ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ხობის მუნიციპალიტეტში ქალის მკვლელობაში ბრალდებულ ზანდა უბილავას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით პროკურატურამ მიმართა, დაცვის მხარე კი ზანდა უბილავასთვის გირაოს შეფარდებას ითხოვდა, რაც მოსამართლემ არ გაიზიარა.
ცნობისთვის, ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხამისკურის ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ბრალდებულმა 50 წლამდე ქალს ბლაგვი საგნით თავის არეში დაზიანებები მიაყენა. მიღებული დაზიანებების შედეგად ქალი ადგილზე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით წარედგინა, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.