ბიზნესმენ გალიფ ოზთურქის საქმეზე გადაწყვეტილებას ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლევან ყოლბაია 24 თებერვალს მიიღებს.
როგორც “ინტერპრესნიუსთან” საუბრისას დაცვის მხარის ადვოკატი თენგიზ კახიძე აცხადებს, მტკიცებულებებისა და მოწმეთა დაკითხვის შედეგად, მოსამართლემ გამამართლებელი განაჩენი უნდა მიიღოს.
თენგიზ კახიძის თქმით, სასამართლოს ბრალდებული გალიფ ოზთურქი საბოლოო სიტყვით მიმართავს.
“დაცვის მხარის დასკვნითი სიტყვა ამოიწურა, ვისაუბრეთ საქმეში არსებულ გარემოებებზე და ჩვენს მიერ წარდგენილ მტკიცებულებებზე, ამასთან ბრალდების სამართლებრივ შინაარსზე, ასევე ექსპერტიზის დასკვნებზე. ხვალ სასამართლო პროცესზე პროკურორი სიტყვას წარმოთქვამს, შემდეგ დაცვის მხარე რეპლიკის სახით უპასუხებს. ბრალდებული კი საბოლოო სიტყვას იტყვის, ხვალ დიდი ალბათობით სასამართლო გადაწყვეტილებას გამოაცხადებს, დიახ, ხვალ ველოდებით გადაწყვეტილებას.
ჩვენ მოვითხოვეთ, რომ მოსამართლემ გამამართლებელი განაჩენი მიიღოს, უდანაშაულოდ იქნას ცნობილი წარმოდგენილი მტკიცებულებებით, მოწმეების დაკითხვის შედეგად გაგვიჩნდა უფრო, მეტი სარწმუნო მტკიცებულება, რომ არაა გამორიცხული მოსამართლე გამამართლებელ განაჩენს გამოიტანს. ეს ყველაფერი მოსამართლის სიმამაცეზეა დამოკიდებული”, - განაცხადა თენგიზ კახიძემ.
ცნობისთვის, პროკურატურა თურქ ბიზნესმენს გალიფ ოზთურქს დიდი ოდენობით ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო შეძენა შენახვა-მოხმარებას ედავება. მუხლის მიხედვით, გალიფ ოზთურქს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.