ლევან იოსელიანი - მიზეზი, რატომ არ გადის ოპოზიცია სააკაშვილის მხარდამჭერ აქციებზე, არის ის, თუ როგორ იქცევა თავად სააკაშვილი - პრეზიდენტი პატიმრობას უფრო ღირსეულად უნდა იტანდეს

საქართველოს პარლამენტის ოპოზიციონერი ვიცე-სპიკერის, ლევან იოსელიანის განცხადებით, ევროპარლამენტის რეზოლუციამ აჩვენა ხედვა, რომ საქართველო ევროკავშირში თავის წესებით ვერ შევა.

როგორც იოსელიანმა, „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალი სტუდიაში“ ევროპარლამენტის მიერ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მიღებული რეზოლუციაზე საუბრისას განაცხადა, მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა შეძლო საკუთარი საკითხი საქართველოს ევროპული პერსპექტივისთვის დაეკავშირებინა.

იოსელიანმა აქვე აღნიშნა, რომ ევროპაში პრეზიდენტები ციხეში არ სხედან, მიუხედავად იმისა, რომ ევროპაშიც არიან პასუხისგებაში მიცემული პრეზიდენტები.

„ევროპარლამენტის რეზოლუცია, ნამდვილად ყურადსაღები და მნიშვნელოვანია. მიუხედავად იმისა, რომ ამ რეზოლუციას იურიდიული ძალა არ აქვს, კონკრეტული საკითხებისადმი ევროპული ქვეყნების დამოკიდებულება აჩვენა. ეს არის ის ხედვა, რაც ევროკავშირის ძირითად ქვეყნებს აქვთ. მათ არაერთხელ გაუსვეს ხაზი, რომ თუ საქართველოს უნდა გახდეს ჩვენი წევრი, საქართველომ უნდა მიიღოს ის თამაშის წესები, რაც ჩვენ სივრცეშია. თავის წესებით საქართველო ევროკავშირში ვერ შევა.

მიხეილ სააკაშვილმა შეძლო ის, რომ თავისი საკითხი დაუკავშირა ჩვენს ევროპულ პერსპექტივას, მისი მეგობრების, ლობისტების ჩართულობით. ფაქტია, რომ მიღებულია რეზოლუცია, სადაც წერია, რომ მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ გადაყვანა არის მათი პირობა. ამ რეზოლუციის მხარდაჭერა საკმაოდ დიდია, მას მხარს 577 ადამიანი უჭერს, ეს არის პრაქტიკულად, ერთსულოვნად ჩამოყალიბებული ხედვა.

ევროპული პერსპექტივით რომ შევხედოთ, სააკაშვილის ციხეში ყოფნა სხვანაირად ჩანს. მიუხედავად იმისა, არ ვთვლი, რომ ის უსამართლოდ ზის ციხეში, მიუხედავად იმისა, რომ ის ძალით არავის ჩამოუყვანია, ყველაფერი რაც მის თავს ხდება, მისი ბრალია, მაგრამ ევროპაში პრეზიდენტები ციხეში არ სხედან. იქაც არიან პასუხისგებაში მიცემული პრეზიდენტები, მაგრამ მათ მიმართ გამოყენებულია არასაპატიმრო ღონისძიება“, - განაცხადა იოსელიანმა.

მისივე შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის აქვს პოლიტიკური წონა და ენერგია, რომ სერიოზული პრობლემები შეუქმნას „ქართულ ოცნებას“, ამიტომ უკიდურეს შემთხვევაში, თუ პოლიტიკას ჩამოშორდება, შეელევიან ციხიდან მის გათავისუფლებას.

„სააკაშვილი პოლიტიკიდან წასვლის დაპირებას არ იძლევა. მიხეილ სააკაშვილი დაბადებულია პოლიტიკოსად და სანამ ცოცხალია, იქნება ან უკრაინის, ან საქართველოს, ან ერთად ორივე ქვეყნის პოლიტიკაში“, - აღნიშნა იოსელიანმა.

მან ასევე შეაფასა „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ორგანიზებული მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი საპროტესტო აქტივობები და აღნიშნა, რომ ის ადამიანები, ვინც ამ აქციებს გეგმავს და მერე აქციას უწოდებს, ცდილობენ, საკუთარი პარტია მარგინალურ მდგომარეობამდე მიიყვანონ.

მისივე თქმით, ყოფილი პრეზიდენტი მეტი ღირსებით უნდა იტანდეს პატიმრობას.

„არ შეიძლება 10 და 20 - კაციანი აქციის მოწყობა და ამის ისტერიულად გაშუქება. ადამიანები ამას რომ უყურებენ, ამ ყველაფერზე ეცინებათ. ეს მაყურებლის შეურაცხყოფაც არის. ტყუილიც კი არ არის, ამის კეთება არის აბსოლუტური სისულელე.

როგორ ფიქრობთ, რა არის იმის მიზეზი, თუ რატომ არ გადის ოპოზიცია სააკაშვილის მხარდამჭერ აქციებზე? - ამის მიზეზი არის ის, თუ როგორ იქცევა მიხეილ სააკაშვილი. მიხეილ სააკაშვილიც, რომელსაც ამბიცია ჰქონდა იმისა, რომ ის არის თანამედროვე სახელმწიფოს დამფუძნებელი, მეტად ღირსეულად უნდა იტანდეს პატიმრობას. საქართველო არ არის ქვეყანა, სადაც მუდმივი ისტერიკით შედეგს მიაღწევ. საქართველო არის ქვეყანა, სადაც რაღაცის დათმენით, ღირსების ჩვენებით აფასებენ ადამიანებს. ერთი მხრივ, როდესაც გინდა იყო ერის მამა და შენ მოგყვებოდეს ხალხი, მინიმალური სტანდარტი უნდა მისცე ამის. თავგანწირვა არის პოლიტიკოსის მთავარი თვისება, რაც მან უნდა აჩვენოს თავის მხარდამჭერებს და მერე ადამიანები, შეიძლება გაჰყვნენ მას. მის მომხრეებს რომ სჯეროდეთ, რომ მიხეილ სააკაშვილი ხვალ მოკვდება, ყველა მათგანი ქუჩაში იდგებოდა“, - განაცხადა იოსელიანმა.

რაც შეეხება კითხვას ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით, იოსელიანის შეფასებით, რთულად წარმოსადგენია, რომ საზოგადოებამ ვანო მერაბიშვილს მეორეჯერ მისცეს მანდატი იმისთვის, რომ მას ძალაუფლება ჰქონდეს ხელში.

„საუბარი იმაზე, რომ საქართველოში ვანო მერაბიშვილს ან დავით კეზერაშვილს სერიოზული ელექტორალური რესურსი აქვთ, არ შეიძლება. ყველა ხმა, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიდის, ეს არის მიხეილ სააკაშვილის ხმა, კონკრეტულად ამ ერთი ადამიანის. თუ სააკაშვილი გვერდზე გაიწევა, მერაბიშვილმა და კეზერაშვილმა შეიძლება, ბარიერი ვერ გადალახონ“,- განაცხადა იოსელიანმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა