატის მხოლოდ 20-25% მოდის. „სრულიად რითეილ სექტორის სახელით ვერ ვისაუბრებ, მაგრამ ასოციაციაში გაწევრიანებული 12 ქსელური მარკეტი მუშაობს 20-25% მარჟაზე. ამას ადასტურებს კონკურენციის სააგენტოს მიერ ბოლოს გამოქვეყნებული პირველადი კვლევის შედეგებიც, სადაც წერია, რომ დისტრიბუტორების და იმპორტიორების მარჟა 70-80%-ია, ხოლო რითეილერების - 20-25%. კიდევ უფრო დაბალია მარჟა პირველადი მოხმარების პროდუქტებზე და იმედია, სულ მალე ამაზეც იქნება სააგენტოს კვლევა და შევძლებთ ისევ რიცხვებით საუბარს. შესაბამისად, რითეილ სექტორზე გადმობრალება არამართებულია", - აღნიშნა მან „ბიზნესპრესნიუსთან", - დასძენს გამოცემა.

„რაც შეეხება სიტუაციიდან გამოსავალს, ეკონომისტების თქმით, სახელმწიფო ბევრს ვერაფერს იზამს გარდა იმისა, რომ ხელი შეუწყოს კონკურენციას და კარტელი გამოაშკარავოს, თუ ამის ფაქტი რეალურად არსებობს. როგორც ეკონომისტი გივი მომცელიძე აცხადებს, ოლიგოპოლიებთან დაკავშირებით საფუძვლიანი ეჭვებია და ყოველი ფაქტი კონკურენციის სააგენტოს მიერ უნდა გამოვლინდეს. ,,ვხედავთ, მთელ მსოფლიოში ფასები იკლებს, ბოლო რამდენიმე თვეა. ტენდენცია გრძელდება, მაგრამ ქართულ ბაზარს არაფერი ეტყობა. ბაზარზე ოლიგოპოლიაა, რაც ეკონომიკურ სტაბილურობას ძირს უთხის და უფრო და უფრო აუარესებს მოსახლეობის კეთილდღეობას, მაღალ ფასებს ხალხი უკვე ვერც უმკლავდება. გლობალურ ბაზრებზე ფასების კლების ტენდენცია აქაც უნდა აისახებოდეს, მაგრამ არაკეთილსინდისიერი ბიზნესმენების კარტელური გარიგებების შედეგად ყველა ზარალდება - ქვეყანაც და ხალხიც. უცნაური ტენდენციის მომსწრე ვართ, როცა იმპორტი იაფდება და შემცირების ნაცვლად, ფასი მატულობს. ამაზე რეაგირება აუცილებელია, ამისთვის გვყავს მთავრობა, რომ მოსახლეობის ინტერესები დაიცვას. პრობლემა აღიარეს და ახლა ქმედითი ნაბიჯი უნდა გადაიდგას, რაც მოსახლეობის ინტერესებს დაიცავს და მის ყოფას შეამსუბუქებს“, - აღნიშნა ეკონომისტმა ,,რეზონანსთან" საუბრისას”, - წერს სტატიის ავტორი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა