ერთი წელი შესრულდა მას შემდეგ, რაც რუსეთის ფედერაციის აგრესიამ უკრაინას და უკრაინელ ერს ქაოსი, ნგრევა და ტკივილი მოუტანა. ამავე დროს, ეს იყო უკრაინელების სიმამაცის, გაუტეხლობისა და გმირობის ერთი წელი, - წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი უკრაინის რადას თავმჯდომარის რუსლან სტეფანჩუკისთვის გაგზავნილ წერილში.
პარლამენტის თავმჯდომარე იმედს გამოთქვამს, რომ აუცილებლად დადგება უკეთესი დღეები და მოგვეცემა კიევში უკრაინული გამარჯვების აღნიშვნის შესაძლებლობა.
,,უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარეს, მის აღმატებულება რუსლან სტეფანჩუკს.
ძვირფასო რუსლან, ძვირფასო მეგობარო, ერთი წელი შესრულდა მას შემდეგ, რაც რუსეთის ფედერაციის აგრესიამ უკრაინას და უკრაინელ ერს ქაოსი, ნგრევა და ტკივილი მოუტანა. ამავე დროს, ეს იყო უკრაინელების სიმამაცის, გაუტეხლობისა და გმირობის ერთი წელი.
აგრესიიდან ერთი წლის შემდეგ, უკრაინა დგას ისე ერთიანად და მტკიცედ, როგორც არასდროს და მომავალ თაობებს გმირობის გამორჩეულ მაგალითს აჩვენებს.
ამ დროის განმავლობაში, საქართველო უკრაინისადმი სრულ სოლიდარობას გამოხატავდა. ქართული დროშა კიევში, საქართველოს საელჩოში, ომის ყველაზე მძიმე პერიოდშიც კი არ დაშვებულა. მშვიდობის დადგომამდე, საქართველო ათასობით უკრაინელისთვის მეორე სამშობლოდ იქცა.
2022 წლის აპრილში, კიევში ჩვენს შეხვედრას გაორებული ემოციებით ვიხსენებ. ვიყავი ბედნიერი თქვენთან, როგორც ჩემს მეგობართან შეხვედრით. თუმცა, ამავე დროს, ვიყავი დამწუხრებული და შოკირებული რუსეთის აგრესიის ტრაგიკული შედეგებით.
დარწმუნებული ვარ, რომ უკეთესი დღეები აუცილებლად დადგება და გვექნება კიევში უკრაინული გამარჯვების აღნიშვნის შესაძლებლობა.
ძვირფასო კოლეგავ, გიდასტურებთ თქვენდამი ჩემს ღრმა პატივისცემას", - წერს პაპუაშვილი წერილში.