ამბროლაურის მუნიციპალიტეტში ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება გზებზე თოვლის საფარის გაწმენდითი სამუშაოები, - ამის შესახებ ინფორმაციას ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, შესაბამისი ტექნიკით გაიწმინდა ქალაქის ცენტრალური და შიდა საუბნო გზები.
„თოვლწმენდის სამუშაოები დილიდან მიმდინარეობს ნიკორწმინდის, ზემო თლუღის, შავრა, ნამანევის და ურავის მიმართულებით.
სამუშაოებს შპს ,,ამბროლაურის სერვის-ცენტრი" ახორციელებს.
სამუშაოები მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ეტაპობრივად კვლავ გაგრძელდება და ყველა პრობლემურ მონაკვეთს მოიცავს.
ავარიული დაზიანების გამო ელექტროენერგიის მიწოდება შეწყვეტილია შემდეგ სოფლებში: ფუტიეთი, ბუგეული, გორისუბანი, ხვანჭკარა, ჭრებალო. ასევე, ელექტროენერგია არ მიეწოდება სოფ. ნიკორწმინდის და ღვარდიის ნაწილს . აღნიშნულ სოფლებში მიმდინარეობს სამუშაოები, რომლის დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.