ბორის სოკოლოვი - რამოდენიმე დღეში ჩინეთი წარმოადგენს რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების გეგმას და მასზე სრულფასოვანი მსჯელობა მხოლოდ ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი

პრეზიდენტ პუტინის განცხადებებზე, აშშ-ს პრეზიდენტ ბაიდენის კიევში ვიზიტზე, ომის ერთი წლის თავზე რუსულ საზოგადოებაში არსებულ განწყობებსა და იმაზე, სავარაუდოდ, რას შეიძლება ნიშნავდეს სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებების მინსკში ვიზიტი, „ინტერპრესნიუსი“ რუს ისტორიკოსსა და პოლიტოლოგს, ბორის სოკოლოვს ესაუბრა.

- ბატონო ბორის, მეორე დღეა მსოფლიო პრესა აქტიურად განიხილავს პრეზიდენტ პუტინის მიერ გაკეთებულ განცხადებებს, რომელიც რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიების მიერთების წლისთავს დაამთხვიეს.

გაგვიზიარეთ თქვენი შთაბეჭდილებები პრეზიდენტს პუტინის გამოსვლაზე?

- პრეზიდენტ პუტინს თავის გამოსვლაში ახალი პრაქტიკულად არაფერი უთქვამს. ერთადერთი სიახლე გახლდათ ის, რომ რუსეთმა შეაჩერა თავისი მონაწილეობა შეთანხმებაში, რომელსაც ეს-ენ-ვე-3 ჰქვია.

ამ შეთანხმებაში რუსეთის მონაწილეობის შეჩერება ადრე მოხდა, მაგრამ ახლა მოხდა მისი ოფიციალურად გაფორმება, რაც დიდი სენსაცია ნამდვილად არ იყო.

- დიახ, პუტინის გამოსვლა სიახლეებით ნამდვილად არ გამოირჩეოდა, მაგრამ მან ბევრი ისაუბრა იმაზე, რომ რუსეთი უკრაინაში ებრძვის ნატოს.

სავარაუდოდ, რაში სჭირდება რუსეთს იმის მტკიცება, რომ იგი უკრაინაში არა უკრაინას, არამედ, ნატოს ებრძვის?

- ასეთი განცხადებით პუტინი აშინებს ევროპას. გარდა ამისა, პუტინი იმაზე განცხადებებით რომ უკრაინაში რუსეთი ნატოს ებრძვის, ცდილობს მოსახლეობისთვის იმის ახსნას თუ რატომ ვერ შეძლო რუსეთმა რუსეთ-უკრაინის ომში წარმატების მიღწევა.

პუტინი იმაზე განცხადებებით რომ უკრაინაში რუსეთი ნატოს ებრძვის, ცდილობს მოსახლეობისთვის იმის ახსნას თუ რატომ ვერ შეძლო რუსეთმა რუსეთ-უკრაინის ომში წარმატების მიღწევა

- ვითარებაში, როცა კოლექტიური დასავლეთი ეხმარება უკრაინას იარაღითა და პოლიტიკური მხარდაჭერით, როგორც მინიმუმ, გაუგებარია პუტინის მხრიდან მრავალპოლარულ მსოფლიოზე საუბარი.

თქვენ როგორ აღიქვით ამ თემაზე პუტინის განცხადებები?

- შესაძლოა, ეს ნიშნავდეს იმას, რომ კრემლს ჩინეთის დახმარების იმედი აქვს. როგორც ვიცით, პეკინმა ამას წინათ განაცხადა, რომ იგი მალე უკრაინა-რუსეთის ომის დასრულების მისეულ გეგმას წარმოდგენას.

უკრაინა-რუსეთის ომზე ჩინეთის საგარეო უწყებას განცხადება არა ერთხელ გაუკეთებია, სადაც იგი მხარს უჭერდა უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და ომის მალე დასრულებას. რამდენიმე დღეში ჩინეთი წარმოადგენს რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების გეგმას და მასზე სრულფასოვანი მსჯელობა მხოლოდ ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი.

რამოდენიმე დღეში ჩინეთი წარმოადგენს რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების გეგმას და მასზე სრულფასოვანი მსჯელობა მხოლოდ ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი

მეც, ისევე როგორც ბევრი სხვაც, ინტერესით ველოდები ამ თემაზე ჩინეთის გეგმას.

- სავარაუდოდ რას შეიძლება ნიშნავდეს პუტინის ასეთი განცხადებები - „ისინიც მოატყუეს, ჩვენც მოგვატყუეს“...“ ყველაფერში დასავლეთია დამნაშავე“ და ასე შემდეგ?

- ამ ტიპის განცხადებები კრემლის პროპაგანდის ნაწილია, რომელიც შიდა მომხმარებელზეა გათვლილი.

დასავლელი მსმენელი პუტინის განცხადების ამ ნაწილს საერთოდ ვერ გაიგებს. უფრო სწორად, ვერ გაიგებს იმას, თუ რისი თქმა უნდოდა რუსეთის პრეზიდენტს.

- პუტინის გამოსვლას სრულად ვუსმინე. მნიშვნელოვნად მომეჩვენა ის, თუ რა სახეები ჰქონდათ რუსული პოლიელიტის წარმომადგენლებს.

მათთან დაკავშირებით, ვინც პუტინის გამოსვლას დარბაზში უსმენდა, თითქმის ყველაფერი გასაგებია, მაგრამ, ახლა საინტერესოა როგორ აღიქვა პუტინის ამოსვლა რუსეთის საზოგადოებამ?

- მიჭირს ამ კითხვაზე პასუხი გაცემა. ჩემი აზრით, განსაკუთრებული ემოციები პუტინის ამ გამოსვლაზე საზოგადოებას არ შეიძლება ჰქონოდა.

ამის მიზეზი კი სავარაუდოდ ის იქნებოდა, რომ როგორც ვთქვი,ი პუტინს ამჯერად ახალი არაფერი უთქვამს. მან დიდწილად გაიმეორა ის, რაც ომის დაწყების შემდეგ არა ერთხელ უთქვამს.

- თქვენი აზრით, უკრაინაში რუსეთის გეგმებთან დაკავშირებით პრეზიდენტმა პუტინმა რა თქვა?

- რამდენადაც მესმის, რუსეთის შეიარაღებული ძალები შეეცდებიან რაც შეიძლება მეტი უკრაინის ტერიტორია დაიკავონ. პუტინს უკრაინასთან დაკავშირებით არანაირ კომპრომისებზე არ უსაუბრია. პუტინის გამოსვლაში არ მოგვისმენია იმაზე წუხილი, რომ რუსეთს მეზობელ უკრაინასთან აქვს ომი. ასე იქნება მანამ, ვიდრე ამ ომში რუსეთი მარცხს არ განიცდის.

პუტინის გამოსვლაში არ მოგვისმენია იმაზე წუხილი, რომ რუსეთს მეზობელ უკრაინასთან აქვს ომი. ასე იქნება მანამ, ვიდრე ამ ომში რუსეთი მარცხს არ განიცდის

თუ ასეთი რამ არ მოხდა, არ უნდა გვქონდეს იმის იმედი, რომ კრემლის მესვეურებიდან რომელიმემ მაინც გამოთქვას წუხილი უკრაინაში მიმდინარე ომის გამო. ეს გასაკვირიც არცაა. გასაკვირი ის იქნებოდა, მათ ახლა რომ გამოეთქვათ ომის გამო წუხილები. ფაქტია, რომ რუსეთი ომის შეწყვეტას არ აპირებს.

- რა შთაბეჭდილება დატოვა თქვენზე აშშ-ს პრეზიდენტის ვიზიტმა კიევში?

- ბაიდენის ვიზიტი კიევში იყო იმის დასტური, რომ აშშ გააგრძელებს უკრაინის დახმარებას უკრაინის გამარჯვებამდე. ანუ, მანამდე, როგორც უკრაინის გამარჯვება ესმით უკრაინას და კოლექტიურ დასავლეთს.

- რუსული პრესა ამ ვიზიტზე ამბობს, რომ ბაიდენის ვიზიტი ვაშინგტონს კრემლთან ჰქონდა შეთანხმებული. თქვენც ასე ფიქრობთ?

- შეთანხმებული ნამდვილად არ იყო. უბრალოდ, ვაშინგტონმა მოსკოვი კიევში ბაიდენის ვიზიტის შესახებ საქმის კურსში ჩააყენა, რომ მისი ვიზიტისას არ მომხდარიყო კიევის დაბომბვა.

ბაიდენის ვიზიტი კიევში იყო იმის დასტური, რომ აშშ გააგრძელებს უკრაინის დახმარებას უკრაინის გამარჯვებამდე. ანუ, მანამდე, როგორც უკრაინის გამარჯვება ესმით უკრაინას და კოლექტიურ დასავლეთს

რუსეთის რაკეტას კიევში აშშ-ს პრეზიდენტი რომ მოეკლა, ეს უკვე კაზუს-ბელის ვითარებას იქნებოდა.

