ეკატერინე ციმაკურიძე - ხელისუფლების საგარეო პოლიტიკა აცდენილია ევროინტეგრაციისადმი მოსახლეობის სტაბილურად ძალიან მაღალ მხარდაჭერას

საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ პრობლემებზე „ინტერპრესნიუსი“ არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიის ინდექსი - საქართველოს“ ხელმძღვანელს, ეკატერინე ციმაკურიძეს ესაუბრა.

- ქალბატონო ეკატერინე, იმის გათვალისწინებით, რომ ევროკომისიამ ევროპული რეკომენდაციების შესრულება შარშან გადაგვივადა, ფაქტია, რომ 2023 წლის საშინაო და საგარეო პოლიტიკის მთავარი საკითხი იქნება, მიიღებს თუ არა წლის ბოლოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს საქართველო.

რადგან პარლამენტი მუშაობას შეუდგა და რადგან პარლამენტის სპიკერმა შალვა პაპუაშვილმა სამომავლო გეგმებზე ბევრი ისაუბრა, თქვენთან დაკავშირება გადავწყვიტეთ რადგან თქვენ სხვებთან ერთად ჩართული იყავით ევროპული რეკომენდაციების შესრულების სამუშაო ჯგუფებში.

გვახსოვს თქვენი ბოლო საუბარი „ინტერპრესნიუსთან“, მაშინ თქვენ თქვით - „12-დან არც ერთ რეკომენდაციაზე არ დასრულებულა მუშაობა, სამ რეკომენდაციაზე მუშაობა ჯერ არც დაწყებულა, რეკომენდაციების შესრულებაზე მთავარი პასუხისმგებელი ხელისუფლებაა“.

შესასრულებელ რეკომენდაციებზე ჩვენ უფრო დეტალურად შევჩერდებით, მაგრამ კარგი იქნება თუ საუბარს დავიწყებთ იმაზე მსჯელობით, რაც ბატონმა პაპუაშვილმა თავად თქვა - „ევროკავშირს ჩვენგან ჭირდება ერთობის დემონსტრირება.

თუ ევროპაზე, ამერიკაზე იგივე უკრაინის ომთან დაკავშირებით სახელისუფლებო გუნდის ლიდერების საჯარო განცხადებებს გავიხსენებთ, გაგვიჭირდება იმის თქმა, რომ თავად ხელისუფლება უწყობს ხელს პოლიტიკურ სპექტრსა და საზოგადოებაში „ერთობის დემონსტრირებას“.

სავარაუდოდ, რა შეიძლება იყოს მიზეზი იმისა, რომ ხელისუფლება არ თუ ვერ ახერხებს პოლიტიკურ სპექტრსა და საზოგადოებაში იყოს ერთობა ისეთ საკითხებში, რომელიც ქვეყნის საგარეო-პოლიტიკურ კურსს უკავშირდება?

- 12 რეკომენდაციის მიღებიდან 6 თვეზე მეტია გასული. ამ პერიოდში განვლილი პროცესები, მათ შორის, სამუშაო ჯგუფებში მუშაობის გამოცდილება იძლევა გარკვეული დასკვნების გაკეთების საშუალებას.

ზოგიერთ საკითხთან დაკავშირებით ხელისუფლებამ ითანამშრომლა ოპოზიციასთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან და ამ შემთხვევაში თანამშრომლობას კონკრეტული შედეგებიც ჰქონდა, რეკომენდაციების შესრულების სახით.

თანამშრომლობა არ შედგა და რეკომენდაციებიც არ შესრულდა მაშინ, როცა ხელისუფლებამ არ გაითვალისწინა სხვა აქტორების არცერთი წინადადება. ჩართულობა ნიშნავს სხვისი აზრის გათვალისწინებასაც, ბევრი მსჯელობის, დიალოგის სივრცის შექმნას და განსხვავებული მოსაზრებების გარშემო კომპრომისების მიღწევას.

თუ ქმნი პროცესს, რომლის შედეგად არავის წინადადება მხედველობაში არ არის მიღებული, თანამშრომლობა ფასადური ხდება და აზრს კარგავს. ასე მოხდა სასამართლო რეფორმის შემთხვევაში. რეფორმა მომზადდა და დასკვნისთვის გაეგზავნა ვენეციის კომისიას ისე, რომ ოპოზიციის და სამოქალაქო საზოგადოების მიერ წარდგენილი უამრავი წინადადებიდან, ხელისუფლებამ არც ერთზე იმსჯელა ან გაითვალისწინა.

თუ ქმნი პროცესს, რომლის შედეგად არავის წინადადება მხედველობაში არ არის მიღებული, თანამშრომლობა ფასადური ხდება და აზრს კარგავს. ასე მოხდა სასამართლო რეფორმის შემთხვევაში. რეფორმა მომზადდა და დასკვნისთვის გაეგზავნა ვენეციის კომისიას ისე, რომ ოპოზიციის და სამოქალაქო საზოგადოების მიერ წარდგენილი უამრავი წინადადებიდან, ხელისუფლებამ არც ერთზე იმსჯელა ან გაითვალისწინა

პრობლემა შეიქმნა იქ, სადაც ხელისუფლებამ იმთავითვე შეზღუდა დიალოგის საშუალება, შექმნა სამუშაო ფორმატი, მაგრამ არ შექმნა დიალოგის სივრცე. უნდა შეიქმნას დიალოგის გაცილებით ბევრი და მრავალფეროვანი სივრცეები, ერთი და იმავე საკითხების გარშემო განმეორებითი მსჯელობები უნდა გაიმართოს პოზიციების დაახლოების მიზნით.

სამუშაო ფორმატს ხელისუფლება ქმნის. ხელისუფლების შერჩეულ ფორმატზე დიდად არის დამოკიდებული რამდენად წარმატებული და ჩართულობითი იქნება მთლიანად პროცესი. ამიტომ არის, რომ მაშინაც კი, როცა ოპოზიცია მონაწილეობს ხელისუფლების შექმნილ ფორმატში, მაგრამ მისი არცერთი წინადადება გათვალისწინებული არ არის, ერთიანობა ვერ მიიღწევა, პოლარიზაცია ღრმავდება და რეკომენდაციებიც არ სრულდება.

ამიტომ არის, რომ მაშინაც კი, როცა ოპოზიცია მონაწილეობს ხელისუფლების შექმნილ ფორმატში, მაგრამ მისი არცერთი წინადადება გათვალისწინებული არ არის, ერთიანობა ვერ მიიღწევა, პოლარიზაცია ღრმავდება და რეკომენდაციებიც არ სრულდება

- ვინც ევროპულ რეკომენდაციებში გარკვეულია, იცის, რომ ჩვენ გვევალება სასამართლო სისტემაში რეფორმების გატარება.

ხელისუფლება ხშირად აცხადებს, რომ სასამართლო სისტემის რეფორმირებისათვის სერიოზული რეფორმები აქვს გატარებული. დამკვირვებელთა უმრავლესობა აცხადებს, რომ ამ პუნქტში არც ერთი სერიოზული ნაბიჯი არ გვაქვს გადადგმული. მეტიც, ამის ნათელ მაგალითად ნიკა გვარამიას საქმე სახელდება. სამართლის საკითხებში გაცნობიერებული ხალხიც არ და ვერ მალავს იმას, რომ გვარამიას საქმე აშკარად პოლიტიკური იყო.

რაა მიზეზი იმისა, რომ სასამართლოს რეფორმის საქმეში არც ერთი სერიოზული ნაბიჯი არ გვაქვს გადადგმული?

- სასამართლო რეფორმის პუნქტი, ზოგიერთი სხვა პუნქტისგან განსხვავებით, საკმაოდ კონკრეტულია. მაგალითად, საქართველოს მოეთხოვება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოვლისმომცველი რეფორმის განხორციელება, რომელშიც იუსტიციის საბჭოს წევრების არჩევის წესიც მოიაზრება და საბჭოს მუშაობის პროცედურებიც.

ამ საკითხს ხელისუფლების მომზადებული კანონპროექტი არ ეხება.

მაგალითად, პირდაპირ მიგვითითეს, რომ სასამართლო რეფორმის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა უნდა დამტკიცდეს, რომელიც იქნება ეფექტური. ხელისუფლებამ მიიღო 15 გვერდიანი სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რომელსაც არც პერიოდი აქვს, არც სამოქმედო გეგმის შესრულების ვადები, ინდიკატორები ან პასუხისმგებელი პირები. ეს დოკუმენტი სულაც არ ჰგავს სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის დოკუმენტს და არც მისი აღსრულებაა შესაძლებელი.

პირდაპირ მიგვითითეს, რომ სასამართლო რეფორმის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა უნდა დამტკიცდეს, რომელიც იქნება ეფექტური. ხელისუფლებამ მიიღო 15 გვერდიანი სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რომელსაც არც პერიოდი აქვს, არც სამოქმედო გეგმის შესრულების ვადები, ინდიკატორები ან პასუხისმგებელი პირები. ეს დოკუმენტი სულაც არ ჰგავს სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის დოკუმენტს და არც მისი აღსრულებაა შესაძლებელი

მაგალითად, პირდაპირ მიგვითითეს, რომ მოსამართლეთა ნომინირების პროცესში გამოვლენილი ხარვეზები უნდა გასწორდეს. ხელისუფლების მიერ მომზადებული კანონპროექტი არაფერს გვთავაზობს მოსამართლეთა ნომინირების პროცესის პოლიტიზებისგან დაცვისთვის, რაც მთავარი პრობლემა იყო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის შემთხვევაში.

რაც შეეხება საკითხებს, რასაც ხელისუფლების მიერ მომზადებული კანონპროექტი ითვალისწინებს, ის არ პასუხობს რეკომენდაციას და ვერ გამოიწვევს მის შესრულებას. სასამართლო რეფორმის სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის შინაარსი კი მეტყველებს, რომ ხელისუფლება არც მომავალში აპირებს მოაგვაროს სასამართლოს სისტემური პრობლემები.

ევროკავშირისთვის გზავნილის გაგზავნა, რომ სასამართლო რეფორმას არც დღეს ვახორციელებ და არც მომავალში გავატარებ, დიდი საფრთხეა კანდიდატის სტატუსისთვის, რადგან სასამართლო რეფორმა საკვანძო საკითხია შესასრულებელ რეკომენდაციებს შორის.

ევროკავშირისთვის გზავნილის გაგზავნა, რომ სასამართლო რეფორმას არც დღეს ვახორციელებ და არც მომავალში გავატარებ, დიდი საფრთხეა კანდიდატის სტატუსისთვის, რადგან სასამართლო რეფორმა საკვანძო საკითხია შესასრულებელ რეკომენდაციებს შორის

ამიტომ, ვენეციის კომისიის დასკვნის მიღების შემდეგ, სასამართლო რეფორმის საკითხის გარშემო სერიოზული, ჩართულობითი მსჯელობები თავიდან უნდა გაიმართოს.

- მედიასთან დაკავშირებით რომ ვითარება აშკარად მძიმდება, ამის მაგალითად პარლამენტის სპიკერის გადაწყვეტილების გახსენებაც საკმარისია, რომლითაც შეიცვალა პარლამენტში ჟურნალისტების მუშაობის წესები.

გითხრათ სიმართლე, კარგია, რომ ხელისუფლება ცდილობს ჩვენში ევროპული და ამერიკული სტანდარტების დაწესებას, მაგრამ, ვითარებაში, როცა საჯარო პირებს გაცნობიერებული არ აქვთ რომ მედიასთან ურთიერთობა მათი ვალდებულებაა, მეტიც ისინი მზად არ არიან, ან სურვილი არ აქვთ პასუხი გასცენ უხერხულ კითხვებს, ჟურნალისტებისთვის ახალი წესების დაწესება გაუგებარიც კია.

თქვენ როგორ შეაფასებდით პარლამენტის სპიკერის გადაწყვეტილებას ჟურნალისტებისთვის ახალი წესების დაწესების შესახებ?

- ვფიქრობ ამ წესის მიზანი უფრო შორს მიდის, ვიდრე პარლამენტში გარკვეული პროცესების ორგანიზება ან მედიის მუშაობაში მაღალი სტანდარტების შემოღებაა.

მთავარი პრობლემა არის ის, რომ წესი საშუალებას აძლევს დეპუტატებს ჩაერიონ ჟურნალისტის საქმიანობის შინაარსში, შეწყვიტონ ინტერვიუ მაშინ, როცა კითხვის შინაარსი არ მოეწონებათ. წარმოგიდგენიათ, რომ არჩეული გყავთ თქვენი წარმომადგენელი, დეპუტატი, რომელიც თქვენ ინტერესებში უნდა მოქმედებდეს პარლამენტში, ის კი გეუბნებათ, რომ თქვენი სახელით მიიღებს გადაწყვეტილებებს, მაგრამ ამის თაობაზე არც ანგარიშს ჩაგაბარებთ და არც ინფორმაციას მოგაწვდით?! ეს არაფერში ჯდება და დაუშვებელია.

