შალვა პაპუაშვილი უკრაინის მიწვევაზე - ვაშაძემ გვახარა ინფორმაცია და მისი ავი სიხარული ხაზგასასმელია - დედამიწაზე არ არის ქვეყანა, რომელიც ჩვენს მდგომარეობაში ჩვენზე მეტ სოლიდარობას გამოიჩენდა უკრაინის მიმართ

გიორგი ვაშაძემ გვახარა ეს ინფორმაცია, მისი ავი სიხარული ასეთ საკითხებთან დაკავშირებით ხაზგასასმელია - ჩვენს უცნაურ და რთულ მდგომარეობას ყველა ითვალისწინებს და იზიარებს, თქვენი პოლიტიკური ჯგუფის ხელმძღვანელი [გიორგი ვაშაძე] კი ასეთ საკითხებზე რომ პედალირებს, აჩვენებს, რამდენად არ უყვარს არც ერთი და არც მეორე ქვეყანა. სამწუხაროა, რომ ასეთი დამოკიდებულებით მოძრაობს ზოგიერთი პოლიტიკოსი , - ასე უპასუხა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე ოპოზიციონერი დეპუტატის თეონა აქუბარდიას კითხვას იმის შესახებ, რომ 24 თებერვალს უკრაინაში საქართველოს წარმომადგენლები არ ჩავლენ.

პაპუაშვილის ინფორმაციით, საკითხი მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელებს შორის კომუნიკაციისას განიხილეს, სადაც გაჟღერდა პოზიცია, რომ საქართველომ, იმ პირობებში, რომელშიც არის, უკრაინისადმი ისეთი სოლიდარობა გამოიჩინა, რომელსაც ასეთ მდგომარეობაში მყოფი არცერთი ქვეყანა არ გამოიჩენდა.

მისი თქმით, საქართველო არც ნატო-ს ქოლგითაა დაცული და არც ევროკავშირის ეკონომიკური სოლიდარობის ქვეშაა და მიუხედავად ამისა, „საერთაშორისო ფორმატებში ყველაზე ხმამაღალია“

„მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელებს შორის იყო კომუნიკაცია. მეგობრობის ჯგუფის ორგანიზებით და მონაწილეობით რამდენჯერმე ჩამოსულები იყვნენ უკრაინელი ბავშვები, პარლამენტში გვეწივნენ. 24 თებერვალს უკრაინაში იგეგმება ღონისძიება ყველასთვის, ვისაც ჩასვლის სურვილი აქვს. ამასთან დაკავშირებით მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელის მხრიდან გაჟღერდა პოზიცია, რომ საქართველომ ამ ერთი წლის განმავლობაში, იმ პირობებში, რომშიც ვარ, ისეთი სოლიდარობა გამოიჩინა, რომელსაც არ გამოიჩენდა არცერთი ქვეყანა, თუ ასეთ პირობებში იქნებოდა. ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელიც არ არის დაცული ნატო-ს ქოლგით, ამის მიუხედავად ყველაზე ხმამაღალი ვართ საერთაშორისო ფორმატებში, ასევე, ვართ ქვეყანა, რომელიც განსხვავებით ამ ალიანსში მყოფი უკრაინის მხარდამჭერი სხვა ქვეყნისგან, არ ვართ დაცული ევროკავშირის ეკონომიკური სოლიდარობის ქოლგით. ამავე დროს ვართ რუსეთის მოსაზღვრე ქვეყანა. ერთი წლის განმავლობაში ვაჩვენეთ, რომ ვართ ყველაზე კეთილსინდისიერები, რაც სანქციების გვერდის ავლის ხელშეშლას შეეხება. რუსეთის მოსაზღვრე ქვეყანა ვართ და რისკი, რომ ვინმე შეეცადოს, ეს ტერიტორია სანქციების გვერდის ავლისთვის გამოიყენოს, დიდია“ , - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, გასული ერთი წლის განმავლობაში „გამოჩნდა, რამდენად სოლიდარულია საქართველო და რამდენად ძლიერია ინსტიტუციები, რომელიც ახერხებს, რომ ამ რთულ პერიოდში უზრუნველეყო ის, რომ არცერთი ფაქტი კი არა, ეჭვი არ ყოფილიყო სანქციების გვერდის ავლისა.

პაპუაშვილის თქმით, გასული ერთი წელი საქართველოს კეთილსინდისიერებას ადასტურებს.

„უკრაინის ზოგიერთი ჩინოსნის მხრიდან არასამართლიანი დამოკიდებულება ახალი არაა, დაწყებული მიტინგებზე პირდაპირი ჩართვებითა და მოწოდებებით, ამის მიუხედავად ხელი არ აგვკანკალებია, რომ მხარი დაგვეჭირა ნებისმიერი რეზოლუციისთვის, რომელიც უკრაინას მხარს უჭერს და რუსულ აგრესიას გმობს, ეს ერთი წელი ჩვენს კეთილსინდისიერებას ადასტურებს. დედამიწაზე არ არის ქვეყანა, რომელიც ჩვენს მდგომარეობაში იქნებოდა და ჩვენზე მეტ სოლიდარობას გამოიჩენდა. ეს ომი დასრულდება, გავა წლები და უკრაინელ ხალხთან ძმობა, რაც გვაქვს, გვექნება, რაც შეეხება ზოგიერთ უკრაინელ ჩინოსანს, რომელიც საქართველოზე თავდასხმითაა დაკავებული, მათთან გვექნება საუბარი. უკრაინას თავის ომი აქვს და მათ მიმართ სოლიდარულები ვართ“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პაპუაშვილის პასუხის შემდეგ თეონა აქუბარდიამ მას კიდევ ერთი კითხვით მიმართა და დაზუსტება სთხოვა იმის თაობაზე, უკრაინაში მიწვევა „მეგობრობის ჯგუფებს შორის სიტყვიერი კომუნიკაციით მოხდა, თუ წერილობითი მიმართვა იყო“.

პაპუაშვილის თქმით, საკითხის შესახებ დეტალებისთვის შეუძლია მეგობრობის ჯგუფს მიმართოს.

„როდესაც თქვენ ქვეყანას აბრალებენ, რომ აქ ციხეში პატიმრებს აწამებენ, გაგჩენიათ სურვილი, რომ უკრაინელ კოლეგებთან პოზიციები დააფიქსიროთ ან როდესაც ქვეყანას აბრალებენ, რომ მას რაღაც გარიგებები აქვს რუსეთთან?“, - მიმართა აქუბარდიას შალვა პაპუაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, უკრაინის რადამ, რუსეთ-უკრაინის ომის ერთი წლის თავზე, „ქართული ოცნებას“ საპარლამენტო დელეგაციისთვის ოფიციალური მოწვევა გამოგზავნა, თუმცა მათ ჩასვლაზე უარი განაცხადეს. როგორც გიორგი ვაშაძემ ვიდეომიმართვისას აღნიშნა, დამოკიდებულება, რომელსაც „ქართული ოცნება“ იჩენს, შეურაცხმყოფელია.

გიორგი ბილანიშვილი - რუსეთს არც ერთ ფუნდამენტურ საკითხში საქართველოს მიმართებაში საკუთარი დამოკიდებულება ჩვენთვის სასარგებლოდ არ შეუცვლია, ხოლო საქართველოზე გავლენის ბერკეტები კი განიმტკიცა და გაზარდა
რა ხდება ბანკებისა და სადაზღვევო კომპანიების ურთიერთობაში? - ინტერვიუ დაზღვევის კავშირის აღმასრულებელ მდივანთან, ლაშა ნიკოლაძესთან
ქართული პრესის მიმოხილვა 30.11.2023
ზუმერის e-Commerce ევოლუცია - 5 მთავარი სიახლე zoommer.ge-ზე
სილქნეტი - დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად სამხედრო ატაშეების მარათონი გაიმართა
რატომ უნდა შეიძინოთ მშენებარე ბინა ნუცუბიძეზე?
26 ნოემბერს „ზეთისხილის მსოფლიო დღე“ აღინიშნა
„არქი მაიამი“ – დეველოპერული კომპანია „არქი“ ფლორიდის შტატში, მაიამისთან მულტიფუნქციურ კომპლექსს ააშენებს