მოქალაქეთათვის სახელმწიფო სერვისებზე ხელმისაწვდომობის კიდევ უფრო გაუმჯობესების მიზნით, იუსტიციის სახლის მშენებლობა ერთდროულად რამდენიმე ქალაქში – ხაშურში, ზესტაფონსა და სამტრედიაში მიმდინარეობს. ხაშურის იუსტიციის სახლის მშენებლობის შემდეგ, იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ მოადგილესთან, ერეკლე ღვინიანიძესთან, ერთად ზესტაფონში მიმდინარე მშენებლობა დაათვალიერა.
იუსტიციის სახლის 470-მდე სერვისით სარგებლობას ზესტაფონელები უკვე მიმდინარე წელს შეძლებენ და ყველა სახის სახელმწიფო მომსახურებას ერთ სივრცესა და კომფორტულ გარემოში მიიღებენ.
მომსახურების დარბაზის გარდა, ახალ ფილიალში თანამედროვე ინტერიერის საქორწინო-სარიტუალო სივრცე მოეწყობა. შენობაში იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ-ების ოფისებიც განთავსდება, რომლებიც ამ დრომდე მოძველებულ ინფრასტრუქტურაში ფუნქციონირებენ.
ზესტაფონის ფილიალი იმერეთის რეგიონში 23-ე იუსტიციის სახლი იქნება.
დღეისათვის ქვეყნის მასშტაბით 117 იუსტიციის სახლი მოქალაქეებს ერთი ფანჯრის პრინციპით სხვადასხვა საჯარო უწყებისა და კერძო სექტორის 470- ზე მეტ სერვისს სთავაზობს.