მთავარი პრობლემა არის ის, რომ წესი საშუალებას აძლევს დეპუტატებს ჩაერიონ ჟურნალისტის საქმიანობის შინაარსში, შეწყვიტონ ინტერვიუ მაშინ, როცა კითხვის შინაარსი არ მოეწონებათ

იმ ფონზე, როცა მედიის თავისუფლების მხრივ საქართველოში არსებული მდგომარეობის შეფასებები სულ უფრო მძიმდება, ხოლო მედიის თავისუფლების უზრუნველყოფა, ჟურნალისტების მიმართ ჩადენილი ძალადობების ეფექტურად გამოძიება, 12 პირობის ნაწილია, ჟურნალისტებს დაუწესო ჩარჩოები გაშუქების შინაარსზე, ცხადია, წინააღმდეგობაში მოდის სტატუსის მიღების მიზანთან.

- კორუფციასთან ბრძოლის გაუმჯობესებისთვის ევროპული რეკომენდაცია გვთავაზობს დამოუკიდებელი ანტიკორუფციული ბიუროს შექმნას.

უკვე ვიცით, რომ სააგენტო შეიქმნება, მთავრობამ კონკურსიც გამოაცხადა, რომელშიც 38-მა კანდიდატმა მიიღო მონაწილეობა და მათგან შერჩეულია სამი კანდიდატი. მაგრამ, ბიურო დაექვემდებარება პრემიერს და იგი დანიშნავს მის ხელმძღვანელს. არადა, კორუფციასთან მებრძოლი ბიურო დამოუკიდებელი ინსტიტუტი უნდა ყოფილიყო.

რეკომენდაციის ამ პუნქტის ასე შესრულება ჩაითვლება თუ არა შესრულებულად?

- ანტიკორუფციული მიმართულება ერთ-ერთი ნაწილობრივ შესრულებული მიმართულებაა. ჩემი აზრით, ყველაზე რთული ნაწილი ამ მიმართულებაში, რომელიც შეუსრულებელი რჩება, მაღალი დონის კორუფციის ფაქტების გამოძიება და შესაბამისი პირების პასუხისგებაში მიცემაა.

კორუფცია საშინელი დაავადებაა, რომელიც არადემოკრატიულ საზოგადოებებს ახასიათებთ. ის აღარიბებს ხალხს და არ აძლევს ინსტიტუტებს დამოუკიდებლად ფუნქციონირების საშუალებას.

ამიტომ მგონია, რომ ევროკავშირი მაღალი დონის კორუფციის ფაქტების გამოძიების მდგომარეობას განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს შეფასებისას. აუცილებელია, რომ 2023 წლის განმავლობაში საქართველომ აჩვენოს ელიტური კორუფციის რამდენიმე ფაქტის დამოუკიდებელი გამოძიების შედეგები.

ევროკავშირი მაღალი დონის კორუფციის ფაქტების გამოძიების მდგომარეობას განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს შეფასებისას. აუცილებელია, რომ 2023 წლის განმავლობაში საქართველომ აჩვენოს ელიტური კორუფციის რამდენიმე ფაქტის დამოუკიდებელი გამოძიების შედეგები

ანტიკორუფციული მიმართულებით მნიშვნელოვანი სამუშაო იქნა გაწეული: პირველად განისაზღვრა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ზოგადი პოლიტიკის დოკუმენტის დამტკიცება პარლამენტის მიერ, შეიქმნა ანტიკორუფციული ბიურო, რომელშიც რამდენიმე ანტიკორუფციულმა ფუნქციამ მოიყარა თავი.

თუმცა ეს არ ეხება კორუფციული დანაშაულების გამოძიების პოლიტიკას და სისტემას, რაც მნიშვნელოვანი დანაკლისია რეფორმისთვის.

რაც შეეხება ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის დამოუკიდებლობას, ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმ კომისიის მუშაობაზე, რომელიც მის შესარჩევად შეიკრიბება, მის შემადგენლობაზე და მუშაობის წესზე. ასეთი კომისიების მუშაობის კარგი პრაქტიკა არ გვაქვს ქვეყანაში.

ცხადია, უფრო ეფექტიანი იქნებოდა, რომ ბიუროს ხელმძღვანელის თანამდებობაზე კანდიდატები პარლამენტს შეერჩია და დაემტკიცებინა. რატომ უნდა დანიშნოს პრემიერმა ერთპიროვნულად უწყების ხელმძღვანელი, რომელმაც თავად პრემიერი, აღმასრულებელი შტო, პარლამენტის წევრები და ბევრი სხვა პირი უნდა გააკონტროლოს, გაუგებარია.

რატომ უნდა დანიშნოს პრემიერმა ერთპიროვნულად უწყების ხელმძღვანელი, რომელმაც თავად პრემიერი, აღმასრულებელი შტო, პარლამენტის წევრები და ბევრი სხვა პირი უნდა გააკონტროლოს, გაუგებარია

- სახალხო დამცველის ევროპული რეკომენდაციების შესაბამისად არჩევა რთული საქმე არ უნდა ყოფილიყო, მაგრამ, ვხედავთ, რომ სახალხო დამცველის არჩევა დღემდე ვერ მოხერხდა.

გაქვთ განცდა, რომ სახალხო დამცველთან დაკავშირებით მეორე ჯერზე წავა სახელისუფლებო გუნდი ოპოზიციასთან კომპრომისზე?

- წესით, სახალხო დამცველის პუნქტი ხელისუფლებას ყველაზე ადვილად უნდა შეესრულებინა. „ქართულ ოცნებას“ კანდიდატიც კი არ დაუსახელებია და ამის მოტივაცია სხვა მონაწილეთა მხარდაჭერილი კანდიდატის არჩევა უნდა ყოფილიყო. ეს არის პუნქტი, რომელიც ძალიან მარტივი შესასრულებელია, მაგრამ კანდიდატის სტატუსის მისაღებად დიდი ნაბიჯი იქნებოდა.

ხელისუფლება ამბობს, რომ სახალხო დამცველზე „ოპოზიციასთან შეთანხმებას“ ცდილობს, მაგრამ, შთაბეჭდილება რჩება, რომ სახელისუფლებო გუნდი „შეთანხმებაში“ გულისხმობს ოპოზიცია დაეთანხმოს უმრავლესობის ნებას. ფაქტია, რომ ამგვარ მიდგომას არც „შეთანხმებასთან“ და არც დემოკრატიასთან საერთო არაფერი აქვს.

ხელისუფლება ამბობს, რომ სახალხო დამცველზე „ოპოზიციასთან შეთანხმებას“ ცდილობს, მაგრამ, შთაბეჭდილება რჩება, რომ სახელისუფლებო გუნდი „შეთანხმებაში“ გულისხმობს ოპოზიცია დაეთანხმოს უმრავლესობის ნებას. ფაქტია, რომ ამგვარ მიდგომას არც „შეთანხმებასთან“ და არც დემოკრატიასთან საერთო არაფერი აქვს

თუ ეს მიდგომა შენარჩუნდა, სასურველ შედეგს ვერ მივიღებთ. დიდი მნიშვნელობა აქვს სახალხო დამცველად იქნება თუ არა არჩეული პირი, რომელიც არც ერთ პარტიასთან არ ასოცირდება და ასეთად დაინახავენ თუ არა მას გარე შემფასებლები.

ამ პროცესის თავიდან დაწყებაზე ენთუზიაზმით საუბარი ძალიან რთულია, მაგრამ რადგან საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მიღება არის მთავარი, მცდელობა არ უნდა დავაკლოთ.

არსებული გამოცდილებით, ვფიქრობ, რომ პროცესს დაეხმარება თუ, შეიქმნება არა მხოლოდ კანდიდატების მრავალფეროვნება, არამედ ღირსეული კანდიდატების უფრო მრავალფეროვანი არჩევანი.

თუ, კიდევ უფრო მეტი დიალოგი და კონსულტაცია გაიმართება მათ გარშემო, არა მხოლოდ დახურულ, არამედ ღია ფორმატებშიც, იმისთვის, რომ შეიქმნას საზოგადოებრივი აზრი და მხარდაჭერა კანდიდატების შესახებ. ვფიქრობ, ოპოზიციას შეუძლია კიდევ უფრო აქტიური როლის შესრულება ამ პროცესში.

- დეპოლარიზაცია არის ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რაზეც დამოკიდებული იქნება მივიღებთ თუ არა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს.

შარლ მიშელის შეთანხმება გულისხმობდა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიალოგის ფორმატის შექმნას. ამის ნაცვლად ვხედავთ, რომ სახელისუფლებო გუნდი გახარებულიც კია რომ „ნაცმოძრაობამ“ და „სტრატეგია აღმაშენებელმა“ ბოიკოტი გამოაცხადეს.

ოპოზიციაზე საუბრისას ხელისუფლება აგრძელებს მტკიცებას, რომ ქვეყანაში არსებობს „რადიკალური“ და კიდევ სხვაგვარი ოპოზიცია. ვთქვათ, მათ რადიკალურ ოპოზიციასთან არანაირი დიალოგი არ სურთ, მაგრამ, ვხედავთ, რომ სახელისუფლებო გუნდი პარლამენტში არსებულ სხვა ოპოზიციურ ჯგუფებთანაც არაა დიალოგის რეჟიმში.

12 პუნქტიან რეკომენდაციების შესასრულებლად შექმნილ სამუშაო ჯგუფებში მუშაობის გამოცდილება იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ წლის ბოლომდე პარლამენტში შეიქმნება ისეთი გარემო და ატმოსფერო, რომ ქვეყანა შეძლებს ევროპული რეკომენდაციების შესრულებას?

- ევროკავშირში გააქტიურებული გაფართოების პროცესისგან ჩამორჩენა დამღუპველი იქნება საქართველოსთვის და კიდევ დიდხანს დაგვტოვებს უპერსპექტივობაში. ამ ფონზე, დღითი დღე სულ უფრო აშკარა ხდება, რომ ხელისუფლების საგარეო პოლიტიკა აცდენილია მოსახლეობის სტაბილურად ძალიან მაღალ მხარდაჭერას ევროინტეგრაციისადმი.

ხელისუფლების ასეთი პოლიტიკა უშლიდა და უშლის ხელს 12 პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულებას. მაგრამ, ფაქტია, არც ბოიკოტი გამოდგა შედეგის მომტანი.

ოპოზიციამ უნდა გამოიყენოს ხალხის ძალიან მაღალი მხარდაჭერა ევროინტეგრაციისადმი და ჯგუფებში და კომიტეტებზე მუშაობით ეცადოს მეტი შედეგის მიღწევას.

ხალხის მხარდაჭერა თავად ევროკავშირისთვისაც ცენტრალური ფაქტორია, ეს ხომ იმითაც გასაგებია, რომ მიუხედავად ხელისუფლების ანტიდასავლური კამპანიისა, ევროკავშირი ყოველდღიურად უდასტურებს სხვადასხვა ფორმით საქართველოს მხარდაჭერას.

ამ მოცემულობაში გამოსავალი არის დიალოგის უფრო მეტი ფორმატების შექმნა. პარლამენტი იძლევა საამისოდ ყველაზე ხელსაყრელი ფორმატების არჩევანს. საპარლამენტო ფორმატები, მათ შორის, სწორედ 12 რეკომენდაციის შესრულების ფარგლებში მინისტრების დაბარების წესში შეტანილი ცვლილებები, რაც მინისტრების უფრო ხშირად დაბარების შესაძლებლობებს ზრდის, აქტიურად უნდა იქნას გამოყენებული ოპოზიციის მიერ.

- „ნაცმოძრაობამ“ და „სტრატეგია აღმაშენებელმა“ ბოიკოტი გამოაცხადეს. რაც იმას ნიშნავს, რომ უარი თქვეს პარლამენტში მუშაობაზე მანამდე, ვიდრე მესამე პრეზიდენტის საკითხი არ გადაწყდება.

უკვე ჩანს, რომ ეს პროცესი არც მალე დასრულდება და არც ისე სწრაფად, რომ წაადგეს ევროპული რეკომენდაციების შესრულების საკითხს, რაც ასე მნიშვნელოვანია ქვეყნის ევროპული პერსპექტივისთვის.

ამ თვალსაზრისით გაუგებარია „ნაცმოძრაობისა“ და სტრატეგი აღმაშენებლის“ ქცევა, ხოლო მეორე მხრივ სახელისუფლებო გუნდის სიხარული იმის გამო, რომ მათ ბოიკოტი გამოაცხადეს. ახლა ბევრი იმასაც ამბობს, რომ სახელისუფლო გუნდს ეძლევა საშუალება რეკომენდაციების შეუსრულებლობა „ნაციონალებს“ და „სტრატეგია აღმაშენებელს“ დააბრალოს.

ასეთ ფონზე მმართველი გუნდი ამტკიცებს, რომ წლის ბოლომდე ქვეყანა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს აუცილებლად მიიღებს.

სავარაუდოდ, რა აძლევს მმართველ გუნდს იმის თქმის საშუალებას, რომ საქართველო წლის ბოლომდე მიიღებს სტატუსს და არ დაკარგავს ევროპულ პერსპექტივას?

- გასაგებია, რომ ხელისუფლების მოტივაცია კანდიდატის სტატუსის მიღება არ არის, ხოლო წარუმატებლობის შემთხვევაში ოპოზიციისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების კამპანია უკვე დაწყებული აქვს. ამიტომაც არის მნიშვნელოვანი ოპოზიციამ განსხვავებული სტრატეგიით იმოქმედოს.

არაერთი საკვანძო რეკომენდაცია რჩება, რომლის შესრულებას მხოლოდ ხელისუფლების პოლიტიკური ნება აბრკოლებს. ასეთი ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია სასამართლო რეფორმა, ასევე, დეპოლარიზაციის პირობა, ცალკეული კატეგორიის დანაშაულებზე რეაგირების პოლიტიკა და დაუსჯელობა და სხვა.

არაერთი საკვანძო რეკომენდაცია რჩება, რომლის შესრულებას მხოლოდ ხელისუფლების პოლიტიკური ნება აბრკოლებს. ასეთი ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია სასამართლო რეფორმა, ასევე, დეპოლარიზაციის პირობა, ცალკეული კატეგორიის დანაშაულებზე რეაგირების პოლიტიკა და დაუსჯელობა და სხვა

პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გაუარესებული ჯანმრთელობის მდგომარეობა ნამდვილად არის ერთ-ერთი საკითხი, რომელსაც ევროკავშირიც გაითვალისწინებს შეფასებისას და რომელზეც ევროკავშირის წევრი ზოგიერთი სახელმწიფო განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს.

სააკაშვილის საკითხი მართლმსაჯულების სისტემის პრობლემებსაც აშიშვლებს. მართლმსაჯულების სისტემის მიმართ დაბალი ნდობა ასევე განაპირობებს პრეზიდენტისთვის სასჯელის გადავადების საკითხის მიმართ მხარდაჭერას.

სააკაშვილის საკითხი მართლმსაჯულების სისტემის პრობლემებსაც აშიშვლებს. მართლმსაჯულების სისტემის მიმართ დაბალი ნდობა ასევე განაპირობებს პრეზიდენტისთვის სასჯელის გადავადების საკითხის მიმართ მხარდაჭერას

ამიტომ, როგორც ადამიანის უფლებების, ისე ჰუმანური, და ასევე, პრაგმატული თვალსაზრისით, მიხეილ სააკაშვილს უნდა მიეცეს სათანადო მკურნალობის საშუალება.

თუმცა, ამ საკითხის ვერც გადაწყვეტას და ვერც ამ კომპონენტებში ქვეყნის მდგომარეობის შეფასებას ბოიკოტი ვერ ეხმარება. ისევ საპარლამენტო მექანიზმების გამოყენებით უნდა იმუშაოს ოპოზიციამ ამ და ყველა სხვა საკითხზე.

დღევანდელი მოცემულობით, შემიძლია მხოლოდ იმედი გამოვთქვა, რომ საბოლოოდ, კანდიდატის სტატუსის მინიჭებისას, გადამწყვეტი ფაქტორი ევროკავშირისთვის გახდება ხალხის სტაბილურად მაღალი მხარდაჭერა ევროინტეგრაციისადმი და ოპოზიციის უნარი ჰქონდეს დიალოგი ერთმანეთთან და ხელისუფლებასთან, და არა რეკომენდაციების სრულად შესრულება.

„ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს