შალვა პაპუაშვილი - სტრასბურგის სასამართლომ ევროპარლამენტის რეზოლუციას ყველანაირ პოლიტიკურ შეფასებაზე უფრო ძლიერი შეფასება მისცა - სასამართლომ თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილი იყო გულაგების პრეზიდენტი

სტრასბურგის სასამართლომ ევროპარლამენტის რეზოლუციას ყველანაირ პოლიტიკურ შეფასებაზე უფრო ძლიერი შეფასება მისცა - სასამართლომ ფაქტობრივად თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილი იყო გულაგების პრეზიდენტი, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ევროსასამართლოს გადაწყვეტილების თაობაზე ჟურნალისტებს განუცხადა, რომლის მიხედვითაც „2012 წლამდე საქართველოს პენიტენციურ სისტემაში წამება სისტემური ხასიათის იყო“.

მისი თქმით, ევროპულმა სასამართლომ საკუთარი გადაწყვეტილებით აჩვენა წამების ფაქტები, რაც ისტორიის ნაწილია და რომლის გადაწერასაც ითხოვს პოლიტიკოსთა გარკვეული ჯგუფი, „როდესაც ამბობენ, რომ დამნაშავის დასჯას უნდა ვუწოდოთ ვენდეტა“.

„გარკვეულად ბედისწერის საკითხია - ევროპარლამენტის რეზოლუციიდან, სადაც სააკაშვილს დევნილობაში მყოფ ადამიანს უწოდებენ, რომელიც სამშობლოში ბრუნდებოდა და რომლის მიმართაც არა კანონი აღსრულდა, არამედ პირადი ვენდეტა, რამდენიმე საათი იყო გასული, რომ ევროპის ყველაზე შეუბღალავი რეპუტაციის ინსტიტუციამ, ევროპულმა სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება. სასამართლომ ფაქტობრივად თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილი იყო გულაგების პრეზიდენტი. თქვა, რომ მან შექმნა სისტემა, სადაც ადამიანებს აწამებდნენ და ეს იყო არა ცალკეული შემთხვევები, არამედ, სისტემური. ამ გადაწყვეტილებით ევროპულმა სასამართლომ დაგვანახა, გვაჩვენა წამების ფაქტები, რაც საზოგადოებამ ისედაც იცის და ისტორიის ნაწილია. სწორედ ამ ისტორიის გადაწერას გვთხოვს პოლიტიკოსთა გარკვეული ჯგუფი, როდესაც ამბობენ, რომ დამნაშავის დასჯას უნდა ვუწოდოთ ვენდეტა. ეს არის სიყალბის სიმართლედ წარმოჩენის მცდელობა, როდესაც მოგვიწოდებენ, გადავწეროთ ჩვენი ისტორია, დავივიწყოთ და ამოვაგდოთ მეხსიერებიდან ის, თუ რა სისტემა შექმნა მიხეილ სააკაშვილმა. ეს იყო კარგი პასუხი რეზოლუციაზე“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

რაც შეეხება უშუალოდ ევროპარლამენტის რეზოლუციას, პაპუაშვილის თქმით, „დევნილის წოდება ადამიანისთვის, რომელიც მართლმსაჯულებას გაექცა, საქართველოში უკანონოდ შემოვიდა და ამას სამშობლოში დაბრუნება უწოდა, ცინიზმია“.

„ევროპარლამენტის რეზოლუციები იქცა დეზინფორმაციის წყაროდ და საქართველოზე თავდასხმად. წინა რეზოლუციებშიც ბევრი შეცდომა და უზუსტობა იყო. ამ შემთხვევაში, ამ რეზოლუციის პირველივე წინადადება ისე წარმოაჩენს, თითქოს მიხეილ სააკაშვილი საკუთარი სამშობლოდან დევნილი იყო, არადა, ხომ ვიცით, რა არის ჩვენი უახლოესი ისტორია - უახლოესი ისტორია არის ის, რომ მიხეილ სააკაშვილი გაიქცა საქართველოდან. ქართულმა და არა მარტო ქართულმა მართლმსაჯულებამ დამნაშავედ ცნო. გირგვლიანის საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ მიხეილ სააკაშვილს დაადო ხელი და ქართულმა სასამართლომ შესაბამისი სასჯელი მიუსაჯა. კიდევ სამი საქმე განხილვაშია. მთელმა მსოფლიომ ნახა კადრები, როგორ იმყოფებდა სააკაშვილი რძის პროდუქტების კონტეინერში და შემოიპარა საქართველოში. ეს ხომ ის ისტორია არაა, რომელიც მხოლოდ ჩვენ ვიცით, ყველამ ნახა. ამიტომ დევნილის წოდება ადამიანისთვის, რომელიც მართლმსაჯულებას გაექცა, საქართველოში უკანონოდ შემოვიდა და ამას სამშობლოში დაბრუნება უწოდა, ცინიზმია და ქართველი ხალხის მიმართ ჩვენება, რომ გარკვეული პოლიტიკური ჯგუფები არიან არა საქართველოს, არამედ მიხეილ სააკაშვილის მეგობრები და მზად არიან, საქართველოს მომავალი ერთ ადამიანს გადააყოლონ“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, „ჰუმანიტარული მიზნით სასჯელის გადავადება მსოფლიოში არ არსებობს, ჯანმრთელობის მიზნით გადავადების თაობაზე კი, საზოგადოებამ სასამართლო პროცესზე მოისმინა მტკიცებულებები და დასკვნა გამოიტანა“.

რაც შეეხება იმას, რომ დაცვის მხარე მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებაზე უარის თქმის გადაწყვეტილებას, სტრასბურგის სასამართლოში ასაჩივრებს, პაპუაშვილმა აღნიშნა:

„პირიქით, მოვუწოდებდი, რომ წაიღონ და ამასთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლომ იმსჯელოს. „ნაციონალური მოძრაობის“ მხარემ ქართული მართლმსაჯულების გადაწყვეტილება რამდენჯერაც კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა, სტრასბურგმა ყოველ ჯერზე დაადასტურა ეს გადაწყვეტილება. იცით, რომ როდესაც მიხეილ სააკაშვილი დააპატიმრეს, მათ მიმართეს სტრასბურგის სასამართლოს, თითქოს მისი წამება ხდებოდა. სტრასბურგის სასამართლოს სამართლიანი პასუხი აქვს გაცემული, რომ არანაირი წამება არ იყო. პირიქით, მიხეილ სააკაშვილს მოუწოდა, შიმშილობა შეეწყვიტა და ეთანამშრომლა შესაბამის სამედიცინო დაწესებულებასთან. ამიტომ, პირიქით, მოვუწოდებდი მიმართონ სტრასბურგის სასამართლოს და მისი გადაწყვეტილებით იმოქმედონ“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა