შალვა პაპუაშვილი - ევროპარლამენტის რეზოლუციები იქცა დეზინფორმაციისა და საქართველოზე თავდასხმის წყაროდ - ერთადერთი, რაშიც ვეთანხმები, სააკაშვილის საქმე არის ლაკმუსის ტესტი, რათა დავინახოთ, ვინ არის საქართველოს მეგობარი და ვინ სააკაშვილის

ევროპარლამენტის რეზოლუციები საქართველოსთან მიმართებით იქცა დეზინფორმაციის და საქართველოზე თავდასხმის წყაროდ, რაც ძალიან სამწუხაროა, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციაში ძალიან ბევრი უზუსტობაა.

მისი განმარტებით, ერთ-ერთი უზუსტობაა სააკაშვილის დაკავების საფუძველი.

მისი თქმით, გარკვეული ევროპარლამენტარების ჯგუფი ცდილობს, საქართველოს დაზიანებას იმისთვის, რომ ის დაიხსნან ციხიდან.

,,არის ევროპელი პოლიტიკოსების ჯგუფი, რომლებიც ცდილობენ ყველანაირად დააზიანონ საქართველო იმისთვის, რომ დაიხსნან სააკაშვილი. ამ რეზოლუციაში არის ძალიან ბევრი ფაქტობრივი შეცდომა. მაგალითად, საუბარი იმაზე, თითქოს სააკაშვილი არის მხოლოდ უფლებამოსილების გადამეტების გამო ციხეში, არადა გელაშვილის საქმეზე მას მისჯილი აქვს 6 წელი, ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისთვის. ისინი საუბრობენ უფლებამოსილების გადამეტებაზე, რადგან მათი სურვილია საზოგადოებას აჩვენონ, რომ ეს შესაძლოა პოლიტიკურად შეფუთული დანაშაულები იყოს, მაგრამ რას უშვრებიან ადამიანის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ფაქტს, რაც ჩვენ ვნახეთ და თვითონ „ნაციონალური მოძრაობაც“ არ აყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ ამას. თვითონ ევროპულმა სასამართლომ არ თქვა გირგვლიანის საქმეზე, რომ სააკაშვილი პირადად იყო ჩართული, რათა აერიდებინა მძიმე სასჯელი დამნაშავეებისთვის? არის სხვა შეცდომებიც”, - განაცხადა პაპუაშვილმა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.

შალვა პაპუაშვილმა ასევე, ისაუბრა ცენტრ ემპათიის დასკვნაზე, რომელიც საფუძვლად უდევს რეზოლუციას.

,, ცენტრი „ემპათია“ და მათი ექსპერტები, ყველას გვახსოვს შაქარიშვილის და ბაჩალიაშვილის საქმეზე, როგორ სიყალბეს აწვდიდნენ საზოგადოებას. შაქარაშვილის საქმეზე, ცენტრი „ემპათია“ ამბობდა ადამიანზე, თითქოს ოთხი დღე იყო ცოცხალი და ამას ამბობდნენ “ექსპერტული” დასკვნის საფუძველზე. ასეთი ორგანიზაციის დასკვნას, რომ არანაირი ფასი არ აქვს და ეს რომ ძალიან კარგად იციან და მაინც წერენ მას რეზოლუციაში, ეს არის, რა თქმა უნდა, თვალებში ნაცრის შეყრაა. ერთადერთი, რაშიც ვეთანხმები ამ რეზოლუციას, საუბარია იმაზე, რომ სააკაშვილის საქმე, ეს არის ლაკმუსის ტესტი. ნამდვილად არის ეს ლაკმუსის ტესტი იმისათვის, რომ დავინახოთ - ვინ არის საქართველოს მეგობარი და ვინ არის სააკაშვილის მეგობარი”, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ინფორმაციისთვის, ევროპარლამენტმა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ რეზოლუცია მიიღო. რეზოლუცია ხაზს უსვამს იმ "ფუნდამენტურ როლს, რომელიც ოლიგარქმა ბიძინა ივანიშვილმა სააკაშვილის დაკავებაში, პირადი ვენდეტის ფარგლებში, ითამაშა". ამიტომ, პარლამენტი იმეორებს თავის მოწოდებას [ევროპული] საბჭოსა და დემოკრატიული პარტნიორების მიმართ, განიხილონ ივანიშვილისთვის სანქციების დაწესება „საქართველოში პოლიტიკური პროცესის გაუარესებაში“ მისი როლისთვის.

რეზოლუციაში, ევროპარლამენტი გამოხატავს სერიოზულ შეშფოთებას საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილი ჯანმრთელობის გაუარესების გამო.

ევროპარლამენტარები მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, გაათავისუფლოს მიხეილ სააკაშვილი და მისცეს მას საზღვარგარეთ სათანადო სამედიცინო დახმარების მიღების საშუალება. ასევე, ისინი პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს მოუწოდებენ, გამოიყენოს კონსტიტუციური უფლება და შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი.

ევროპარალამენტარები მიიჩნევენ, რომ ყოფილი პრეზიდენტის მდგომარეობის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით მუდმივი წარუმატებლობა საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატურის მიღების პერსპექტივის შეფერხების რისკს ქმნის.

რეზოლუციას მხარი 577-მა პარლამენტარმა დაუჭირა, 33 წინააღმდეგი წავიდა, 26-მა კი - თავი შეიკავა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა