საქართველოში გერმანიისა და საფრანგეთის ელჩები - ერთიანი ვართ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიის დაგმობაში - რუსეთი ვერ და არ მოიგებს

ერთიანი ვართ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიის დაგმობაში. ჩვენ ერთიანი ვართ ყველასთან, ვინც გმობს გაერო-ს წესდებაში დაფიქსირებული საერთაშორისო სამართლის ყველაზე ფუნდამენტური პრინციპების უხეშ დარღვევას და უარს ამბობს ძალის გამოყენებით საზღვრების შეცვლაზე, - ამის შესახებ საქართველოში საფრანგეთის ელჩის, შერაზ გასრისა და საქართველოში გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული.

„დღეს, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის წლისთავზე, ჩვენ, საფრანგეთისა და გერმანიის ელჩებს საქართველოში, გვსურს გავგზავნოთ იმედის, ერთიანობისა და სიმტკიცის სიგნალი. საფრანგეთმა და გერმანიამ აჩვენეს, რომ გრძელვადიანი მშვიდობა და შერიგება შესაძლებელია. ჩვენი ქვეყანები, რომლებიც ოდესღაც სასტიკ მტრებად ითვლებოდნენ და მარადიულ კონფლიქტსა და ომში ყოფნისთვის იყვნენ განწირული, უნიკალურ, სისტემატურ და სანდო პარტნიორებად, ევროპული იდეალის მიმართ ერთგულ ქვეყნებად გადაიქცნენ. ევროკავშირის პროექტმა განადგურებული კონტინენტი აქცია კეთილდღეობის, სტაბილურობისა და კანონის უზენაესობის პატივისცემის ზონად. ეს გამოცდილება გვაძლევს იმედს. დღეს ჩვენ გვსურს მშვიდობა, რომელიც აღადგენს უკრაინას თავისი უფლებებით და სამართლიანობას მოიტანს მისი ხალხის წინააღმდეგ ჩადენილი მრავალი დანაშაულის მსხვერპლთათვის. ჩვენ გვსურს მშვიდობა, რომელიც ჩვენს კონტინენტზე ყველასთვის სტაბილურობისა და უსაფრთხოების ზონის შექმნის საშუალებას გვაძლევს.

ჩვენ ერთიანი ვართ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიის დაგმობაში. ჩვენ ერთიანი ვართ ყველასთან, ვინც გმობს გაერო-ს წესდებაში დაფიქსირებული საერთაშორისო სამართლის ყველაზე ფუნდამენტური პრინციპების უხეშ დარღვევას და უარს ამბობს ძალის გამოყენებით საზღვრების შეცვლაზე“, - აღნიშნულია განცხადებაში.

გერმანელი და ფრანგი დიპლომატების განცხადებით, რუსეთს მოუწოდებენ, გაიყვანოს თავისი სამხედრო და უსაფრთხოების ძალები საქართველოს ტერიტორიიდან და გააუქმოს საქართველოს ტერიტორიების, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთის, ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება.

„ჩვენი ერთიანობა მოიცავს ჩვენს პარტნიორებს ევროკავშირში, ჩვენს ნატოელ მოკავშირეებსა და გაერო-ს, რომლის გენერალურმა ასამბლეამ არაერთხელ და აბსოლუტური უმრავლესობით მოუწოდა რუსეთს დაუყოვნებლივ შეწყვიტოს აგრესიული ომი, გაიყვანოს მთელი თავისი ჯარი და სამხედრო ტექნიკა უკრაინიდან და პატივი სცეს უკრაინის დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ჩვენი ერთიანობა მოიცავს საქართველოს, რომელმაც ყველაზე მეტად იცის ქვეყნის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემის მნიშვნელობა. ამასთან დაკავშირებით, ჩვენ გავაგრძელებთ რუსეთისადმი მოწოდებას, სრულად შეასრულოს ევროკავშირის შუამავლობით გაფორმებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულება, გაიყვანოს თავისი სამხედრო და უსაფრთხოების ძალები საქართველოს ტერიტორიიდან და გააუქმოს საქართველოს ტერიტორიების, აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის, ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება“, - აღნიშნულია საფრანგეთისა და გერმანიის ერთობლივ განცხადებაში.

მათივე განცხადებით, კონფლიქტის დაწყებიდან ქართველებმა უკრაინის მიმართ სოლიდარობა გამოავლინეს.

„საქართველომ, გერმანიამ და საფრანგეთმა უკრაინას მნიშვნელოვანი ჰუმანიტარული დახმარება გაუგზავნეს. ჩვენ მივესალმებით უკრაინის იმ მეზობელ სახელმწიფოებს, მათ შორის საქართველოს, რომლებმაც დიდი სოლიდარობა და ჰუმანურობა გამოავლინეს კონფლიქტის შედეგად დაზარალებული უკრაინელი ლტოლვილებისა და მესამე ქვეყნის მოქალაქეების მიღებისას.

ჩვენ, გერმანია და საფრანგეთი, უკრაინას უზრუნველვყოფთ არსებითი სამხედრო და ფინანსური მხარდაჭერით რუსეთის აგრესიის დაწყების დღიდან და ასე გავაგრძელებთ იმდენხანს, რამდენი ხანიც დასჭირება უკრაინას საკუთარი თავის დასაცავად“, - აღნიშნულია გაცხადებაში.

გერმანელი და ფრანგი დიპლომატები მიიჩნევენ, რომ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა დიდი ტაქტიკური და სტრატეგიული შეცდომა დაუშვა - მას ეგონა, რომ უკრაინა რამდენიმე დღეში დაეცემოდა.

„ერთი წლის შემდეგ, ჩვენ ვხედავთ შედეგს: უკრაინა გმირულ წინააღმდეგობას უწევს და აქვს ყველა თავისუფალი, დემოკრატიული და პლურალისტური საზოგადოების მხარდაჭერა. მეორე მხრივ, რუსეთი დგამს სასტიკ, ესკალაციის გამომწვევ ნაბიჯებს, მათ შორის ახორციელებს უპასუხისმგებლო ბირთვულ რიტორიკას, რომელიც საფრთხეს უქმნის გლობალურ მშვიდობასა და უსაფრთხოებას. რუსეთი სჩადის ომის დანაშაულებს და დანაშაულებს კაცობრიობის წინააღმდეგ. რუსეთი მიზანმიმართულად იწვევს სურსათისა და ენერგორესურსების დეფიციტს, აფერხებს მიწოდების ჯაჭვებს და იწვევს ფასების მკვეთრ ზრდას, რაც აძლიერებს საერთაშორისო საზოგადოებისგან მის იზოლაციას.

რუსეთი ვერ და არ მოიგებს. ევროკავშირი ისეთი ერთიანია, როგორც არასდროს უკრაინისადმი ერთსულოვან მხარდაჭერაში და შემდგომ ეკონომიკურ ხარჯებს დააკისრებს რუსეთს, იმ კერძო პირებსა და ორგანიზაციებს, რუსეთის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ, რომლებიც ამ ომს პოლიტიკურ ან ეკონომიკურ მხარდაჭერას უწევენ. ჩვენ გავაგრძელებთ სახსრების მობილიზებას, რათა შევამსუბუქოთ იმ ადამიანებისა და ქვეყნების ტანჯვა, რომლებიც, რუსეთის აგრესიის შედეგად, ყველაზე დაუცველები არიან მსოფლიოში“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ელჩები საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობასაც უსვამენ ხაზს და ქვეყანას ევროკავშირის 12 რეკომენდაციის განხორციელებისკენ მოუწოდებენ.

„ერთი წლის შემდეგ, ევროკავშირი ხელგაშლილი ეგებება საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას. ეს არის ისტორიული შესაძლებლობა ამ რეგიონში სტაბილურობის, კეთილდღეობისა და მშვიდობის გავრცელებისთვის. ევროკავშირში გაწევრიანება გრძელი გზაა. ის გულისხმობს არა მხოლოდ ევროკავშირის მიზნებისა და ღირებულებების მიღებას, არამედ ევროკავშირის კანონმდებლობის, სტანდარტებისა და ნორმების მიღებას. 2023 წლის დეკემბერში ევროკავშირი მიიღებს გადაწყვეტილებას საქართველოს კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ, რათა დაიწყოს მოლაპარაკებები გაწევრიანებასთან დაკავშირებით. ჩვენ ვიწვევთ ჩვენს ქართველ მეგობრებს, ფოკუსირდნენ ამ შესაძლებლობაზე და გააერთიანონ ძალები 12 რეკომენდაციის განხორციელების გარშემო“, - აღნიშნულია განცხადებაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა