პარლამენტში ინიცირებულია პროექტი, რომლის მიღების შემთხვევაში, სხვა ქვეყნის სამხედრო უწყებაში სამსახური პირისთვის საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის საფუძველი არ გახდება

პარლამენტში ინიცირებულია პროექტი, რომლის მიღების შემთხვევაში გამოირიცხება შესაძლებლობა, რომ საქართველოს მოქალაქის იმ ქვეყნის სამხედრო სამსახურში შესვლა, რომელიც თავდაცვით ომს საქართველოს ოკუპანტი სახელმწიფოს სამხედრო აგრესიის წინააღმდეგ აწარმოებს, აღნიშნული პირისთვის მოქალაქეობის დაკარგვის საფუძვლად განიხილებოდეს.

„მოქალაქეობის შესახებ კანონში“ ცვლილებების პროექტი ოპოზიციონერმა დეპუტატებმა შალვა შავგულიძემ, არმაზ ახვლედიანმა და სალომე სამადაშვილმა მოამზადეს.

კანონის პროექტის თანახმად, საქართველოს მოქალაქეობას არ დაკარგავს საქართველოს მოქალაქე, რომელიც იმ ქვეყნის სამხედრო სამსახურში შევა, რომელიც თავდაცვით ომს “ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონით განსაზღვრული ოკუპანტი სახელმწიფოს სამხედრო აგრესიის წინააღმდეგ აწარმოებს.

კანონპროექტით შემოფარგლულია დროის მონაკვეთი, რომლის განმავლობაშიც საქართველოს მოქალაქის გაწევრიანება და სხვა ქვეყნის სამხედრო უწყებაში სამსახური მისთვის საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის საფუძველი არ გახდება. დროის ეს მონაკვეთი განისაზღვრება მოცემულ ქვეყანაში საომარი მდგომარეობის მთელი პერიოდით და მისი დასრულების შემდეგ ერთი წლის ვადით. შესაბამისად, თუ საქართველოს მოქალაქე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ კვლავ დარჩება სხვა ქვეყნის სამხედრო სამსახურში, ეს გარემოება მისთვის საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის საფუძველი გახდება.

“რუსეთის აგრესიის მოგერიებაში უკრაინას მოხალისე მებრძოლები მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან, მათ შორის საქართველოდანაც ეხმარებიან. ქართველი მოხალისეები ინტეგრირებული არიან უკრაინის შეიარაღებულ ძალებში. უნდა აღინიშნოს, რომ სხვა ქვეყნიდან ჩასულ მოხალისეთაგან ყველაზე მრავალრიცხოვანს ქართველ მოხალისეთა კორპუსი წარმოადგენს. სამწუხაროდ, მათ შორის მსხვერპლიც დიდია - ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინაში 36 ქართველი მოხალისე დაიღუპა.

მაშინ, როდესაც საქართველოს ტერიტორიის 20%-ზე მეტი ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ, რომელიც ახლა უკრაინის ოკუპაციასაც ცდილობს, უკრაინელებთან ერთად რუსეთის წინააღმდეგ ომში საქართველოს მოქალაქეთა მონაწილეობა თავისი არსით, რუსეთის ოკუპაციისგან საქართველოს გათავისუფლებისათვის ომში მათი მონაწილეობის ტოლფასია. იმის გათვალისწინებით, რომ დასავლური სამყარო ამ ომს აფასებს როგორც უკრაინის ბრძოლას არა მხოლოდ საკუთარი დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტისათვის არამედ, ასევე როგორც ბრძოლას მთლიანად დასავლური ღირებულებებისა და ცივილიზაციისათვის, ქართველ მოხალისეთა ამ ბრძოლაში მონაწილეობა უკრაინელთა მხარდამხარ, უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს დასავლურ სამყაროში საქართველოს ინტეგრირების საკითხის გადაწყვეტაში, რაც ჩვენი ქვეყნის ოფიციალურად გაცხადებულ და კონსტიტუციით გამყარებულ კურსს წარმოადგენს.

ქართველ მოხალისეთა ბრძოლა უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს ემსახურება. შესაბამისად, აღნიშნული მებრძოლები ქართული სახელმწიფოსაგან პატივისცემას და დაფასებას იმსახურებენ.

ამის საწინააღმდეგოდ, “ქართული ოცნების’’ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერებმა საჯაროდ განაცხადეს, რომ უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლი ქართველი მოხალისეები საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის საშიშროების წინაშე დგანან. ისინი “საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ ორგანული კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის “ა“ ქვეპუნქტზე აპელირებენ, რომლის თანახმად, საქართველოს მოქალაქე საქართველოს მოქალაქეობას დაკარგავს, თუ საქართველოს კომპეტენტური ორგანოების ნებართვის გარეშე სხვა ქვეყნის სამხედრო ან პოლიციის ან უშიშროების სამსახურში შევა.

“საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ ორგანული კანონის აღნიშნული ნორმის ამგვარი ინტერპრეტაცია პრინციპულად არასწორია, რადგან ის საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის სულისკვეთებას ეწინააღმდეგება, რომელიც საქართველოს კონსტიტუციურ ორგანოთა ვალდებულად ევროკავშირში და ნატოში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველყოფას განსაზღვრავს.

ორგანული კანონის მოცემული ნორმის “ქართული ოცნების“ ლიდერების მიერ წარმოდგენილი ინტერპრეტაციით კი, საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის საშიშროების წინაშე დგანან საქართველოს ის მოქალაქეები, რომლებიც ევროკავშირში და ნატოში საქართველოს ინტეგრირების ინტერესის შესაბამისად მოქმედებენ. უფრო მეტიც - საკუთარი სიცოცხლის ფასად ემსახურებიან ამ სახელმწიფო ინტერესს“, - ვკითხულობთ კანონის პროექტის განმარტებით ბარათში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა