უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინას შეუძლია, ომი 2023 წელს მოიგოს.
რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ უკრაინის ბრძოლის წლისთავთან დაკავშირებით გამართულ პრესკონფერენციაზე, ჟურნალისტის შეკითხვაზე, როგორია რუსების დამარცხების ალბათობა წელს, ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინას ამისათვის ყველაფერი აქვს.
„გამარჯვება გარდაუვალი იქნება. დარწმუნებული ვარ, რომ გამარჯვება იქნება. ჩვენ ყველაფერი გვაქვს ამისთვის: მოტივაცია, თავდაჯერებულობა, მეგობრები, დიპლომატია. ჩვენ ყველა ძალა გავაერთიანეთ ამ შემოჭრის წინააღმდეგ“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
მისი თქმით, გამარჯვება გარდაუვალია, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ როგორც უკრაინელებმა, ასევე საერთაშორისო პარტნიორებმა ერთიანობა შეინარჩუნონ და დანაპირები შეასრულონ.
„ძალიან მინდა გამარჯვება და ვფიქრობ, თუ თითოეული ჩვენგანი - როგორც პარტნიორები, ასევე ჩვენ - ერთ მუშტად შეკრული დავრჩებით და თუ ჩვენი პარტნიორები ერთიანები იქნებიან ჩვენი გამარჯვებისთვის, თუ ისინი შეასრულებენ დანაპირებს და დაიცავენ ვადებს და მხოლოდ „ბლა ბლა ბლა“ არ იქნება, მაშინ მე მჯერა გამარჯვების“, - აღნიშნა ზელესნკიმ.
მისი თქმით, ომის დასრულების მიზნით რუსეთთან მოლაპარკებებზე თეორიულად არ ფიქრობს.
„თეორიულად არ ვფიქრობ, როგორ შეიძლება წარიმართოს ეს მოლაპარაკებები. ჩვენ კონკრეტულ ნაბიჯებს ვდგამთ. უკრაინამ „მშვიდობის ფორმულის“ ინიცირება განახორციელა“, - განაცხადა ზელენსკიმ და დასძინა: "ჩვენ შევთავაზეთ ნაბიჯები. დღეს ვხედავთ ინტერესს ამ მშვიდობის ფორმულის განხორციელებისა და მხარდაჭერის მიმართ".
მან მადლობა გადაუხადა მსოფლიოს 141 ქვეყანას, რომლებმაც გაერო-ს გენერალური ასამბლეის სხდომაზე მხარი დაუჭირეს უკრაინაში მშვიდობის შესახებ რეზოლუციას.
ზელენსკის თქმით, „მშვიდობის ფორმულაში“ ლათინური ამერიკისა და აფრიკის ქვეყნების, ასევე ინდოეთისა და ჩინეთის ჩართვა სურს.
„ჩვენი ამოცანაა ჩავრთოთ აბსოლუტურად ყველა და ვაჩვენოთ მსოფლიოს: ეს არის ტერიტორიული მთლიანობის, გაერო-ს წესდების, ადამიანის სიცოცხლის უფლების პატივისცემა. მჯერა, რომ რაც უფრო მეტ ქვეყანას მოვიზიდავთ მსოფლიოს ყველა კონტინენტიდან, მით მეტი იქნება ჩვენი მხარდაჭერა“, - აღნიშნა უკრიანის პრეზიდენტმა.