„ლელოს“ თავმჯდომარე, მამუკა ხაზარაძე უკრაინაში თავის კოლეგას,მმართველი პარტიის „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარეს, ოლენა შულიაკს შეხვდა. ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.
პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა შეხვედრის შემდეგ განაცხადეს, რომ პოლიტიკური საკითხების გარდა, მთავარი თემა გამარჯვების შემდეგ, უკრაინის აღდგენის „მარშალის გეგმის“ განხორციელება იყო.
როგორც „ლელოში“ განმარტავენ, პარტიების თავმჯდომარეები რამდენიმე კონკრეტულ პროექტზე შეთანხმდნენ, რომლის განხორციელებაზეც ერთობლივად იმუშავებენ.
„შეხვედრა გვქონდა „ხალხის მსახურის“ პარტიის თავმჯდომარესთან და ახალგაზრდული ფრთის თავმჯდომარესთან. საუბარმა ძალიან მეგობრულ გარემოში ჩაიარა. ვისაუბრეთ სტრატეგიულ პარტნიორობაზე „ლელოსა“ და „ხალხის მსახურის“ პარტიას შორის. ასევე, ვიმსჯელეთ საინვესტიციო და ეკონომიკურ პროექტებზე.
საუბარი შეეხო „მარშალის გეგმას“, რომელიც ჩვენ 3 წლის წინ შევქმენით და უკრაინაც ახლა „ახალ მარშალის გეგმას“ ამუშავებს. გადავწყვიტეთ ამ მიმართულებით მჭიდრო მუშაობა, გავცვლით გამოცდილებას და შესაბამისად, დავეხმარებით ჩვენი მხრიდან.
ასევე ვისაუბრეთ საერთაშორისო დაფინანსების გამოცდილებაზე, რომელიც გვაქვს და გვთხოვეს, ამ საკითხში გავუწიოთ კონსულტაცია. გვითხრეს რამდენიმე კონკრეტული მიმართულება, სადაც მხარდაჭერა სჭირდებათ.
აქტიური მუშაობა დავიწყეთ კიევში „ამერიკული აკადემიის“ სკოლის გახსნაზე, რომელიც მათთვის ძალიან საინტერესო პროექტია. ასევე, გადავწყვიტეთ დავეხმაროთ ჰოსპიტლის, სარეაბილიტაციო ცენტრის გახსნის მიმართულებით.
შევთანხმდით, რომ სამუშაო რეჟიმში მოგვაწვდიან ყველა საჭირო ინფორმაციას“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.