თენგიზ ცერცვაძე - მოსალოდნელია COVID-ის ახალი შემთხვევების და ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებლის ზრდა

ჯანმო-ს მიერ „შეშფოთების საგნად“ შეფასებული კორონავირუსის ახალი სუბვარიანტი ე.წ. კრაკენი საქართველოშიც დადასტურდა. ამასთან, ქვეყანა ახალი თაობის, ბივალენტური ვაქცინის შემოტანაზეც მუშაობს. სიახლეებია ელიმინაციის პროგრამაშიც, კერძოდ, მიმდინარე წელს, სახელმწიფო B ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამასაც დაიწყებს.

როგორია ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური სურათი და აქვს თუ არა საქართველოს რეალური შესაძლებლობა მსოფლიოში პირველი ქვეყანა გახდეს, რომელიც 2025 წლისთვის დაძლევს 21-ე საუკუნის ორ მთავარ ეპიდემიას, ამ და სხვა საკითხებზე „ინტერპრესნიუსს“ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე ესაუბრა.

- ბოლო პერიოდში, კორონავირუსის ეპიდვითარების გათვალისწინებით, ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები საზოგადოებას სიფრთხილისკენ და რეკომენდაციების შესრულებისკენ მოუწოდებენ. როგორც ისინი განმარტავენ, აღნიშნულის მიზეზი კორონავირუსის ახალი სუბვარიანტებია, რომლებიც მათივე შეფასებითინტერესის და შეშფოთების ვარიანტებადგანიხილება. ამასთან, ყველასთვის ცნობილია, რომ 27 იანვარს ჯანმო- კიდევ ერთხელ გაახანგრძლივა COVID-თან დაკავშირებული საგანგებო მდგომარეობა. რაზე მიუთითებს ეს ყველაფერი? გვაქვს იმის თქმის საფუძველი, რომ პანდემიის დასრულებაზე საუბარი ჯერ კიდევ ნაადრევია?

- შეიძლება ითქვას, რომ ბოლო პერიოდში, კორონავირუსი საქართველოში დავიწყებას მიეცა, მსოფლიოში - არა. მსოფლიოში, კორონავირუსი ჯანმო-ს და სხვა ავტორიტეტული ინსტიტუციების მიერ ინტერესის და შეშფოთების საგნად კვლავ რჩება.

COVID-ის გაქრობის ობიექტური საფუძვლები ჯერ არ არსებობს. კვლავ ჩნდება ახალი სუბვარიანტები. კორონავირუსის სრულ დაძლევაზე საუბარი რომ ჯერ კიდევ ნაადრევია, მოწმობს ისიც, რომ ჯანმო-მ კორონავირუსთან დაკავშირებით კიდევ 3 თვით გააგრძელა საგანგებო მდგომარეობა.

სამწუხაროდ, მსოფლიოს არ აქვს ზუსტი მონაცემები, თუ როგორი ეპიდვითარებაა ჩინეთში. ჯანმო-ს მოწოდების მიუხედავად, ისინი არ დებენ ზუსტ მონაცემებს, თუმცა სხვადასხვა წყაროების მიხედვით, ჩინეთშიც კლებისკენ წავიდა COVID-ის ახალი შემთხვევების გამოვლენის ტენდენცია, რითაც მსოფლიო საზოგადოება შედარებით დამშვიდდა.

საქართველოს რაც შეეხება, ცნობილი ფაქტია, რომ საქართველომ შეძლო და ერთ-ერთმა პირველმა COVID-ი გადააქცია ერთ-ერთ რიგით რესპირაციულ ინფექციად. ეს ნიშნავს, რომ COVID-ით გარდაცვალების შემთხვევები არ აღემატება ან მხოლოდ ცოტათი აღემატება სხვა რესპირაციული ინფექციებით გამოწვეულ სიკვდილიანობას, COVID-ს პრაქტიკულად აღარ აქვს ნეგატიური გავლენა ადამიანების ცხოვრების ხარისხსა და ქვეყნის ეკონომიკაზე.

- ჯანდაცვის სფეროს ექსპერტების ყურადღება მიიპყრო კიდევ ერთმა ახალმა სუბვარიანტმა XBB1.5-მა, რომელიცკრაკენითარის ცნობილი. რა ვიცით ამ სუბვარიანტის შესახებ? არის თუ არა ის საქართველოში დადასტურებული? შეუძლია მას ჰოსპიტალიზაციის რიცხვის ზრდა, ანომიკრონისყველა სხვა სუბვარიანტისგან განსხვავებით ხასიათდება თუ არა ყველაზე სწრაფი გავრცელებით?

- დიახ, ბოლო პერიოდში ყურადღების ცენტრშია ომიკრონის XBB1.5 სუბვარიანტი, ე.წ. “კრაკენი”. ჯანმო-მ ის საშუალო რისკის შეშფოთების საგნად მიიჩნია! ამერიკის შეერთებულ შტატებში ის უკვე დომინანტი გახდა, შემთხვევების 66%-ზე მეტი „კრაკენის“ სუბვარიანტით არის განპირობებული. ეს სუბვარიანტი უკვე გავრცელდა მსოფლიოს 50-ზე მეტ ქვეყანაში და მათი რაოდენობა იზრდება.

ომიკრონის XBB1.5 ე.წ. კრაკენის სუბვარიანტით გამოწვეული ცალკეული შემთხვევები გამოვლენილია საქართველოშიც, თუმცა ჩვენთან დომინანტურ სუბვარიანტებად კვლავ რჩება ომიკრონის BA2, BA5 და სხვა „ძველი“ სუბვარიანტები. XBB1.5 სუბვარიანტს ახასიათებს აქამდე ცნობილ სუბვარიანტებთან შედარებით ყველაზე მეტი გადამდებლობა. იგი დაახლოებით 40%-ით მეტად გადამდებია, ვიდრე მისი წინამორბედი სუბვარიანტები. ითვლება, რომ ის არ იწვევს ომიკრონის სხვა სუბვარიანტებთან შედარებით უფრო მძიმე დაავადებას, თუმცა მაინც ითვლება პოტენციურად სასიკვდილო ვირუსად, განსაკუთრებით ხანდაზმულებისთვის, ან რისკის ჯგუფის პირებისთვის. მაგალითად იაპონიაში ა.წ. 3 თებერვალს 397 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო აშშ-ში CDC-ს მონაცემებით იანვრის უმეტეს დღეებში საშუალოდ COVID-ით 500 გარდაცვალება ფიქსირდებოდა. ვინაიდან, საქართველოში უკვე დადასტურდა აღნიშნული სუბვარიანტი, მოსალოდნელია COVID-ის ახალი შემთხვევების და ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებლის ზრდა.

ბოლო პერიოდში ყურადღება ასევე მიიპყრო ომიკრონის კიდევ ერთმა ახალმა სუბვარიანტმა - CH.1.1, რომელსაც მეტსახელად „ორტრუსი“ (Orthrus) შეარქვეს. ეს სუბვარიანტი პირველად გამოვლინდა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში და ამჟამად ძირითადად გავრცელებულია ახალ ზელანდიაში (40%-მდე), კამბოჯაში (31%) და უფრო ნაკლებად ირლანდიაში (21%) და დიდ ბრიტანეთში (12%). აშშ-ში CH.1.1 სუბვარიანტის გავრცელება 1.5%-ია. ამ სუბვარიანტმა ძირითადად ყურადღება მიიპყრო იმით, რომ შეიცავს L45R მუტაციას, რომელიც თავის დროზე ნანახი იყო „დელტა“ შტამში. მართალია, ითვლება, რომ CH.1.1 მაინც „ომიკრონის“ სუბვარიანტია და არ წარმოადგენს „ომიკრონის“ და „დელტა“ შტამის რეკომბინანტს - ასე ვთქვათ „Deltacron”-ს, მაგრამ ვინაიდან ის შეიცავს დელტა შტამისთვის დამახასიათებელ ერთ მუტაციას (L45R), ყურადღებით აკვირდებიან, ხომ არ იწვევს ის უფრო მძიმე დაავადებას, ვიდრე „ომიკრონის“ სხვა სუბვარიანტები. საბედნიეროდ, საქართველოში ჯერ ეს შტამი არ დაფიქსირებულა.

- ბოლო რამდენიმე თვეა, რაც დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს კორონავირუსის ახალი შემთხვევების შესახებ ინფორმაცია არ გამოუქვეყნებია. საზოგადოებისთვის უცნობია, ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელიც, რაც ადრე აქტიურად ქვეყნდებოდა. თუ გაქვთ ინფორმაცია, როგორია ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება?

- დიახ, ვინაიდან საქართველოში COVID ბოლო პერიოდში იმართება, როგორც ერთ-ერთი რიგითი რესპირაციული ინფექცია, ამიტომ COVID ახალი შემთხვევების სტატისტიკა არ ქვეყნდება, თუმცა ზუსტი ინფორმაცია ყოველდღიურად ეგზავნება შესაბამის საერთაშორისო ინსტიტუციებს. სხვათა შორის, ჩვენ დავაყენეთ სამინისტროს წინაშე შუამდგომლობა, რომ COVID სტატისტიკა თვეში ერთხელ მაინც გამოქვეყნდეს. რაც შეეხება არსებულ ეპიდემიოლოგიურ სურათს, საქართველოში, ბოლო პერიოდში COVID ახალი შემთხვევების მცირე მატება აღინიშნება. თუ გასული წლის ბოლოსთვის დღეში 200-300 შემთხვევა იყო, ახლა, იანვარში და თებერვლის პირველ რიცხვებში, ახალი შემთხვევების რაოდენობამ 500-ს მიაღწია. ამასთან, ბუნებრივია, ჰოსპიტალიზებული პაციენტების რაოდენობამაც მცირედით იმატა - დაახლოებით 300-მდე. საწოლფონდის პრობლემაზე საუბარი არ არის და ვერც იქნება, თუ გავითვალისწინებთ, რომ COVID-ის პიკის პერიოდში დღეში 20 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა გვქონდა და 8000-მდე ჰოსპიტალიზებული პაციენტი გვყავდა და საწოლფონდის პრობლემა მაშინაც კი არ იყო. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ COVID გარდაცვალების მაჩვენებელი მინიმალურ ნიშნულზეა შენარჩუნებული. გარდაცვალების მატება საქართველოში პრაქტიკულად არ ყოფილა! კვირაში COVID გარდაცვალების ერთეული შემთხვევები ფიქსირდება, რაც 1 მილიონ მოსახლეზე გადაანგარიშებით ბევრად ნაკლებია, ვიდრე ამერიკის, ევროპის და დანარჩენი მსოფლიოს უმეტეს ქვეყნებში.

საქართველოში ახალი სუბვარიანტების (XBB1.5) გამოჩენა მიუთითებს ახალი შემთხვევების მატების შესაძლებლობაზე, რაც სათანადო რეაგირებას მოითხოვს. ქვეყანა და ჯანდაცვის სისტემა სრულ მზადყოფნაშია საწოლფონდით (მათ შორის რეანიმაციული საწოლებით), კვალიფიციური და კარგად მომზადებული მედპერსონალით (მათ შორის ოჯახის ექიმებით), აპარატურით, მედიკამენტებით, ჟანგბადით. რაც შეეხება პრევენციულ ზომებს - ჯერ პირბადეების სავალდებულო ტარებაზე და სხვა რეგულაციების შემოღებაზე რეკომენდაციები დღის წესრიგში არ დგას, მაგრამ მეტი სიფხიზლე გვმართებს და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მართვის სადავეები ხელიდან არ გაგვექცეს. ვიმეორებ, პირბადეების ტარება ჩვენთან სავალდებულო არ არის, მაგრამ მისი ნებაყოფლობითი ტარება საზოგადოებრივ ტრანსპორტში და სამედიცინო დაწესებულებებში ურიგო არ იქნება. სამწლიანმა გამოცდილებამ გვიჩვენა, რომ COVID-თან წარმატებული ბრძოლის საუკეთესო საშუალება COVID-ის დროული დიაგნოსტიკა და ექიმის რეკომენდაციების ზედმიწევნით შესრულებაა.

- როგორ მოქმედებენ სტანდარტული და ახალი თაობის ვაქცინები ახალი სუბვარიანტების მიმართ? როგორია მათი დაცვა?

- სტანდარტული ვაქცინები ე.წ. ბუსტერ დოზების ჩათვლით საიმედოდ იცავენ ადამიანს „დელტა“ შტამისგან, მაგრამ გაცილებით ნაკლებად ომიკრონისგან. რაც შეეხება ახალი თაობის ე.წ. „ბივალენტურ“ ვაქცინებს, ისინი საიმედოდ იცავენ, როგორც დელტა შტამისგან, ისე ომიკრონის უმეტესი სუბვარიანტებისგან (BA4, BA5, BQ1, BQ1.1 და სხვ.). რაც შეეხება XBB1.5 სუბვარიანტს, ახალი „ბივალენტური“ ვაქცინები ადამიანს მისგანაც იცავენ, მაგრამ ნაკლებად, ვიდრე მანამდე არსებული სუბვარიანტებისგან.

- რა შეგიძლიათ გვითხრათ, ახალი ბივალენტური ვაქცინის შესახებ. როგორც ცნობილია, ბივალენტური ვაქცინა ჯერ ჩვენს ქვეყანაში ხელმისაწვდომი არ არის მაშინ, როდესაც ევროკავშირის 28 ქვეყანაში ახალი ბივალენტური ვაქცინით, 60 წელს გადაცილებული მოსახლეობის 20-80 პროცენტია აცრილი. თუ მიმდინარეობს მოლაპარაკებები აღნიშნული ვაქცინის შემოსატანად?

- დიახ, ჩვენთან ბივალენტური ვაქცინები ჯერ არ არის, თუმცა, მოლაპარაკებები ინტენსიურად მიმდინარეობს და არის რეალური მოლოდინი, რომ ეს ვაქცინები საქართველოში უმოკლეს დროში შემოვიდეს. თუ მოსახლეობის რომელი ჯგუფებისთვის იქნება ახალი თაობის ვაქცინები რეკომენდებული და ხელმისაწვდომი, ამაზე ჯანდაცვის სამინისტრო და NCDC მუშაობენ და მოსახლეობა დროულად იქნება ინფორმირებული.

- რა შეგიძლიათ გვითხრათ იმუნიზაციის მაჩვენებელზე? როგორია უახლესი სტატისტიკა?

- სამწუხაროდ, საქართველო იმ ქვეყნებს მიეკუთვნება, სადაც მოსახლეობის COVID ვაქცინაციით მოცვა დაბალია მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში ვაქცინაციისათვის ყველა პირობა იყო შექმნილი - ხარისხიანი ვაქცინები, ვაქცინაციის მრავალრიცხოვანი ცენტრები, კვალიფიციური მედპერსონალი, უფასო მომსახურება, ფართო ხელმისაწვდომობა და სხვ.

ამის მიუხედავად ვაქცინის ორი დოზით მოზრდილი მოსახლეობის მხოლოდ 45% არის აცრილი, რაც სრული მოსახლეობის 1/3-ს შეადგენს. განვითარებულ ქვეყნებში კი ვაქცინაციით მოცვის მაჩვენებელი 60 - 80%-ზე მეტია. საქართველოში, მესამე ე.წ. „ბუსტერ“ დოზა, გაკეთებული აქვს მხოლოდ 10%-ს, მეოთხე „ბუსტერ“ დოზით კი მხოლოდ 9400-მდე პირია აცრილი. ეს ძალიან დაბალი მაჩვენებლებია. საზოგადოებას მეტი აქტიურობისკენ მოვუწოდებ. ვაქცინა ინფიცირების თავიდან აცილების და განსაკუთრებით დაავადების დამძიმების პრევენციის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ეფექტიანი საშუალებაა.

-როგორია გრიპით და სხვა რესპირაციული დაავადებებით გარდაცვალების სტატისტიკა? როგორც ცნობილია, დღეს ქვეყანაში გავრცელების თვალსაზრისით მეორე ადგილზეა გრიპი, ასევე ცირკულირებს რესპირაციულ-სინციტიური ვირუსი, ადენოვირუსი და რინოვირუსი...

- იცით, საქართველოში COVID-ის მიმართ იმუნური ფენა გაიზარდა, მაგრამ გრიპის მიმართ შემცირდა, რადგან ბოლო ორი წელი გრიპი პრაქტიკულად არ ყოფილა. შესაბამისად, სავსებით ნორმალური იყო, რომ COVID რეგულაციების მოხსნის შემდეგ გრიპის ტალღა, წინა წლებთან შედარებით ძლიერი იყო. სადღეისოდ რესპირაციული ინფექციების მესამედზე ცოტა მეტი მოდის COVID-ზე, 1/3 - გრიპზე, ძირითადად A გრიპის H1 და H3 ქვეტიპებზე, ხოლო დანარჩენი - სხვა რესპირაციულ ინფექციებზე. ერთი პერიოდი ხშირად გვესმოდა, რომ „ ეს, რა ვირუსია ქვეყანაში?! COVID-ის დროს არ ვყოფილვარ ასე ცუდად, დახოცა ამ ვირუსმა ადამიანებიო, მაღალი ტემპერატურა იცისო...“. როგორც იტყვიან „ისე არ წვიმს, როგორც ქუხს“. გრიპი ასეთია, სერიოზულ დისკომფორტს გიქმნის, ზოგჯერ მძიმე გართულებებიც ახასიათებს და არ არის საჭირო ზედმეტი დრამატიზება და პანიკა. მინდა სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ დღეს, გრიპი და სხვა რესპირაციული ვირუსული ინფექციები ქვეყანაში ძალიან კარგად იმართება. არცერთი ავადმყოფი არ რჩება აუცილებელი და სრულფასოვანი სამედიცინო მომსახურების გარეშე. COVID-მა გვასწავლა რესპირაციული ინფექციების უკეთ მართვა. ამის დასტურია ის, რომ სადღეისოდ საქართველოში დაფიქსირებულია გრიპით გარდაცვალების მხოლოდ 2 დადასტურებული შემთხვევა მაშინ, როდესაც მაგალითად აშშ-ში CDC-ის მონაცემებით, ამ სეზონზე დაფიქსირებულია მარტო გრიპით სიკვდილიანობის 17,000 შემთხვევა, მათ შორის 97 ბავშვი. ამ დროისთვის გრიპის და სხვა რესპირაციული ვირუსული ინფექციების სიხშირე საშუალო სეზონურ დონეზეა ჩამოსული.

- რა შეიძლება იყოს პრევენციული ზომები? როგორ უნდა მოვიქცეთ კორონავირუსით, ან სხვა რესპირაციული ვირუსებით ინფიცირების შემთხვევაში? როგორია მოქმედების ალგორითმი?

- ქვეყანაში COVID სიტუაციის გაუარესების პრევენციისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რომ მინიმუმამდე იქნეს დაყვანილი COVID-ის გვიანი დიაგნოსტიკის და დაგვიანებული მომართვიანობის შემთხვევები. ამიტომ კიდევ ერთხელ დაბეჯითებით მოვუწოდებ მოსახლეობას, რესპირაციული ინფექციების პირველივე სიმპტომების გამოვლენისთანავე ყველამ ჩაიტაროს COVID ტესტირება, რაც შეიძლება ადრე (სასურველია პირველივე დღეს) და COVID დიაგნოზის დადასტურების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართოს ოჯახის ექიმს და ზედმიწევნით შეასრულოს მისი რეკომენდაციები, მათ შორის დროულ ჰოსპიტალიზაციასთან (ვისაც ეს სჭირდება) დაკავშირებით.

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ COVID გარდაცვალების ის ერთეული შემთხვევები, რომლებიც სამწუხაროდ, ჯერ კიდევ გვაქვს, თითქმის ყოველთვის დაგვიანებულ მომართვიანობასთანაა დაკავშირებული. ასევე დაბეჯითებით ვთხოვ ოჯახის და კლინიკების ექიმებს ყველა ამბულატორიულ, თუ სტაციონარულ COVID ავადმყოფთან სათანადო ჩვენების შემთხვევაში (60 წელზე მეტი ასაკი, თანმხლები ქრონიკული დაავადებები და სხვ.) აუცილებლად გამოიყენონ ანტივირუსული მედიკამენტები: „პაქსლოვიდი“ ან „რემდესივირი“, რომლებიც ძალიან მაღალი პროცენტით (90%-მდე) ამცირებენ დაავადების დამძიმების და მითუმეტეს ფატალური გამოსავლის ალბათობას და ამასთან, ამ ორი მედიკამენტით მკურნალობისას ჩვენს ქვეყანაში სერიოზული გვერდითი მოვლენების არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

ამას ასეთი ხაზგასმით იმიტომ აღვნიშნავ, რომ სამწუხაროდ, ჯერ კიდევ გვხვდება შემთხვევები, როდესაც ოჯახის ან კლინიკის ექიმები, სათანადო ჩვენებების არსებობის შემთხვევაშიც კი სრულიად გაუმართლებლად თავს იკავებენ „პაქსლოვიდის“ ან „რემდესივირის“ გამოყენებისგან, რითაც იზრდება COVID პაციენტების დამძიმების და არასახარბიელო გამოსავლის რისკები. ვინაიდან ამ სეზონზე ჩვენთან გრიპი COVID-ის შემდეგ ყველაზე სერიოზული რესპირაციული ინფექციაა, ჩვენი რეკომენდაციაა, რომ იმ პირებმა, ვინც ჩაიტარეს ტესტი COVID-ზე და პასუხი უარყოფითია, ჩაიტარონ გრიპზე გამოკვლევაც. თუ გრიპზე ტესტი დადებითია, ისევ ოჯახის ექიმის რეკომენდაციით, სათანადო ჩვენებების შემთხვევაში (რისკის ჯგუფის პირები, დაავადების მძიმე მიმდინარეობა და სხვ.) დაწყებული იყოს ანტივირუსული მკურნალობა პრეპარატ "ტამიფლუთი". სხვა რესპირაციული ინფექციების შემთხვევაში მკურნალობა ძირითადად სიმპტომურია.

- ინტერვიუს ბოლოს უნდა აღინიშნოს, რომ ჯანდაცვის სამინისტრო COVID პანდემიის მართვასთან ერთად, არაერთ სხვა პროგრამას ახორციელებს, მათ შორის არის მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების განსაზღვრა, მოსახლეობისთვის მათზე ხელმისაწვდომობის გაზრდა, კლინიკების დაფინანსების სისტემის ცვლილება და სხვ. როგორ შეაფასებდით მინისტრის პოლიტიკას, რამდენად აქტიურად არის ჩართული ჯანდაცვის სამინისტრო კორონავირუსის მართვაში და როგორ აფასებთ იმ პოლიტიკას, რაც ხორციელდება კორონავირუსის მართვის პროგრამის ფარგლებს მიღმა?

- შემიძლია გითხრათ, რომ სამინისტროს ახალი ხელმძღვანელობის ძირითადი პრინციპია ნაკლები პიარი და მეტი საქმე. COVID-ის მართვაში ჯანდაცვის სამინისტრო არათუ აქტიურად არის ჩართული, არამედ უშუალოდ ხელმძღვანელობს მართვას. დიდწილად სწორედ მისი დამსახურებაა, რომ საქართველოში დროულად გატარდა ეფექტიანი საპასუხო ღონისძიებები COVID-ის მკურნალობის ყველაზე თანამედროვე მეთოდების და მიდგომების ჩათვლით. სწორედ ამის შედეგია, რომ ბოლო 10 თვის მანძილზე 1 მილიონ მოსახლეზე გადაანგარიშებით საქართველოში COVID გარდაცვალების შემთხვევები ბევრად ნაკლებია, ვიდრე ამერიკის, ევროპის და დანარჩენი მსოფლიოს უმეტეს ქვეყნებში და საქართველო გახდა ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, სადაც COVID იმართება, როგორც ერთ-ერთი რიგითი რესპირაციული ინფექცია.

რაც შეეხება COVID-ის ფარგლებს მიღმა საქმიანობას, ყველამ ვიცით, რომ საქართველოში ჯანდაცვის სისტემა ცალკეულ სეგმენტებში ძალიან სერიოზული წარმატებების მიუხედავად მთლიანობაში გაცილებით უფრო სუსტია, ვიდრე ვთქვათ ამერიკაში, ან გერმანიაში. სამწუხაროდ, სხვანაირად ვერც იქნება თუ გავითვალისწინებთ, რომ საქართველო განვითარებადი ქვეყანაა და მისი რესურსები და ეკონომიკური პოტენციალი ბევრად ნაკლებია განვითარებულ ქვეყნებთან შედარებით. ამ დროს მოსახლეობა ქვეყნის და სამინისტროს ხელმძღვანელობისგან ითხოვს ისეთივე დონის და ხელმისაწვდომობის ჯანდაცვას, როგორიც აქვს მსოფლიოს ყველაზე განვითარებულ ქვეყნებს და ეს გასაგებია, რადგან ჯანმრთელობა თითოეული ადამიანისათვის ყველაზე ძვირფასია. ამ ვითარებაში სამინისტროს ხელმძღვანელობამ აირჩია ძალიან რთული, მაგრამ ერთადერთი სწორი გზა. დარგობრივი პროგრამების გარდა იგი ახორციელებს ჯანდაცვაში სიღრმისეულ რეფორმებს სისტემური ცვლილებების გზით და თუ ამ რეფორმების და სისტემური ცვლილებების ბოლომდე მიყვანა შესაძლებელი გახდა, ქვეყნის მოსახლეობა მიიღებს თვისობრივად ახალ, ხარისხიან და ხელმისაწვდომ ჯანდაცვას. მოვიყვან რამდენიმე მაგალითს:

მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით სამინისტროს ხელმძღვანელობამ მოახერხა ქვეყანაში თურქული, იაფიანი და ამავე დროს ხარისხიანი მედიკამენტების შემოტანა და ამასთან, შემოიღო მედიკამენტებზე ე.წ. რეფერენტული ფასები. შესაძლებელია, ეს ვიღაცას არ მოსწონდეს და წინააღმდეგობებიც იყოს, მაგრამ მოსახლეობისთვის უდიდესი შვებაა. რას იზამ, არ გამოდის, რომ „მგლებიც მაძღარნი იყვნენ და ცხვრებიც მთელნი“.

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის რესურსების რაციონალური გამოყენების მიზნით, სამინისტროს ხელმძღვანელობამ შემოიღო სამედიცინო მომსახურებების დაფინანსების ე.წ. დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფების (DRG) ახალი მოდელი, რომელიც აპრობირებულია მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში და რომელიც უზრუნველყოფს ჯანდაცვის სისტემის ფინანსური რესურსის რაციონალურ და სამართლიან გამოყენებას, რამაც საბოლოო ჯამში უნდა გაზარდოს მოსახლეობის ხელმისაწვდომობა ხარისხიან სამედიცინო სერვისებზე. არც ეს რეფორმაა იოლი და უმტკივნეულო და სერიოზული წინააღმდეგობებიც იქნება, მაგრამ სამინისტროს ხელმძღვანელობა ამისთვის მზად არის. არის პოლიტიკური ნება და შექმნილია პროფესიონალების სერიოზული ჯგუფები ამ უმნიშვნელოვანესი რეფორმის სამართლიანი და ოპტიმალური ფორმით განხორციელებისათვის.

შემდეგი უმნიშვნელოვანესი პრობლემა, რომელსაც სამინისტროს ხელმძღვანელობა შეეჭიდა არის სამედიცინო დაწესებულებებში შიდაჰოსპიტალური ინფექციები და მათი კონტროლი, ანტიბიოტიკების მიმართ შტამების რეზისტენტობასთან ბრძოლა და რაციონალური ანტიბიოტიკოთერაპია. ეს პრობლემა უდიდესი გამოწვევაა მსოფლიოში ყველაზე ძლიერი ჯანდაცვის სისტემების მქონე ქვეყნებისთვისაც კი, მაგრამ განსაკუთრებით მწვავედ დგას და მტკივნეულია განვითარებადი ქვეყნებისთვის, მათ შორის საქართველოსთვის. ეს კომპლექსური პრობლემაა და მისი დაძლევა მოითხოვს ძლიერ პოლიტიკურ ნებას, აგრეთვე ძალიან სერიოზულ მატერიალურ და ინტელექტუალურ რესურსებს და დიდ ძალისხმევას. თუ სამინისტრო შეძლებს ამ მიმართულებით სისტემური ცვლილებების ბოლომდე მიყვანას, ეს უაღრესად დადებითად აისახება მთელი რიგი დაავადებების გამოსავლებზე და მთლიანად მოსახლეობის ჯანმრთელობაზე. სამინისტრო ამ მიმართულებით მჭიდროდ თანამშრომლობს ჯანმო-სთან და ამერიკის CDC-სთან. ჯერ-ჯერობით პირველი ნაბიჯები დამაიმედებელია.

დაწყებული ან დაგეგმილი რეფორმების და სისტემური ცვლილებების ჩამონათვალი ვრცელია და მათი მიმოხილვა ერთ ინტერვიუში შეუძლებელია.

რაც შეეხება დარგობრივ ე.წ. ვერტიკალურ პროგრამებს, აქაც მაღალი აქტივობაა. საკმარისია ჩამოვთვალოთ C ჰეპატიტის ელიმინაციის უნიკალური და უაღრესად წარმატებული პროგრამა, ასევე აივ ინფექცია/შიდსთან, ტუბერკულოზთან ბრძოლის პროგრამები და სხვ. 2023 წელს დაგეგმილია B ჰეპატიტის ელიმინაციის ახალი პროგრამის დაწყება. საქართველოს აქვს რეალური შესაძლებლობა გახდეს მსოფლიოში პირველი ქვეყანა, რომელიც 2025 წლისთვის დაძლევს 21-ე საუკუნის ორ მთავარ ეპიდემიას: C ჰეპატიტს და აივ ინფექცია/შიდსს, ხოლო 2030 წლისთვის - B ჰეპატიტის ეპიდემიას.

თეონა ციხიშვილი

„ინტერპრესნიუსი“

გიორგი კაჭარავა - უკრაინაში ომის მეორე წლისთავზე საქართველოსთვის ცხადად ჩანს, რომ ევროკავშირის და ნატო-ს წევრობა უალტერნატივოა ეროვნული უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისთვის
ბავშვთა მიმართ სექსუალური ხასიათის დანაშაულები და მასთან დაკავშირებული პრობლემები - როგორ ამოვიცნოთ მოძალადე და როგორ უნდა დაეხმაროს მშობელი შვილს მომხდარის გადატანაში? - ფსიქოლოგის რეკომენდაციები
ქართული პრესის მიმოხილვა 22.02.2024
გამორჩეული სიახლე - ახალი HONOR X8b სმარტფონის განხილვა
ჰიუნდაი ავტო საქართველოში შერჩეულ მოდელებზე მწარმოებლის ბონუსს მიიღებთ
ტერაბანკის პარტნიორობით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში პრე-აქსელერაციის პროგრამა დასრულდა
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოს უნივერსიტეტს ესტუმრა
მსოფლიოს წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიის, Salesforce-ის ოფიციალური წარმომადგენელი და პარტნიორი კომპანია INSPARK, საქართველოში იწყებს ოპერირებას