- რამოდენიმე დღეში უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ ომის დაწყებიდან ერთი წელი შესრულდება. თქვენ როგორ შეაფასებდით რუსეთისთვის უკრაინასთან ერთწლიანი ომის შედეგებს?

- უკრაინასთან რუსეთის ომის შედეგი რუსეთისთვის უფრო უარყოფითია, ვიდრე დადებითი. რუსეთს, დანაკარგების მიუხედავად ომის დაწყების ძირითადი მიზნები შესრულებული არ აქვს. რუსეთმა შეძლო ყირიმთან სახმელეთი კორიდორის დაკავება, ასევე ლუგანსკისა და დონბასის ოლქების ნაწილების დაკავება, მაგრამ, ეს ის არაა, რისი მიღწევა უნდოდა რუსეთს, როცა ომი დაიწყო.

ახლა ცხადად ჩანს, რომ რუსეთის ამოცანაა, როგორც მინიმუმ, დაკავებული ტერიტორიების შენარჩუნებაა. თუ შეძლეს, კიდევ უფრო გააფართოოს დაკავებული ტერიტორიები.

უკრაინასთან რუსეთის ომის შედეგი რუსეთისთვის უფრო უარყოფითია, ვიდრე დადებითი... ახლა რუსეთის ამოცანა, როგორც მინიმუმ, დაკავებული ტერიტორიების შენარჩუნებაა. თუ შეძლეს, კიდევ უფრო გააფართოოს დაკავებული ტერიტორიები

- ერთი წელია ომი მიმდინარეობს უკრაინაში და საინტერესოა, რა კორექტივებია მომხდარი ომთან მიმართება-დამოკიდებულებაში რუსულ საზოგადოებაში?

- ჩემი აზრით, რუსული საზოგადოება ისევე რეაგირებს ომზე უკრაინაში, როგორც ომის დაწყების პირველ პერიოდში, ან თუნდაც ნახევარი წლის წინ. ვფიქრობ, რომ პერმანენტულად ხდება მოსახლეობაში გარკვეული მობილიზაცია. კონკრეტული ციფრები არ ვიცი როგორია, მაგრამ, ფაქტია, რომ მობილიზაცია მიმდინარეობს. ფრონტი ითხოვს შევსებას.

როგორც ვხდები ხელისუფლებას ჯერ არ უნდა საყოველთაო მობილიზაციის გამოცხადება. როგორც ჩანს, ჯერ ხელისუფლებას გათვლილი არ აქვს თუ როგორ აისახება საყოველთაო მობილიზაცია საზოგადოებაზე, ეკონომიკაზე და ასე შემდეგ.

შესაძლოა, არც ისაა გათვლილი, რამდენად შეუძლია სამხედრო უწყებებს მობილიზებული ხალხის აკუმულირება. როგორც ჩანს, არის პრობლემები, რომელიც ხელისუფლებას ჯერ გადაწყვეტილი არ აქვს.

გამიჭირდება იმაზე საუბარი, თუ რა კორექტივები შეიტანა ომთან მიმართებაში წარმოებულმა ერთწლიანმა ომმა რუსულ საზოგადოებში. დღეს რუსეთში ისეთ სოციოლოგიური კვლევებზე საუბარი, რომლის მიმართ ნდობა შესაძლოა მაღალი იყოს, არც არსებობს.

ჩემი აზრით, უკრაინაში ომის წარმოების აქტიური მხარდამჭერები გაცილებით მეტნი არიან ომის მოწინააღმდეგეებზე. ასეა არა მხოლოდ იმის გამო, რომ ომის მოწინააღმდეგეებს რეპრესიები ელით. თუ რა დამოკიდებულება აქვს პასიურ უმრავლესობას ომის მიმართ, ამის თქმა ჭირს.

უკრაინაში ომის წარმოების აქტიური მხარდამჭერები გაცილებით მეტნი არიან ომის მოწინააღმდეგეებზე

რადგან ასეა, ძნელია თქმა ვინაა მომხრე ომი გამარჯვებამდე გაგრძელდეს და ვის უნდა ომი დღესვე შეწყდეს.

- მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ეკონომიკაში რეცესია შესამჩნევია, თავის გამოსვლაში პუტინმა ისაუბრა რუსული ეკონომიკის ზრდაზე.

თქვენი დაკვირვებით, ომის პირობებში რუსეთის ეკონომიკაში რეალურად რა ვითარებაა?

- ჩემი აზრით, ეკონომიკაში რაიმე განსაკუთრებული მიღწევები არ გვაქვს. თვალს ვადევნებთ ეკონომიკურ ვარდნას, ინფლაციას. როგორც მესმის, გარგვეულ სფეროებში არის დეფიციტი.

ამ ყველაფრის გამო ბიუჯეტშია დეფიციტი. ვფიქრობ, რომ წელს ბიუჯეტის დეფიციტი ქვეყნის უმთავრესი პრობლემა იქნება. თუ ასე გაგრძელდა, უკვე წელს შეიქმნება პრობლემები პენსიებისა და ხელფასების გაცემაში.

ვფიქრობ, რომ წელს ბიუჯეტის დეფიციტი ქვეყნის უმთავრესი პრობლემა იქნება. თუ ასე გაგრძელდა, უკვე წელს შეიქმნება პრობლემები პენსიებისა და ხელფასების გაცემაში

- გავეცანი პუტინის ოპონენტის, ნავალნის განცხადებას. თუ მისი განცხადებით ვიმსჯელებთ, ნავალნი სწორ განცხადებებს კი აკეთებს, მაგრამ დარჩა შთაბეჭდილება, რომ მას უნდა ახლა უფრო დასავლეთს მოაწონოს თავი, ვიდრე რუსეთის მოსახლეობას.

სავარაუდოდ, როგორ აღიქვა ნავალნის განცხადებები რუსულმა საზოგადოებამ?

- ძნელია ამის თქმა. ამის თქმის საშუალება შეიძლება მხოლოდ მას შემდეგ, როცა მას თავისი იდეებისა და პროგრამის რეალიზაციის საშუალება მიეცემა.

ნავალნის მიმართ საზოგადოების დამოკიდებულებას განსაზღვრავს არა მის მიერ გაცხადებული პროგრამა, არამედ ამჟამად მისი, როგორც პოლიტპატიმრის მდგომარეობა.

ნავალნის მიმართ საზოგადოების დამოკიდებულებას განსაზღვრავს არა მის მიერ გაცხადებული პროგრამა, არამედ ამჟამად მისი, როგორც პოლიტპატიმრის მდგომარეობა

- მოსკოვში ვიზირების შემდეგ მინსკში ჯერ აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტი ბჟანია, ხოლო შემდეგ ცხინვალის რეგიონის დე-ფაქტო პრეზიდენტი ბიბილოვი სტუმრობდნენ.

მოვისმინეთ ამ შეხვედრებზე გაკეთებული განცხადებები, მაგრამ მაინც გაუგებარი დარჩა მინსკის, სოხუმისა და ცხინვალის ამ მოძრაობების მიზანი. თქვენ აზრით, რა ხდება?

- ჩემი აზრით, განსაკუთრებული არც არაფერი ხდება. ამის მიზეზი კი ისაა, რომ რუსეთს ახლა არ სჭირდება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მიერთება. მოსკოვმა რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რუსეთთან მისაერთებლად ნაბიჯები გადადგას, ეს გამოიწვევდა საქართველოში ვითარების დესტაბილიზაციას.

ამ ტერიტორიებს რუსეთი ისედაც აკონტროლებს სრულად. აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რუსეთის შემადგენლობაში მიღება არა მარტო გააღიზიანებდა საქართველოს პრორუსულ ხელისუფლებას, არამედ გამოიწვევდა საქართველოში ვითარების დესტაბილიზაციას. ეს კი ახლა რუსეთის ინტერესებში სულაც არაა.

აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რუსეთის შემადგებლობაში მიღება არა მარტო გააღიზიანებდა საქართველოს პრორუსულ ხელისუფლებას, არამედ გამოიწვევდა საქართველოში ვითარების დესტაბილიზაციას. ეს კი ახლა რუსეთის ინტერესებში სულაც არაა

ახლა ვითარება საქართველოში ისედაც რთულია, ხელისუფლება დევნის პრეზიდენტ სააკაშვილს და ხელისუფლებას გაფუჭებული აქვს ურთიერთობები უკრაინასთან.

ასეთ სიტუაციაში მოსკოვს არ აწყობს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მიერთების გამო საქართველოში პროსუსულად განწყობილი ხელისუფლების პირობებში სიტუაციის დესტაბილიზაცია. ამიტომ, არა მგონია მინსკში სოხუმისა და ცხინვალის ხელისუფლებების წარმომადგენლების ვიზიტებს რაიმე მნიშვნელობა ჰქონდეს.

„ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა