შალვა პაპუაშვილი - ევროპარლამენტარების ერთი ჯგუფი ცდილობს საქართველო მიზანმიმართულად დააზიანოს - ისინი საქართველოს კი არა, სააკაშვილის მეგობრები არიან

ევროპარლამენტის რეზოლუციები დეზინფორმაციისა და საქართველოზე თავდასხმის წყაროდ იქცა, რაც ძალიან სამწუხაროა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციაზე საუბრისას „კვირის პალიტრასთან“ განაცხადა.

როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, რჩება შთაბეჭდილება, რომ „ევროპარლამენტარების ერთი ჯგუფი ცდილობს საქართველო მიზანმიმართულად დააზიანოს, რათა მიხეილ სააკაშვილი ციხიდან დაიხსნან, რაც ნიშნავს, რომ ისინი საქართველოსი კი არა, არამედ სააკაშვილის მეგობრები არიან და შეუძლიათ, ჩვენი ქვეყნის მომავალი ამ ერთ ადამიანს გადააყოლონ“.

მისივე განცხადებით, ევროპარლამენტის რეზოლუციაში ბევრი უზუსტობაა და არაერთი პროცესი არაობიექტურად არის შეფასებული.

„სამწუხაროა, მაგრამ რეალობაა - ევროპარლამენტის რეზოლუციები დეზინფორმაციის წყაროდ იქცა. წინა რეზოლუციებშიც ბევრი შეცდომა და უზუსტობა იყო. ამ რეზოლუციის პირველივე წინადადება ისე წარმოაჩენს, თითქოს სააკაშვილი სამშობლოდან დევნილი იყო. არადა, ყველამ იცის, რომ სინამდვილეში გაიქცა. ქართულმა, და არა მარტო ქართულმა, მართლმსაჯულებამ ის დამნაშავედ ცნო. გირგვლიანის საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ სააკაშვილს დაადო ხელი და ქართულმა სასამართლომ სასჯელიც მიუსაჯა. კიდევ სამი საქმე ამჟამად განიხილება. მთელმა მსოფლიომ ნახა კადრები, როგორ იჯდა სააკაშვილი რძის პროდუქტების კონტეინერში და საქართველოში შემოიპარა. ეს მარტო ჩვენ ხომ არ ვიცით?! ამის მერე დევნილის წოდება პირისთვის, რომელიც მართლმსაჯულებას გაექცა, საქართველოში უკანონოდ შემოვიდა და ამას სამშობლოში დაბრუნება უწოდა, ცინიზმია. მრჩება შთაბეჭდილება, რომ ევროპარლამენტარების ერთი ჯგუფი ცდილობს, საქართველო მიზანმიმართულად დააზიანოს, რათა სააკაშვილი ციხიდან დაიხსნან, რაც ნიშნავს, რომ საქართველოსი კი არა, სააკაშვილის მეგობრები არიან და შეუძლიათ ჩვენი ქვეყნის მომავალი ამ ერთ ადამიანს გადააყოლონ,“ - განაცხადა პაპუაშვილმა.

მისივე შეფასებით, სინამდვილეში მიხეილ სააკაშვილი "გულაგების" პრეზიდენტია.

„რას ვეუბნებით იმ ადამიანებს, რომელთა ოჯახის წევრები სააკაშვილს რეჟიმს შეეწირნენ? ის ევროპარლამენტარები, რომლებიც ახლა ჩვენ გვიკიჟინებენ, რას უშვრებიან ადამიანის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ფაქტებს? თვითონ ევროპულმა სასამართლომ არ თქვა გირგვლიანის საქმეზე, რომ სააკაშვილი პირადად იყო ჩართული, რათა დამნაშავეებისთვის მძიმე სასჯელი აერიდებინა? ეს ხომ მისი ერთადერთი დანაშაული არ არის?ალბათ, ნახეთ, ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილება "ოჩიგავა საქართველოს წინააღმდეგ", რომელიც 2011 წელს დაკავებული პირის წამების საქმეს შეეხება. სასამართლოს ამ გადაწყვეტილებაში პატიმრის წამების ეპიზოდები დეტალურად არის აღწერილი. ალბათ, მართლაც ბედისწერაა, რომ ევროპარლამენტარების რეზოლუციის გამოქვეყნებიდან რამდენიმე საათში გამოქვეყნდა ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც სწორედ სააკაშვილის რეჟიმის დროს ნაწამებ ადამიანს შეეხება. ადამიანი, რომელმაც რეჟიმის სისასტიკე გამოცადა, დეტალურად აღწერს ციხეში არსებულ ვითარებას, რომ პატიმრებს უწევდათ ჩურჩულით საუბარი, რომ ახალშეყვანილი პატიმრების ცემა კარანტინის დაშლის სახით იყო ყოველდღიურობა, თავად მას კი ისე სცემეს, კბილები ჩაუმტვრიეს. შემდეგ მოათავსეს ისეთ კარცერში, სადაც დაწოლაც შეუძლებელი იყო. ესეც არ აკმარეს, შეიყვანეს საშხაპეში, გააშიშვლეს, ცივი წყალი მიუშვირეს და რეზინის მილით სცემეს. მორიგი ცემის დროს გონებაც კი დაკარგა. როდესაც გამოფხიზლდა, ნახა, რომ ბორკილით იყო მილზე მიბმული. ალბათ, ამაზე უარესი აღარაფერი უნდა ყოფილიყო, მაგრამ სააკაშვილის რეჟიმმა უარესიც მოიფიქრა. როგორც ოჩიგავა ამბობს, ციხის მორგში გვამებთან მარტო ტოვებდნენ. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ არიან პოლიტიკური ჯგუფები, რომლებიც ასეთი სისტემის შემქმნელ პირზე დღეს ამბობენ, რომ ის "დემოკრატიის შუქურა" იყო. სინამდვილეში ის "გულაგების" პრეზიდენტია. ეს უნდა ავუხსნათ ევროპელებს. ეს არის ისტორიის ნაწილი, რომლის გადაწერასაც ითხოვს პოლიტიკოსთა ერთი ჯგუფი, რომელიც დამნაშავის დასჯას ვენდეტას უწოდებს,“ - განაცხადა პაპუაშვილმა.

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ცენტრ „ემპათიის“ დასკვნას, როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, „ემპათიის“ დასკვნების რეზოლუციაში შეტანა „თვალებში ნაცრის შეყრაა“.

„წესით, ყველას უნდა ახსოვდეს, რომ "ემპათიის" ექსპერტები ბაჩალიაშვილისა და შაქარაშვილის საქმეზე როგორ სიყალბეს აწვდიდნენ საზოგადოებას. შაქარაშვილის საქმეზე თქვეს, თითქოს ოთხ დღეს იყო ცოცხალი. ასეთი ორგანიზაციის დასკვნა შეაქვთ რეზოლუციაში. ეს თვალებში ნაცრის შეყრაა. ერთადერთი, რაშიც ვეთანხმები ამ რეზოლუციას, რომ სააკაშვილის საქმე არის ლაკმუსის ტესტი. დიახ, ნამდვილად არის იმისათვის, რომ დავინახოთ, ვინ არის საქართველოს მეგობარი და ვინ სააკაშვილის მეგობარი,“ - აღნიშნავს პაპუაშვილი.

ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ ბმულზე.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა