აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე და უმაღლესი საბჭოს წევრები ლიეტუვას სახელმწიფოს აღდგენის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრნენ.
ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის უმაღლესი საბჭოს პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარემ ლიეტუველ ხალხს მნიშვნელოვანი ისტორიული თარიღი მიულოცა, ისაუბრა ორ მეგობარ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებზე, საერთო წარსულსა და მისწრაფებებზე.
„ლიეტუვას საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, ანდრიუს კალინდრამ და საპატიო კონსულმა, თემურ უსტიაშვილმა თანამშრომლობის საკითხებსა და სამომავლო პერსპექტივებზე გაამახვილეს ყურადღება. ასევე, ლიეტუვასა და საქართველოს შორის გრძელვადიანი თანამშრომლობის გეგმებზე და ბათუმსა და კლაიპედას შორის ურთიერთთანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრეს. დღესასწაულთან დაკავშირებით, ქალაქ კლაიპედას მერმა ვიტაუტას გრუბლიაუსკასმა ვიდეომილოცვა გამოგზავნა. მიღებაზე, ლიეტუველ ხალხს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ და ქალაქ ბათუმის მერმა არჩილ ჩიქოვანმა ეროვნული დღესასწაული მიულოცეს. ლიეტუვის სახელმწიფოს აღდგენის დღე ბათუმში პირველად აღინიშნა. გაჟღერდა საქართველოსა და ლიეტუვას სახელმწიფო ჰიმნები, აქვე ორი ქვეყნის ურთიერთობისა და მეგობრობის ამსახველი გამოფენა გაიმართა”, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.